24.11.2024. 22-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა V.

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა.                                                                   ეფ. 6: 10-12 

22-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა V.

კვირა. 24.11.2024. ხსნილი 

დიდისა მოწამისა მინასი (304); მოწამეთა ბიქტორისა და სტეფანიდასი (II) მოწამისა ბიკენტი დიაკონისა (304); ღირსისა თეოდორე სტუდიელისა, აღმსარებელისა (826); მოწამისა სტეფანე დეჩანელისა (1336).

დღის ლოცვები

დიდმოწამე მინას კონდაკი:

აღგიტაცა მხედრობითურთ წუთ ერთით და პატივისა ზეციერისა ზიარად გამოგაჩინა, ღუაწლით შემოსილო მინა, ქრისტეს მოწამეთა დაუჭნობელმან გვირგვინმან.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-11, ინ. 2115-25 (დას. 67).
ლიტ.: გალ. 6: 11-18 (დას. 215). ლკ. 10: 25-37 (დას. 53).
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). მთ, 10: 32-33, 37-38; 19: 27-30 (დას. 38). 

ცისკ.: ინ. 2115-25 

15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

ლიტ.: გალ. 6: 11-18 

11. ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით. 12. ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის. 13. ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით. 14. ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი – ქვეყნისთვის. 15. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. 16. ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას. 17. ამას იქით ნუღარავინ შემაწუხებს, რადგანაც ჩემი სხეულით ვზიდავ უფალ იესოს წყლულებს. 18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმანო. ამინ.

ლიტ.: ლკ. 10: 25-37 

25. და აჰა, ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და საცდუნებლად უთხრა მას: მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? 26. უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ? 27. ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი მენი, ვითარცა თავი შენი. 28. უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები. 29. ხოლო მან თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი? 30. მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. 31. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია. 32. ასევე ერთმა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია. 33. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი; 34. მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. 35. ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო. 36. როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს? 37. მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.

მოწ.: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

მოწ.: მთ. 10: 32-33, 37-38 

32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; 38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.

