10.11.2024. მე-20 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III.

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა.                                                                   ეფ. 6: 10-12 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-20 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III.

კვირა. 10.11.2024. ხსნილი 

მღვდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელ ეპისკოპოსისა (VII); დიდმოწამისა პარასკევასი (III); მოწამეთა: ტერენტისა, ნეონილასი და შვილთა მათთა: სარვილესი, ფოტისა, თეოდულესი, იერაქსისა, ნიტესი, ვილესი და ევნიკიასი (249-250); ღირსისა სტეფანე საბაიტელისა, კანონთგამომთქმელისა (IX); არსენ I სერბელ მთავარეპისკოპოსისა (1266); მოწამეთა: აფრიკანესი, ტერენტისა, მაქსიმესი, პომპისა, ფოკასი და 36-თა სხვათა (III ); მღვდელმოწამისა კვირიაკე იერუსალიმელი პატრიარქისა (363); იოანე ქოზიბელისა, კესარიელი ეპისკოპოსისა (VI); ღირსისა იობ პოჩაეველი იღუმენისა (1651) და დიმიტრი როსტოველი მიტროპოლიტისა (1709); ღირსისა არსენ კაბადოკიელისა, არქიმანდრიტისა (1924). 

დღის ლოცვები 

მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი ეპისკოპოსის კონდაკი:

ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა ნეოფიტეს ყოვლადსამღვდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება მოისიბრძნა სამოსლისა მღდელობილისა და მისსა მიმართ ვხმობდეთ: ითხოვე, მამაო საწადელო, ღუაწლით დამდებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაი შეუძვრელი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-9, ინ. 20: 19 -31 (დას. 65).
ლიტ.: გალ. 1: 11-19 (დას. 200). ლკ. 8: 26-39 (დას. 38).
მღ.მოწ.: 1 ტიმ. 1: 12-17 (დას. 280). ლკ. 12: 32-40 (დას. 67). 

ცისკ.: ინ. 20: 19 -31 

19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! 20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. 22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. 24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. 25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ. 26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! 27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. 28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. 30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. 31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

ლიტ.: გალ. 1: 11-19 

11. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი, 12. ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. 13. თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. 14. ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს. 15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, – 16. კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს. 17. არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. 18. სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. 19. სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.

ლიტ.: ლკ. 8: 26-39 

26. და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა. 27. ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ – სამარხებში. 28. იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე. 29. რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა. 30. ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში. 31. ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო. 32. იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ. 33. გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო. 34. ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. 35. გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ. 36. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული. 37. გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა. 38. ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა: 39. დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ.

მღ.მოწ.: 1 ტიმ. 1: 12-17 

12. მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, – ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა, 13. მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო. 14. ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში. 15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ. 16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის. 17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს – პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღ.მოწ.: ლკ. 12: 32-40 

32. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი. 33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას. 34. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. 35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი – ანთებული. 36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. 37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. 38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირად ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. 39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. 40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 

 

