10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა. ეფ. 6: 10-12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
ოთხშაბათი. 13.11.2024. მარხვა
წმიდათა ათთა ბევრთა (100000-თა) მოწამეთა, ტფილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (1227); მოციქულთა: სტაქოსი, ამპლისა, ურბანისა, ნარკისისა, აპელისა და არისტობულესი, 70-თაგანთა (I); მოწამისა ეპიმახო პილუსიელისა (250); ღირსისა მავრასი (V); წმიდისა ლეონტი ფილოსოფოსისა.
დღის ლოცვები
წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (+1227)
ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
მოციქულთა სტაქოსისა, ამპლიოსისა, ურბანოსისა, ნარკისისა, აპელიოსისა და არისტობულესი, სამოცდაათთაგანთა კონდაკი:
ვითარცა სამღდელოთა საუნჯეთა ყოვლადწმიდისა სულისათა და მზისა მის დიდებისა ბრწყინვალებათა ყოვლადვე უგალობდეთ ბრძენთა მოციქულთა აპელიოსს, და ურბანოსს, არისტობულეს, ამპლიოსს, ნარკისს და სტაქოსს, რომელთა შეიკრიბეს მადლი ღმრთისა ჩუენისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ,
ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
ლიტ.: კოლ. 1: 18-23 (დას. 251). ლკ. 11: 42-46 (დას. 61).
მოწ.: რომ. 8: 28-39 (დას. 99). მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ცისკ.: ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
ლიტ.: კოლ. 1: 18-23
18. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს, 19. რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება, 20. რათა მისი მეშვეობიი, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი – მიწიერიც და ზეციერიც. 21. და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი, 22. აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე, 23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
ლიტ.: ლკ. 11: 42-46
42. მაგრამ ვაი თქვენდა, ფარისეველნო, რომელნიც იხდით მეათედს პიტნისას, ტეგანისას და ყოველი მწვანილისას, ღმრთის სამართალს და სიყვარულს კი უგულებელყოფთ. ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ. 43. ვაი თქვენდა ფარისელნო, ასე რომ გიყვართ სინაგოგებში წინა რიგში ჯდომა და საკრებულოებში სალმის ძღვნა. 44. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ უჩინო საფლავებს, რომლებსაც ფეხით თელავენ კაცნი და არ კი იციან. 45. მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც გვაგინებ? 46. მაგრამ მან თქვა: და თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი, რადგან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ შეაშველებთ ტვირთს.
მოწ.: რომ. 8: 28-39
28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. 29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
მოწ.: მთ. 10: 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე – სამოცდაათთაგანნი (I)
წმიდა სტაქოსი (რომ. 16,9) ანდრია პირველწოდებულმა ბიზანტიის ეპისკოპოსად დაადგინა. აქ ნეტარი 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ამპლია (რომ. 16,8) ქალაქ დიასპოლის ეპისკოპოსი იყო, წმიდა ურბანოსი (რომ. 16,9) კი – მაკედონიისა. ისინიც წმიდა ანდრიამ აკურთხა მღვდელმთავრებად. სახარების სწავლების გავრცელებისთვის იუდეველებმა და ელინმა წარმართებმა უფლის მოწაფეები წამებით მოკლეს. წმიდა ნარკისი ათენის ეპისკოპოსი იყო, აპელოსი – თრაკიის ჰერაკლიისა, არისტობულე კი (რომ. 16,10) ბრიტანეთის მღვდელმთავარი იყო და იქვე მიიცვალა მშვიდობით (მის შესახებ იხილეთ 16 მარტის საკითხავში).
წმიდა მოწამე ეპიმაქო (+დაახლ. 250)
ღირსი მავრა (V)
წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)
„უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მამხილებ მე. ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავლე მე სიმართლენი შენი“ – ვკითხულობთ ფსალმუნში. საქართველოს კეთილმსახური მეფის, წმიდა თამარის მეფობის ჟამს „სიტკბოებით“ სწავლობდა ქართველი ერის ღვთის სამართალს, თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყანას. ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი“. ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა: „გულისწყრომით გვამხილა და რისხვით გვასწავლა“ ღვთის სიმართლე: ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა.
ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი“.
ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა: „არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს.
სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.
ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.
„ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ – კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე, – „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის“… სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკვლავდნენ. „ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი“. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.
ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა.
ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.