მოწ.: მთ. 19: 27-30 

27. მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ? 28. ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, – ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. 29. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს. 30. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი – პირველი.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა მოწამე ბიქტორი მხედრად მსახურობდა მარკუს ავრელიუსის, ფილოსოფოსის (161-180) მეფობისას. როცა იმპერატორმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ბიქტორმა უარი განაცხადა ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. ურჩობისთვის წმიდანი საწამებლად გადასცეს: იგი ჯერ გახურებულ ღუმელში გამოკეტეს, შემდეგ – ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ლოცვის ძალით ნეტარმა დაამარცხა ჯადოქარი, რომელმაც ამის შემდეგ მისნობაზე ხელი აიღო და გაქრისტიანდა. უფლის რჩეულის ლოცვით დაბრმავებულ მეომრებს თვალები აეხილათ. წმიდა ბიქტორის მეოხებით უფლის მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, ერთ-ერთი ჯალათის მეუღლემ, სტეფანიდამ ირწმუნა და დაუფარავად აღიარა ქრისტე. უსჯულოებმა იგი ორ გადაზნექილ პალმაზე მიაბეს და როცა ხეები გაიმართა, მარტვილი ნაფლეთებად იქცა. წმიდა ბიქტორს თავი მოჰკვეთეს. ერთი ცნობით, მოწამენი დამასკოში აღესრულნენ II საუკუნეში და იქვე დაკრძალეს, სხვა წყაროებით კი – ქალაქ ალექსანდრიაში.
წმიდა დიდმოწამე მინა ეგვიპტელი იყო. იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობის ჟამს იგი მხედრად მსახურობდა ქალაქ კოტუანში. როცა თანამმართველებმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს, წმიდანმა არ ისურვა მტარვალების ხელქვეითად ყოფნა, დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის დროს, მინა კვლავ ჩავიდა კოტუანში და საზეიმო სანახაობების საყურებლად შემოკრებილი ქალაქის მცხოვრებლების წინაშე იქადაგა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოება.
უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველ პიროსის სამსჯავროზე წარადგინეს. წარმართი მსაჯულის წინაშე მან გაბედულად განაცხადა – აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ყველანი უსჯულოებაში მემხილებინეთო. მტარვალმა ვერ დაითანხმა წმიდანი ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი მახვილით განგმირეს (+304). უღმრთო ხელისუფალმა მარტვილის წმიდა ნეშტის დაწვა ბრძანა. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, ქრისტიანებმა შეკრიბეს ქრისტეს ახოვანი მხედრის უვნებლად დარჩენილი ნაწილები. მართლმორწმუნეთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ეს სიწმიდე დიდმოწამე მინას მოწამეობრივი აღსასრულის ადგილას აგებულ ტაძარში იქნა დაბრძანებული.
წმიდა მოწამე ბიკენტი ბავშვობიდანვე ქალაქ ავგუსტოპოლის (დღევანდელი სარაგოსა, ესპანეთი) ეპისკოპოსის, ნეტარი ვალერის მოწაფე იყო. როცა კეთილმსახურმა, განათლებულმა და მჭევრმეტყველმა ბიკენტიმ სრულწლოვანებას მიაღწია, მღვდელმთავარმა იგი დიაკვნად აკურთხა. იმ ხანებში უღმრთო დიოკლეტიანეს (284-305) ბრძანებით ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში ქრისტიანთა დასასჯელად ჩავიდა მმართველი დაციანე. წმიდანები შეიპყრეს და ხანგრძლივი ტანჯვისა და წამების შემდეგ საჯარო დაკითხვა მოუწყვეს. დაკითხვაზე პირველად ეპისკოპოსი წარადგინეს. მეუფე ჩუმად, ენის ბორძიკით, თითქოს გაუბედავად ლაპარაკობდა. მაშინ წინ წარდგა წმიდა ბიკენტი და მსაჯულებისა და შემოკრებილი ხალხის წინაშე წარმოთქვა საუკეთესო ქადაგება, რომლითაც საჯაროდ აღიარა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. მტარვალმა მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააბრუნა და დიაკვნის წამება ბრძანა. ბევრი ტანჯვა დაითმინა ნეტარმა ბიკენტიმ: იგი ჯვარზე გააკრეს და გახურებული წკნელებით დაუწყეს ცემა. როცა უფლის რჩეული ძელს მოწყდა, თვითონვე ითხოვა, ისევ მიემსჭვალათ, რომ ჯვარცმული მაცხოვრის ვნებებს ზიარებოდა. წამების შემდეგ მარტვილი საპყრობილეში გამოკეტეს. გაოცებულ მცველებს ესმოდათ, თუ როგორ გალობდა იგი ფსალმუნებს და საკნიდან გამომავალ არაამქვეყნიურ, ბრწყინვალე ნათელსაც ხედავდნენ. დილით ნეტარი მოწამე ცეცხლში დაწვეს (+304).