წმიდა მოწამე პარასკევა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III საუკუნეში. იგი იკონიაში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. მისი მშობლები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ მაცხოვრის პატიოსანი ვნებების დღეს – პარასკევს, გამორჩეულად მკაცრი მარხვით, ლოცვითა და ქველის საქმეებით აღნიშნავდნენ ხოლმე მას. ამისთვის უფალმა კვირის სწორედ ამ დღეს უბოძა მათ ასული, რომელსაც დედ-მამამ პარასკევა დაარქვა.
პარასკევას მშობლები სიყრმეშივე გარდაეცვალა. ამის შემდეგ წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობრძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს, მაგრამ მტარვალმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო, განაგრძო მოწამის ტანჯვა და ბოლოს მისთვის თავის მოკვეთის განკარგულება გასცა. 
წმიდა მოწამენი: ტერენტი და ლეონილა და შვილნი მათნი – სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია, დეკიუსის (249-250) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად. 
წმიდა მოწამენი: აფრიკანე, ტერენტი, მაქსიმე, პომპიოსი და სხვანი ოცდათექვსმეტნი III საუკუნეში, იმპერატორ დეკიუსის (241-251) დროს ეწამნენ ქრისტესთვის (მათ შესახებ ცნობები იხილეთ 10 აპრილის საკითხავში).
წმიდა მოწამე კვირიაკე, იერუსალიმელი პატრიარქი, წარმოშობით ებრაელი იყო და სახელად იუდა ერქვა. ის იყო ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც იცოდა, თუ სად იყო დაფლული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი. მის გულში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს – ერთგულება იუდეური ცრუმსოფლმხედველობისა და ეჭვი იმისა, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო ის აღთქმული მესია, რომელიც ებრაელებმა ჯვარს აცვეს.
როდესაც დედოფალი ელენე იერუსალიმში ჩავიდა უფლის ჯვრისა და სხვა სიწმიდეების მოსაძებნად (იხ. 14 სექტემბრის საკითხავი), იუდამ შეკრიბა თანატომელები და გააფრთხილა: „უწყი, რამეთუ ძიებაჲ ეგულების ძელისა მის, რომელსა იესუ ჯვარს-აცუეს მამათა ჩუენთა. ეკრძალენით ნუუკუე აღ-ვინმე-იაროთ; უკუეთუ არა, ნანდჳლვე დაიჴსნეს მამათა ჩუენთა მოცემული იგი შჩული, რამეთუ ზაქეოს, მამის მამამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემსა სიმონს და ჰრქუა, და მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: „ეკრძალე, შვილო ჩემო, რაჟამს ძიებაჲ იყოს ძელისაჲ მის, რომელსა ზედა მესია ჯუარს-ეცუა. გამოუჩინე იგი პირველ ვიდრე გუემად შენდამდე, რამეთუ არღარა ებრაელთა ნაშობნი მეფობდნენ, არამედ მიერითგან მათი მეუფებაჲ იყოს, რომელნი ჯუარ-ცუმულსა თაყუანის-სცემდენ, რამეთუ იგი იყოს მეუფჱ უკუნისამდე – ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“.
მალე დედოფალმა ელენემ იუდეველი უხუცესები თავისთან დაიბარა. ებრაელებმა ითათბირეს და გადაწყვიტეს, დედოფლისთვის არ ეთქვათ საიდუმლო, მაგრამ მასთან წარდგომისას შეშინდნენ და იუდაზე მიუთითეს: „ესე კაცი მართლისა წინასწარმეტყუელისა ძჱ არს და შჯული ჭეშმარიტი იცის. გევედრებით, დედოფალო, ნებაჲ გულისა შენისაჲ ამან აღგისრულოს“. დედოფალმა ელენემ ყველანი გაათავისუფლა, იუდას კი მიმართა: „უკუეთუ გნებავს ცხორებაჲ ქუეყანისაჲცა და ზეცისაჲცა, მითხარ, სადა დამალულ არს ჯუარი“. თავდაპირველად იუდა უარზე იდგა: ორასი წლის წინ მომხდარი ამბის შესახებ ჩვენ რა უნდა