10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა. ეფ. 6: 10-12
21-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.
17.11.2024. ხსნილი
წმიდათა მოღვაწეთა ქრისტეს საფლავისათა: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა; ღირსისა იოანიკე დიდისა ოლიმპოელისა (846); მღვდელმოწამეთა ნიკანდრესი, მირონელი ეპისკოპოსისა და ერმე ხუცისა (I); ღირსისა გიორგი (კარსლიდისი), აღმსარებელისა (1959); მართლისა აბიმელექისა.
დღის ლოცვები
ღირსი იოანიკე დიდის კონდაკი:
ვარსკულავად ყოვლადმნათობად გამოსჩნდი და სოფელსა განაბრწყინვებ, და მყოფთა წყუდიადსა შინა ვნებათასა ელვარე-ჰყოფ, და გამოსჩნდი მკურნალცა მტკიცედ, არამედ, ვითარცა მიიხვენ მადლნი კურნებათანი, ეგრეთვე მვედრებელთა შენთა მოგვმადლე კურნებაი სულთა და ხორცთა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მამაო იოანიკე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-10, ინ. 21: 1-14 (დას. 66).
ლიტ.: გალ. 2: 16-20 (დას. 203). ლკ. 8: 41-56 (დას. 39).
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 – VI, 2. მთ. 10 დას. IV, 25 – V, 12.
ცისკ.: ინ. 21: 1-14
1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ: 2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. 3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. 4. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. 5. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. 6. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. 7. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. 8. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. 9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. 10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. 11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. 12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. 14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.
ლიტ.: გალ. 2: 16-20
16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი. 17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც. 18. რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს?
ლიტ.: ლკ. 8: 41-56
41. და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო. 42. რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს. 43. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა, 44. უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა. 45. და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო? 46. მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან. 47. რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა. 48. ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით. 49. ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს. 50. მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება. 51. ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა. 52. ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. 53. ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა. 54. ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ; 55. მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის. 56. მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.
ღირ. – გალ. 5: 22 – 6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირ. – მთ. 4: 25 – 5: 12
25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე ნიკანდრე, მირონის ეპისკოპოსი და ერმე ხუცესი (I)
ღირსი იოანიკე დიდი (+846)
იმპერატორ ლეონ IV-ის (775-780) ბრძანებით ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ელჩები საუკეთესო ჭაბუკებს არჩევდნენ სამხედრო სამსახურისთვის. ყმაწვილი იოანიკეც იმპერატორის ლაშქარში ჩარიცხეს. მტრები ახოვანი მხედრის შიშით ძრწოდნენ, თანამოსაგრეებს კი გულწრფელად უყვარდათ იგი სიმშვიდისა და სიმდაბლის გამო. ამ ხანებში წმიდანი მკრეხელური ქადაგების გავლენით წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ აღმდგარ ხატმბრძოლ მწვალებლებს მიემხრო.
ერთხელ, როცა იგი თავის მხედრიონთან ერთად ოლიმპოს მთიდან მოდიოდა, ერთმა უცნობმა ბერმა სახელით უხმო: „შვილო იოანიკე, როგორ შეგიძლია ქრისტიანად იწოდებოდე და ქრისტე მაცხოვრის გამოსახულებები გძულდეს?“ იოანიკე მიხვდა თავის შეცდომას, სინანულში ჩავარდა და შემდგომში ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგული დამცველი შეიქნა. წმიდანმა ექვსი წელი იმსახურა არმიაში, ზემდგომებმა და თავად იმპერატორმაც მისი მხედრული დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღნიშნეს, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ პატივს ვერ ჰგუობდა – სულ სხვა სარბიელს ითხოვდა და უფალმაც თავისი მსახურებისკენ მოუწოდა.
