10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა. ეფ. 6: 10-12
23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
ორშაბათი. 25.11.2024. ხსნილი
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე მოწყალისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა (616-620); ღირსისა ნილოს მმარხველისა (V); წინასწარმეტყველისა აქიასი (960წ. ქრ. შ-მდე); ღირსისა ნილოს მირონმდინარისა, ათონელისა (1651); მარტინესი, ფრანგეთის ეპისკოპოსისა (375-383).
იოანე მოწყალის, ალექსანდრიელი პატრიარქის
ტროპარი: მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი, ღირსო მამაო, და ლოცვათა შინა სამარადისოდ მღვიძარე იყავ, გლახაკნი შეიყუარენ და ესენი პოვნიერ-ჰყუენ, მამაო წმიდაო იოანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: სიმდიდრე შენი განუყავ დავრდომილთა და ზეციერი სიმდიდრე მიიღე აწ, იოანე ყოვლადბრძენო; ამისთვისცა ყოველნი აღმასრულებელნი ხსენებისა შენისანი გევედრებით, მოწყალებისა თანა მოსახელეო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 თეს. 1: 1-5 (დას. 262). ლკ. 14: 12-15 (დას. 75) – ორშ..
1 თეს. 1: 6-10. (დას. 263). ლკ. 14: 25-35 (დას. 77) – სამშ.
წმ.: ებრ. 4: 14 – 5: 6 (დას. 311). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: 1 თეს. 1: 1-5
1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე – თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. 2. მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ. 3. გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა და მამის წინაშე. 4. რადგანაც ვიცით თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელო ძმანო. 5. ვინაიდან ჩვენი სახარება მარტოოდენ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სული წმიდითა და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის,
ლიტ.: ლკ. 14: 12-15
12. ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო. 13. არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი. 14. და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას. 15. ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში.
ლიტ.: 1 თეს. 1: 6-10
6. ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით. 7. ასე რომ, ყველა მორწმუნის ნიმუშად იქეცით მაკედონიასა და აქაიაში. 8. ვინაიდან თქვენს მიერ განივრცო სიტყვა უფლისა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ თქვენმა ღვთისმორწმუნეობამ ყველა სხვა მხარესაც უწია, ასე რომ, აღარაფერი გვაქვს სათქმელი. 9. რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს, 10. და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, – იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს.
ლიტ.: ლკ. 14: 25-35
25. მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ: 26. თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. 27. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. 28. რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას? 29. რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა 30. და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო. 31. ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს? 32. თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს. 33. ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. 34. კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? 35. აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ – მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!
წმ.: ებრ. 4: 14 – 5: 6
14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას. 15. რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ – ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. 16. მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.
1. რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის. 2. მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით. 3. ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად. 4. თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად. 5. ასე ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“. 6. ხოლო სხვა ადგილას ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“,
წმ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წინასწარმეტყველი აქია (+960 წ. ქრისტეს შობამდე)
ღირსი ნილოს მმარხველი (V)
ღირსი მამა ორმოცი წელი ცხოვრობდა ამ გამოქვაბულში. მრავალი განსაცდელი გადაიტანა წმინდანმა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც საკუთარი შვილის დაკარგვა იყო, რომელიც გასაყიდად მოსტაცეს მას ავაზაკებმა. მარხვით, ლოცვითა და შრომით სრულყოფილების მაღალ საფეხურს მიღწეულ წმიდანთან სიარული იწყეს ყველა ფენის ადამიანებმა – იმპერატორით დაწყებული მიწის მუშაკით დამთავრებული, რომლებიც მოუკლებლად ღებულობდნენ მისგან ნუგეშინისცემასა და სულიერ რჩევა-დარიგებებს. განმარტოებაში ღირსი ნილოსი ბევრს წერდა. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლეებმა, მათ შორის მამხილებელმა წერილებმა, მიმართულმა იმპერატორ არკადიუსისადმი (395-408), რომელმაც იოანე ოქროპირი განდევნა. ფართოდაა ცნობილი იოანე ოქროპირის ამ ღირსეული მოწაფის ასკეტური თხზულებები.
ღირსმა ნილოსმა დაკარგულ ვაჟიშვილს მიაკვლია ემესის ეპისკოპოსთან, რომელსაც იგი ავაზაკებისაგან გამოესყიდა. ამავე მღვდელმთავარმა მამა-შვილი სამღვდელო ხარისხში აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ მეუდაბნოეები სინას მთას დაუბრუნდნენ და ღირსი ნილოსის აღსასრულამდე (+430 ან 450) ერთად მოღვაწეობდნენ.
