20.11.2024. 22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა.                                                                   ეფ. 6: 10-12 

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 

ოთხშაბათი.20.11.2024. მარხვა 

33-თა მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიხისა, ნიკანდრესი, ათანასესი, მამაისი, ბარაქისა, კალინიკესი, თეაგენესი, ნიკონისა, ლონგინოზისა, თეოდორესი, ვალერისა, ქსანთესი, თეოდულესი, კალიმაქესი, ევგენისა, თეოდორესი, ოსტრიქისა, ეპიფანესი, მაქსიმიანესი, დუკიტესი, კლავდიანესი, თეოფილესი, გიგანტისა,„ დოროთესი, თეოდოტესი, კასტრიკისა, ანიკიტესი, თემელისა, ევტიქისა, ილარიონისა, დიოდოტესი და ამონიტესი (III); ღირსისა ლაზარე გალისიელისა, სასწაულთმოქმედისა (ღალისიონის მთასა შინა მმარხველისა) (1053); მოწამისა თეოდოტესი (303); მოწამეთა მელასიპესი და კასინისა და ძისა მათისა ანტონისა და 40-თა ჭაბუკთა (363); მოწამეთა: ავქტისა, ტავრიონისა და თესალონიკიასი. 

დღის ლოცვები

ღირსი ლაზარე გალისიელის

ტროპარი: მღვიძარებითა და ლოცვითა, და ცრემლთა მდინარითა სუეტი იგი შენი დაალტვე, რომელსა ზედა სდეგ, და სიღრმით სულისათ სულთქუმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ, და იქმენ მწყემს და შემნდობელ ცოდვათა სამწყსოთა შენთა, ღირსო მამაო ჩუენო ლაზარე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ვითარცა მთიებსა დიდსა ქრისტეს ეკლესიისასა, ყოველნი გადიდებთ შენ, ღმერთშემოსილო ლაზარე, და სიხარულით ვღაღადებთ შენდა მომართ: ევედრე ქრიასტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: კოლ. 3: 17 – 4: 1 (დას. 259). ლკ. 12: 48-59 (დას. 69) – ოთხშ.
კოლ. 4: 2-9 (დას. 260). ლკ. 13: 1-9 (დას. 70) – ხუთშ.
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 4: 25-5: 12. (დას. 10). 

ლიტ.: კოლ. 3: 17 – 4: 1 

17. ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას. 18. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში. 19. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ. 20. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს. 21. მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ. 22. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით. 23. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის. 24. იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს ემსახურებით. 25. უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც უფლისთვის უცხოა მიკერძოება. 

1. ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში.

ლიტ.: ლკ. 12: 48-59 

48. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება. 49. მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს! 50. ნათლისღებით მმართებს ნათლისღება, და როგორ ვეწამები, ვიდრე აღსრულდება. 51. იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება. 52. რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი – ორს და ორი – სამს; 53. დიახ, განდგესა მამა ძისაგან და ძე – მამისაგან; დედა – ასულისაგან და ასული – დედისაგან; დედამთილი – რძლისაგან და რძალი – დედამთილისაგან. 54. და უთხრა ხალხსაც: როდესაც ხედავთ დასავლეთიდან ამომავალ ღრუბელს, მაშინვე ამბობთ: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება. 55. ხოლო როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: გვალვა იქნებაო, და ასეც ხდება. 56. თვალთმაქცნო, ცის ფერსა და მიწის ფერს არჩევთ და ამ დროის გარჩევა კი არ შეგიძლიათ? 57. ან რატომ თქვენდა თავად არ განსჯით, თუ რა არის სამართლიანი? 58. როცა შენს მომჩივანთან ერთად მიდიხარ მსაჯულთან, ეცადე, გზაშივე დაიხსნა თავი მისგან, რათა არ მიგიყვანოს მსაჯულთან, ხოლო მსაჯულმა არ მიგცეს მანდატურს და მანდატურმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში. 59. გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ წვლილს.

კოლ. 4: 2-9 

2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით. 3. ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი; 4. რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება. 5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ. 6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ. 7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში, 8. რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს, 9. ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს.

ლკ. 13: 1-9 

1. ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს. 2. მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ? 3. არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. 4. ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეუღნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი? 5. არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. 6. და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. 7. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს. 8. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; 9. იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი.

ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ.: მთ. 4: 25-5: 12 

25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან. 

