23.11.2024. 22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა.                                                                   ეფ. 6: 10-12 

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 

შაბათი. 23.11.2024. ხსნილი 

წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა, ურმის თვალსა შესვლა, რაჟამს დაჰკრეს ურმის თვალსა (303); დიდ–მოწამისა კონსტანტი კახისა, ქართველთა მთავრისა (852); მოციქულთა 70-თაგანთა: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა (იროდიონისა), სოსიპატრესი, კუარტისა (კვარტისა) და ტერტისა (I); მოწამისა ორესტი მკურნალისა (304); მღვდელმოწამისა მილისა, სპარსელი ეპისკოპოსისა და მოწამეთა: მისთა ორთა მოწაფეთა ევორისა, პაპასი და სენო დიაკონისა (341); ღირსისა თეოსტირიქტე სიმბოლელისა; ღირსისა არსენ კაბადუკიელისა (1924). 

დღის ლოცვები 

დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგის

ტროპარი: ნათელ-ჰყავ შვიდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით: გვიხსნენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.
ტროპარი: ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
სხვა ტროპარი: იღუაწე შენ ფრიად ქრისტესთვის და სარწმუნოებისათვის მისისა და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ, და ამხილე მძლავრთა უღმრთოებასა, ხოლო მსხვერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე, ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმიდაო მოწამეო გიორგი, მოგუანიჭებ ყოველთა ცოდვათა მოტევებასა.
კონდაკი: მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით ჰსთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

მწუხრ.: 1) ეს. 43: 9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 4: 7-15.
ცისკ.: ლკ. 12: 2-12 (დას. 63).
ლიტ.: საქმ. 12: 1-11 (დას. 29). ინ. 15: 17 – 16: 2 (დას. 52).

მწუხრ.: 1) ეს. 43: 9-14 

9. ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია! 10. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. 11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი! 12. მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ. 13. დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის? 14. ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.

მწუხრ.: 2) სიბრძ. 3: 1-9 

1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.

მწუხრ.:  3) სიბრძ. 4: 7-15 

7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. 8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. 9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. 10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. 11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. 12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. 13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; 14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, 15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.

ცისკ.: ლკ. 12: 2-12 

2. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 3. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება. 4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ; 5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ. 6. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე. 7. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. 8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

ლიტ.: საქმ. 12: 1-11 

1. იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე. 2. და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. 3. რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო). 4. როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა. 5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ. 6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ. 7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი. 8. ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი. 9. გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო. 10. პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი. 11. გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.

ლიტ.: ინ. 15: 17 – 16: 2 

17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

დიდმოწამე გიორგი კაპადოკიელი

 დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელი (+303)

ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისათვის და იცავს განსაცელისაგან.

წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში (იხ. 26 იანვრისა და 18 სექტემბრის საკითხავებში).საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შენნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისან“, _ წერს ვახუშტი ბატონიშვილი.საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული. http://www.orthodox.ge/wmindata-ckhovreba/78 

