ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
8.10.2024. ხსნილი
არსენ დიდისა, კათალიკოსისა, ღირსი გრიგოლ ხანცთელის მოწაფისა (887); ღირსისა დედისა ეფროსინე ალექსანდრიელისა (V); ღირსმოწამისა პაფნოტი მეგვიპტელისა და მის თანა 546-თა მოწამეთა (III); ღირსისა სერგი რადონეჟელ იღუმენისა, სასწაულთმოქმედისა (1392).
დღის ლოცვები
ტროპარი: რომელი იყავ სათნოებათა მოღუაწე, ვითარცა ჭეშმარიტი მხედარი ქრისტეს ღმრთისა, ვნებათა ზედა ძლიერად იღუწიდი ჟამიერსა ცხორებასა შინა, გალობისა, მღვიძარებისა და მარხვისა სახე ექმენ შენთა მოწაფეთა; ამისთვისცა დაიმკვიდრა შენ შორის წმიდამან სულმან, რომლისა მოქმედებითა ბრწყინვალედ შემკულ ხარ, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერება წინაშე წმიდისა სამებისა, მოიხსენე სამწყსო, რომელ შეკრიბე, ბრძენო, და ნუ დაივიწყებ, რამეთუ აღთქმულ ჰყავ შენ გარდამოხილვა შვილთა ზედა შენთა, წმიდაო სერგი, ღირსო მამაო ჩუენო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: გალ. 5: 11-21 (დას. 212). ლკ. 2: 12-16 (დას. 18).
არსენისა: ებრ. 7: 26 – 8: 2 (დას. 318). ინ. 10: 9 – 16 (დას. 36).
ლიტ.: გალ. 5: 11-21
11. რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა. 12. ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი. 13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. 14. რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 15. მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი. 16. ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი, 17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი – ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ. 18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ. 19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
ლიტ.: ლკ. 2: 12-16
12. და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში. 13. ანაზდად გაჩნდა ანგელოზთა ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: 14. დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის. 15. და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა.16. სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა.
არსენისა: ებრ. 7: 26 – 8: 2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
არსენისა: ინ. 10: 9 – 16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსმოწამე პაფნუტი მეგვიპტელი და მის თანა 546 მოწამენი (III)
წამების შემდეგ საპყრობილეში ჩაგდებულმა პაფნუტიმ ორმოცი ტუსაღი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. უღმრთოებმა ყველა მათგანი დაწვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ნეტარი მეუდაბნოე გაათავისუფლეს. იგი კეთილად ისტუმრა ქრისტიანმა ნესტორმა, რის შემდეგაც მასპინძლის მთელი ოჯახი კიდევ უფრო განმტკიცდა ქრისტეს სჯულში და მოწამეობრივად აღესრულა. პაფნუტიმ კიდევ ბევრი მართლმორწმუნე გაამხნევა და მარტვილობის სურვილით აღანთო. წმინდა პაფნუტის ქადაგებით ხუთასოთხმოცდაექვსი ადამიანი მოექცა ქრისტიანობაზე და ყველანი მოწამეობრივად აღესრულნენ. თავად წმიდა პაფნუტი ყელზე ლოდგამობმული მდინარეში ჩააგდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, სასწაულებრივ გამოირიყა ნაპირზე. ბოლოს იგი იმპერატორ დიოკლეტიანესთან გაგზავნეს, რომლის ბრძანებითაც ფინიკის ხეზე გააკრეს და ასე ამოხადეს სული.
ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი (V)
ქალწულმა ღვთის განგებულებით უდაბნოდან ალექსანდრიაში ჩასული ერთი ბერის მიერ ფარულად შეიმოსა მონაზვნური სქიმა, მაგრამ შიშობდა, რომ დედათა მონასტერში მამა მიაგნებდა, ამიტომ ბერ იზმარაგდის სახელით მამათა სავანეს მიაშურა. იღუმენმა ახალმოსული „საღმრთოთა შინა ბრძენ“ და უვნებლობას მიწევნულ მამა აღაპის მორჩილებაში განაწესა. მოძღვარმა ევფროსინეს უბრძანა, სენაკში დაყუდებით ეღვაწა. მასთან მისვლის ნება მხოლოდ მამა აღაპის ჰქონდა. წმიდანი კიდევ უფრო ფიცხელ ღვაწლს შეუდგა: „შრომათა შრომანი და მარხვასა მარხვაჲ და პირველთა მღჳძარებათა უმეტესნი მღჳძარებანი დასძინნა“.