1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე, კლავდიანე, თეოფილე, გიგანტი, დოროთე, თეოდოტე, კასტრიკიოსი, ანიკიტე, თემელიოსი, ევტიქი, ილარიონი, დიოდოტე და ამონიტე
წმიდა მოწამე იერონი დიდი, კაბადოკიელი, ქალაქ ტიანში დაიბადა. კეთილმსახური დედის აღზრდილი ჭაბუკი სიმშვიდითა და ზნეკეთილობით გამოირჩეოდა.
თანამმართველმა იმპერატორებმა, დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ლისიუსის წინამძღოლობით მხედართა დიდი რაზმი გაგზავნეს კაბადოკიაში. მათ დაევალათ იქ ფართოდ გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოების ამოძირკვა და, ამასთან ერთად, იმპერატორის ლაშქრისთვის ჯანმრთელი და ძლიერი მეომრების შეგროვება. ლისიუსმა სამხედრო სამსახურში სხვებთან ერთად დიდი ფიზიკური ძალით აღჭურვილი და მოქნილი იერონის აყვანაც ბრძანა, მაგრამ წმიდა ჭაბუკმა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორების სამსახურზე უარი განაცხადა. როცა ნეტარის ლისიუსთან ძალით მიყვანას შეეცადნენ, მან, ძელით აღჭურვილმა, უკუაქცია მომხდური მხედრები და თვრამეტ თანამოაზრესთან ერთად ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. ლისიუსის მეომრებმა ვერ შეძლეს ამ მღვიმის აღება. ბოლოს იერონის ერთ-ერთი მეგობრის, კვირიკეს რჩევით, უღმერთომ გამოქვაბულს ალყა მოხსნა და თავისი რაზმი იქაურობას განარიდა; კვირიკემ კი დაამშვიდა იერონი და დაარწმუნა, ხელისუფლების ნებას დამორჩილებოდა. ამის შემდეგ წმიდანი სხვა ახალწვეულებთან ერთად მხედრების თანხლებით მეზობელ ქალაქ მელიტინში გაგზავნეს. მალე უფლის რჩეულმა იხილა სიზმრისეული ჩვენება, სადაც მისი მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრული იყო გაცხადებული. მელიტინში თავმოყრილ მეომრებს ლისიუსმა წარმართული ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, იერონმა და მასთან ერთად სხვა ოცდათორმეტმა მხედარმა უარი განაცხადეს ამ მოთხოვნის შესრულებაზე და მხნედ აღიარეს ქრისტე. მაშინ მტარვალმა განკარგულება გასცა, დაუნდობლად ეგვემათ წმიდანები, იერონისთვის კი ხელი მოეკვეთათ. ბრძანების შესრულების შემდეგ ჯალათებმა სულთმობრძავი მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს, დილით კი ყველას თავები მოჰკვეთეს.
სიკვდილით დასჯილი ყველა მეომრის ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს. მოგვიანებით, იმპერატორ იუსტინიანეს ზეობისას, წმიდა ირინეს სახელობის ტაძრის მშენებლობის დროს, ნეტარი მარტვილების ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. 
წმიდა თესალონიკია წარმართი ქურუმის ასული იყო. როცა უსჯულო მამამ შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ქრისტიანი იყო, დაუნდობლად სცემა იგი, შემდეგ კი, ერთი ცნობით, სახლიდან გააგდო, სხვა წყაროს თანახმად კი – საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა ავქტი და ტავრიონი შეეცადნენ, გამოსარჩლებოდნენ ნეტარს და მისი გამხეცებული მამა გონს მოეყვანათ, ქურუმმა კი დაასმინა და შეაპყრობინა ისინი. წმიდანებმა მტკიცედ აღიარეს ქრისტე მტარვალთა წინაშე, რისთვისაც ისინი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს. მარტვილთა ნეტარი აღსასრულიდან მცირე ხნის შემდეგ ტანჯვით შეჰვედრა სული უფალს თესალონიკიამაც. მისი წმიდა ცხედარი ავქტისა და ტავრიონის ნაწილებთან ერთად პატივით დაკრძალეს მაკედონიის ქალაქ ამფიპოლში. 
წმიდა მოწამენი: მელასიპე, კასინია და ძე მათი ანტონინე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობაში ეწამნენ ფრიგიის ანკვირიაში 363 წელს.
მელასიპემ და კასინიამ რკინის ჩანგლებით სხეულდაფლეთილებმა და დასახიჩრებულებმა, ტანჯვით შეჰვედრეს სული უფალს. მათმა ძემ, ყრმა ანტონინემ, რომელსაც მტარვალი აიძულებდა, მშობლების წამებისთვის ეცქირა, განდგომილ იმპერატორს სახეში შეჰნერწყვა. ამისთვის იგი საშინლად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. ანტონინეს წამებისას აღსრულებული სასწაულის მხილველმა ორმოცმა ჭაბუკმა ირწმუნა ქრისტე, დაუფარავად აღიარეს სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულნენ. 
ღირსი ლაზარე გალისიელი ქალაქ მაგნეზიაში (აზია) დაიბადა. სიყრმიდანვე სიმშვიდით და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეულმა წმიდანმა საფუძვლიანი განათლება მიიღო, შემდგომ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა. აქ ნეტარმა ათი წელი დაჰყო და საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა.
იერუსალიმის პატრიარქმა ღირსი ლაზარე მღვდლად აკურთხა, რის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და ეფესოს მახლობლად, გალისიის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა: ცად აწვდილ ცეცხლოვან სვეტს შემოხვეული ანგელოზები გალობდნენ: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“. ამ გამოცხადების ადგილას უფლის რჩეულმა ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი ააგო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მალე დიდი მოსაგრის ირგვლივ მოწაფეები შემოიკრიბნენ და დაფუძნდა მონასტერი.
წმიდა ლაზარეს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და განემზადა კიდეც, მაგრამ საძმოს მხურვალე ვედრებით უფალმა მას კიდევ თხუთმეტი წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე.
ღირსი ლაზარე 1053 წელს გარდაიცვალა, სამოცდათორმეტი წლის ასაკში. წმიდა მამის ნაწილთა აღმოყვანებას ეკლესია 17 ივლისს იხსენიებს (იხ. ამ დღის საკითხავი). 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.