10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა. ეფ. 6: 10-12
23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
ოთხშაბათი. 26.11.2024. მარხვა.
მოციქულისა ფილიპესი, 12-თაგანისა (I); კეთილმსახურისა მეფისა იუსტინიანესი (565) და დედოფლისა თეოდორასი (548); წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელ მთავარეპისკოპოსისა (1360).
ქრისტეშობის მარხვის აღება.
დღის ლოცვები
მოციქული ფილიპეს
ტროპარი: ბრწყინვალედ განშუენდების დღეს ყოველი ქუეყანაი და ეთიოპია უმეტეს განსცხრების, ვითარცა გვირგვინითა შემკული შენ მიერ, ხოლო ბრწყინავს დღესასწაულიცა ხსენებისა შენისა, ღმრთისმეტყუელო ფილიპე, რამეთუ ყოველთა სარწმუნოებაი ქრისტესი გვასწავე და კეთილად აღასრულე სახარებაი, ღირსო, ვინაიცა კადნიერად აღიპყრობენ ხელთა ეთიოპიელნი ღმრთისა მიმართ, რომელსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 თეს. 2: 1-8 (დას. 264). ლკ. 15: 1-10 (დას. 78).
მოც.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). ინ. 1: 43-51 (დას. 5).
ლიტ.: 1 თეს. 2: 1-8
1. თქვენ თვითონ იცით, ძმანო, რომ ჩვენი შემოსვლა თქვენთან არ იყო ფუჭი. 2. არამედ მანამდე ფილიპეში ვნებულნი და შეგინებულნი, როგორც მოგეხსენებათ, ისე გავკადნიერდით, რომ ჩვენი ღმერთის მიერ სახარება გვექადაგა თქვენთვის მრავალი ღვაწლით. 3. რადგანაც ჩვენს შეგონებაში არც ცთომაა, არც ცბიერება და უწმინდურება. 4. არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, ისევე ვქადაგებთ, კაცთა საამებლად კი არა, არამედ ღვთისა, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს. 5. ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე. 6. არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან. 7. თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს. 8. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
ლიტ.: ლკ. 15: 1-10
1. მის გვერდით იყო ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას. 2. ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო. 3. და უთხრა მათ ეს იგავი: 4. ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას? 5. და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე; 6. შინ მოსული დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე. 7. გეუბნებით: ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული. 8. ან კიდევ, ათი დრაქმა რომ ჰქონდეს და ერთი დაკარგოს, რომელი ქალი არ აანთებს სანთელს და არ დაიწყებს ოთახის დაგვას და გულმოდგინედ ძებნას, ვიდრე არ იპოვის? 9. ხოლო როცა იპოვის, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან დაკარგული დრაქმა ვიპოვე. 10. გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმრთის ანგელოზნი ერთი მონანიე ცოდვილის გამო.
მოც.: 1 კორ. 4: 9-16
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
მოც.: ინ. 1: 43-51
43. მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო. 44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე. 45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი. 46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე. 47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა. 48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე. 49. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე. 50. მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ. 51. და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოციქული ფილიპე (I)
ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში გადავიდა და იქ გადასახლებულ იუდეველებს შორის ქადაგებდა. ფილიპეს განსასჯელად წმიდა ქალაქიდან ელადაში ფარისევლები ჩავიდნენ მღვდელმთავრის წინამძღოლობით. ფილიპე მოციქულმა სიცრუეში ამხილა იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც ამტკიცებდა, მაცხოვრის ცხედარი ქრისტეს მოწაფეებმა მოიპარეს და გადამალესო: წმიდანმა შემოკრებილებს ამცნო, რომ მცველები, რომელთაგანაც გავრცელდა ეს ჭორი, ფარისევლების მოსყიდულნი იყვნენ. როცა იუდეველმა მღვდელმთავარმა და მისმა თანამგზავრებმა ღვთის გმობა დაიწყეს და ფილიპე მოციქულს თავს დაესხნენ, დაბრმავდნენ, მაგრამ მოციქულის ლოცვით ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი. ამ სასწაულის მხილველთაგან მრავალი მოიქცა ქრისტიანობაზე.
