12.11.2024. 21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა.                                                                   ეფ. 6: 10-12 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი 

სამშაბათი. 12.11.2024. ხსნილი 

მოწამისს იოთამისა, მეფისათვის თავდადებულისა (ზედგენიძე, 1465); მღვდელმოწამისა ზინობ ეგეას ეპისკოპოსისა, და დისა მისისა მოწამისა ზინობიასი (285); მოციქულთა: ტერტისა, მარკოზისა, იუსტისა და არტემისა, 70-თაგანთა (I); მღვდელმოწამისა მარკიანესი (მარკელესი) სიცილიელი ეპისკოპოსისა (II); მოწამისა ევტროპიასი (250); მოწამისა ანასტასია თესალონიკელისა (III); კვირიაკესი, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსისა (595-606). 

დღის ლოცვები

მღვდელმოწამე ზინობის, ეგეას ეპისკოპოსის, და დისა მისისა ზინობიას კონდაკი:

ჭეშმარიტებისა მოწამეთა და ღმრთისმსახურებისა ქადაგთა ორობასა ღირსად პატივს ვსცემდეთ ღმრთისსულიერითა გალობითა ზინობს ბრძნისა თანა ზინობიას, ერთად ცხორებულთა და განსრულთა, რომელთა წამებითა მოიღეს გვირგვინი უხრწნელი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: კოლ. 1: 1-2,7-11 (დას. 249). ლკ. 11: 34-41 (დას. 60).
 მოწ. – 2 ტიმ. 292 დას. 2: 1-10. ინ. 52 დას. 15: 17 – 16: 2. 

ლიტ.: კოლ. 1: 1-2,7-11 

1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე – 2. კოლოსეში მყოფი წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისაგან. 

7. როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის; 8. მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით. 9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით, 10. რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით, 11. ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,

ლიტ.: ლკ. 11: 34-41 

34. სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც. 35. მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში. 36. ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით. 37. ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა. 38. ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა. 39. მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით. 40. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც? 41. მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ.

მოწ. – 2 ტიმ. 2: 1-10 

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

მოწ. – ინ. 15: 17 – 16: 2 

17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ. 

