11.11.2024. 21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა.                                                                   ეფ. 6: 10-12 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი 

ორშაბათი. 11.11.2024. ხსნილი 

ღირსისა სერაპიონ ზარზმელისა (900); ღირსმოწამისა ანასტასია რომაელისა (III); ღირსისა აბრაამ შეყენებულისა და ნეტარისა მარიამისა, ძმისწულისა მისისა (360); მოწამეთა: კლავდისა, ასტერისა, ნეონისა და დისა მათისა თეონილასი (285); ღირსისა ანასი (826). 

დღის ლოცვები 

ღირსმოწამე ანასტასია რომაელის კონდაკი: 

ქალწულებისა წყლითა განიწმიდე, ღირსო, და წამებისა სისხლითა გვირგვინოსან-იქმენ, ანასტასია, და მისცემ ჭირთა შინა მყოფთა სენთა კურნებასა და ცხორებასა, რომელნი მოგიხდებიან გულითა, რამეთუ მოგცა შენ ქრისტემან ძალი, რომელი აღმოაცენებს მადლსა, მარადის მომდინარესა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: ფლპ. 4: 10-23 (დას. 248). ლკ. 11: 29-33 (დას. 59).
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).

ლიტ.: ფლპ. 4: 10-23 

10. დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ. 11. იმიტომ როდი ვამბობ, რომ მიჭირს, რადგანაც ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს. 12. გაჭირვებაც ვიცი რა არის და დალხინებაც, ყველაფერი გამომიცდია: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც. 13. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში. 14. მაგრამ კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი. 15. თქვენ ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაბამს, როცა მაკედონიიდან გამოვედი, თქვენს გარდა არცერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა: არც რა მომცა და არც რა მიიღო ჩემგან. 16. თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა. 17. იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად. 18. ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის. 19. ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში. 20. ღმერთსა და მამას ჩვენსას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 21. მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოში. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები. 22. მოკითხვას გითვლიან ყველა წმიდანი, უმეტესად კეისრის სახლისანი. 23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ.

ლიტ.: ლკ. 11: 29-33 

29. როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა. 30. ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის. 31. სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვისას კაცთა ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ; ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია. 32. ნინეველნი აღდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან შეინანეს იონას ქადაგებისგან და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია. 33. არავინ ანთებს სანთელს და დგამს მას დაფარულ ადგილას, ან საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს.

ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ.: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