ოცდაოთხი წლის იყო იოანიკე, როცა განერიდა ამსოფელს და უდაბნოში აპირებდა დამკვიდრებას, მაგრამ ერთმა წმიდა მოსაგრემ ურჩია, ჯერ მონასტრული ცხოვრების სკოლა გაევლო. წმიდანმა რამდენიმე წელი დაყო ძმათა კრებულში, წერა-კითხვას დაეუფლა, დავითის ოცდაათი ფსალმუნი ზეპირად ისწავლა და, ღვთის მინიშნებით, მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა სამოღვაწეოდ ერთ უდაბურ ადგილას. აქ ნეტარი საკუთარი ხელით გათხრილ მიწურში ცხოვრობდა. ვინმე მწყემსს თვეში მხოლოდ ერთხელ მიჰქონდა მასთან ცოტაოდენი პური და წყალი. უფლის რჩეული დღე და ღამ ლოცულობდა და ფსალმუნებს გალობდა; ყოველი ფსალმუნის შემდეგ აღავლენდა ლოცვას, რომელიც ოდნავი სახეცვლილებით დღემდე შემოინახა ეკლესიამ: „სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა“. მას შემდეგ, რაც იოანიკე შემთხვევით გადაეყარა თავის ყოფილ თანამებრძოლებს, მან დატოვა უდაბნო და კონტურიის მთებს მიაშურა. აქ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი ბუდობდა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, წმიდანს ისინი არაფერს ვნებდნენ. ერთხელ, ზამთრის პირს, იოანიკე მაღლა, მთებში ღრმა გამოქვაბულს გადააწყდა და შიგ შევიდა. სიბნელეში მან რაღაც მანათობელი შენიშნა, მიუახლოვდა და დაინახა მიწაზე გაწოლილი უზარმაზარი გველი, რომელსაც თვალები გავარვარებული მუგუზლებივით უელავდა. წმიდა იოანიკე არ შეუშინდა ქვეწარმავალს, მღვიმის მარჯვენა მხარეს მიიდრიკა და მთელი ზამთარი აქ გაატარა, გველის სიახლოვეს.
ნეტარი თორმეტი წლის მოსაგრეობის შემდეგ აღიკვეცა ბერად. შემონაზვნების შემდგომი სამი წელი სრულ დაყუდებაში გაატარა, შემდეგ კი ქალკედონში გაემგზავრა დიდ მმარხველ გიორგისთან (ხს. 21 თებერვალს). უფლის რჩეულებმა სამი წელი იცხოვრეს ერთად. ამ ხნის მანძილზე ღირსმა იოანიკემ მთელი ფსალმუნი ზეპირად შეისწავლა. ღრმად მოხუცებული წმიდანი ბოლოს ანტიდიევის სავანეში დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე დაყუდებაში იმყოფებოდა.
მოღვაწეობის სამოცდაათი წლის მანძილზე ღირსმა იოანიკემ სულიერი სრულყოფის მაღალ საფეხურს მიაღწია. წმიდანის მოწაფის, პახუმის მოწმობით, მან წინასწარცნობის მადლი მოიგო. ლოცვის დროს ნეტარი ჰაერში მაღლდებოდა; ერთხელ ადიდებული მდინარე ფეხით გადაიარა. მას შეეძლო, ადამიანთათვის უხილავი გამხდარიყო და სხვებიც უჩინო ექმნა: ასე მაგალითად, ერთხელ პყრობილი ბერძნები მრავალრიცხოვანი მცველების თვალწინ გამოიყვანა სატუსაღოდან. შხამი და ცეცხლი, რომლითაც მოშურნეები წმიდანთან ანგარიშის გასწორებას ცდილობდნენ, მას ვერაფერს ვნებდა. ცნობილია, რომ უფლის რჩეულმა კუნძული თასოსი ურიცხვი გველისგან გაათავისუფლა.
წმიდა მოსაგრემ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე და გარდაიცვალა 846 წლის 4 ნოემბერს, ერთი ცნობით – ოთხმოცდათოთხმეტი, სხვა წყაროს მოწმობით კი – ასთხუთმეტი წლის ასაკში.
წმიდათა და მართალთა ქრისტეს საფლავისათა: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა
წმიდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთ-შემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს.
საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმიდანთა შორის სულ ოთხი წმიდანია მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზირებული. მათ შორის – ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო-ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმიდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველენი. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე რამოდენიმე საუკუნეა აღასრულებს.
როგორც მეცნიერები და მკვლევარები ვარაუდობენ, წმიდანები იერუსლიმში მოღვაწეობდნენ და იყვნენ ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.