ელადიდან ფილიპე ჯერ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი – ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის იერაპოლში გადავიდა. აქ ფარისევლებისგან მოსყიდულმა იუდეველებმა იროსს, რომელმაც წმიდა მოციქული შეიფარა, სახლი დაუწვეს. თავად ფილიპეს ისინი მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ როცა უფლის რჩეულის მიერ აღსრულებული სასწაულები იხილეს, სინანულში ჩავარდნენ და ბევრი მათგანი მოინათლა. წმიდა მოციქულმა იროსი იერაპოლის ეპისკოპოსად დაადგინა, თვითონ კი გზა განაგრძო, მოიარა სირია, მცირე აზია, ლიდია, მიზია. ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, რისთვისაც მრავალი სატანჯველის დათმენა უწევდა. წმიდა ფილიპეს განუყრელად თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო.
შემდეგ მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც მრავალი წარმართული სალოცავი იყო, მათ შორის გველების სახელზე აგებული ტაძარიც, სადაც უზარმაზარი იქედნე ბუდობდა. ფილიპე მოციქულმა ლოცვის ძალით მოკლა ქვეწარმავალი და გველებისგან დაკბენილი მრავალი ადამიანი განკურნა. განკურნებულთა შორის იყო ქალაქის თავის მეუღლე, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ეს რომ ქალაქის მმართველმა შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ ფილიპე, მისი და მარიამნა, და მათი თანმხლები ბართლომე მოციქული. იქედნეს ტაძრის ქურუმთა შეგონებით წარმართმა ხელისუფალმა ფილიპესა და ბართლომეს ჯვარცმა ბრძანა. ამ დროს საშინლად შეირყა ქვეყანა და სამსჯავროში მყოფნი მიწამ შთანთქა. იქედნეს ტაძართან ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალული ფილიპე ლოცულობდა, რომ უფალს მისი მტანჯველები დაეხსნა თავს დამტყდარი უბედურებისაგან. მომხდარის მხილველმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე და მოითხოვა, ჩამოეხსნათ მოციქულები. ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ჯერ ისევ ცოცხალი იყო. გათავისუფლების შემდეგ ნეტარმა ახალმოქცეულები მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუდგინა; ფილიპე მოციქული კი ჯვარზე აღესრულა.
წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს. 11 ივნისს), მარიამნა კი განაგრძობდა წარმართთა შორის ღვთის სიტყვის ქადაგებას მანამ, სანამ ლიკაონიაში არ ეწია ნეტარი აღსასრული (ხს. 17 თებერვალს).
დედოფალი თეოდორა (+548)
მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე (+565)
ცრუსწავლების წინააღმდეგ წმიდა იუსტინიანემ შექმნა საგალობელი „მხოლოდშობილი ძე და ღვთისა სიტყვა“ და დააკანონა მისი გალობა ეკლესიებში. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ეს საგალობელი სრულდება საღვთო ლიტურგიის დროს, მცირე გამოსვლის წინ. იმპერატორის ბრძანებით, 553 წელს მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო ორიგენეს ცრუსწავლება და დაამტკიცა ქალკედონის IV კრების დადგენილებანი. წმიდა იუსტინიანე ზრუნავდა სახელმწიფოში წესრიგის, სამართლისა და კანონიერების დასაცავად. მისი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით შედგა რომაულ კანონთა კრებული, რომელმაც ჩვენამდე „იუსტინიანეს კოდექსის“ სახელწოდებით მოაღწია.
პირად ცხოვრებაში იუსტინიანე მკაცრი ქრისტიანული კეთილმსახურებით გამოირჩეოდა. მან 505 წელს შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა ეკლესიამ იმპერატორთან ერთად წმიდანად შერაცხა მისი მეუღლე და თანამოაზრე თეოდორაც. ნეტარი თეოდორა მიიცვალა 548 წელს.
აღება შობის მარხვისა. 14 ნოემბრის შემდეგ იწყება შობის მარხვა, რომელსაც სხვაგვარად ფილიპეს მარხვასაც უწოდებდნენ, რადგან 14 ნოემბერი – ფილიპე მოციქულის ხსენების დღეა. ეს მარხვა, რომელიც ორმოცი დღე გრძელდება, ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მორწმუნეთა ღირსეულად მოსამზადებლადაა დაწესებული. ცნობები შობის მარხვის შესახებ IV საუკუნიდან გვხვდება, თუმცა მისი დაწესება, უთუოდ, ბევრად უფრო ადრეა სავარაუდო. ძველად შობის მარხვის ხანგრძლივობა სხვადასხვა ეკლესიებში სხვადასხვაგვარი იყო. ერთობა ამ საკითხში შემოიტანა 1166 წელს გამართულმა კონსტანტინოპოლის კრებამ, რომელმაც ძველ წეს-განგებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მარხვა ქრისტეშობამდე ორმოცი დღით ადრე დაწყებულიყო.
წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+დაახლ. 1360)
წმინდა ნიკოდიმოსის მიცვალების შემდეგ ღირსი მამა რვა წლის მანძილზე ბერი ნიკიფორეს წინამძღვრობით განაგრძობდა ლოცვით ღვაწლს, ამ უკანასკნელის მიცვალების შემდეგ კი ღირსი ათანასეს ლავრაში გადავიდა. აქ წმიდანი ჯერ მეტრაპეზედ მსახურობდა, ხოლო შემდეგ მგალობლად დაადგინეს. ასე განვლო სამმა წელიწადმა. 1321 წელს გრიგოლი, რომელიც სულიერი სრულყოფის უფრო მაღალ საფეხურებს ესწრაფოდა, გლოსიის მცირე სავანეში გადასახლდა. აქ იგი სრულიად განიმსჭვალა ისიხაზმის სულით და იგი ცხოვრების საფუძვლად გაიხადა (ჯერ კიდევ IV-VIII საუკუნეებში ეგვიპტელი და სინელი ასკეტების მიერ რელიგიური და ეთიკურ-ასკეტური სწავლების მთელი სისტემა იქნა შემუშავებული. იგი ითვალისწინებდა გარკვეული მეთოდებისა და ხერხების შეთვისებას, რაც ადამიანს ღმერთთან მიაახლებდა, ეს ძალზე თავისთავადი მისტიკური მედიტაცია მოითხოვდა დადგენილი დგომის წესის დაცვას ლოცვისას, იესოს ლოცვის მრავალჯერად განმეორებას, სუნთქვის მოწესრიგებულობას, დროულ გალობას და სხვა. ადამიანს მხოლოდ სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე შეეძლო ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან სულიერი შეერთება, რაც მას უდიდეს ნეტარებასა და სიხარულს განაცდევინებდა. რადგან ეს სიხარული ენით გამოუთქმელი იყო, ბერები დუმილს ამჯობინებდნენ. დუმილთან არის დაკავშირებული ლოცვის ამ წესის სახელწოდებაც – ისიხაზმი, რაც ბერძნული სიტყვაა და მდუმარებას, სიმშვიდეს, განმარტოებას ნიშნავს). 1326 წელს გრიგოლ პალამა განერიდა თურქების თავდასხმის საშიშროებას და საძმოსთან ერთად თესალონიკში გადავიდა, სადაც მას მღვდლად დაასხეს ხელი.
წმიდა გრიგოლი ერთმანეთს უთავსებდა ხუცესის მოვალეობის შესრულებას და განდეგილურ ღვაწლს: კვირაში ხუთ დღეს იგი მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, შაბათ-კვირას კი ხალხთან გამოდიოდა, ღვთისმსახურებას აღასრულებდა და მრევლს მოძღვრავდა. ნეტარი მამის ქადაგებები ღრმა ზეგავლენას ახდენდა ტაძარში მყოფ მორწმუნეებზე. წმიდა გრიგოლისთვის ცხოვრების წესის მიუხედავად უცხო იყო სრული განდგომა საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან. ზოგჯერ იგი ქალაქის განათლებული ახალგაზრდობის საღვთისმეტყველო დისპუტებს ესწრებოდა, რომელთაც მომავალი პატრიარქი ისიდორე უძღვებოდა. ერთხელ კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებულმა წმიდანმა თესალონიკის მახლობლად აღმოაჩინა ბერიად წოდებული ადგილი, რომელიც მეტად მოხერხებული იყო ბერმონაზვნური მოღვაწეობისათვის. მალე მან აქ შემოიკრიბა მცირე საძმო, რომელსაც ხუთი წელი წინამძღვრობდა. 1331 წელს გრიგოლმა ათონს მიაშურა და ათანასეს ლავრის მახლობლად მდებარე წმიდა საბას სკიტში განმარტოვდა. 1333 წელს იგი ესთიგმენის მონასტრის იღუმენად დაადგინეს, 1336 წელს კი კვლავ წმიდა საბას სკიტს დაუბრუნდა და დაიწყო საღვთისმეტყველო მოღვაწეობა, რომელიც სიკვდილის დღემდე არ შეუწყვეტია.