ევფროსინეს მამას – პაფნუტის თავზარი დასცა ასულის გაუჩინარებამ. დიდხანს ამაოდ ეძია შვილი. მწუხარებით შეპყრობილმა, მოუხშირა მონასტერში სიარულს. აქ იგი იღუმენთან და ბერებთან საუბარში პოულობდა ნუგეშს. წმიდანმა საიდუმლო მშობელს მხოლოდ მიცვალების წინ გაუმჟღავნა.
წმიდა დედა პატივით დაფლეს მამათა სასაფლაოზე. მის სენაკში კი დამკვიდრდა მამამისი – პაფნუტი, რომელმაც მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიებს დაურიგა და დიდხანს მოსაგრეობდა საცხოვნებელი მადლის მოსაგებად.
ნეტარი ევფროსინე 16 თებერვალსაც იხსენიება მამასთან – წმიდა პაფნუტისთან ერთად (იხილეთ 16 თებერვლის საკითხავი).
წმიდა არსენი დიდი, კათოლიკოსი (+887)
აფხაზეთს მიმავალმა წმიდა გრიგოლის თანამოსაგრეებმა, თეოდორემ და ქრისტეფორემ (ხს. 5 ოქტომბერს), გზად სამცხეში, მირიანის სახლთან გაიარეს, მირიანმა სახლში მიიწვია ბერები. დილით მან და მისმა მეუღლემ, ბერებს შვილები დაალოცვინეს, შემდეგ კი, მათი სათნოებით გაკვირვებულებმა, უმცროსი ძე, ექვსი წლის არსენი მისცეს აღსაზრდელად. ბერებმა მშობლებს აღუთქვეს, კლარჯეთის უდაბნოს არქიმანდრიტს, გრიგოლს, წარუდგენდნენ ყრმას.
როცა ღირსმა გრიგოლმა თავისი რჩეული ძმები – თეოდორე და ქრისტეფორე მოიძია აფხაზეთში და მათთან ერთად კვლავ კლარჯეთს დაბრუნდა, ყრმა არსენი, მომავალი „კათოლიკოზი ქართლისა და მცხეთის საყდრის გვირგვინი დაუჭნობელი“ და ჭაბუკი ეფრემი, შემდგომ აწყურის სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსი, თან გაიყოლა.
მონასტრის ბერებმა მოძღვრის და ძმების დაბრუნებით გაიხარეს, მაგრამ ყრმების მოყვანას დრტვინვით შეხვდნენ, რადგან სამონასტრო წესდება ამას კრძალავდა. ღირსმა გრიგოლმა აუწყა საძმოს, რომ ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, თვით ღვთის ნებით ნაკარნახევი, რათა „ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისა“.
როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა, იგი საეკლესიო და სამღვდელმთავრო კრების დაუკითხავად, სამცხის ერისკაცთა დახმარებითა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომით, კათოლიკოსად დაადგინა. ეს იყო საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და ერისკაცის კადნიერი ჩარევა მის საქმეებში.
ქართლის და კლარჯეთის სამღვდელოებამ სადავო საკითხის გადასაჭრელად საეკლესიო კრება მოიწვია ჯავახეთში. კრებას თავმჯდომარეობდა ეფრემ მაწყვერელი. საეკლესიო სამართალი მამათა მხარეს იყო. არსენს გადაყენება ემუქრებოდა, მაგრამ კრებაზე გამოცხადდა მამა ყოველთა მეუდაბნოეთა – გრიგოლ ხანძთელი და ყველა, მათ შორის ეფრემიც, დაარწმუნა იმაში, რომ არსენის კათოლიკოსის ტახტზე დადგინება ღვთის ნებით აღსრულდა: „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობიჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს, არამედ მირეან მამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელი არ-ღა მწიფე იყო“.
მღელვარება ჩაცხრა. ეფრემსა და არსენს შორისაც განახლდა სიყვარული.
კათოლიკოსმა არსენმა აკურთხა ხანძთის ძველი ეკლესია, თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით და ქრისტესმიერი სიყვარულით ქართლის ეკლესიებს სიხარული მოჰფინა, „საყდარი მამათმთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა“.
წმიდა არსენი შესანიშნავი ჰაგიოგრაფი და ისტორიკოსი იყო. მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომელშიც გადმოცემულია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების ისტორია.
არსენ დიდსავე მიაკუთვნებენ „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებასა და წამებას“.
წმიდა არსენი ოცდაშვიდი წლის მანძილზე განაგებდა ქართლის ეკლესიას. გარდაიცვალა 887 წელს და „მხიარულებით მიიწია ქრისტესა და აქუს მადლი შეწევნად ჩუენდა“.
