10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა. ეფ. 6: 10-12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
ხუთშაბათი. 14.11.2024. ხსნილი
უვერცხლოთა მკურნალთა და საკვირველთმოქმედთა კოზმა და დამიანესი, აზიელთა, და დედისა მათისა ღირსისა თეოდოტიასი (III); მღვდელმოწამეთა იოანე ეპისკოპოსისა და იაკობ ხუცისა, სპარსეთს წამებულთა (345); მოწამეთა კვირიენასი და იულიანასი (305-311); მოწამისა ერმინინგელდისა, გუთების უფლისწულისა (586); მოწამეთა: კესარისა, დასისა, საბასი, საბინიანესი, აღრიპასი, ანდრიანესი, თომა ჩვილისა და მათთანათა, დამასკეს აღსრულებულთა (VII).
დღის ლოცვები
კოზმა და დამიანესი, ასირიელთა (აზიელთა) უვერცხლოთა, და დედისა მათისა ღირსისა თეოდოტიას
კონდაკი: რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხრვეთ, სოფლისა მკურნალნო, საკვირველებათა მიერ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: მკ. 6: 7-13 (დას. 23).
ლიტ.: კოლ. 1: 24-29 (დას. 252). ლკ. 11: 47-12: 1 (დას. 62).
უვეცხ.: 1 კორ. 12: 27 – 13: 8 (დას. 153). მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).
ცისკ.: მკ. 6: 7-13
7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა. 8. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით: 9. არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს. 10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან. 11. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. 12. და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად. 13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.
ლიტ.: კოლ. 1: 24-29
24. ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია. 25. ხოლო მე მისი მსახური გავხდი ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, – 26. საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის, 27. რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება, 28. რომელსაც ვქადაგებთ და შევაგონებთ ყველას, რათა მთელი სიბრძნით დავმოძღვროთ ყოველი კაცი და სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში; 29. რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში.
ლიტ.: ლკ. 11: 47-12: 1
47. ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი. 48. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ. 49. ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან. 50. რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, 51. აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას. 52. ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა. 53. ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა, 54. რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.
1. ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.
უვეცხ.: 1 კორ. 12: 27 – 13: 8
27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი – მისი ასონი, 28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა. 29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი? 30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი? 31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ.
1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.
უვეცხ.: მთ. 10: 1, 5-8
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდანი უვერცხლონი მკურნალნი კოზმა და დამიანე, რომელნი იყვნენ ასიით და დედა მათი ღირსი თეოდოტია (III)
ერთხელ წმიდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, პალადიასთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა. პალადიას სარწმუნოებითა და ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა.
მადლიერებით აღსავსე ქალი მივიდა დამიანესთან, სამი კვერცხი გაუწოდა და უთხრა: „მიიღე ეს მცირედი საბოძვარი ყოვლადწმიდა სამების – მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“. წმიდა სამების სახელი რომ ესმა, უვეცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა.
კოზმა ძალიან დაღონდა – მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა და სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. ყველანი გაუგებრობაში აღმოჩნდნენ – ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმიდა მკურნალი. მაშინ, ღვთის ნებით, სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია ძღვენი დედაკაცისაგან, არამედ უფლის სახელით. ნეტარი ძმების წმიდა ნეშტი ერთად დაკრძალეს ფერემანში (მესოპოტამია).
წმიდანი უვეცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. ფერემანში, კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძრის მახლობლად მცხოვრებმა ქრისტიანმა კაცმა, მალქოზმა შორეული მგზავრობის წინ მისი ახალგაზრდა მეუღლე წმიდა ძმებს შეავედრა და მათ ზეციურ მფარველობას მიანდო. მალქოზის ერთი ახლობელი კაცი რამდენიმე ხნის შემდეგ ქალთან სახლში მივიდა და უთხრა, შენმა ქმარმა გამომგზავნა, რომ მასთან მიგიყვანოო. მალქოზის მეუღლე ენდო სტუმარს და გაჰყვა, კაცმა კი იგი უდაბურ ადგილას გაიყვანა და შეეცადა, ჯერ ძალა ეხმარა მასზე, შემდეგ კი მოეკლა. უეცრად საიდანღაც ორი ჭაბუკი გამოჩნდა. მზაკვარმა კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ ხრამში გადაიჩეხა. ჭაბუკებმა მალქოზის ცოლი შინ დააბრუნეს. სასწაულებრივ გადარჩენილმა ქალმა სახლის ზღურბლთან მათ მდაბალი მადლი უძღვნა და ჰკითხა: „რა გქვიათ, ჩემო მხსნელებო, ვის ვუმადლოდე სიცოცხლეს?“ „ჩვენ ქრისტეს მონები კოზმა და დამიანე ვართ“, – უპასუხეს ჭაბუკებმა და გაუჩინარდნენ. შეძრწუნებულმა და გახარებულმა ქალმა ყველას მოუთხრო, რაც თავს გადახდა, ღვთისადმი მადლიერებით აღსავსემ, აცრემლებულმა, კოზმასა და დამიანეს ხატს მიმართა და სამადლობელი ლოცვა აღავლინა გადარჩენისთვის. ამ დღიდან მოყოლებული, წმიდა უვეცხლო მკურნალ ძმებს თაყვანს სცემენ, როგორც ქრისტიანული ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის მფარველებს.
წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა (IV)
მღვდელმოწამე იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი, სპარსეთს წამებული (+დაახლ. 345)
წმიდა მოწამე ერმინინგელდი, გუთების უფლისწული (+586)
წმიდა მოწამენი: კესარიოსი, დასიოსი და მათ თანა ხუთნი მოწამენი (VII)
წმიდანი ათონელნი ღირსმოწამენი: იაკობი და მოწაფენი მისნი – ბერდიაკონი იაკობი და დიონისე მონაზონი (+დაახლ. 1520)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.