6.10.2024. მე-15 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI.

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-15 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI.
6.10.2024. ხსნილი 

მუცლადღება პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყვლისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი; ღირსთა დედათა ქსანთიპასი და პოლიქსენიასი (109); ქალწულმოწამისა ირაიდასი (308); მოწამეთა: ანდრიასი, იოანესი და ძეთა იოანესთა პეტრესი და ანტონინესი (IX). 

დღის ლოცვები 

მუცლადღება პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნალისმცემელისა იოანესი

ტროპარი: პირველ არა მშობელი ბერწი იხარებდ, რამეთუ აჰა ესერა მუცლად-იღე სანთელი მზისა ბრწყინვალე, რომელსა ეგულვების განათლება ყოვლისა სოფლისა, ვერ მხედველობით მოუძლურებულისა, იხარებდ ზაქარია და ღაღადებდ კადნიერებით: წინაისწარმეტყველი არს მაღლისა, რომელსა ეგულვების შობაი.

კონდაკი: იხარებს ბრწყინვალედ ზაქარია დიდი ყოვლადქებულისა ელისაბედ მეუღლისა თანა, ღირსებით მუცლად-მღებელნი იოანე წინამორბედისანი; მთავარანგელოზმან ახარა: გიხაროდენ, და ჩუენ კაცნი ღირსად თანამდებობით პატივს ვსცემთ, ვითარცა მესაიდუმლოესა მადლისასა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-4, ლკ. 24: 1-12. (დას. 112).
ლიტ.: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). ლკ. 5: 1-11 (დას. 17).

ნათლისმც.: გალ. 4: 22-31 (დას. 210, შუა). ლკ. 1: 5-25. (დას. 2). 

ცისკ.: ლკ. 24: 1-12 

1. ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან. 2. მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ. 3. და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი. 4. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი. 5. რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? 6. აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო: 7. რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს. 8. და გაახსენდათ მისი სიტყვები. 9. გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც. 10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს. 11. მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ. 12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.

ლიტ.: 2 კორ. 4: 6-15 

6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.

ლიტ.: ლკ. 5: 1-11 

1. ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა, 2. დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ. 3. შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. 4. ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, სიმონს უთხრა: ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერადო. 5. მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს. 6. ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ. 7. ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ. 8. ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ. 9. რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ; 10. ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები. 11. როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.

ნათლისმც.: გალ. 4: 22-31 

22. რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი – თავისუფალი ქალისაგან. 23. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა – აღთქმისაგან, 24. რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი, 25. რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია. 26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა. 27. რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“. 28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. 29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც. 30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. 31. ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.

ნათლისმც.: ლკ. 1: 5-25 

5. იუდეის მეფის – ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. 6. ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყვებლა მცნებასა და განაწესს. 7. მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ. 8. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე, 9. მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში. 10. ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას. 11. მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. 12. მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა. 13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. 14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. 15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. 16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის – მათი ღმერთის მიმართ. 17. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი – მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი. 18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული. 19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს. 20. აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს. 21. ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში. 22. და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ. 23. ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა. 24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: 25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში. 

 

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“, მაგრამ, ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ, „მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა, მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა“, ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა, მაგრამ ანგელოზმა ნუგეშინი-სცა და ახარა, „ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“ (ლკ. 1,13). ზაქარია არ ერწმუნა ზეციურ მაცნეს და მემკვიდრის შობამდე უტყვება დაედო სასჯელად. ხალხი დიდხანს ელოდა მღვდელმთავრის კურთხევას. როცა გამოვიდა, ნეტარს „ვერ ეძლო სიტყუად მათდა“ და ყველა მიხვდა, რომ მას „ჩუენებაჲ რაჲმე“ ეხილა. ზაქარია „წამ-უყოფდა“ შემოკრებილთ და „დაადგრა უტყუად“. მთავარანგელოზის წინასწართქმული ახდა – ბერწმა ელისაბედმა მუცლად-იღო და შვა წინამორბედი უფლისა. წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებისადმი მიძღვნილ სიტყვაში ამბობს: „რომელმან-იგი უშვილოჲ კლდე შეცვალა წყაროდ წყალთა, მანვე… ბერწსა ელისაბედს უბრძანა შვილისმშობელ დედად გამოჩინება და უნაყოფოჲ ნაყოფიერად აჩუენა და სიბერითა დამძიმებული ყო მსგავს ქალისა ახალქორწინებულისა. რამეთუ რაჟამს სამარხოდ მივიდოდა, მაშინ შობად განემზადებოდა, რაჟამს ჴორცნი დააჭნვნა სიბერემან, მაშინ საშოჲ განუჭაბუკა ღმერთმან, და რომელი ჟამისაგან განეჴადა, დამბადებელისა მიერ მოიგო, და რომელი სიჭაბუკესა წარეწყმიდა, სიბერესა მიეჴადებოდა“. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