ვუწყოდეთო. ელენემ მისი ჯურღმულში ჩაგდება ბრძანა და ერთი კვირა აშიმშილა. განმარტოებით ყოფნამ კიდევ უფრო გაამწვავა იუდას ეჭვები. მან გადაწყვიტა, იუდეველთა ღმერთისთვის მიენდო ყველაფერი და დახმარება აღუთქვა უფლის რჩეულს. იუდამ დანამდვილებით თავადაც არ იცოდა ზუსტად, სად იყო დაკრძალული სიწმიდე. იგი ჯერ ნაგავსაყარად ქცეულ, შემდეგ კი საკერპო ნაგებობებით დაფარულ გოლგოთას მიუახლოვდა და ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს შეჰღაღადა: „თუ გნებავს, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარული იგი ფასი და ყავ ადგილსა ამას კუამლი სულნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱსი, რამეთუ იგი არს მეუფჱ იესუ ქრისტე უკუნისამდე. ამინ“. როცა მან ლოცვა დაასრულა, ის ადგილი, სადაც სიწმიდე იყო დაფარული, შეიძრა და საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ. მაშინ იუდამ ირწმუნა ჯვარცმული უფალი, ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: „ჭეშმარიტად, ქრისტე, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაჲ“. მან საკუთარი ხელით გათხარა მიწა და ცხოველმყოფელი ჯვრის და მის მიერ მკვდრის აღდგინების მხილველი შეიქნა. განრისხებულმა ეშმაკმა ღაღად-ჰყო: „ჵ, იუდა, რაჲ ესე ჰყავ? პირველისა მის იუდაჲსგან ერი ვაცოდვე და აწ ამის იუდაჲსგან ვიდევნები. აწ ვპოვო მეცა შენთჳს, რაჲ ვყო: „აღვადგინო სხუაჲ მეფეჱ, რომელმან უვარ-ყოფად გცეს ჯუარ-ცუმული და ჩემსა ნებასა იქმოდის და მიგცეს შენ ძჳრ-ძჳრთა მათ სატანჯველთა, და გუემით უვარ-ჰყო ჯუარ-ცუმული იგი“.
ნათლისღების შემდეგ იუდას კვირიაკე უწოდეს. შემდგომ წმიდა ცხოვრებისათვის იგი იერუსალიმის პატრიარქად იქნა დადგენილი. 363 წელს, ქრისტიანთა მძვინვარე მდევნელის, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობაში, მან სისხლის დათხევით დაამოწმა თავისი ერთგულება მაცხოვრისადმი: როცა ნეტარმა კერპების თაყვანისცემაზე უარი განაცხადა, უღმერთოებმა მას გამლღვალი კალა ჩაასხეს პირში, გახურებულ რკინის სარეცელზე გააწვინეს, მდუღარე ქვაბში ჩააგდეს და, ბოლოს, მახვილით აჩეხეს.
წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსელი იყო. VII საუკუნეში „არაბთა და სირთა და მიდთა“ მფლობელი ამირა მუმნის ბრძანებით სარდალი აჰმადი დიდძალი სპით საქართველოს შემოესია. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ აჰმადმა ორი მხედართმთავარი, ომარი და ბურული, გაგზავნა მცხეთისაკენ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სოფელ ციხედიდთან მეომრებმა მდინარის გაღმა, სარკინეთის კლდეთა შორის იხილეს „ქუაბნი გამოქნილნი“, მისი დაურბებლობა სირცხვილად და სულთნის წინაშე დანაშაულად მიიჩნიეს და გაღმა გასასვლელად მტკვარში შევიდნენ, მაგრამ მდინარის გადალახვა ვერაფრით შეძლეს.
შეცბუნებულმა სარკინოზებმა ტყვეებს ჰკითხეს: „რაჲმე არს ქუაბთა შინა?“ ტყვეებმა უპასუხეს, რომ ეს ნეტარი შიო მღვიმელის მონასტერი იყო, სადაც ცხოვრობდნენ „კაცნი მონანი ღმრთისანი“, ყოველგვარ ამქვეყნიურ შვებას მოკლებულნი.
მათი ამბის გაგონებამ უსჯულო მხედრობა დიდად გააკვირვა. სარდლებმა გადაწყვიტეს, ყოველივე აჰმადისათვის ეცნობებინათ. საღმრთო ძალისგან შემკრთალმა აჰმადმა მონასტერში ომარი გაგზავნა, ოქრო და მრავალი სახმარი ნივთი გაატანა და ბერებთან დააბარა თხოვნა: „ლოცუა ჰყავთ ჩემთჳს, მონანო ღმრთისანო, და ძღუენი ესე ჩემი მიიღეთ და ალუაჲ და გუნდრუკი მიართუთ საკმევად სამარხოსა მოძღუარისა თქუენისასა“.