წმიდანი სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: ერასტოსი, ოლიმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი წმიდა პავლე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მოციქული მათ ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაჲ არქუთ. ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა“ (16, 15); „გიკითხვენ თქუენ. იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი“ (16, 21); „გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ“ (16, 22); „გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ, და კუარტოს ძმაჲ“ (რომ. 16, 23).
მოციქული სოსიპატრე აქაიიდან იყო. იგი იკონიის ეპისკოპოსი იყო და იქვე აღესრულა (მის შესახებ იხ. 28 აპრილის საკით-ხავებში). მოციქული ერასტოსი თავდაპირველად იერუსალიმის ეკლესიის დიაკონი და მნე იყო, შემდეგ კი – პანეადის ეპისკოპოსი. წმიდა კუარტოსმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ბოლოს კი ქალაქ ბირითის ეპისკოპოსის ხარისხში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მოციქული ტერტიოსი, რომელმაც ჩაწერა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო და იქვე მიიცვალა. წმ. მოციქულ იროდიონს (როდიონს) თავი მოჰკვეთეს 67 წელს (იხ. 8 აპრილის საკითხავი).
წმიდა მოწამე ორესტი კაბადოკიის ქალაქ ტიანში ცხოვრობდა III საუკუნის დასასრულს, იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას. იგი დახელოვნებული მკურნალი იყო.
უსჯულო იმპერატორის ბრძანებით, ქრისტიანობასთან საბრძოლველად ქალაქ ტიანში გაიგზავნა მხედართმთავარი მაქსიმინე. ორესტი ერთ-ერთი პირველთაგანი წარდგა მისი სამსჯავროს წინაშე. მაქსიმინეს განკარგულებით წმიდანი მდიდრულ წარმართულ ტაძარში შეიყვანეს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს: ორმოცი მხედარი მონაცვლეობით გვემდა მას არგნებით და ხარის ძარღვებით, შემდეგ კი ცეცხლით დაუწყეს წამება. წმიდა ორესტი ლოცულობდა: „უფალო, ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდინ“. უეცრად მიწა იძრა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. შეშინებული ხალხი საკერპოდან გაიქცა. როცა წმიდა ორესტიმ დატოვა იქაურობა, ტაძარიც ჩამოიქცა.
გააფთრებულმა მაქსიმინმა ბრძანა, წმიდა მოწამე ერთი კვირა საპყრობილეში უსმელ-უჭმელად გამოემწყვდიათ, მერვე დღეს კი კვლავ საწამებლად გაეყვანათ. ნეტარს ლურსმნები ჩააჭედეს ქუსლებში, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენს შეაბეს და მიწაზე ათრიეს. ამგვარ ტანჯვაში აღმოხდა სული უფლის რჩეულს 304 წელს. მისი ნატანჯი სხეული ზღვაში გადააგდეს.
ამის შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა. ერთხელ, 1685 წელს, კიევო-პეჩორის ლავრის ბერს, დიმიტრის (შემდგომ – როსტოვის მიტროპოლიტი, ხს. 28 ოქტომბერს), რომელიც ძველი ხელნაწერიდან წმიდა ორესტის ცხოვრებას იწერდა, დაქანცულობისგან ჩათვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში მის წინაშე წმიდა მოწამე წარდგა, უჩვენა ღრმა ჭრილობა მკერდზე, იდაყვებთან გადაჭრილი ძარღვები, გადამსხვრეული წვივები და უბრძანა, შეევსო მისი ცხოვრება, რადგან ხელნაწერებში სრულად არ იყო აღწერილი ის სატანჯველები, რომლებიც მან დაითმინა. მდაბალმა ბერმა სიხარულით შეასრულა წმიდა ორესტის ბრძანება. 