1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა ტერტიოსი იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო (წმიდა მოციქულ სოსიპატრეს შემდეგ). აქ მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე და ბოლოს მოწამეობრივად აღესრულა. წმიდა ტერტიოსს პავლე მოციქული ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,22). წმიდა მარკოზი, იგივე იოანე (საქმე 12,12), ბარნაბას ძმისწული, აპოლონიადის ეპისკოპოსი იყო (კოლ. 4,10). წმიდა იოსტოსი, ბარსაბად წოდებული, იოსებ დამწინდველის ძე (საქმე, 1,23) ელეფთეროპოლის (სამხრეთ პალესტინა) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და იქვე პოვა მოწამეობრივი აღსასრული. წმიდა არტემონი (ტიტ. 3,12) ქალაქ ლუსტრის (ლიკაონია) ეპისკოპოსი იყო. დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
მღვდელმოწამე მარკიანე – სირაკუზელი ეპისკოპოსი, პეტრე მოციქულის მოწაფე იყო. იგი ღვთის სიტყვის საქადაგებლად სიცილიაში გაგზავნეს. წმიდა მარკიანე ქალაქ სირაკუზის მახლობლად გამოქვაბულში დამკვიდრდა და მოშურნედ ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. ნეტარმა მოსაგრემ სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა – ის სირაკუზელმა იუდეველებმა მოკლეს იტალიის ქალაქ გაეტში (წმიდა მარკიანე 9 თებერვალსაც იხსენიება მარკელეს სახელით). 
წმიდა მოწამე ევტროპია ალექსანდრიაში აღესრულა დაახლოებით 250 წელს. იგი ხშირად ნახულობდა პყრობილ ქრისტიანებს და სატანჯველების დათმენისაკენ მოუწოდებდა. ამისთვის ისიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უღმრთო მსაჯულის წინაშე მტკიცედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკი სატანჯველებით ამოჰხადეს სული.
წმიდა მოწამენი: კლავდიოსი, ასტერიოსი, ნეონი და თეონილა, ღვიძლი და-ძმანი, 285 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ კილიკიაში.
მამის სიკვდილის შემდეგ დედინაცვალმა, რომელსაც არ სურდა მათთან ქონების გაყოფა, ქრისტიანთა მდევნელებს გადასცა უფლის რჩეულები. კილიკიის მმართველი, ლისიუსი დიდხანს აწამებდა წმიდანებს და კერპების თაყვანისცემას ითხოვდა მათგან. მაცხოვრის სარწმუნოების ერთგული ძმები: კლავდიოსი, ასტერიოსი და ნეონი საშინელი სატანჯველების შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს და ჯვარს აცვეს, მათი და – კეთილმსახური ქვრივი თეონილა კი მარგილებს შორის გაჭიმეს, ქამრებით სცემეს, მუცელზე ცხელი ნახშირი დააყარეს. ამ სასტიკი წამების დროს გარდაცვლილი მოწამის ნეშტი ბოლოს ტომარაში ჩააგდეს და ზღვაში დანთქეს. 
მღვდელმოწამე ზინობი – ეგეის ეპისკოპოსი და ზინობია და-ძმანი იყვნენ. მართლმორწმუნე მშობლების მიერ ღვთისმოშიშებით აღზრდილმა და-ძმამ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს. წმიდა ცხოვრებისათვის ზინობი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართთა შორის და ღვთისგან ბოძებული ნიჭით უსასყიდლოდ კურნავდა სნეულებს. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ზინობი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსის სამსჯავროზე წარადგინეს. უსჯულო ხელისუფალმა მღვდელმთავარს მიმართა: „სიტყვას არ გავაგრძელებ – გთავაზობ: სიცოცხლეს – თუ ჩვენს ღმერთებს თაყვანს სცემ და სიკვდილს – თუ არ სცემ თაყვანს“. ნეტარმა მიუგო: „ეს წარმავალი სიცოცხლე ქრისტეს გარეშე სიცოცხლე კი არა, სიკვდილია; მიჯობს, დროებითი სატანჯველები დავითმინო ჩემი შემოქმედისთვის და შემდგომ განუშორებლად მასთან ვგიებდე, ვიდრე უარვყო იგი წამიერი სიცოცხლის ფასად და ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველებს ვეზიარო“.
ლისიუსის ბრძანებით მღვდელმთავარი ჯვარზე გააკრეს. ეპისკოპოსის დამ, ზინობიამ ამხილა მტარვალთა სისასტიკე და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა მასაც მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს. მოწამეებს ბოლოს თავები მოჰკვეთეს. ხუცესმა ერმოგენმა უფლის რჩეულთა წმიდა ცხედრები მიწას მიაბარა. ეს მოხდა 285 წელს. 
