18.11.2024. 22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა.                                                                   ეფ. 6: 10-12 

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 

ორშაბათი.18.11.2024. ხსნილი 

მოწამეთა გალაქტიონისა და მეუღლისა მისისა ეპისტიმისი (III); მოციქულთა 70-თაგანთა: პატრობისა, ერმისა, ლინესი, გაიოზისა, ფილოლოგისა (I); გრიგოლი ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა (IX); იონასი, ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოსისა (1470); ღირსისა ქალწულისა კანონიკესი, კოსტანტინეპოლის მთავრის ასულისა. 

დღის ლოცვები

მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიას კონდაკი:

მოწამეთა ქრისტესთა ახოვანთა კეთილთა მათ ბანაკთა აღირაცხენით და ბრწყინვალედ იღუაწეთ, გალაქტიონ დიდებულო, პატიოსნისა მის მოყუარისა და თანა მოღუაწისა შენისა ეპისტიმიას თანა, დაუცხრომელად ევედრენით მხოლოსა ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები

კოლ. 2: 13-20 (დას. 255). ლკ. 12: 13-15, 22-31 (დას. 65).

კოლ. 2: 13-20 

13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით. 14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. 15. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე. 16. ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო. 17. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი. 18. ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული, 19. ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით. 20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს:

კოლ. ლკ. 12: 13-15, 22-31 

13. ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს სამკვიდრებელი. 14. ხოლო იესომ მიუგო მას: ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად? 15. და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი. 