სარკინეთის ქვაბებს მიახლებულმა ომარმა მონაზვნებს კაცი გაუგზავნა და აცნობა, ნუგეშინისცემად და სამსახურად მოვდივარ და არა სავნებლადო.
მონასტრის ბჭესთან მისულმა მხედართმთავარმა იხილა „სიმრავლეჲ უჴორცოთა მჴედართა ნათლისათა, საკუირველ მავალნი ჰაერთა ზედა და შორის მათსა კაცი მოხუცებული მონაზონი ფრიადითა ელუარებითა შესახედავისათა“. მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და ისეთმა მოკრძალებულმა ყოფამ, თითქოს „ანგელოსნი ჰბრწყინვიდეს ჴორცთა შინა“, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე. ის მიხვდა, რომ უცხო მხედარნი უფლის ანგელოზები იყვნენ, მოხუცებული მონაზონი კი – ამ მონასტრის წინამძღვარი და ბერებს უთხრა: წმიდანო ღმრთისანო, რაჲსთჳს-მე მოშიშ ხართ თქუენ კაცთაგან? რამეთუ ვხედავ ჭეშმარიტად მცუელთა მონასტრისა თქუენისათა, მჴედართა ნათლისათა მცუელად თქუენდა, მფრინუალეთა ჰაერთა ზედა და შორის მათსა მონაზონსა ვისმე საკჳრველსა მჴცოვანსა წუერითა და თმითა, რომლისა ხილვისა სიკეთეჲ ვერ შესაძლებელ არს ჩემდა თქმად, ხოლო მრწამს, ვითარმედ მჴედარნი იგი არიან ანგელოსნი ღმრთისანი და მონაზონი იგი არს მოძღუარი თქუენი“.
ომარმა მონაზონთა წინაშე აღთქმა დადო: „დამეკუეთოს რა ჟამი მარჯუე, მოვიდე თქუენდა და ვიქმნე ქრისტიანე და ნათელვიღო და მონაზონ ვიქმნე და თქუენ თანა დავადგრე სიკუდილამდე ჩემდა“. მან დაუტევა უღმრთოება, მამული, მთავრობა, სიმდიდრე, შიო მღვიმელის სავანეში მივიდა და მოინათლა. მასთან ერთად ნათელ იღო მისმა ორმა მონამ. ნათლისღების შემდეგ ომარს ნეოფიტე (ახალი ნერგი) დაარქვეს, მის მეგობრებს კი – ქრიტოდულოსი (ქრისტეს მონა) და ქრისტოფოროსი (ქრისტეშემოსილი).
ღვთის განგებით, წმიდა ნეოფიტე მღვდელმთავრად იქნა დადგინებული ურბნისის კათედრაზე. ყველას განაკვირვებდა მღვდელმთავრის სიბრძნე და შემართება. ის თავისი სამწყსოს ნამდვილი მამა იყო: „მოუძლურებული მათი განაძლიერა, სნეული განამრთელა, შემუსრვილი შეჰკრა და ბოროტად მყოფსა უსხეულსაქმა, ცთომილი მოაქცია და წარწყმედული მოიძია, დაადგრა მათ თანა, დაიცუნა და არა განაბნივნა“.
მტერმა ვერ მოითმინა სპარსის მოციქულებრივი მოღვაწეობა. მაზდეანებმა გადაწყვიტეს, მოეკლათ ქრისტეს მქადაგებელი მღვდელმთავარი.
უსჯულოებმა გამონახეს მარჯვე დრო და სალოცავად განმარტოებულ ნეოფიტეს თავს დაესხნენ. უსჯულოებმა იცოდნენ, რომ წმიდა ნეოფიტე წმიდა სტეფანე პირველმოწამის სიკვდილს შეჰნატროდა, ამიტომ ქვით ჩაქოლვა მიუსაჯეს. წმიდანმა ტკბილი ხმით მიუგო: „ტკბილ ჩემდა სიკუდილი, უღმრთონო, ტკბილ ჩემდა. საწადელ ჩემდა განყოფაჲ კავშირთა უკუდავისა და მოკუდავისა არსებისათა… ამიერითგან სისხლითა ჩემითა დავამტკიცო შრომილი ჩემგან წმიდაჲ ეკლესიაჲ, რომელიც შეჰკრიბა ქადაგებისა მიერ ჩემისა ძემან და სიტყუამან ღმრთისამან პატიოსნითა სისხლითა თჳსითა, ხოლო რომელიცა განაგო ჩემთჳს ღმერთმან, იყავნ იგი, რამეთუ მომიწოდა მე უღმრთოებისაგან ნათლისა მიმართ თჳსისა“.
გამძვინვარებულმა უსჯულოებმა წმიდანი ქვებით ჩაქოლეს. წმიდა მღვდელმოწამის უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი“. 
ღირსი სტეფანე საბაწმინდელი, კანონმთქმელი პალესტინაში, საბა განწმენდილის ლავრაში მოსაგრეობდა IX საუკუნეში (იხ. 13 ივლისის საკითხავებში). 
