2.11.2024. მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. დიმიტრის შაბათი

ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.     1 კორ 6:12

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 

შაბათი 2.11.2024. ხსნილი 

ღირსი გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსისა (1995);დიდმოწამისა არტემ ანტიოქიელისა (362).

მიცვალებულთა ხსენება. 

დღის ლოცვები 

ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელი-სალოსის 

ტროპარი: ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაი ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაი მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაი შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მიუწვდომელ არს მოწყალებაი მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაი განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაი განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაი თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.

დიმიტრის შაბათი 

ტროპარი: წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაისწარმეტყველნო, მღდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოებაი დაიმარხეთ, კადნიერებაი გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე; მას ევედრენით, სანატრელნო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

კონდაკი: წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაი, არა ურვაი, არცა სულთქუმაი, არამედ სიხარული და ცხორებაი იგი დაუსრულებელი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 1 კორ. 15: 58 – 16: 3 (დას. 164). ლკ. 7: 1-10 (დას. 29).
მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17 (დას. 270). ინ. 5: 24-30 (დას. 16).

ლიტ.: 1 კორ. 15: 58 – 16: 3 

58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე. 

1. რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. 2. კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინანოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება. 3. ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.

ლიტ.: ლკ. 7: 1-10 

1. როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა. 2. ერთი ასისთავის მონა, რომელსაც პატრონი დიდ პატივს სცემდა, ავად იყო და სულს ებრძოდა. 3. იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა. 4. ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას, 5. ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა. 6. წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. 7. ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. 8. ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს. 9. ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ მეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას. 10. გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა. 

მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17 

13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. 14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. 15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. 16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. 17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.

მიცვ.: ინ. 5: 24-30 

24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა დიდმოწამე არტემი, ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337, ხს. 21 მაისს), შემდეგ კი – მისი ძისა და მემკვიდრის, კონსტანციუსის (337-361) ზეობისას. ერთგული სამსახურისა და გამბედაობისათვის წმიდანს ხშირად აჯილდოებდნენ, ბოლოს კი ეგვიპტის მეფისნაცვლადაც დანიშნეს. ამ ძალაუფლებაში ნეტარმა არტემიმ ბევრი იღვაწა ეგვიპტეში ქრისტიანობის განსამტკიცებლად.
ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე (361-363). განდგომილი, რომელსაც იმპერიაში წარმართობის აღორძინება სურდა. მან შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. იგი დაუნდობლად გზავნიდა სასიკვდილოდ ასობით ქრისტიანს. ანტიოქიაში უსჯულომ ბრძანა, ეწამებინათ სიწმიდით განთქმული მღვდელმთავრები, ევგენი და მაკარი. ქალაქში ჩასული არტემი შეესწრო მათ მარტვილობას და საჯაროდ ამხილა იულიანე უღმრთოებასა და სისასტიკეში. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ისიც ჯალათებს გადასცა. წამების შემდეგ არტემი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მარტვილი ლოცულობდა, მის წინაშე თავად ქრისტე წარდგა ანგელოსთა დასის თანხლებით და უთხრა: „მხნე იყავნ, არტემი! მე შენ თანა ვარ. უკვე გიმზადებ გვირგვინს დიდებისა, რამეთუ ვითარცა შენ მაღიარე წინაშე კაცთა, მეც აღგიარო წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. მხნე იყავნ და გიხაროდენ – ჩემ თანა იყო სამოთხესა“.
ნეტარი მოთმინებით იტანდა ტანჯვას. მან იულიანეს უწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანების მიმართ ჩადენილი ბოროტებისთვის მალე დაისჯებოდა. ამან კიდევ უფრო გაამხეცა თვითმპყრობელი და მარტვილის წამება გააძლიერა, მაგრამ როცა იხილა, რომ წმიდა არტემის მოსადრეკად ყოველი ღონე ამაო იყო, მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
ქრისტიანებმა დიდმოწამის ნეშტი მიწას მიაბარეს. წმიდა არტემის სიკვდილის შემდეგ მისი წინასწარმეტყველება იულიანეს მოახლოებული აღსასრულის შესახებ ახდა: განდგომილი იმპერატორი ანტიოქიიდან გავიდა სპარსელებთან საბრძოლველად. ქალაქ ქტეზიფონის მახლობლად მას შეხვდა ერთი მოხუცი სპარსელი, რომელმაც თანამემამულეთა გაყიდვა და მეგზურობის გაწევა აღუთქვა. იულიანე მიენდო მოხუცს, ამ უკანასკნელმა კი იგი მხედრობითურთ კარმანიტის უდაბნოს გაუვალ ადგილებში შეიყვანა, სადაც არც წყალი იპოვებოდა და არც საზრდელი. შიმშილითა და წყურვილით გათანგულ და განახევრებულ ლაშქარს მტერმა სასტიკი დამარცხება აგემა. თავად იმპერატორსაც ღვთივმოვლენილი სასჯელი ეწია: უჩინარმა ხელმა გულში უჩინარი იარაღი უგმირა. იულიანემ მძიმედ ამოიოხრა და წარმოთქვა: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“
მწვალებელი იმპერატორის მიცვალების შემდეგ წმიდა დიდმოწამე არტემის ნეშტი პატივით გადააბრძანეს ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში. 
 
ღირსი გერასიმე ათონელი პელოპონესის სოფელ ტრიკალაში დაიბადა. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მან კუნძულ ზაკინს მიაშურა სამოღვაწეოდ. წმიდა მთაზე გერასიმე ათონელ მოსაგრეებს დაემოწაფა; შემდგომ ბერების კურთხევით იერუსალიმში გაემგზავრა უფლის საფლავის თაყვანსაცემად, მოილოცა სინას მთის, ანტიოქიის, დამასკოს, ალექსანდრიის, ეგვიპტის წმიდა ადგილები და კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა. აქ იერუსალიმის პატრიარქმა გერმანე II-მ (1534-1579) წმიდანი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი ხუცესად დაასხა ხელი.
მიუხედავად სამღვდელო ხარისხისა, ღირსი გერასიმე განდეგილის ცხოვრებით მოღვაწეობდა. ბოლოს წმიდანმა პატრიარქისაგან მდუმარების ღვაწლზე აიღო კურთხევა და ზაკინზე განმარტოვდა. აქ ნეტარმა ხუთი წელი დაჰყო მარტოდმარტო, მისი საკვები მხოლოდ მცენარეულობა იყო. ამის შემდეგ ზეგარდამო შთაგონებით გერასიმე კეთალონიის კუნძულზე გადავიდა და ომალში, მის მიერ აღდგენილ ტაძართან დედათა მონასტერი დააარსა. ღირსი მამა აქ ოცდაათი წელი მოღვაწეობდა. წმიდა ცხოვრებისათვის მას სნეულთა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიემადლა. უფლის რჩეულს რამდენიმე დღით ადრე ეუწყა თავისი აღსასრულის შესახებ, დალოცა მონაზვნები და მშვიდობით მიიცვალა 1579 წლის 15 აგვისტოს, სამოცდათერთმეტი წლის ასაკში. ორი წლის შემდეგ მისი ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. სიწმიდე კეთილსურნელებას აფრქვევდა და სნეულებს კურნავდა. 
 

ღირსი გაბრიელის (ურგებაძის) ტროპარ-კონდაკი

ტროპარი
ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი
მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.