მიცვალება სერგისა – რადონეჟელ იღუმენისა, საკვირველთმოქმედისა (+1392)
დაახლოებით 1328 წელს მომავალი წმიდანის დედ-მამა რადონეჟში გადასახლდა. როცა უფროსი ვაჟიშვილები დაოჯახდნენ, ღირსმა კირილემ და მარიამმა (ხს. 18 იანვარს და 28 სექტემბერს) ხოტკოვის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სავანეში სქიმა შეიმოსეს და მალე უფლისთვის სათნო ღვაწლში მიიცვალნენ. ამის შემდგომ ბართლომემ დაუტევა ეს სოფელი და დაქვრივებულ, შემდეგ კი ბერად შემდგარ უფროს ძმასთან, სტეფანესთან ერთად რადონეჟისგან ათი ვერსის დაშორებით, მდინარე კონჩურასთან დამკვიდრდა. ძმებმა ტყე გაკაფეს, საკუთარი ხელით მოიწყვეს სენაკები და ააგეს მცირე ტაძარი, რომელიც ყოვლადწმიდა სამების სახელზე ეკურთხა. ასე ჩაეყარა საფუძველი წმიდა სერგის სახელგანთქმულ ლავრას. სტეფანემ ვერ გაუძლო განდეგილობის სიმძიმეს და მოსკოვის ღვთის განცხადების სავანეს მიაშურა, მარტო დარჩენილი ბართლომე კი 1337 წლის 7 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა სერგის სახელით.
ღირსმა მამამ კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: წმიდანის სენაკის წინ ხშირად დაძრწოდნენ გარეული მხეცები, მაგრამ ნეტარს არაფერს ვნებდნენ. ერთხელ ღირსმა სერგიმ დამშეულ დათვს პური აჭამა, რის შემდეგაც მხეცი ხშირად აკითხავდა ხოლმე. განდეგილი პურის უკანასკნელ ნატეხს უყოფდა მას, ზოგჯერ მთლიანადაც უთმობდა, თვითონ კი მშიერი რჩებოდა. ორი წელი დაჰყო წმიდა მამამ სრულიად მარტოდმარტო, შემდგომ კი, თანდათან მის ირგვლივ ბერული ცხოვრების მსურველებიც შეიკრიბნენ. ერთხელ, როცა ნეტარი, ღამით, სენაკში ლოცვად დამდგარი, უფალს ავედრებდა თავის საძმოს, გაისმა ხმა: „სერგი“! გაკვირვებულმა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, სარკმელი გამოაღო და თვალისმომჭრელი ნათლის ფონზე იხილა მშვენიერ ფრინველთა სიმრავლე, რომელთაც გადაეფარათ ლავრა და მისი შემოგარენი. ზეგარდმო ხმამ განაგრძო: „სერგი, ამ ფრინველებივით გაგიმრავლდება სულიერი შვილები და ამ ფრთოსანთა მშვენებასავით მრავალფერი და საკვირველი იქნება მათი სათნოებანი“. 1354 წელს, ხანგრძლივი და მხურვალე ვედრების შემდეგ, სავანის ბერებმა წმიდანი წინამძღვრობაზე დაითანხმეს. ვოლინელმა ეპისკოპოსმა ათანასემ მღვდელ-მონაზვნად დაასხა მას ხელი და იღუმენად დაადგინა. ახოვანი მოსაგრე ბრძნულად განაგებდა მონასტერს; არა მარტო სიტყვით, საქმითაც კეთილმსახურების მაგალითს აძლევდა ძმებს: შეშას ჩეხდა, წყალს ეზიდებოდა, სეფისკვერს აცხობდა და ყოველთვის ძალიან ღარიბულად ეცვა. იღუმენი ყველაზე მეტს მუშაობდა, მაგრამ იმასაც ახერხებდა, რომ ყველას შესწეოდა გასაჭირის ჟამს. წმიდანის მოწაფის, ეპიფანეს სიტყვებით, ღირსი სერგი „ყველაფერში პირველიც იყო და უკანასკნელიც, მას ვერავინ შეედრებოდა“. ახალდაარსებულ მონასტერს მატერიალურად ძლიერ უჭირდა: ღვთისმსახურება არყის კვარის შუქზე აღესრულებოდა, ძმები ხის ბარძიმიდან ეზიარებოდნენ. ხდებოდა, რომ მთელი საძმო პურის ნატეხის გარეშე რჩებოდა და შიმშილობის მძიმე ჟამი დგებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ყოვლადძლიერი და ყოვლადსახიერი ღვთისადმი სასოება რომ დაენერგა სულიერ შვილებში, ნეტარი სერგი მკაცრად უკრძალავდა მათ სავანიდან გასვლას მონასტრისთვის მოწყალების ჩამოსათხოვად. სავანის ბერებს არანაირი პირადი საკუთრება არ გააჩნდათ: ყველაფერს, საჭიროებისამებრ, საძმოს საერთო ქონებიდან იღებდნენ და სამონასტრო სამუშაოებშიც თანაბრად მონაწილეობდნენ.