წმიდა იოანე მოწყალე – ალექსანდრიელი პატრიარქი (VII)
ახალგაზრდობაში იოანე დაცოლშვილებული იყო, მაგრამ მალე მეუღლე და შვილები გარდაეცვალა. ამის შემდეგ იგი ბერად შედგა და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა.
სულიერმა ღვაწლმა წმიდა მამას შორს გაუთქვა სახელი და, როცა ალექსანდრიის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, იმპერატორმა ჰერაკლემ (610-641) და სასულიერო პირთა დასმა მას სთხოვეს, ეტვირთა ეკლესიის მესაჭეობა. იოანე თავმდაბლობის გამო დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, დათანხმებულიყო.
ნეტარი მღვდელმთავარი ღირსეულად ეზიდებოდა თავის მძიმე ჯვარს: ზრუნავდა სამწყსოს ზნეობრივ სრულყოფაზე, ებრძოდა მწვალებლურ სწავლებებს, მაგრამ თავის მთავარ საქმედ მაინც მოწყალება და ყველა გაჭირვებულის დახმარება მიაჩნდა. საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან მცირე ხნის შემდეგ იოანემ ეკლესიის იკონომოსებს უბრძანა, დაედგინათ მთელი ქალაქის გაჭირვებული მოსახლეობის რაოდენობა. ჩამოწერეს შვიდიათას ხუთასი გლახაკის სია, რომელთაც წმიდანი იმ დროიდან მოყოლებული საეკლესიო ქონებიდან ყოველდღიურ ულუფას აწვდიდა.
პატრიარქი კვირაში ორი დღე – ოთხშაბათი და პარასკევი – ეკლესიის კარებთან იჯდა და ყველა მოსულს გულმოდგინედ უსმენდა და ეხმარებოდა. ზოგს აკვირვებდა ნეტარის ასეთი მოთმინება, ის კი ამბობდა: „თუ მე ყოველთვის შემიძლია მივმართო ჩემს უფალს, იესო ქრისტეს და ლოცვით გამოვითხოვო, რაც მსურს, ჩემთან მოსვლა როგორ უნდა ავუკრძალო მოყვასს?“ იმ დღეს, როცა წმიდა მამას არავინ თხოვდა შემწეობას, იგი მეტად გულნატკენი რჩებოდა. ნეტარს მოწყალების საქმის გადადება არ უყვარდა: ნათესავებისგან შევიწროებული ერთი გლახაკი ქვრივი ქალი იოანეს მაშინ მიუახლოვდა ჩივილით, როცა იგი ტაძრისკენ მიდიოდა. თანმხლებნი პატრიარქს ურჩევდნენ, საეკლესიო მსახურების შემდეგ მოესმინა მისთვის, წმიდანმა კი უპასუხა: „თუ მის მოსმენას არ ვისურვებ, ჩემსას შეისმენს კი უფალი?“
იოანე კვირაში სამჯერ მიდიოდა საავადმყოფოებში და სნეულებს შეეწეოდა. როცა სპარსელებმა დაარბიეს იერუსალიმი და მოსახლეობა ტყვედ წაასხეს, წმიდა პატრიარქმა საეკლესიო ხაზინის დიდი ნაწილი გაიღო მათ გამოსასყიდად.
წმიდანი მათხოვრებს არასდროს ისტუმრებდა უარით. ერთხელ საავადმყოფოსკენ მიმავალ მღვდელმთავარს გლახაკი შეხვდა. მეუფემ ბრძანა, ექვსი ვერცხლი მიეცათ მისთვის. მათხოვარმა ტანსაცმელი გამოიცვალა, დაეწია იოანეს და ისევ მოწყალება სთხოვა. წმიდანმა კვლავ ექვსი ვერცხლი გაუწოდა. მაშინ კი, როცა გლახაკმა ნეტარს მესამეჯერ გაუშვირა ხელი მოწყალების მისაღებად და მსახურებმა გაგდება დაუპირეს, პატრიარქმა თქვა: „იქნებ ქრისტე მცდის“, და მათხოვრისთვის თორმეტი ვერცხლის მიცემა ბრძანა.
