10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა. ეფ. 6: 10-12
22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
პარასკევი. 21.11.2024. ხსნილი
მოწამეთა ონისიფორესი და პორფირესი (III-IV); ღირსისა მატრონა კონსტანტინეპოლელისა (492); ღირსისა დედისა თეოქტისტესი ლეზვიელისა (881); მოწამისა ალექსანდრე თესალონიკელისა (305-311); მოწამისა ანტონისა (V); ღირსისა იოანე კოლოვისა (V); ღირსთა ევსტოლიასი (610) და სოსიპატრასი (625); დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“ (X).
დღის ლოცვები
მოწამეთა ონისიფორესი და პორფირის კონდაკი:
ძლიერად იღუაწეთ, მოწამენო, და მტერისა ამპარტავანება ქუეყნად დააკვეთეთ და განათლდით მადლითა დაუბადებელისა სამებისათა, ონისიფორე და პორფირი, ევედრენით მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: კოლ. 4: 10-18 (დას. 261). ლკ. 13: 31-35 (დას. 73) – პარ.
2 კორ. 5: 1-10 (დას. 178). ლკ. 9: 37-43 (დას. 46) – შაბ.
ლიტ.: კოლ. 4: 10-18
10. მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი, 11. და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში. 12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით. 13. მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის. 14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი. 15. მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, აგრეთვე ნიმფასი და მისი შინაური ეკლესია. 16. როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, მათთვის გაგზავნილი წერილი კი თქვენც წაიკითხეთ. 17. არქიპოსს უთხარით: შენ იცი, როგორ აღასრულებ მსახურებას, უფლისგან რომ მიიღე-თქო. 18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.
ლიტ.: ლკ. 13: 31-35
31. იმ დღეს მოვიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრა მას: ადექი და გაეცალე აქაურობას, ვინაიდან ჰეროდე გიპირებს მოკვლას. 32. და უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას: აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს საქმეს. 33. თუმცა მე მმართვებს წასვლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც, ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს. 34. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. 35. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!
ლიტ.: 2 კორ. 5: 1-10
1. რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული. 2. მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი. 3. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი. 4. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი. 5. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი. 6. ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ. 7. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით. 8. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ. 9. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ. 10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.
ლიტ.: ლკ. 9: 37-43
37. მეორე დღეს ჩამოვიდნენ მთიდან და შემოეგება მას დიდძალი ხალხი. 38. და აჰა, ერთმა კაცმა შეჰყვირა ხალხში: მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, ვინაიდან ერთადერთი მყავს. 39. შეიპყრობს სული და მაშინვე ყვირილს დააწყებინებს, მიწაზე დასცემს და ისე სტანჯავს, რომ დუჟს ადენს და ძნელად თუ ანებებს თავს ნაგვემ-ნაწამებს. 40. შევევედრე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქთ, მაგრამ ვერ შესძლეს. 41. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკეთურო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის უნდა გითმინოთ? აქ მომგვარე შენი ძე. 42. ჯერ არც კი მისულიყთ მასთან, რომ ეშმაკმა მიწას დაანარცხა და კრუნჩხვა დააწყებინა. მაგრამ იესომ შერისხა უწმინდური სული, განკურნა ყრმა და მისცა მამამისს. 43. უკვირდა ყველას ღმრთის სიდიადე და განცვიფრებული იყო იმით, რაც მოიმოქმედა იესომ;