ნეტარი სერგისა და მისი ძმების სიწმიდით გაბრწყინებულმა ცხოვრებამ თანდათან მიიპყრო თანამედროვეთა ყურადღება და მალე ლავრამ მთელს რუსეთში გაითქვა სახელი. წმიდანის სულიერ შვილთაგან ბევრი ბოიარი და თავადი მონასტერს თავისი ქონების ნაწილს სწირავდა, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი, უფრო დიდი ტაძრის აშენება. სავანის სახსრები იზრდებოდა, მაგრამ წმიდა სერგი და მისი ძმები კვლავ ძველებურ სიღატაკეში ცხოვრობდნენ. მდიდარ შემოწირულობებს იღუმენი საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. განსაკუთრებულ მამობრივ სიყვარულს იჩენდა იგი ობოლთა, გლახაკთა, უპოვართა და მონასტერს შემოვედრებულ მწირთა მიმართ. შიმშილობების ჟამს წმიდანი აღებდა სავანის ბეღლებს და უხვად ურიგებდა ხორბალს დამშეულებს… ნეტარ ალექსის, მოსკოველ მიტროპოლიტს სურდა, სიკვდილის წინ მღვდელმთავრის ტახტი ღირსი სერგისთვის გადაებარებინა, მაგრამ წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა.
წმიდა ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის ნეტარი სერგი უფალმა განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. წინასწარმცნობელმა მამამ ურდოსთან ბრძოლის წინ აკურთხა კეთილმსახური მთავარი დიმიტრი დონელი (ხს. 19 მაისს) მთელი რუსული მხედრობით და თათრებზე გამარჯვება უწინასწარმეტყველა.
სიკვდილის წინ წმიდა მამა ღირსი შეიქნა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადებისა. ზეციური ნათლით გაბრწყინებული ყოვლადწმიდა ქალწული წმიდა მოციქულების, პეტრესა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით წარმოუდგა ნეტარს თავის სენაკში და მისი დაარსებული სავანის აყვავება აღუთქვა. წმიდა სერგიმ 1392 წლის 25 სექტემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი ცხედარი სავანის ტაძრის სამხრეთ კედელთან, საკურთხევლის მახლობლად დაკრძალეს.
1408 წელს, როცა მოსკოვი და მისი შემოგარენი თათართა ურდოებმა მოაოხრეს, წმიდა სამების ლავრაც დაიწვა და დაცარიელდა. უსჯულოთა მოსალოდნელი თავდასხმის წინა ღამეს ღირსი სერგი ეჩვენა თავის მოწაფესა და მემკვიდრეს – იღუმენ ნიკონს, აუწყა მოსალოდნელი უბედურების შესახებ და თან დაამშვიდა – განსაცდელი დროებითია, სავანე აღდგება, კიდევ უფრო აყვავდება და აღორძინდებაო. შემდგომ, წმიდა სამების ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყებამდე ნეტარი მამა ერთ კეთილმსახურ ერისკაცს ეჩვენა და უბრძანა, ძმებისთვის ეუწყებინა: „რატომ მაჩერებთ ამდენი ხანი კუბოში, სადაც მიწა მფარავს და წყალი მაწუხებს“. ეკლესიის საძირკვლის გათხრისას მუშები გადააწყდნენ წმიდანის ლუსკუმას, რომლის ირგვლივ, მართლაც, წყალი იდგა.
1422 წლის 5 ივლისს მღვდელმსახურთა დასის, დიდებულებისა და ხალხის სიმრავლის თანდასწრებით პატივით ამოასვენეს ნეტარი მამის ნაწილები. როცა კუბო გახსნეს, საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა ირგვლივ – არა მარტო ცხედარს, სერგი რადონეჟელის სამოსელსაც კი არ დასტყობოდა გახრწნის კვალი.
წმიდა ეკლესია ღირსი სერგის – უფლის სათნომყოფელი ახოვანი მოსაგრისა და მონღოლთაგან გავერანებულ რუსეთში მონასტრული ცხოვრების ამაღორძინებლის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღასრულებს: 5 ივლისს – წმიდანის ნაწილთა აღმოყვანებისა და 25 სექტემბერს – მისი მიცვალების დღეს.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა
მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონანი ესე შენი (გიორგი) და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამათ უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა სნეულთათვის
შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.