ღირსმოწამე ანასტასია რომაელი, ერთი ცნობით – იმპერატორ დეკიუსის (249-251), სხვა წყაროს მოწმობით კი – ვალერიანეს (253-260) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი სამი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ობოლზე ზრუნვა ერთმა კეთილმსახურმა დიაკონისამ, სოფიამ იტვირთა და იგი ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ქალაქის თავმა პრობოსმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ანასტასია. ქრისტეს ტარიგი, რომელსაც თავისმა გამზრდელმა და მოძღვარმა მოწამეობრივ ღვაწლზე მისცა კურთხევა, მშვიდად შეხვდა შეიარაღებულ მეომრებს. პრობოსმა წმიდანის სიყმაწვილე და მომხიბლველობა რომ იხილა, თავდაპირველად ლიქნით სცადა მისი გადაბირება: „რატომ ღუპავ შენს ყმაწვილქალობას, რად გაურბიხარ შვება-სიამოვნებას? რა მოსაგებელია ჯვარცმულისთვის ტანჯვა და სიკვდილი? ჩვენს ღმერთებს ეცი თაყვანი და ღირსეულ ქმარსაც შეიძენ, დიდებასაც და პატივსაც“. ანასტასიამ მტკიცედ მიუგო: „ჩემი სიძე, ჩემი საუნჯე, ცხოვრება და სიხარული – იესო ქრისტეა. ტანჯვის შიშით ვერ განმაშორებ უფალს!“ დაიწყო ღვთის რჩეულის სასტიკი ტანჯვა: მარტვილის არაადამიანური წამებისა და აბუჩად აგდების მოწმე ხალხი აღშფოთებამ მოიცვა, ქალაქის თავი იძულებული გახადა, შეეწყვიტა ანასტასიას ტანჯვა და მისთვის თავის მოკვეთის ბრძანება გასცა. ნეტარის ცხედარი ქალაქგარეთ დააგდეს მხეცების საჯიჯგნად, მაგრამ უფალმა არ დაუშვა სიწმიდის შეურაცხყოფა: ზეგარდამო მინიშნებით წმინდა ანასტასიას აღმზრდელმა სოფიამ მიაკვლია მოწამის ნეშტს და ორი სხვა ქრისტიანის დახმარებით მიწას მიაბარა. 
წმიდანთან მრავალი ადამიანი მიდიოდა სულიერი რჩევა-დარიგების მისაღებად. დაუცხრომელი ღვაწლისთვის მას უფალმა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. უკვე მოხუცი ღირსი აბრაამი მიცვალებამდე თხუთმეტი წლით ადრე მეორეჯერ, ამჟამად მცირე ხნით, გამოვიდა დაყუდებიდან – წრფელ გზას გადამცდარი თავისი ძმისწულის, მარიამის გადასარჩენად. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მოსაგრე ცხოვრების შემდეგ სამოცდაათ წელს მიღწეული უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 360 წელს. უამრავი ხალხი შეიკრიბა მის დაკრძალვაზე. „კაცად-კაცადი მიეახლებოდა მოსწრაფებითა წმიდათა მათ ჴორცთა მისთა, და მოიტაცებდეს სამოსლისა მისისაგან ფესუსა და რავდენთა სნეულთა შეახებდეს ფესუსა მას, განიკურნებოდეს“.
წმიდა აბრაამ დაყუდებულის ცხოვრების შესახებ ცნობები შემოგვინახა მისმა თანამედროვემ და სულიერმა მეგობარმა, ღირსმა ეფრემ ასურმა (ხს. 28 იანვარს).
ღირსი მარიამი, აბრაამ დაყუდებულის ძმისწული, შვიდი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა და აღსაზრდელად ბიძას ჩააბარეს. წმიდა მამამ „ბრძანა ყოფაჲ მისი გარეშესა მას სახლსა“. სენაკის მცირე სარკმლიდან შეასწავლა ღირსმა აბრაამმა მარიამს „დავითნი და სხუანი წიგნნი“. უბიწო ასული ბიძასთან ერთად მარხულობდა, მღვიძარებდა, გალობდა „და ისწრაფდა აღსრულებად ყოველთა სათნოებათა“. აბრაამმა ძმისწულის მთელი ქონება ობლებსა და გლახაკებს განუყო და ცრემლით ევედრებოდა უფალს, „რაჲთა არა შეიკრას გონებაჲ მისი რომელითამე ქუეყანისა საქმითა და ზრუნვითა“. „აღბორგდა ეშმაკი მის ზედა“. ნეტარის სიყვარულით აღძრულმა, ერთმა ყმაწვილმა შეძლო წმიდა ქალწულის ცთუნება – მარიამმა გააღო სარკმელი, დატოვა ოთახი და „შეიგინა მის თანა მწჳრითა მით ურჩულოებისაჲთა“. ცოდვის აღსრულების შემდეგ გონს მოსული ასული სასოწარკვეთილებამ მოიცვა, სახლში დაბრუნება ვერ გაბედა, სხვა ქალაქს მიაშურა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ძმისწულის დაკარგვა რომ შეიტყო, აბრაამი მწარედ ატირდა და გულმოდგინედ ევედრა უფალს, დაეცვა იგი „პირისაგან ვეშაპისა“. ორი წლის შემდეგ წმიდა მამამ მარიამის ადგილსამყოფელიც გაიგო, გამოვიდა ქოხიდან, ერისკაცის სამოსელი შეიმოსა და ქალაქს მიაშურა. საროსკიპოში შესულმა წმიდანმა მოითხოვა მარიამი „ქალი ქმნულ-კეთილი“. „მოუწოდე მას, რაჲთა დღეს ვიხარო მის თანა, რამეთუ ფრიადისა ჰამბავისა მისისათჳს ვეტრფიალე მას“. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ „პირი მისი აღივსო ცრემლითა“, მაგრამ თავი შეიკავა, „რაჲთა არა ცნას და ივლტოდეს“. მაშინ ნეტარმა მამამ, „რომელმან ერგასისთა წელთა მონაზონებისა მისისათა პურისა გემოჲ არა იხილა და არცა ყოველთავე ღჳნისა. ჴორცი ჭამა და ღჳნოჲ სუა, რაჲთა იჴსნეს სული წარწყმედული“. ტრაპეზთან განცხრომის შემდეგ, როცა მარიამმა ოთახის კარი ჩაკეტა, სარეცელზე ჩამომჯდარმა ღირსმა აბრაამმა თავისთან მოუხმო მას, მაგრა ჩასჭიდა ხელი, რომ არ გაქცეულიყო, შემდეგ კი ქუდი მოიხადა, გამოემცნაურა სულიერ შვილს და გოდებით უთხრა: „შვილო ჩემო, მარიამ, ვერ მიცანა? მე ვარ მამის ძმაჲ შენი აბრაჰამ! შვილო ჩემო და ნაწლევო ჩემო, არა მიცანა? მე ვარ, რომელმან განგზარდე შენ! რაჲ ესე ჰქმენ, შვილო ჩემო, ანუ ვინ მოგკლა შენ? სადა არს ხატი იგი შენი ანგელოზებრი, რომელი გემოსა შენ?. რაჲსათჳს არა მითხარ, ოდეს იგი სცოდე, შვილო ჩემო და მემცა ვევედრე შენ წილ ღმერთსა საყუარელსა ჩუენისა ეფრემის თანა. რაჲსათჳს ესე საქმჱ ჰქმენ? რაჲსათჳს ესრეთ დამაგდე მე და მწუხარებასა დიდსა შემაგდე მე, შვილო ჩემო?