3.11.2024. მე-19 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II.

ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.     1 კორ 6:12

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-19 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II.

კვირა.3.11.2024. ხსნილი 

ღირსისა ილარიონ დიდისა (371-372); მოწამეთა: დასისა, გაიოზისა და ზოტიკესი (303).

დღის ლოცვები 

ღირსი ილარიონ დიდის კონდაკი:

ვითარცა მნათობსა დაუვალსა გონიერისა მზისასა, შემოკრებულნი ესე პატივს გცემთ და შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ გამოუბრწყინდი ბნელსა უღმრთოებისასა მსხდომარეთა, და ყოველნივე აღიყვანენ საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ილარიონ; ამისთვისცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი მამაო, მოღუაწეთა სიმტკიცეო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).
ლიტ.: 2 კორ. 11: 31-12: 9 (დას. 194). ლკ. 16: 19-31 (დას. 83).

ღირ.: 2 კორ. 9: 6-11 (დას. 188). ლკ. 6: 17-23 (დას. 24). 

ცისკ.: ინ. 20: 11-18 

11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.

ლიტ.: 2 კორ. 11: 31-12: 9 

31. ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ. 32. დამასკოში არეტა მეფის მთავარს მეთვალყურენი ჩაეყენებინა მთელ ქალაქში, რადგანაც ჩემი შეპყრობა სურდა. 33. მაგრამ სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს გალავნის ჩასწვრივ, და ამრიგად დავუსხლტი მას. 

1. სიქადული საჭიროა, მაგრამ სარგო როდია ჩემთვის; მაშ, უფლის ხილვებსა და გამოცხადებებს მივუბრუნდები. 2. ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე; 3. და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის), 4. რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს. 5. სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი, ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა? 6. ხოლო თუ ქადილს დავაპირებ, უგუნური როდი ვიქნები, რადგანაც სიმართლეს ვიტყვი, მაგრამ თავს ვიკავებ, რათა ვინმეს იმაზე მეტი არ ვაფიქრებინო, რასაც ჩემში ხედავს, ან ჩემგან ესმის. 7. თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა. 8. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი. 9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

ლიტ.: ლკ. 16: 19-31 

19. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას. 20. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული. 21. ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს. 22. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. 23. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში. 24. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში. 25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი – მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები. 26. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან – ჩვენსკენ. 27. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი. 28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში. 29. უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ. 30. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ. 31. და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.

ღირ.: 2 კორ. 9: 6-11 

6. ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. 7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს. 8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე. 9. როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“. 10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს, 11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.