მღვდელმოწამე მილი, სპარსელი ეპისკოპოსი და ორი მოწაფე მისი ამბროსიმე და სინი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მილი სპარსელი იყო და ქალაქ სუზაში ქადაგებდა. შემდგომ დაუცხრომელი ღვაწლისთვის იგი ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა მრავალი ტანჯვა და შევიწროება დაითმინა წარმართთაგან, სამი წლის შემდეგ კი იძულებული შეიქნა, სამწყსო დაეტოვებინა. მილი მრავალი წმიდა ადგილის მოლოცვის შემდეგ კვლავ სპარსეთში დაბრუნდა, სადაც საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას მახვილებით განგმირეს. წმიდანთან ერთად ქვებით ჩაქოლეს მისი ორი მოწაფე: ამბროსიმე და სინი. უფლის რჩეულები 341 წლის 13 ნოემბერს ეწამნენ, მაგრამ რადგან ამ დღეს წმიდა იოანე ოქროპირი იხსენიება, ეკლესიამ მათ მოსახსენებლად 10 ნოემბერი დააწესა. 
წმიდა დიდმოწამე კონსტანტი დაიბადა დაახ. 767 წელს. იგი ქართლში ცხოვრობდა. ზეწოდება კახი კი მისი კახური წარმომავლობის გამო ეწოდა „მამულისა მის ქუეყანისა“.
დიდი სიმდიდრისა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელს, არა მარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ, როგორც ღვთისმოშიშსა და უაღრესად ქველმოქმედ ადამიანს.
ქრისტესმოყვარე მთავარი ყველაზე ცოდვილად თვლიდა თავს და ხშირად ამბობდა: „არავინაჲ ვესავ მოტევებასა ცოდვათა, გარნა დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა მისთჳს, რომელმან იგი დასთხივნა სისხლნი ჩუენთჳს“.
კონსტანტის დიდი სურვილი ჰქონდა, მოელოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები. იერუსალიმში ჩასულმა, დიდძალი საფასე შესწირა ეკლესიებს, მოიარა იორდანეს უდაბნოები, მოუდაბნოე მამებისა და ეკლესიათა წინამძღვრებისაგან ლოცვა-კურთხევა მიიღო და, სიხარულით აღსავსე, დაბრუნდა სამშობლოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონსტანტი ყოველწლიურად ოცდაათი ათას ვერცხლს აგზავნიდა იერუსალიმში იქაური წმიდა ადგილებისათვის.
853-854 წლებში ქართლს შემოესია არაბთა მრავალათასიანი ლაშქარი ბუღა-თურქის წინამძღოლობით. ამ ლაშქრობისას მარტო თბილისში დაიღუპა ორმოცდაათი ათასი კაცი, შემდგომ ააოხრეს ქართლი, კახეთი და მთიანეთი.
ოთხმოცდახუთი წლის მთავარი ძესთან, თარხუჯთან ერთად ქართლის ლაშქარს ჩაუდგა სათავეში. გორის მისადგომებთან გაიმართა უთანასწორო ბრძოლა არაბთა და ქართველთა შორის. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ქართველები დამარცხდნენ. მტრებმა ტყვედ ჩაიგდეს კონსტანტი და თარხუჯი.
ქართლის ცხოვრების ამ შემზარავი ეპიზოდის შესახებ ლაკონურად და შთამბეჭდავად მოგვითხობს ატენის სიონის წარწერა: „თთუესა აგუსტოსა ე-სა, დღესა შაბათსა, ქრონიკონსა ოგ-სა, ისმაიტელთა წელსა სლთ-სა ქალაქი თბილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაჲ საჰაკ და მოკლა და მასვე თთუესა აგუსტოსა კვ-სა, დღესა შაბათსავე ზირაქ შეიპყრა კახაჲ და ძე მისი თარჴუჯი“.
ტყვექმნილი კონსტანტი მთავარი ბუღა თურქს წარუდგინეს. მან გაკვირვებით ჰკითხა კონსტანტის: „ანუ არა უწყოდეა შენ, რამეთუ ვერ განრინებად იყავ სივლტოლითა შენითა ჴელთაგან ჩემთა… აჰა ესერა მოგუცნა თქუენ ღმერთმან დღესა ამას მოსასრველად ჴელთა ჩუენთა“. წმიდა კონსტანტიმ მშვიდად მიუგო: „ღმერთმან მოგუცნა ჴელთა თქუენთა არა სიყუარული თქუენისათჳს, არცა საქმეთა თქუენთათჳს, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი, ამისათჳსცა ნათესავითა მით ურჩებისაჲთა განგუკაფნა ჩუენ“. მორჩილი და მონანული მთავარი ხედავდა, რომ ქართველთა ცოდვები იყო მიზეზი ქვეყნის უბედურებისა. საპყრობილეში მყოფი წმიდანი მხნედ იტანდა განსაცდელს. იგი მეუდაბნოე მამებსა და ეკლესიათა წინამძღვრებს წერილებს წერდა და სთხოვდა, ელოცათ მისთვის.