წმიდა არსენი, სერბელი მიტროპოლიტი ჟიჩის მონასტერში მოღვაწეობდა. 1233 წელს იგი სერბეთის მღვდელმთავრად დაადგინეს. ნეტარი ოცდაცამეტი წელი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, შემდეგ კი, 1266 წელს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა ათანასე I, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (1289-1293; 1303-1311), ერისკაცობაში – ალექსი, საბერძნეთის ქალაქ ადრიანოპოლიდან იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ქრისტიანული სიბრძნის შემეცნებაში წარმატებულმა, დატოვა მშობლიური სახლი, თესალონიკს მიაშურა და ერთ-ერთ მონასტერში აკაკის სახელით ბერად აღიკვეცა. აქედან წმიდანი მალე ათონის წმიდა მთაზე გადავიდა და ესთიგმენის სავანის ძმობაში შევიდა, სადაც სამი წლის მანძილზე გულმოდგინედ აღასრულებდა მეტრაპეზის მოვალეობას. გამუდმებული შრომითა და თავისი სათნოებებით ნეტარმა საყოველთაო კეთილგანწყობა დაიმსახურა.
მდაბალი აკაკი განერიდა კაცთამიერ ქებას, დატოვა ათონი, იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა, შემდეგ კი პატრის მთას მიაშურა და განდეგილის ღვაწლი იტვირთა. აქედან მოსაგრე ჯერ აქვსენტის მთაზე გადავიდა, შემდეგ კი გალანტის მთაზე მდებარე მონასტერში, სადაც დიდი სქიმა შეიმოსა ათანასეს სახელით, მღვდლად აკურთხეს და ეკლესიარქად იქნა დადგენილი. აქვე შეიქნა წმიდანი ღირსი ღვთაებრივი გამოცხადებისა: ჯვარცმიდან გამოსულმა უფლის ხმამ სამღვდელმთავრო მსახურებისკენ მოუწოდა.
ათი წლის შემდეგ წმიდა ათანასე, კვლავ ათონზე გადავიდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებმა აიძულა, გალანტის მთასვე დაბრუნებოდა. ვერც აქ ჰპოვა ნეტარმა სასურველი განმარტოება: უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევა-დარიგებისათვის. ასე წარმოიქმნა ამ ადგილას დედათა მონასტერი. იმ ხანებში, პატრიარქ იოანე ვეკის დროინდელი შფოთისა და არეულობის შემდეგ, კონსტანტინოპოლის კათედრა დაქვრივებული იყო. კეთილმსახური იმპერატორის, ანდრონიკე პალეოლოგის წინადადებით 1289 წელს მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა კრებამ წმიდა ათანასე ერთხმად აირჩია ეკლესიის წინამძღვრად.
ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ახალი მოვალეობის შესრულებას: გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოში მწვალებლურ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, მკაცრად ამხელდა სასახლის კარისა და ეკლესიის მსახურთა მანკიერებებს. ყოველივე ამან გავლენიან სასულიერო პირთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1293 წელს წმიდანი იძულებული შეიქნა, კათედრა დაეტოვებინა. ნეტარი კვლავ განმარტოებულ მოღვაწეობას დაუბრუნდა თავის მონასტერში. 1303 წელს, უფლის ნებით, ათანასეს ხელმეორედ გადასცეს პატრიარქის კვერთხი. კიდევ შვიდი წელი ზიდა უფლის რჩეულმა მწყემსმთავრის მძიმე ჯვარი, მაგრამ 1311 წელს, როცა სამღვდელოებაში ისევ უკმაყოფილებამ იჩინა თავი, მან არ ისურვა, ეკლესიური შფოთის მიზეზი შექმნილიყო, თავის სავანეს მიაშურა. სიცოცხლის დასასრულს ათანასე კიდევ ერთხელ შეიქნა ღირსი იესო ქრისტეს გამოცხადებისა: უფალმა გაკიცხა იგი სამეუფო მოვალეობის ბოლომდე შეუსრულებლობისათვის. წმიდანმა ცრემლებით შეინანა თავისი სულმოკლეობა, რისთვისაც ცოდვათა შენდობა და საკვირველთქმედების ნიჭი მიემადლა. მღვდელმთავარი ათანასე ასი წლის ასაკში მიიცვალა XIV საუკუნის დასაწყისში. 