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ახლადშექმნილი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“
2005 წლის 12 მაისს საბერძნეთიდან, ათონის წმიდა მთიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ ასლი ჩამობრძანდა. აღნიშნული ხატის დედანი დოქიარის მონასტერშია დასვენებული, იგი სავარაუდოდ X საუკუნეში დაიწერა. XVII საუკუნეში დოქიარის მონასტერში ასეთ სასწაული მოხდა: მონასტრის ტრაპეზარი ნილოსი ანთებული კვარით ხშირად ჩაუვლიდა ხოლმე ამ ხატს, რის გამოც იგი იჭვარტლებოდა. ერთხელაც ტრაპეზარს ხმა მოესმა, რომელიც აფრთხილებდა, არ ჩაედინა ამგვარი დაუდევრობა, მაგრამ ბერმა ამ ხმას ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან ეგონა, მონასტრის ერთ-ერთი ძმა აფრთხილებდა. ტრაპეზარი ხატისადმი დაუდევარ მოპყრობას განაგრძობდა, ამიტომ ღვთისგან სასჯელი მიიღო: თვალისჩინი დაკარგა. ამ სასწაულის შემდეგ ბერი უდიდეს სინანულში ჩავარდა და მხურვალე ლოცვით სთხოვდა უფალს პატიებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მას მართლაც თვალი აუხილა. დედა ღვთისმშობელმა ბერს ასევე აუწყა, რომ ამიერიდან ეს ხატი „მსწრაფლშემსმენელად“ იწოდება, ვინაიდან იგი მსწრაფლ შეისმენს მონანული მორწმუნის ვედრებას და აღუსრულებს მას ღვთისთვის სათნო თხოვნას.
სწორედ ამ „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის ასლი შეიქმნა ათონზე, რომელიც თბილისში ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) და ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ჩამოაბრძანეს. აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ „მსწრაფლშემსმენელის“ ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი, სამღვდელოებასთან ერთად, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა. პარაკლისს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ზურაბ ნოღაიდელი, პარლამენტარები.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე (+284-305)
წმიდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი (+305-311)
ღირსი იოანე კოლოვი (V)
ახალგაზრდა ბერის მოთმინება რომ გამოეწრთო, წმიდა პიმენმა მას უცნაური მორჩილება დაუწესა: ნეტარი იოანე სამი წელი ეზიდებოდა წყალს გამხმარი ხის მოსარწყავად, რომელიც ბოლოს მწვანე ფოთლებით შეიმოსა და ნაყოფებით დაიხუნძლა. სასწაულებრივად განედლებულ ამ ხეს „მორჩილების ხე“ უწოდეს. შემდგომში უფლის რჩეული თავად წინამძღვრობდა ცხონების გულწრფელად მაძიებელ მოღვაწეებს. მისი სულიერი შვილები იყვნენ: ღირსი არსენი დიდი (ხს. 8 მაისს), ნეტარი ტაისია (ხს. 10 მაისს) და ბევრი სხვა ცნობილი მოღვაწე.
წმიდა მამა საოცარი კაცთმოყვარეობითა და გულისხმიერებით გამოირჩეოდა. ერთხელ იგი რამდენიმე ძმასთან ერთად სკიტიდან გავიდა. გზად შემოაღამდათ. სიბნელეში გამყოლს გზა დაებნა. „მამაო, როგორ მოვიქცეთ? ამგვარმა ხეტიალმა, შესაძლოა, დაგვღუპოს კიდეც“, – შესჩივლეს ბერებმა ღირს იოანეს. წმიდანმა მიუგო: „გამყოლს ნურაფერს ეტყვით: საბრალოს შერცხვება, დამწუხრდება, განაწყენდება და, იქნებ, დრტვინვაც დაიწყოს. უმჯობესია, ასე მოვიქცეთ: მე თავს ისე მოვიჩვენებ, თითქოს ავად ვარ, ვიტყვი, რომ გზის გაგრძელება არ შემიძლია და გათენებამდე აქ დავრჩეთ“. იოანე ასეც მოიქცა, სხვებმა კი განაცხადეს, ჩვენც მასთან დავრჩებითო: ყველანი შეჩერდნენ, იმ ადგილას გაათიეს ღამე და მოყვასს გული არ ატკინეს.