ერთხელ პატრიარქს იკონომოსმა ამცნო, რომ მოწყალების სათხოვნელად ზოგჯერ კარგად ჩაცმული ადამიანებიც მოდიოდნენ და ჰკითხა, მათაც სხვებივით უნდა დავეხმაროთო? იოანემ უპასუხა: „თუ ქრისტეს მონა ხარ, მოიქეცი ისე, როგორც ქრისტემ გვიბრძანა: ისე გაეცი მოწყალება, რომ მთხოვნელს სახეში არ შეხედო. ჩვენ ჩვენსას კი არა, ქრისტესას გავცემთ; ქრისტეზე მდიდარი კი ვინ შეიძლება იყოს?“ მართლაც, პატრიარქი ბევრს გასცემდა, მაგრამ უფალი ყოველთვის გამოაჩენდა ხოლმე კეთილ ადამიანებს, რომელთა შემოწირულობებითაც თითქმის დაცარიელებული ხაზინა კვლავ ივსებოდა.
ერთხელ იოანესთან ერთი მდიდარი დიდებული მივიდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ნახა, რომ მის საწოლზე უხარისხო და უკვე ნახევრად გაცვეთილი საბანი იყო გადაფარებული. როცა შინ დაბრუნდა, მან წმიდანს ახალი, ოცდათექვსმეტ ოქროდ ღირებული ფარჩის საბანი გაუგზავნა. უფლის რჩეულს არ სურდა გულწრფელი შემომწირველის გაწბილება და იმ ღამით ის საბანი დაიხურა, მაგრამ როცა გამოეღვიძა, მოაგონდა გლახაკები, მწირები და უსახლკაროები და გადაწყვიტა, გაეყიდა ძვირფასი საჩუქარი. დილით ბაზარში შემთხვევით გასულმა მდიდარმა ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილი თავისი საბანი ნახა, შეისყიდა და კვლავ გაუგზავნა მწყემსმთავარს. წმიდანმა მადლობით მიიღო ძღვენი, შემდეგ კი ისევ გასაყიდად გაგზავნა. დიდებულმა კვლავ შეისყიდა იგი და პატრიარქს დაუბრუნა. როცა ასე რამდენჯერმე განმეორდა, იოანემ შეუთვალა მდიდარს: „ვნახოთ, ვინ უფრო ადრე დაიღლება: მე, რომელმაც გადავწყვიტე გავყიდო, თუ შენ, რომელმაც დაიჟინე იყიდო და მე გამომიგზავნოო“. ასე გამოიყენა წმიდანმა დიდებულის მისადმი კეთილგანწყობა გლახაკთა სასარგებლოდ.
წმიდა იოანე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ერთხელ იგი იძულებული გახდა, ცოდვით დაცემული ერთ-ერთი ღვთისმსახური ეკლესიიდან განეკვეთა. შემცოდე გაბოროტდა პატრიარქზე. როცა წმიდანი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, მოაგონდა სახარების სიტყვები: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“ (მთ. 5, 23-24). იგი გამოვიდა საკურთხევლიდან, თავისთან მოუწოდა შემცოდე შვილს, მუხლებზე დაემხო მის წინაშე და საჯაროდ სთხოვა შენდობა. შეძრწუნებული ღვთისმსახური სინანულში ჩავარდა და შემდგომ კეთილმსახური მღვდელიც გახდა.
ერთხელ იოანე ერთმა საერო ხელისუფალმა გლახაკთა გამოსარჩლებისთვის საშინლად შეურაცხყო. იმავე დღეს, მზის ჩასვლის წინ ნეტარმა კაცი გაგზავნა თავის შეურაცხმყოფელთან და შეუთვალა: „მალე მზე ჩავა, შევრიგდეთ“. ხელისუფალი ისე შეძრა ამ სიტყვებმა, რომ არა მარტო შეურიგდა მშვიდობისმყოფელ მღვდელმთავარს, არამედ აღთქმა დადო, რომ ამიერიდან ყოველგვარი შუღლის თავიდან აცილებას შეეცდებოდა.
ერთი მდაბიო უპატიოდ მოექცა პატრიარქის ახლო ნათესავს, გიორგის. ეს უკანასკნელი აღშფოთდა, წმიდანთან მივიდა და სთხოვა, შური ეძია მის შეურაცხმყოფელზე. მღვდელმთავარმაც აღუთქვა, ისე მივუზღავ მას, რომ მთელი ალექსანდრია გაოცდებაო. ამან გიორგი დაამშვიდა. მაშინ იოანემ დამოძღვრა იგი, შეაგონა, აუცილებელია, ვიქონიოთ სიმშვიდე და სიმდაბლეო, შემდეგ კი შეურაცხმყოფელს მოუხმო და განაცხადა, მას მიწის საეკლესიო გადასახადისაგან ვათავისუფლებო. ალექსანდრია მართლაც გააოცა ამგვარმა „შურისძიებამ“.