22. და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო; 23. ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული – ვიდრე სამოსელი. 24. შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ? 25. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე? 26. ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის? 27. შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი. 28. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? 29. მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ. 30. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. 31. მაშ, ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე (I) სხვადასხვა ქალაქებში ქადაგებდნენ სახარებას. წმიდა პატრობა (რომ. 16,14) ნეაპოლისა და პუტეოლის (იტალია) ეპისკოპოსი იყო, წმიდა ერმე (ერმი) (რომ. 16, 14) ფილიპოპოლისისა. ლინოსმა (2 ტიმ. 4,21) პეტრე მოციქულის შემდეგ დაიკავა რომის საეპისკოპოსო კათედრა, წმიდა გაიოზი კი ეფესოს ეპისკოპოსი იყო მოციქულ ტიმოთეს შემდგომ; წმიდა ფილოლოგე (რომ. 16,15) ანდრია პირველწოდებულმა სინოპის (შავიზღვისპირეთი) ეპისკოპოსად აკურთხა. უფლის რჩეულები მრავალ მწუხარებას ითმენდნენ, წარმართთა მრავალ გამოხდომას უმკლავდებოდნენ თავიანთი მღვდელმთავრული ღვაწლის დროს, ბოლოს კი ყველა მათგანმა (გარდა ერმესი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ერმე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა ქალაქ ფილიპოპოლისში (იხ. 8 მარტის და 31 მაისის საკითხავები). 
წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია. მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია ფინიკიის ქალაქ ემესაში ცხოვრობდნენ. ისინი უხვად სწირავდნენ ოქროებს წარმართ ქურუმებს, მაგრამ მემკვიდრე მაინც არ ეძლეოდათ.
III საუკუნეში ქალაქ ემესას განაგებდა რომაელი კეისრებისგან დადგენილი სირიელი სეკუნდუსი. იგი ქრისტიანთა დაუნდობელი მდევნელი იყო და მათ დასაშინებლად ქალაქის ქუჩებში წამების ამაზრზენი იარაღების გამოფენა ბრძანა. მიუხედავად ამისა, ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენის მოსურნე მრავალი ქრისტიანი ნებით ბარდებოდა ჯალათებს.
ამ დროს ემესაში ცხოვრობდა მღვდელ-მონაზონი ონოფრე, რომელიც გლახაკის ძონძებით ფარავდა თავის სამღვდელო ღირსებებს, სახლიდან სახლში გადადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ყველგან, სადაც ადამიანების წარმართთა ცთომილებისგან დახსნის შესაძლებლობას ხედავდა, ნეტარი ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა. ერთხელ მოხუცი ლევკიპიას მდიდრულ სახლშიც მივიდა. როცა ქალისგან მოწყალებას იღებდა, ონოფრემ იგრძნო, რომ იგი დამწუხრებული იყო და სევდის მიზეზი ჰკითხა. ლევკიპიასაც არ დაუმალავს თავისი უბედურება. ბერმა ანუგეშა უშვილო დედაკაცი, მოუთხრო ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და დაარწმუნა ის ქრისტეს ყოვლისშემძლეობასა და გულმოწყალებაში. ლევკიპია იმედით აღივსო, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ღვთისმოსავ ქალს ძილში ეუწყა, რომ შობდა ძეს, რომელიც მაცხოვრის ჭეშმარიტი მიმდევარი შეიქნებოდა. თავდაპირველად ლევკიპია მეუღლეს არ უცხადებდა თავის სიხარულს, მაგრამ როცა ყრმა იშვა, გაუმხილა საიდუმლო და ნათლობაზეც დაიყოლია.
ახალშობილს გალაქტიონი დაარქვეს. მშობლებმა იგი ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდეს და შესანიშნავი განათლება მისცეს. წმიდანს ბრწყინვალე საეროკარიერის გაკეთება შეეძლო, მაგრამ იგი უბიწო ცხოვრებას – განმარტოებასა და ლოცვას ესწრაფოდა.
როცა გალაქტიონს ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა და სასძლოც მოუძებნა – მშვენიერი და დიდებული ქალწული, სახელად ეპისტიმია. ყმაწვილი მამის ნების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ, ღვთის განგებულებით, ჯვრისწერა დროებით გადაიდო. გალაქტიონმა, რომელიც ხშირად დადიოდა თავის საცოლესთან, თანდათან ისიც მოაქცია ქრისტიანობაზე და ფარულად მონათლა. ეპისტიმიასთან ერთად ნათელიღო მისმა ერთ-ერთმა მონამ – ევტოლმიუსმაც. ახალმოქცეულებმა გალაქტიონის მიბაძვით გადაწყვიტეს, მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდნენ. მათ დატოვეს ქალაქი და მიაშურეს პუბლიონის მთას, სადაც ფარულად არსებობდა ორი – მამათა და დედათა მონასტერი. ორივე სავანის მკვიდრნი ასაკოვანნი და უძლურნი იყვნენ, ამიტომ ყოველგვარი აუცილებელი ფიზიკური სამუშაოს შესრულება ახალმა მოწესეებმა იტვირთეს. ისინი რამდენიმე წელს მოსაგრეობდნენ შრომით, მარხვითა და ლოცვით. ერთხელ ეპისტიმიამ ძილში იხილა ჩვენება, თითქოს ის და გალაქტიონი საკვირველ სასახლეში იდგნენ ბრწყინვალე მეუფის წინაშე, რომელმაც მათ ოქროს გვირგვინები გამოუწოდა. ეს ნეტართა მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრულის წინასწარი განცხადება იყო.
წარმართებმა შეიტყვეს მონასტრების შესახებ და მის მკვიდრთა შესაპყრობად მეომართა რაზმი გაგზავნეს, მაგრამ ბერებმა და მონაზვნებმა მოასწრეს მთებში გახიზნვა. მხოლოდ გალაქტიონმა არ ისურვა გაქცეულიყო და, სენაკში დარჩენილი, წმიდა წერილს კითხულობდა. როცა ეპისტიმიამ იხილა, რომ მეომრებს ნეტარი შებოჭილი მიჰყავდათ, მხურვალედ ევედრა იღუმენიას, ისიც გაეშვა – სურდა, რომ თავის დაწინდულთან და მოძღვართან ერთად წამებულიყო ქრისტესთვის. წინამძღვარმაც, ცრემლმორეულმა, აკურთხა იგი მოწამეობრივ ღვაწლზე.
წმიდა გალაქტიონმა და ეპისტიმიამ ლოცვა-ვედრებითა და ქრისტეს დიდებით დაითმინეს უმძიმესი სატანჯველები. ბოლოს უღმერთოებმა ისინი ცოცხლად გაატყავეს და ისე ამოხადეს სული.
ევტოლმიუსმა – ეპისტიმიას ყოფილმა მონამ, მისმა ქრისტესმიერმა ძმამ და თანამოსაგრემ, ფარულად მიაბარა მიწას წმიდა მარტვილთა ცხედრები. თავისი თანამედროვეებისა და შემდგომი თაობების დასამოძღვრად მანვე აღწერა უფლის რჩეულთა ცხოვრება და წამება. 
წმიდა გრიგოლი – ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ყოველგვარი სათნოებებით შემკული მღვდელმთავარი, იმპერატორ ლეონ სომეხის (813-320) დროს ეწამა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დაცვისათვის. ყოველგვარი წამების დამთმენი და ხატმბრძოლთა ერესის უშიშრად მამხილებელი წმიდანი გადასახლებაში აღესრულა. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.