ჩვენამდე ღირსი იოანეს მრავალმა ბრძნულმა გამონათქვამმა, იგავმა და შეგონებამ მოაღწია. ერთ-ერთ იგავში წმიდანი ამბობს: ერთ ქალაქში ცხოვრობდა მომხიბლავი, მაგრამ გარყვნილი ქალი. ქალაქის თავს უყვარდა იგი, სურდა, გაებედნიერებინა და ხელი სთხოვა იმ პირობით, რომ ამიერიდან წმიდად და უბიწოდ იცხოვრებდა. ქალმა აღთქმა დადო და ქალაქის თავი დაქორწინდა მასზე. ეს რომ ქალის ძველმა საყვარლებმა შეიტყვეს, ერთმანეთს უთხრეს: „ოლქის მმართველმა სატრფო მოგვტაცა, როგორ გამოვიტყუოთ იგი? სახლში რომ მივადგეთ, მმართველი გვიცნობს და სასტიკად დაგვსჯის. უმჯობესია, ჩვენი მეგობრის სახლის ახლოს ჩავიაროთ, სტვენით ნიშანი მივცეთ და გამოვიხმოთ. ისიც ხმაზე გვიცნობს და თვითონ გამოვა ჩვენთან“. ასეც მოიქცნენ. მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდათ: როცა ქალს სტვენა შემოესმა, ყურები დაიცო, თავისი ქმრის საიდუმლო ოთახში გაიქცა და შიგ ჩაიკეტა.
ამ იგავის განმარტება ასეთია: გარყვნილი ქალი – სულია, მისი საყვარლები – ვნებები, ქალაქის მფლობელი – ქრისტე; ცოლ-ქმრობა – სინანული; სტვენა – ამსოფლიური საცთურნი; შიდა ოთახი კი – უფლის მცნებებით ცხოვრება.
წმიდა იოანეს ეკუთვნის ღირსი პაისი დიდის (ხს. 9 ივნისს) ცხოვრებაც.
უფლის რჩეული მამა V საუკუნის I ნახევარში 422, ან, 430 წელს გარდაიცვალა.
ღირსი მატრონა (+დაახლ. 492)
ტაძარში გაეცნო წმიდანი ორ კეთილმსახურ მონაზონს – ევგენიას და სოსანას. ღირსმა მატრონამ მათი მიბაძვით ასკეტური ცხოვრება დაიწყო, რისთვისაც ხშირად უხდებოდა მეუღლის გამოხდომების დათმენა. წმიდანის სული ამსოფლიდან განდგომას ელტვოდა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მან ოჯახის დატოვება გადაწყვიტა და მხურვალედ შეჰვედრა უფალს, გაეცხადებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მისი განზრახვა. ერთხელ მატრონამ ჩვენებით იხილა, რომ იგი გაურბოდა მეუღლეს, ბერების ჯგუფს შეერია და ქმრისგან შეუმჩნეველი დარჩა. ეს ჩვენება ღირსმა მატრონამ ზეციურ კურთხევად მიიღო. თავისი ასული დედა სოსანას ჩააბარა აღსაზრდელად, თავად კი თმები მოიკვეცა, მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ღირსი ბასიანეს (ხს. 10 ოქტომბერს) მონასტერს მიაშურა იმ იმედით, რომ მეუღლე მის იქ ყოფნას ვერ გაიგებდა. წმიდანი, რომელიც დამხვდურებს საჭურის ბაბილად წარუდგა, ძმობაში მიიღეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის იღუმენს, ღირს ბასიანეს ჩვენებით განეცხადა, რომ საჭურისი ბაბილა ქალი იყო. ასეთივე გამოცხადება ჰქონდა მეზობლად მდებარე წმიდა აბრაამის მონასტრის იღუმენს – ნეტარ აკაკისაც. ღირსმა ბასიანემ წმიდა მატრონას მკაცრად მოსთხოვა, ეპასუხა, რა მიზნით მივიდა მონასტერში – ბერების ცთუნება და მონასტრის შერცხვენა ხომ არ ედო გულში. წმიდანმა ცრემლებით მოუთხრო იღუმენს მთელი თავისი წარსული ცხოვრების შესახებ. როცა იღუმენი დარწმუნდა, რომ ნეტარი დედის ზრახვები წმიდა და უბიწო იყო, აკურთხა იგი და ქალაქ ემესის დედათა მონასტერში გაგზავნა. ამ სავანეში წმიდანმა მრავალი წელი დაჰყო მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით, რითაც დების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. როცა იღუმენია გარდაიცვალა, მონაზვნებმა ერთხმად ისურვეს, რომ მის ნაცვლად ღირსი მატრონა დაედგინათ.