წმიდა სტეფანე მილიუტინი, სერბეთის მეფე, ძმა მისი დრაგუტინი და დედა მათი ელენე. წმიდა სტეფანე სერბეთის სამეფო ტახტზე ავიდა 1275 წელს და 1320 წლამდე ბრძნულად განაგებდა ქვეყანას. წმიდა სტეფანეს მეფის ტახტი ნებაყოფლობით გადასცა მისმა უფროსმა ძმამ დრაგუტინმა, რომელმაც სამეფო მოღვაწეობას ბერული ცხოვრება არჩია და ფარულად მოღვაწეობდა მის მიერ გათხრილ ორმოში. მათი წმიდა დედა ელენე ლოცვითა და დედობრივი რჩევებით შეეწეოდა ხორციელი დიდებისა და სულიერი აღმაფრენის მწვერვალზე მდგომ წმინდა შვილებს.
დედამ და შვილებმა, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი იღვაწეს ერეტიკოსი ბოგომოლების ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისთვის. წმიდა დრაგუტინი გარდაიცვალა 1316 წლის 2 მარტს.
წმიდა მეფე სტეფანე მილიუტინი სიტყვითა და საქმით ახოვნად იცავდა მართლმადიდებელ სერბებს მრავალრიცხოვანი მტრებისაგან. ყოვლადსახიერი უფლის სამადლობლად მან ააგო ორმოცზე მეტი ტაძარი, მრავალი მონასტერი და დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარი განსაკუთრებით ათონის სავანეებზე ზრუნავდა. წმიდა სტეფანე გარდაიცვალა 1320 წლის 29 ოქტომბერს. ორი წლის შემდეგ აღესრულა ნეტარის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება.
წმიდა ელენემ, უფლის სათნომყოფელი ძეების კეთილმსახურმა დედამ, მეუღლის სიკვდილის შემდეგ საღვთო საქმეებისთვის გადადო თავი, სიკვდილის წინ მონაზვნად აღიკვეცა და 1306 წლის 8 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა იოთამ ზედგენიძე სიმხნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშვილი იყო. კეთილმსახურებით აღზრდილ წმიდანს კარგად ესმოდა რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის სიყვარულს ნიშნავდა. 1446 წელს საქართველოს მეფედ აკურთხეს გიორგი VIII, ძე ალექსანდრე დიდისა. „ყოვლითა სიკეთითა და სამღთო-სამჴედროთი სრულმან და აღმკულმან“ თავისი მეფობის ოცი წელი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას შეალია. მისი მეფობის ჟამს „განრისხნა ღმერთი ქრისტიანეთა ზედა ცოდვათა ჩუენ ქრისტეიანეთათჳს და აღიღო სულტანმა მაჰმად კონსტანტინეპოლი“.
ამასობაში საქართველოში მდგომარეობა ისევ დაიძაბა. სამცხის ათაბაგი ყვარყვარე მეფეს განუდგა. 1463 წელს კი, ჩიხორთან გამარჯვების შემდეგ, ქუთაისის გამგებელმა ბაგრატმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი.
1465 წელს გიორგი მეფე სამცხეს წარემართა ყვარყვარე ათაბაგთან საომრად, „რათა შურ-აგოს ათაბაგსა“. ფარავნის ტბასთან დაბანაკებულ გიორგის „შემოუჩინნეს განდგომილთა მოღალატენი, რათა მოკლან იგი და ტაძრეულნივე თჳსნი“. მეფის ამალაში მყოფმა იოთამ ზედგენიძემ, შეიტყო მეფის წინააღმდეგ არსებული საზარელი შეთქმულების შესახებ და გააფრთხილა იგი. „მეფემან არა ირწმუნა“, – წერს ვახუშტი „ქართლის ცხოვრებაში“, – „ვინაჲთგან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა“. როცა ერთგულმა კარისკაცმა მართალი და უბოროტო მეფე მტყუვარ ქვეშევრდომთა ღალატში ვერ დაარწმუნა, შესთავაზა: „უკეთუ ვცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყუა ჩემი, აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე დაგებელსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, გარნა ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა“. მეფე დათანხმდა, თუმცა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იოთამ ზედგენიძის ეჭვიანობის მიზეზი სიყვარული და ერთგულება იყო და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. „ღამესა ამას შემოვიდნენ მობირებულნი იგი და მოკლეს იოთამ და განერა მეფე მათგან“.
დილით, როცა გიორგი სამეფო კარავში შევიდა, მისი საყვარელი კარისკაცი სისხლში ცურავდა. მან სინანულით დაიტირა იოთამი, მტრები კი შეიპყრა და „მოსწყვიდნა ყოველნი“. მადლიერმა მეფემ წყალობით აავსო წმიდა იოთამ ზედგენიძის შთამომავლობა.
უფლის ცხებულისათვის, ღვთივდადგენილი მეფისათვის თავდადებული იოთამი საქართველოს ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.