ღირსი თეოდორე სტუდიელი 785 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახური ქრისტიანების: სამეფო ხარკის ამკრეფის, ფოტინისა და მისი მეუღლის, თეოქტისტას ოჯახში. მან სერიოზული განათლება მიიღო დედაქალაქის საუკეთესო რიტორებთან, ფილოსოფოსებთან და ღვთისმეტყველებთან.
ამ დროს იმპერიაში ფართოდ გავრცელდა ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელსაც უსჯულო იმპერატორი კონსტანტინე კოპრონიმიც (741-775) თანაუგრძნობდა. ხატმბრძოლი თვითმპყრობელისა და მისი კარის შეხედულებები გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლობის ერთგული დამცველის, ფოტინის რელიგიურ გრძნობებს, რის გამოც მან სახელმწიფო სამსახური დატოვა. ამის შემდეგ წმიდა თეოდორეს მშობლებმა ურთიერთშეთანხმებით თავიანთი მამული გლახაკებს დაუნაწილეს და მონაზვნებად შედგნენ.
ნეტარ თეოდორეს დედაქალაქში ფართოდ გაუთქვა სახელი ხატთაყვანისცემის შესახებ დისპუტებში მონაწილეობამ, რომელიც იმ ხანებში საკმაოდ ხშირად იმართებოდა. სრულყოფილ ორატორულ ხელოვნებას, ფილოსოფიური ტერმინოლოგიისა და ლოგიკის თავისუფალ ფლობას და, რაც მთავარია, ქრისტიანული დოგმატიკის ღრმა ცოდნას დამაჯერებელი გამარჯვებები მოჰქონდა ხატმბრძოლთა ერესის უშიშრად მამხილებელი წმიდა მამისთვის.
ხატმბრძოლობა საბოლოოდ ამხილა და დაგმო VII მსოფლიო კრებამ, რომელიც კეთილმსახური დედოფლის, ირინეს ინიციატივითა და მფარველობით იქნა მოწვეული 787 წელს. კრების მამებს შორის იყო ნეტარი პლატონიც (ხს. 5 აპრილს), ღირსი თეოდორეს ბიძა, რომელიც დიდხანს მოსაგრეობდა ოლიმპოს მთაზე. კრების დამთავრების შემდეგ მან წმიდა თეოდორესა და მის ძმებს – იოსებსა და ექვთიმეს უდაბნოში მონაზვნური მოღვაწეობისკენ მოუწოდა. ძმებმა მადლიერებით მიიღეს სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ნათესავის რჩევა, დატოვეს კონსტანტინოპოლი, ოლიმპოს მახლობლად დამკვიდრდნენ და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია ააგეს. ტაძრის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბა საძმო და დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც გახდა ნეტარი პლატონი.
ბერი თეოდორე ჭეშმარიტად მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი ასრულებდა ყველაზე მძიმე შავ სამუშაოებს, მკაცრად იცავდა მარხვას, ყოველდღე ამბობდა აღსარებას. წმიდანი განუწყვეტლივ კითხულობდა საღვთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ბასილი დიდის თხზულებები იზიდავდა.
რამდენიმე წლის ბერული ცხოვრების შემდეგ ღირსი თეოდორე სულიერი მოძღვრების დაჟინებული თხოვნით მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მოგვიანებით, როცა ნეტარი პლატონი მონასტრის იღუმენობიდან გადადგა, საძმომ მის ნაცვლად ერთსულოვნად თეოდორე აირჩია. მონასტრის ძმობას იგი მოძღვრავდა როგორც თავისი კეთილმსახური ცხოვრებით, ასევე გულთბილი მამობრივი ქადაგებებითაც.
იმ ხანებში ლეონ VII-ის (775-780) ძემ, ოცი წლის კონსტანტინემ დედა – კეთილმსახური ირინე (797-802), რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ფაქტიურად განაგებდა ქვეყანას, მმართველობას ჩამოაცილა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. ვნებებს აყოლილმა ახალგაზრდა იმპერატორმა კანონიერი მეუღლე ძალით აღკვეცა მონაზვნად და მის ნაცვლად ხორციელი ნათესავი შეირთო. მალე მეფის მაგალითს სხვა დიდგვაროვნებმაც მიბაძეს. ეს რომ შეიტყო, ღირსი თეოდორე გაბედულად აღდგა საეკლესიო კანონებისა და მართლმორწმუნეთა ზნეობის დასაცავად: მან მონასტერში დაგზავნა ეპისტოლეები, რომლებშიც იმპერატორი კონსტანტინე VI (780-797) ქრისტიანული ქორწინების შესახებ საღვთო დადგენილებების უგულებელყოფისთვის ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადა. უსჯულო თვითმპყრობელი ჯერ ლიქნით ეცადა წმიდა მამის გადაბირებას, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, მხედართა რაზმი გაგზავნა მონასტრის დასარბევად. ამის შემდეგ სასტიკად ნაწამები თეოდორე თავის ათ თანამოსაგრესთან ერთად ქალაქ თესალონიკში გადაასახლეს, მაგრამ არც იქ დადუმებულა ღირსი მამის მამხილებელი ხმა. დედოფალმა ირინემ, მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტი დაიბრუნა, ნეტარი თეოდორე საპყრობილიდან გაათავისუფლა და კოპრონიმის დროს დაცარიელებული სტუდიონის მონასტერი გადასცა. მალე სავანეში ათასამდე ბერმა მოიყარა თავი. საძმოს ცხოვრების წარსამართავად ღირსმა მამამ თავად შეადგინა მონასტრის წეს-განგება. ამ ხანებში მან მრავალი ეპისტოლე დაწერა ხატმბრძოლთა წინააღმდეგ, ქმნიდა კანონებს, სამსაგალობლებს, დოგმატურ თხზულებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი კრებული „ფილოკალია“ („სიკეთისმოყვარება“).