1328-30 წლებში კალაბრიიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა მეცნიერი ბერი ბარლაამი – ავტორი ტრაქტატებისა ლოგიკასა და ასტრონომიაში. მან დედაქალაქის უნივერსიტეტში კათედრა მიიღო და დაიწყო განმარტება დიონისე არეოპაგელის (ხს. 3 ოქტომბერს) თხზულებებისა, რომლის აპოფატიკური (ბერძ. უხილავობა, შეუცნობლობა, მიუწვდომლობა) ღვთისმეტყველებაც საყოველთაოდ იყო აღიარებული. მალე ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც გადავიდა, სადაც ისიხასტთა სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო და ღვთის არსების მიუწვდომლობის დოგმატის საფუძველზე მათი გონებისმიერი ქმედება მწვალებლურ ცთომად გამოაცხადა. ბარლაამი ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა, დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო; ამასთან იგი იმასაც კი არ ერიდებოდა, რომ სასაცილოდ აეგდო მონაზონთა მონათხრობები ლოცვის მეთოდებისა და სულიერ გაცისკროვნებათა შესახებ.
ათონელ ბერთა თხოვნით გრიგოლ პალამამ წერილობით გამოსცა თავისი საღვთისმეტყველო დასაბუთებანი. ასე შეიქმნა ცნობილი „ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად“ (1338). 1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობლივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ წოდებული „წმიდა მთის ტომოსი“.
კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს, წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლსა და ბარლაამს შორის გამართული სიტყვიერი პაექრობა ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს, როგორც მწვალებლობა, მაგრამ ცილობა კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ბარლაამის მოწაფემ, ბულგარელმა ბერმა აკვინდინემ დაწერა რამდენიმე ტრაქტატი, რომლებშიც წმიდა გრიგოლსა და ათონელ ბერებს საეკლესიო შფოთის წარმოქმნაში სდებდა ბრალს. გრიგოლ პალამამ მწვალებელს საკადრისი პასუხი გასცა და დამაჯერებლად უარყო მისი ბრალდება. მაგრამ პატრიარქმა იოანე XIV-მ ეკლესიიდან განკვეთა უფლის რჩეული (1344) და საპყრობილეში ჩააგდებინა, სადაც იგი სამი წლის განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული. 1347 წელს, როცა საპატრიარქო ტახტზე ავიდა ისიდორე (1347-1348), წმიდა გრიგოლ პალამა გაათავისუფლეს და თესალონიკის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. 1351 წელს ვლაქერნის საეკლესიო კრებამ საზეიმოდ დაადასტურა მისი მოძღვრების მართლმადიდებლური არსი, მაგრამ თესალონიკელებს მაშინვე არ მიუღიათ ახალი მღვდელმთავარი, პირველ ხანებში მას სხვადასხვა ადგილებში უხდებოდა ცხოვრება. ერთხელ ხომალდი, რომლითაც ნეტარი გრიგოლი კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა, თურქებს ჩაუვარდათ ხელში. ერთი წლის განმავლობაში წმიდა მღვდელმთავარს მონასავით ჰყიდდნენ სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ მაშინაც იგი დაუღალავად განაგრძობდა ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებას.
ნეტარი გრიგოლი გარდაცვალებამდე მხოლოდ სამი წლით ადრე დაბრუნდა თესალონიკში. მიცვალების წინ მან წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იხილა საღვთო ჩვენებით. გრიგოლ პალამამ 1359 წლის 14 ნოემბერს, სამოცდასამი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ნეტარი მღვდელმთავარი წმიდანად 1368 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის კრებაზე შერაცხეს. მისი ცხოვრება და მოსახსენებელი კანონი შეადგინა პატრიარქმა ფილოთეოზმა (1354-1355, 1362-1376).
წმიდა გრიგოლს ეკლესია დიდმარხვის მეორე კვირიაკესაც იხსენიებს.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.