16.11.2024. 21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა.                                                                   ეფ. 6: 10-12 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 

შაბათი. 16.11.2024. მარხვა 

ღირსისა ნიკოლოზისა, ქართველთა მნათობისა, აკოლუთიათა აღმწერელისა (1308); განახლება ტაძრისა წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგი კაპადოკიელისა, იოპიის ლიდაში (IV ); მღვდელმოწამეთა: აკეფსიმე ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცისა და აითალა დიაკონისა (IV); ღირსისა აკეფსიმესი (IV); მართლისა სნანდულიასი. (IV). 

დღის ლოცვები

მოწამეთა აკეფსიმა ეპისკოპოსის, იოსებ ხუცისა და აითალე დიაკონის კონდაკი:

საღმრთოსა საიდუმლოსა უბიწოდ მომღებელ-იქმენ, ბრძენო, და მსხვერპლ შემწყნარებელ-იქმენ, ღმრთივსანატრელო, რამეთუ ქრისტეს სასუმელი დიდებულად სუ, წმიდაო აკეფსიმა, თანა ვნებულთა შენთა თანა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ლიტ. – ღირ. – გალ. 213 დას. 5: 22 – 6: 2. მთ. 43 დას. 11: 27-30. 
რიგ.: 2 კორ. 3: 12-18 (დას. 174). ლკ. 9: 1-6 (დას. 40). 

ლიტ. – ღირ. – გალ. 5: 22 – 6: 2  

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ლიტ. – ღირ. – მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.

რიგ.: 2 კორ. 3: 12-18 

12. ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ, 13. და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა. 14. მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. 15. ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს. 16. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი. 17. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება. 18. ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.

რიგ.: ლკ. 9: 1-6 

1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა. 2. წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად. 3. და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაში: ნურც არგანს, ნურც აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ ხელ სამოსს. 4. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე. 5. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას, მათ წინააღმდეგ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. 6. ისინი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ სნეულთ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

განახლება ტაძრისა დიდმოწამისა გიორგისა ლიდიას შინა, სადა მდებარე არს პატიოსანი გვამი მისი (IV)

 განახლება ტაძრისა დიდმოწამისა გიორგისა ლიდიას შინა, სადა მდებარე არს პატიოსანი გვამი მისი (IV)
წმიდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე საპორმა ქრისტიანი ღმრთისმსახურების მოძებნა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმეც, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა: „ჩემო მეგობარო, უცნაური და უგნური საქმეა ამ მწირ ნაგებობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ზეცათა მეუფე მიბრძანებს გადასახლებას სახლში დიდებისა, რომელ არს ცათა შინა“. უფლის რჩეული ქალაქ არბელაში მზის კერპის ქურუმის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უარი განაცხადა სპარსთა ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს, სასტიკი წამების შემდეგ, მასთან გამოამწყვდიეს სამოცდაათი წლის ხუცესი იოსები და დიაკონი აითალეც. სამი წელი იტანჯებოდნენ წმიდანები ტყვეობაში.
არბელას მახლობლად მდებარე მზის ტაძარში მისულმა მეფე საპორმა სამი წმიდა მარტვილის ნახვა ისურვა. ქანცგამწყდარნი, წყლულებით სხეულდაფარულნი წარდგნენ წმიდანები მეფის წინაშე, მაგრამ კვლავ მხნედ აღიარეს ქრისტე და წარმართული ღვთაებების თაყვანისცემაზე მტკიცე უარი განაცხადეს. მაშინ წმიდა ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს, მღვდელი და დიაკონი კი ქალაქში გაიყვანეს ქვებით ჩასაქოლად. 
ღირსი სნანდულია, კეთილმსახური სპარსელი ქრისტიანი ქალი, თავის სიმდიდრეს უხვად გასცემდა საპორ II-ის დროს სპარსეთის ციხეებში პყრობილ ქრისტიანთა დასახმარებლად. გარდაიცვალა დაახლოებით 350 ან 380 წელს. 
წმიდა მოწამენი: ატიკე, აღაპი, ევდუქსი, კატერიოსი, ისტუკარი, პაკტოვი, ნიქტოპოლიონე და მეგობარნი მათნი მხედრები იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის უღმერთოებმა ისინი 320 წელს, ლიკინიუსის ზეობისას (307-324) ცეცხლში გამოწვეს. 
ღირსი აკეფსიმე სირიაში, ქალაქ კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა თეოდოსი დიდის მეფობის დროს. მან სამოცი წელი იცხოვრა ვიწრო მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, შემდგომ იგი პატრიარქის კურთხევით გამოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხებიათ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. 
ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წწ.).
ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერლის შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული.
წმიდა ნიკოლოზი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიმნოგრაფი და გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე იყო. სამწუხაროდ, მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე ძალიან ცოტა რამაა მოღწეული.
ანტონ კათალიკოსი (1720-1788 წწ.) წერს, რომ ნიკოლოზი იყო „ავქსონი კანონთ, მრავალ აკოლოთიათ“ და ასახელებს მის ერთ თხზულებას: „ამან უზომოდ წჳმისა გარდამოსვლის დასაყენები შექმნა აკოლოთია, მხურვალსავედრი ღვთისადმი ერისაგან, მაღალგამოთქმით“. ეს აკოლოთია გვხვდება ქართულ კურთხევანში.
წმიდა ნიკოლოზი ქართულ სასულიერო ლიტერატურას მთარგმნელობითი მოღვაწეობითაც ამდიდრებდა, ვარაუდობენ, რომ როგორც ლიტურგისტს, მას უნდა ეკუთვნოდეს ის წესები, კერძოდ, „განგება წყლის კურთხევისა“, რომელიც 1306-1308 წლებშია ნათარგმნი ბერძნულიდან ქართულად.
ცნობილი მეცნიერი და ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი (1809-1875) წერს, რომ მან წმიდა ნიკოლოზის სხვა აკოლოთიანიც ნახა ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერებში.
წმიდა მამა 1308 წელს აღესრულა მშვიდობით. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.