“ შემდეგ კი შეუნანებელ ცოდვილთათვის განმზადებული ჯოჯოხეთის სატანჯველები და მონანულთა მიმართ ღვთის უსაზღვრო გულმოწყალება მოაგონა დაცემულს. მარიამს ეს რომ ესმა, „იქმნა ვითარცა ქვაჲ უსულოჲ ჴელთა შინა მისთა შიშისაგან და სირცხჳლისა“. აბრაამმა დასძინა: „არარას მომიგება, შვილო ჩემო მარიამ, და არას მეტყჳა, ნაწლევო ჩემო, ჩემ ზედა იყავნ ცოდვაჲ ეგე შენი, შვილო ჩემო, მე სიტყუაჲ მიუგო ღმერთსა დღესა მას საშჯელისასა, მე ვინანდე ცოდვისა მაგის შენისათჳს, შვილო ჩემო“, და შუაღამემდე ტირილით ევედრებოდა და შეაგონებდა მას. ბოლოს მარიამმა თქვა: „უკუეთუ უწყი, ვითარმედ შემძლებელ ვარ სინანულად და თუ შეიწყნაროს ღმერთმან სინანული ჩემი და მომიტევნეს მე ღმერთმან შეცოდებანი ჩემნი, აჰა ესერა, მოვალ, შეუვრდები და ვჰლოცავ შენსა სიწმიდესა და ჰამბორს უყოფ ფერჴთა შენთა, რამეთუ ესრეთ წყალობა ჰყავ ჩემთჳს და მოხუედ აქა, რაჲთა გამომიყვანო მე მწჳრისა ამისგან არაწმიდებისა“. მან თავი წმიდანის ფეხებთან დადო და, სინანულითა და ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღსავსე, მთელი ღამე ტიროდა. როცა გათენდა, ბიძა-ძმისწული დაყუდების ადგილს დაუბრუნდნენ. აბრაამმა წმიდა მარიამი შიდა სენაკში შეიყვანა, სადაც ადრე თავად მოღვაწეობდა, თვითონ კი გარეთა სანაკში დამკვიდრდა. „მიერითგან ნეტარი იგი ქალი ინანდა ძაძითა და ნაცრითა, სულ-თქუმითა და ცრემლითა მწარითა, აღმსთობითა და მღჳძარებითა დიდითა, მარხვითა და ცრემლითა, სიმდაბლითა და სიმშვიდითა შურებოდა გულსმოდგინედ და ინანდა მოსწრაფედ და ჰმადლობდა დაუცხრომლად“. ფიცხელი ღვაწლისთვის უფალმა თავის რჩეულს ცოდვათა მიტევება და კურნების ნიჭი მიმადლა.
ნეტარი აბრაამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მარიამმა ხუთი წელი იცოცხლა და „გარდარეულად შურებოდა და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთს დღჱ და ღამჱ“. როცა უფალმა წმიდა დედის სულიც შეივედრა, „პირი მისი. გაბრწყინდა, ვითარცა მზე“. 
ღირსი ანა ევფიმიანეს სახელით მოღვაწეობდა მამათა ერთ-ერთ სავანეში ოლიმპოს მახლობლად. ცნობები მის შესახებ იხილეთ 13 ივნისის საკითხავებში. 
წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი „მოუჴსენებლად დაიფარა სოფლით“, ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, „ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა“. 
სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა.
სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. სერაპიონი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა „მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა“, „სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა“ დიდ მიქელ პარეხელს (ხს. 27 მაისს). ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და „თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა“. უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა – „უცხოთა და გლახაკთა“ მსახურებით ცხოვრობდა.
ღირსი მიქელი ხედავდა სერაპიონის საღმრთო მოქალაქეობას, მოშურნეობას და მღვდლად აკურთხა იგი. ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქელმა იხილა მღვდელშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ „თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ“.
ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე, ძალიან მოეწონათ ერთი მთა, დაათვალიერეს იქაურობა, და, მიუხედავად იმისა, რომ „სასწაულნი იგი ადგილსა ამას“ ვერ იხილეს, გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: „ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი“.
იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.
ძმებმა ეკლესიისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: „ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ“. მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში – იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.
ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა „განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი“.
ნეტარმა სერაპიონმა წინასწარ იგრძნო, რომ მისი ამსოფლიდან გასვლის ჟამი ახლოვდებოდა, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და წინამძღვრად განუწესა მღვდელ-მონაზონი გიორგი, „კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა“.
რამდენიმე დღის შემდეგ დასნეულებული სერაპიონი წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, ემთხვია წმიდა ტრაპეზსა და მაცხოვრის ხატს, ეზიარა, ძმებს სთხოვა, ელოცათ მისთვის, „მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა“.
წმიდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმიდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, „რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა“.
წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა (ხს. 5 ოქტომბერს) სერაპიონის წმიდა ნაწილები ღვთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და „გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა“. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.