ნეტარი მამა საოცრად ფრთხილობდა სხვების განსჯისას, ამბობდა, ნურავის განვიკითხავთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ცუდ საქმეს ვხედავთ, ცოდვილის ჩვენგან დაფარულ სინანულსა და მწუხარებას კი – ვერაო.
წმიდა იოანეს – მკაცრ ასკეტსა და მლოცველს, სიკვდილის მარადიული ხსოვნა გააჩნდა. მან თავისთვის კუბო შეუკვეთა, მაგრამ ოსტატებს უბრძანა, არ დაესრულებინათ იგი და ყოველ დღესასწაულზე მოსულიყვნენ მასთან შეკითხვით, მუშაობის დამთავრების დრო ხომ არ დადგაო.
ეგვიპტეზე სპარსელთა თავდასხმის დროს წმიდა იოანემ დატოვა ალექსანდრია და თავისი სამშობლოს – კვიპროსის გავლით კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა. გზაში ნეტარს საღვთო გამოცხადება ჰქონდა – სიზმრისეულ ჩვენებაში ნათელმოსილი ჭაბუკი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „გიხმობს მეუფე მეუფეთა“. პატრიარქი მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა, კუნძულ კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ამათუნტში გაჩერდა, განემზადა სიკვდილისთვის და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+616, 619 ან 620 წელს). ნეტარი იმავე ქალაქში, წმიდა ტიხონის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
წმიდა იოანე 11 ნოემბერს მიიცვალა, მაგრამ რადგან ამ დღეს ეგვიპტეში საზეიმოდ აღინიშნებოდა წმიდა მოწამე მინას ხსენება, ალექსანდრიაში კი – ღირსი თეოდორე სტუდიელისა, ეკლესიამ მის მოსახსენებელ დღედ 12 ნოემბერი განაწესა.
ღირსი ნილოს მირონმდინარე (XVII)
ნილოს მირონმდინარის სახელი კიდევ უფრო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სასუფევლის მკვიდრი მამა 1913-1919 წლებში რამდენჯერმე ეჩვენა მთაწმინდელ ბერ თეოფანეს და წინასწარმეტყველურად გაუცხადა მომავალი. ეს ღვთაებრივი ხილვები აღწერილია წიგნში „ღირსი მირონმდინარე ნილოსის სიკვდილისშემდგომი წინასწარმეტყველებანი“. მასში ფართოდაა საუბარი ჩვენი სამყაროს ბოლო ჟამზე. ღირსმა მამამ იწინასწარმეტყველა საშინელი დრო, რომლის შესახებაც უფალი ამბობს: „ოდენ ძე კაცისა მოვიდეს, ჰპოვოს-მე სარწმუნოება ქვეყანასა ზედა“. წმიდა ნილოსმა ათონის მთაზე ხსნის მსურველებს, რომლებიც ღვთისმშობლის საფარქვეშ არიან, ამცნო, არ შეშფოთებულიყვნენ, არ შეძრწუნებულიყვნენ, არ დაეკარგათ რწმენა და არ გასცილებოდნენ წმიდა მთას მანამ, სანამ მას ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ დატოვებდა; ყოფილიყვნენ სინანულსა და ხსნის სასოებაში, მდუმარებასა და მორჩილებაში იმ მცირედის შესანარჩუნებლად, რაც დარჩება უწინდელი მაღალი მონაზვნური ცხოვრებიდან. ბიწიერების გამო წმიდა მთა ზღვაში ჩაიძირება – ეს მოხდება მაშინ, როცა ღვთისმშობელი თავის საფარველს მოაცილებს თავის წილხვედრ მიწას. მას შემდეგ, რაც ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი წმიდა მთას გასცილდება, ბერებმა უნდა იჩქარონ ათონის დატოვება.
წმიდა მამა დაწვრილებით აღწერს საყოველთაო ანარქიას, რომელიც წინ წაუძღვება ანტიქრისტეს მოსვლას, წინასწარმეტყველებს მისი მოსვლის დროს, უკანასკნელი თაობის გარყვნილებას, ადამიანთა დაკნინებას, ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების მოქმედებას ადამიანის გულზე, ენუქისა და ილიას ქადაგებებს ამ ბეჭდის წინააღმდეგ. ღირსი ნილოსის წინასწარმეტყველებათაგან ბევრი უკვე ახდა, ბევრი კი ჩვენს თვალწინ სრულდება. დღეს წმიდა მამის ზოგიერთი უხრწნელი ნაწილი მისი ღვაწლით განწმენდილი გამოქვაბულის მახლობლად, ყველაწმიდის სახელობის ეკლესიაში ასვენია, სხვები კი – წმიდა ათანასეს ლავრაში.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.