წმიდა დიმიტრი როსტოველი (ერისკაცობაში – დანიელ ტუპტალო) 1651 წელს დაიბადა დაბა მაკაროვოში, კიევის მახლობლად, კეთილმსახური კაზაკის ოჯახში. 1662 წელს წმიდანი კიევო-მოგილიოვის კოლეგიაში მიაბარეს. პირველად სწორედ აქ გამოვლინდა მისი არაჩვეულებრივი ნიჭი: დანიელმა საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული და ლათინური ენები და რიგი კლასიკური მეცნიერებებისა. 1668 წლის 9 ივლისს ნეტარი ბერად აღიკვეცა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად დიმიტრი დაარქვეს. 1675 წლის გაზაფხულამდე იგი კიევის წმიდა კირილეს სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა. 1675 წლის 23 მაისს ჩერნიგოველმა მთავარეპისკოპოსმა ლაზარემ დიმიტრი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. რამდენიმე წლის მანძილზე ნეტარი მამა უკრაინის, ლიტვისა და ბელორუსიის სხვადასხვა ტაძრებსა და მონასტრებში აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
1684 წელს კიევო-პეჩორის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბარლაამმა, რომელიც კარგად იცნობდა თავისი ყოფილი მოწაფის განსწავლულობის, სამეცნიერო მუშაობისაკენ მიდრეკილებისა და ლიტერატურული ნიჭის შესახებ, მღვდელ-მონაზონ დიმიტრის დაავალა წმიდანთა ცხოვრების მთელი წლის საკითხავების შედგენა. ამ დროიდან მოყოლებული, წმიდა მამის მთელი ცხოვრება ამ გრანდიოზული მოცულობის სამუშაოს შესრულებას მიეძღვნა. მუშაობა ძალების საოცარ დაძაბვას ითხოვდა. საჭირო იყო მრავალი სხვადასხვა წყაროს შეკრება, შეჯერება და სათქმელის გადმოცემა ისეთი ენით, რომელიც გადმოსაცემი საგნის ღირსების შესაფერიც იქნებოდა და მორწმუნეთათვის მისაწვდომიც. ღვთის მადლი შეეწეოდა ნეტარს მუშაობის მთელი ოცი წლის მანძილზე. ამ ხანებში დიმიტრი მონაცვლეობით რამდენიმე მონასტრის წინამძღვარიც იყო.
მოსაგრის ღვაწლმა პატრიარქ ადრიანეს ყურადღება მიიპყრო. 1701 წელს პეტრე I-ის ბრძანებით დიმიტრი მოსკოვში გამოიძახეს, სადაც 23 მარტს კრემლის მიძინების ტაძარში ციმბირის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი და ქალაქ ტობოლსკში გაგზავნეს. მცირე ხანში მისი სამეცნიერო ღვაწლის მნიშვნელობისა და ჯანის სისუსტის გამო წმიდა მღვდელმთავარი როსტოვ-იაროსლავის კათედრაზე გადაიყვანეს, სადაც 1702 წლის 1 მარტს ჩავიდა როსტოვის მიტროპოლიტის ხარისხით. აქ ნეტარი ფრიად დაშვრა საეკლესიო ღვთისმსახურების გასამართავად და სტაროობრიადული რასკოლის სამხილებლად, ზრუნავდა ღვთისმსახურთა განსანათლებლად, დააარსა სასწავლებელი მღვდელმსახურთა შვილებისათვის. წმიდა დიმიტრის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. იგი ბევრს ლოცულობდა და ყველას ურჩევდა, მუდამ ხსომებოდათ სიკვდილის დღე და საათის ყოველი ზარის ჩამოკვრაზე ლოცვები აღევლინათ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი. მღვდელმთავარს ყველასთვის ღია ჰქონდა სახლის კარები, ყველას ალერსიანად და თავაზიანად ეპყრობოდა. უსაზღვრო იყო მისი გულმოწყალება გლახაკების, ქვრივებისა და ობლების მიმართ: იგი მთხოვნელებს არასოდეს ისტუმრებდა უარით, თვითონ კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდა. წმიდა მამა მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს. 1752 წლის 21 სექტემბერს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
წმიდა დიმიტრი როსტოველი 21 სექტემბერსაც იხსენიება (იხილეთ ამ დღის საკითხავი). 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.