802 წელს კეთილმსახური დედოფალი ირინე, ნიკიფორე I-მა მტარვალმა (802-811) ძალით გადააყენა ხელმწიფობიდან და საიმპერატორო ტახტი უკანონოდ ჩაიგდო ხელში. მან უხეშად დაარღვია საეკლესიო დადგენილებები და ეკლესიაში დააბრუნა განკვეთილი ხუცესი იოსები, რომელმაც იმპერატორ კონსტანტინეს უკანონოდ დასწერა ჯვარი. ღირსმა თეოდორემ კვლავ გაბედულად ამხილა უღვთო თვითმპყრობელი. ამისთვის იგი დაატუსაღეს და ქალაქის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კუნძულის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ამასობაში ხელმწიფეს კუნძულ თრაკიაზე ბარბაროსთა თავდასხმის ამბავი აუწყეს. წმიდა თეოდორემ საბრძოლველად განმზადებულ ხელისუფალს შეუთვალა, თუ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებას არ შეინანებ, ლაშქრობიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდებიო და ასეც მოხდა. ომში დაღუპული ნიკიფორეს ნაცვლად ტახტზე ავიდა კეთილმსახური იმპერატორი მიხეილი (811-813), რომელმაც ღირსი მამა გაათავისუფლა პყრობილებიდან.
შინაომის თავიდან ასაცილებლად მალე მიხეილმა ტახტი თავის მხედართმთავარს, ლეონ სომეხს (813-820) დაუთმო. ახალი იმპერატორი თავდაპირველად ყველას კეთილმორწმუნედ აჩვენებდა თავს, მაგრამ როცა ხელისუფლების სათავეში განმტკიცდა, წმიდა ხატების გმობა დაიწყო. წმიდა ეკლესიის მღვდელმთავრები და მოძღვრები ბევრს ეცადნენ, გონს მოეყვანათ იმპერატორი, მაგრამ ამაოდ: ლეონმა აკრძალა ხატთა თაყვანისცემა. ამგვარი უსჯულოების პასუხად ღირსმა თეოდორემ და მისი მონასტრის ძმებმა ხატებითა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპრის გალობით ლიტანიობით შემოუარეს ტაძარს. იმპერატორი წმიდა მამას სიკვდილით ემუქრებოდა, მაგრამ უფლის რჩეული მაინც დაუფარავად განამტკიცებდა მორწმუნეებს მართლმადიდებლობაში. მაშინ ღირსი თეოდორე და მისი მოწაფე ნიკოლოზი ილირიაში გადაასახლეს და მეტოპის ციხე-სიმაგრის საპყრობილეში ჩააგდეს, აქედან კი ანატოლიაში, ბონიტაში გადაიყვანეს. ახოვანი აღმსარებელი მაინც მოშურნედ განაგრძობდა ერესთან ბრძოლას.
საკუთარი მეომრების ხელით აღსრულებულ ლეონ სომეხს ტახტზე შეენაცვლა უღმრთო, მაგრამ რჯულშემწყნარებელი მიხეილ II ბალბა (ენაბრგვნილი) (820-829). მან ყველა მართლმადიდებელი მამა და აღმსარებელი საპყრობილეებიდან გაათავისუფლებინა, მაგრამ დედაქალაქში ხატთა თაყვანისცემა აკრძალა. ამის შემდეგ ღირსმა თეოდორემ არ ისურვა კონსტანტინოპოლში ცხოვრება: ის ჯერ დედაქალაქის მახლობლად, კრისკენტიაში დასახლდა, შემდეგ კი აკრიტის ხერსონესში, კონსტანტინოპოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კონცხზე, წმიდა ტრიფონის სახელობის ეკლესიის მახლობლად. მძიმე სნეულების მიუხედავად, წმიდა მამა ყოველდღე აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას. მან წინასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, მოუწოდა ძმობას და დაუბარა, მართლმადიდებლობის ერთგულება დაემარხათ, თაყვანი ეცათ წმიდა ხატებისათვის და მკაცრად დაეცვათ მონასტრის წეს-განგება. ამის შემდეგ წმიდანმა ბერებს სთხოვა, სულთბრძოლის კანონის გალობა დაეწყოთ. როცა გაისმა: „უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე“ (ფს. 118, 90), ღირსმა თეოდორემ სული უფალს შეჰვედრა (+826).
სწორედ ამ ჟამს ღირს ილარიონ დალმატელს (ხს. 6 ივნისს) საღვთო ჩვენება ჰქონდა. მან იხილა ზეციური ნათელი და ანგელოზთა ხმაც გაიგონა: „ეს უფალთან მაღლდება სული ღირსი თეოდორესი, რომელიც თვით სისხლთა დათხევამდე ევნო წმიდა ხატთათვის“.
26 იანვარს იდღესასწაულება წმიდა მამის უხრწნელი ნაწილების გადასვენება ხერსონესიდან კონსტანტინოპოლში.

წმიდა მოწამე სტეფანე დეჩანელი (+დაახლ. 1336) (სერბ)

წმიდა მოწამე სტეფანე დეჩანელი (+დაახლ. 1336) (სერბ)წმიდა სტეფანე დეჩანელი სერბეთის ეკლესიიდან ამაღლდა ცათა სასუფეველში. ის დაახლოებით 1336 წელს მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.