10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა. ეფ. 6: 10-12
22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
სამშაბათი.19.11.2024. ხსნილი
პავლე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა, აღმსარებელისა (350); ქალწულმოწამეთა: ტეკუსასი, ალექსანდრასი, პოლაქტიასი, კლავდიასი, ევფროსინესი, ათანასიასი და მატრონასი (III); ღირსისა ლუკა ტავრომენიელისა (800-820).
დღის ლოცვები
პავლე აღმსარებელის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის
ტროპარი: მართლისა სარწმუნოებასა აღსარებათა მეორედ პავლედ გლოვა შენ ეკლესიამან და მღდელთა შორის მოშურნედ ილიასებრ და შენთანა ღაღადებს აბელცა უფლისა მიმართ, და სისხლი მართლისა ზაქარიასი, მამაო ღირსო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: კოლ. 2: 20 – 3: 3 (დას. 256). ლკ. 12: 42-48 (დას. 68).
მღვდ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2 (დას. 318). ლკ. 12: 8-12 (დას. 64).
20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს: 21. ხელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები 22. ნურაფერს, რაც იხრწნება, – კაცთა მცნებებისა და მოძღვრების მიხედვით? 23. ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს.
1. თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ. 2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას. 3. რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.
42. და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ? 43. ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. 44. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. 45. მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყესს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას, 46. მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს. 47. ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება. 48. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა პავლე აღმსარებელი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+350)
ევსები დიდხანს არ დარჩენილა საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. სამწყსო სიყვარულით შეეგება ნეტარს, მაგრამ კონსტანციუსის დევნამ იგი აიძულა, კვლავ რომს დაბრუნებოდა.
იმპერატორმა კონსტანტმა (337-350) თავის აღმოსავლელ თანამმართველ კონსტანციუსს წერილით მიმართა, დევნილი მღვდელმთავარი კათედრაზე დაებრუნებინა. წმიდა პავლე საპატრიარქო საყდარში დააბრუნეს, მაგრამ მალე, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს, მართლმადიდებელთა ქომაგი კეთილმსახური იმპერატორი კონსტანტი მოღალატურად მოკლეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კვლავ განდევნეს დედაქალაქიდან და სომხეთის ქალაქ კუკუზოში გადაასახლეს, სადაც იგი მოწამეობრივად აღესრულა: როცა პატრიარქი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმიდანი ომოფორით მოახრჩვეს. ეს მოხდა 350 წელს. 381 წელს წმიდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (379-395) ნეტარი აღმსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადააბრძანა კონსტანტინოპოლში. 1326 წელს სიწმიდე ვენეციაში გადაასვენეს.
ღირსი ლუკა ტავრომენიელი (+800-820)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.