ხმა უფლის რჩეული მოსაგრის სათნოებებისა და ზეგარდამო მიმადლებული სასწაულებრივი კურნების ნიჭის შესახებ შორს გავარდა. დომენტიანემაც შეიტყო მეუღლის ადგილსამყოფელი და მონასტერს მიაშურა. ეს რომ გაიგო, მატრონამ ფარულად დატოვა სავანე და იერუსალიმში წავიდა, აქედან სინას მთაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ბირითში, ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დასახლდა. როცა ადგილობრივ მცხოვრებლებს დაყუდებული დედის შესახებ ესმათ, მასთან სიარული დაიწყეს. ნეტარმა მრავალი უსჯულო იხსნა უღმერთობის წყვდიადისაგან და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. წმიდანის სამკვიდრებლის მახლობლად მალე ახალი მონასტერი დაარსდა. ბოლოს, ღვთის მინიშნებით, მატრონამ დატოვა ბირითი და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაცვლილიყო. სულიერი მამის, ღირსი ბასიანეს კურთხევით მოსაგრემ კონსტანტინოპოლში დააარსა დედათა სავანე. აქ გადავიდნენ მატრონას მიერ დაფუძნებული ბირითის მონასტრის დედებიც. ღირსი მატრონას კონსტანტინოპოლის სავანე ცნობილი იყო მკაცრი წეს-განგებითა და დების კეთილმსახური ცხოვრებით.
ას წელს მიღწეულმა ნეტარმა დედამ დაახლოებით 492 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამე ანტონი (V)
ღირსი ევსტოლია (+610) და სოსიპატრა (+625)
წმიდა სოსიპატრა იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ასული იყო. მას წრფელი გულით უყვარდა ქრისტე და მონაზვნურ ცხოვრებას ესწრაფოდა. ერთხელ ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში ნეტარი ღირს ევსტოლიას შეხვდა და ესაუბრა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ეს სოფელი და წინამძღვრის – ევსტოლიას ხელმძღვანელობით შესდგომოდა სულიერ ღვაწლს. სასახლეში, რომელიც კეთილმსახურმა იმპერატორმა უძღვნა თავის ასულს, თანდათან შეიქმნა მონასტერი, რომელიც მკაცრი წეს-განგებით იყო ცნობილი.
წმიდა ევსტოლია 610 წელს გარდაიცვალა, სოსიპატრა კი – 625 წელს.
ღირსი თეოქტისტა (+881)
ავაზაკებმა გემი გაუდაბურებულ კუნძულ ფაროსთან შეაჩერეს, რომ აქ ტყვეები დაეხარისხებინათ და შეეფასებინათ ბაზარზე გასაყიდად. უფლის შეწევნით თეოქტისტამ მოახერხა, უსჯულოებს გაქცეოდა. ამ დროიდან მოყოლებული ნეტარმა ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრა ფაროსზე. იგი მიტოვებულ, ჩამონგრეულ ტაძარს აფარებდა თავს, მზესუმზირის მარცვლებით იკვებებოდა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა.