ღირსნი: ქსანთიპა და პოლიქსენია ღვიძლი დები იყვნენ და ესპანეთში ცხოვრობდნენ მოციქულთა დროს. ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლების შესახებ ნეტარებს პირველად წმიდა პავლესგან ესმათ. ღირსმა ქსანთიპამ მეუღლესთან, პროვოსთან ერთად მიიღო ქრისტიანობა, პოლიქსენია კი წარმართად დარჩა. მისი მშვენიერებით მოხიბლულმა ერთმა მამაკაცმა ძალით წაიყვანა იგი საბერძნეთში. უფალმა წმიდანი უვნებლად დაიცვა. ხომალდზე მან პეტრე მოციქულის ქადაგება მოისმინა და ირწმუნა ქრისტე. საბერძნეთში რომ ჩავიდა, პოლიქსენიამ ქრისტიანებს სთხოვა მფარველობა და დახმარება, მათაც აქაიის ოლქის ქალაქ პატრასში გადამალეს ნეტარი, სადაც მან თავად ანდრია პირველწოდებულის ხელით ნათელიღო. ღირსი დედა შეესწრო მოციქულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, მის წამებასაც დაესწრო და იხილა, თუ როგორი სიმშვიდით ითმენდა სასტიკ სატანჯველებს. ანდრია პირველწოდებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა დედა ესპანეთში დაბრუნდა და აქ დაახლოებით ორმოცი წელი ქადაგებდა. ნეტარს მხარში ედგა და – ქსანთიპაც, რომელიც ხალხმრავალ ქალაქ ტოლედოში ქადაგებდა. ღირსი პოლიქსენია დაახლოებით 109 წელს გავიდა ამსოფლიდან. 
 

წმიდა მოწამე ირიადა ქალწული (+დაახლ. 308)

წმიდა მოწამე ირიადა ქალწული (+დაახლ. 308)წმიდა მოწამე ირიადა 5 სექტემბერსაც იხსენიება რაისას სახელით. მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული. 
 
წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესი, პეტრე და ანტონინე აფრიკაში ეწამნენ მრისხანე იბრაჰიმის მმართველობის დროს. იბრაჰიმმა სიცილიის ქალაქ სირაკუზის აღებისა და მოოხრების შემდეგ ტყვედ ჩაიგდო იოანე და მისი ორი ძე, პეტრე და ანტონინე, რომლებიც იძულებით განსწავლა არაბულ ენასა და მეცნიერებებში. როცა ჭაბუკები წამოიზარდნენ, სიბრძნისა და კეთილმსახური ცხოვრების გამო მმართველმა იმდენად შეიყვარა ისინი, რომ ანტონინე თავის ნათესავად გამოაცხადა, პეტრე კი მსახურთუხუცესად დაადგინა. როცა იბრაჰიმმა გაიგო, რომ ყმაწვილები ფარული ქრისტიანები იყვნენ, იგი ენით აღუწერელმა მრისხანებამ შეიპყრო და ბრძანა, რკინის ხუნდებით შეებორკათ და დაუნდობლად ეგვემათ უფლის რჩეულები. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ანტონინე ვირზე შესვეს, ქამრებით დააკრეს ზედ და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით შემოატარეს ქალაქი. მარტვილი მოთმინებით იტანდა შეურაცხყოფას და მადლობას სწირავდა უფალს. საშინლად ნაგვემი წმიდა პეტრე საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველმა ბრძანება გასცა, მოეყვანათ მოწამეთა მამა – იოანე. უსჯულო იბრაჰიმმა მას ყელში მახვილი ჩასცა. მშობლის ცხედარი შვილებს მიუგდეს, შემდეგ კი ისინიც გამოასალმეს სიცოცხლეს, დიდი კოცონი დააგზნეს და მარტვილთა ცხედრები დაწვეს.
მათ მოძღვარს, წმიდა ბერ ანდრიას მტარვალი დიდხანს შიმშილით ტანჯავდა, შემდეგ კი შუბი აძგერა მკერდში. როცა მოწამემ უფლისადმი სამადლობელი აღავლინა, იბრაჰიმმა ხელმეორედ დაჰკრა, ბოლოს კი სისხლისაგან თითქმის მთლად დაწრეტილს, ჯალათებმა თავი მოჰკვეთეს (+867-886). 
 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 


ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონანი ესე შენი (გიორგი) და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამათ უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა სნეულთათვის

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.