ცოტა ხნის შემდეგ ბორკილდადებული კონსტანტი კახი ბაბილონის ქალაქ სამარაში გაგზავნეს ხალიფა ჯაფართან. ჯაფარმა იცოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო იგი ქართველთათვის და სრულიად საქრისტიანოსათვის, თავაზიანად მოიკითხა და შესთავაზა სარწმუნოების გამოცვლა; სანაცვლოდ პატივსა და დიდებას დაჰპირდა, თან დაემუქრა: „უკეთუ არა ისმინო ჩემი, სიკვდილითა მოჰკვდე შენ პირითა მახვილისაჲთა და ჴორცნი შენნი მივსცნე საჭმელად მფინველთა ცისათა“.
ქრისტეს მიერ განმტკიცებულმა მხცოვანმა მთავარმა თამამად უთხრა: „არა მეშინის მე მახჳლისაგან შენისა, არამედ მისა მეშინის, რომელი-იგი შემძლებელ არს მოწყუედად სულისა და ჴორცთა და კუალად ჴელმწიდებაჲ აქუს განცხოველებად, ვითარცა იგი მოსიკუდიდ, ამისთჳსცა სიხარულით მოვითმენ სახელისა მისისათჳს, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, ძლიერი ჴელმწიფე და მთავარი მშჳდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა“.
ამის გამგონე ჯაფარმა დილეგში ჩააგდებინა წმიდა კონსტანტი; შემდგომ მიუგზავნა სარწმუნოების უარმყოფელი და ხალიფასგან განდიდებული ორი სომეხი დიდებული. წმიდა კონსტანტინემ სომხებს მიუგო: „ესრე არქუთ მეფესა თქუენსა: ნუ ჰგონებ რასა ესევითარსა საქმესა ჩემგან, დაღაცათუ ჩვეულებაჲ მეფეთაჲ ბაბილოვნისათაჲ გაიძულებს შენ, რამეთუ იგინიცა წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა, არამედ ბრძანე შენ ყოფად, რაჲ იგი გეგულვების ყოფად, იქმოდე. ხოლო თქუენ რაჲსაღა ზედამდგომელობთ და დამესხმით, ვითარმცა მეცა თქუენ გემსგავსე? ამიერითგან განმეშორენით ჩემგან, რაჲთა გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი“. შემდეგ აღიპყრო ხელნი და ლოცვა დაიწყო: „გიგალობ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო საუკუნეთაო, რომელმან მომეც მე ძალი წინააღმდგომად უკეთურისა ამის მსაჯულისა, ვითარცა იგი წინაჲსწარ სთქუ, ვითარმედ: „თქუენ მომცენით გულნი თქუენნი და მე მიგეც ძალი ჩემი“. ღირს მყავ მე ნათელსა პირსა შენისასა, რამეთუ შენდა მოვივლტი ქრისტე, ძეო ღმრთისაო“. ლოცვად მდგარ წმიდა კონსტანტინეს „ნაკადულნი ცრემლთანი გარდამოდიოდეს თვალთაგან მისთა… ხოლო გარემოს მდგომარენი იგი მისნი სცემდეს პირსა მისსა და მრავლითა ტანჯვითა სტანჯვიდეს მას, არამედ ენაჲ მისი ვერ დააბრკოლეს გალობად“.
ხალიფამ ჯალათებს უბრძანა, თავი მოეკვეთათ წმიდა კონსტანტისთვის. უცხოთესლმა ლოცვად მდგარ მარტვილს თავი მოჰკვეთა და „მიართუა მეფესა თჳსსა, ვითარცა იგი თავი იოანე ნათლისმცემელისაჲ ჰეროდეს“. ეს მოხდა 10 ნოემბერს, წმიდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს.
წმიდანის გვამი მაღალ ძელზე დაჰკიდეს ხალხის დასაშინებლად, შემდგომ კი დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმიდა კონსტანტი-კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.
წმიდა თეოსტირიქტე მცირე აზიაში, ოლიმპოს მთაზე მდებარე „სიმბოლოებად“ წოდებულ მონასტერში მოსაგრეობდა. მისი მოღვაწეობისა და მიცვალების თარიღი დანამდვილებით არაა ცნობილი. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.