ერთხელ კუნძულზე მონადირეთა ჯგუფი გადავიდა. ერთმა მათგანმა გაქცეულ ნადირს გასდია, ღრმად შეიჭრა ტყეში და უეცრად ტაძარს გადააწყდა. მონადირე შევიდა შიგ და ილოცა. ლოცვის შემდეგ საყდრის ნახევრად ჩაბნელებულ კუთხეში მან რაღაც ადამიანის ფიგურის მსგავსი შენიშნა, გაემართა კიდეც მისკენ, მაგრამ უეცრად შემოესმა: „შეჩერდი, ნუ მიახლოვდები, მრცხვენია, რადგან შიშველი ქალი ვარ“. მონადირემ მას ზედა სამოსელი გადაუგდო, რის შემდეგაც დედაკაცი საფარიდან გამოვიდა. ეს იყო გაჭაღარავებული, გამხდარი და ღონემიხდილი ქალი, რომელიც მოსულს თეოქტისტას სახელით წარუდგა და სუსტი ხმით მთელი თავისი ცხოვრება უამბო.
როცა თხრობა დაასრულა, წმიდანმა მონადირეს სთხოვა, რომ თუ ოდესმე კვლავ მოუწევდა ამ კუნძულზე ჩამოსვლა, ზიარების წმიდა ნაწილი წამოეღო მისთვის. ერთი წლის შემდეგ მონადირე ისევ წავიდა ფაროსზე და თან მცირე ჭურჭელი ჩაიტანა წმიდა ძღვნის ნაწილით. თეოქტისტა სიწმიდეს ტაძარში შეეგება, მიწაზე დაემხო და დიდხანს ტირილით ლოცულობდა, შემდეგ კი წამოდგა, კრძალვითა და ღვთის შიშით მიიღო ჭურჭელი და ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარა. მეორე დღეს მონადირემ ტაძრის შუაგულში ღირსი თეოქტისტას უსულო სხეული იხილა.
ღირსნი ექვთიმე და ნეოფიტე დოხიარელები (X)
ღირსი მამა რამდენიმე ბერთან ერთად დაფნედ წოდებულ ადგილას დამკვიდრდა და აქ დააარსა წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის მონასტერი, რომელსაც თავისი მორჩილების საქმის მოსაგონებლად დოხიარი დაარქვა. ექვთიმე სიყვარულით მოძღვრავდა თავის მცირე სამწყსოს, ასწავლიდა საკუთარი თავისადმი, სულის ყოველი მოძრაობისადმი განსაკუთრებული ყურადღების აუცილებლობას, მოაგონებდა მათ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ქრისტიანთა ბრძოლა „არა არს სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა“ (ეფ. 6, 12).
ბერების მშვიდი მოსაგრე ცხოვრების რიტმი სარკინოზებმა დაარღვიეს. ღირსმა ექვთიმემ საძმო ტყეში გახიზნა. როცა დაბრუნდნენ, მათ მონასტერი საძირკვლამდე დანგრეული დაუხვდათ. წმიდა მამა სულით არ დაცემულა და სავანეც ააღორძინეს.
ღირსი ნეოფიტე ერისკაცობაში იმპერატორ ნიკიფორე ფოკას (963-969) დაახლოებული პირი იყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან ათონს მიაშურა და თავისი ბიძის, ღირსი ექვთიმეს მონასტერში ბერად აღიკვეცა. აღსასრულის წინ ექვთიმემ სავანის წინამძღვრობა თავის ძმისწულს გადააბარა. ღირსი ნეოფიტეს იღუმენობის დროს მცირე მონასტერი ლავრად გარდაიქმნა. წმიდანმა იმპერატორ ნიკიფორეს შესთავაზა, მონასტრის ქტიტორი გამხდარიყო. მისი შემოწირულობებით დოხიარი გააფართოვა და დღევანდელი სახე მისცა. ნეტარი ნეოფიტე პროტად (პროტატის – წმიდა მთის ბერთა საბჭოს წინამძღვრად) დადგენის ღირსი შეიქნა და დიდხანს იღვწოდა ამ ხარისხში: როცა წმიდანი მხცოვანების გამო პროტატიდან გაათავისუფლეს, იგი დოხიარის მონასტერს დაუბრუნდა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს (X).
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.