ღირ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა მოციქული თადეოზი ტომით ებრაელი იყო, იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა. იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა. შემდეგ ნეტარმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა. უფალმა იგი იმ სამოცდაათს შორის გამოარჩია, რომლებიც „წარავლინნა… ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად“ (ლკ. 10,1). იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ თადეოზი ქადაგებდა სირიასა და მესოპოტამიაში. ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი ავგაროზი, ხალხი და ქურუმები.
გადმოცემით, როცა წმიდანი პირველად შესულა ავგაროზის ოთახში, მისი სახიდან გამომკრთალი არაამქვეყნიური ნათლით გაოცებული მთავარი წინ მიგებებია და მიწამდე უცია თაყვანი. კარისკაცებს კი, რომელთათვისაც ეს ბრწყინვალება დაუნახავი დარჩა, ვერ გაუგიათ, რატომ მიაგო მათმა ხელისუფალმა ასეთი პატივი ღატაკ მწირს. თადეოზის ქადაგებას მრავალი სასწაული ახლდა თან (მათ შესახებ ავგაროზი წერდა სირიის მეფე ნერსეს). ნეტარმა მოციქულმა ედესაში ეკლესია დააფუძნა. ავგაროზს სურდა, იგი უხვად დაეჯილდოებინა, მაგრამ წმიდანმა საბოძვარზე უარი განაცხადა და სხვა ქალაქებს მიაშურა ქადაგებით. ბოლოს თადეოზი ფინიკიის ქალაქ ბირითში (ბეირუთში) ჩავიდა და მშვიდობით მიიცვალა ორმოცდაოთხი წლის ასაკში (ეს ცნობა ამოღებულია სლავური თვენიდან. სხვა წყაროების მოწმობით, წმიდა მამა ედესაში გარდაიცვალა, სომხური გადმოცემის მიხედვით კი – მრავალგვარი წამების შემდეგ მას პიტაზის ოლქში მახვილით მოჰკვეთეს თავი 50 წლის 21 დეკემბერს). 
წმიდა მოწამე ვასა წარმართი ქურუმის მეუღლე იყო და შვილებთან – თეოგნესთან, აღაპისთან და პისტთან ერთად მაკედონიის ედესაში ცხოვრობდა. იგი ქრისტიანული კეთილმსახურებით იყო აღზრდილი და ძეებსაც ქრისტეს სიყვარულს უნერგავდა. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს მეუღლემ ნეტარი ვასა შვილებთან ერთად მმართველთან დაასმინა. მაცხოვრის მსასოებლებმა მუქარის მიუხედავად უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მაშინ დედის თვალწინ ვაჟების წამება დაიწყეს: უფროსი, თეოგნე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს. ყრმა აღაპი თავიდან მკერდამდე გაატყავეს. ბოლოს ნაბოლარას – პისტს მისდგნენ. დედა ამხნევებდა მათ და ქრისტესთვის სატანჯველების უდრტვინველად დათმენისკენ მოუწოდებდა. ბოლოს ყმაწვილებს თავები მოჰკვეთეს (ერთი გადმოცემით, ძმებმა მაკედონიის ქალაქ ედესაში აწამეს, სხვა ცნობით – თესალიის ლარისში). წმიდა ვასა საპყრობილეში გამოამწყვდიეს და აშიმშილეს, მაგრამ ანგელოზი ზეციური საკვებით ზრდიდა ნეტარს. შემდეგ მას მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს. ჯალათები ცდილობდნენ, ჯერ ცეცხლში დაეწვათ, შემდეგ – წყალში დაეხრჩოთ ქრისტეს ტარიგი, მხეცებსაც მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული დედა უვნებელი რჩებოდა. როცა უსჯულოებმა ვასა საპყრობილეში შეიყვანეს, მან ზევსის ქანდაკი ნამსხვრევებად აქცია. მაშინ წმიდანი ზღვაში მოისროლეს, მაგრამ მოულოდნელად ნავი მოცურდა და სამმა ნათელმოსილმა ჭაბუკმა ქრისტეს მხევალი ზედ აიყვანა (ღირსი ნიკოდიმოს მთაწმიდელი ფიქრობდა, რომ ეს ჭაბუკები ამსოფლიდან ვასაზე ადრე გასული მისი ძეები იყვნენ). რვა დღის შემდეგ ნეტარი დედა ნავიდან კუნძულ ალონზე ჩავიდა, კვიზიკის მახლობლად – პონტისპირეთში ან მარმარილოს ზღვაში. ადგილობრივმა მმართველმა მისგან კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოითხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, არგნებით გვემა უფლის რჩეული, შემდეგ კი მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
ცნობილია, რომ დაახლოებით 450 წელს ქალკედონში უკვე არსებობდა წმიდა მოწამე ვასას სახელობის ტაძარი. 
წმიდა სარმეან კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიას მესაჭეობდა 767-779 წლებში. მისი მამამთავრობა საქართველოში არაბთა ბატონობას დაემთხვა. არაბები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს, ავიწროებდნენ ღვთისმსახურებს, ყველგან მაჰმადიანობის დამკვიდრებას ცდილობდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარმეან კათოლიკოსის მამათავრობის დროს თვით ამირას საბრძანებელ ქალაქ თბილისშიც კი მრავალი ეკლესია მოქმედებდა. სარმეანი მტკიცე დამცველი იყო მართლმადიდებლობისა, მაგრამ ერთხელ, ყველიერის ხუთშაბათს, შიომღვიმის მონასტერში სარმეანმა „გამოუძიებლივ“ აზიარა მასთან ძღვნით მისული უცნობები, რომლებიც თურმე იაკობიტთა მწვალებლობის მიმდევრები ყოფილან. „იმ ღამესვე ძილში ზეგარდამოეხილა სარმეანს ესრეთ წინდაუხედაობა და უღირსებით შეურაცხებულ ხარისხისა მისისა“, გამოღვიძებულმა კათოლიკოსმა შეკრიბა ეპისკოპოსები, აუწყა მომხდარი, მათ წინაშე დაწვა იაკობიტთა მორთმეული ძღვენი და „ცრემლით სტიროდა ცთომასა თვისსა“. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მალე აუწყა წმიდა სარმეანს მისი ასეთი შეცოდების შენდობა, მცხეთიდანაც მოვიდა ეპისკოპოსთა წერილი: „დიდსა მამათავარსა მეუფესა ჩვენსა სარმეანეს, გიხაროდენ! შვილნი შენნი და სიწმიდისა შენისა მრწმენნი ყოველნი ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რათა არღარა დააშრობდე მოხუცებულსა გვამსა შენსა, რამეთუ მოწყალე ჰყვეს დიდებულისა მაგას წმიდისა შიოს მეოხებითა და გამოგვიჩნდა უღირსთა მონათა მისთა, რიცხვით ხუთთა და თვითოეულსა გვიბრძანა, ვითარმედ „მიუტევა ღმერთმან სარმეანეს კათალიკოზსა ბრალნი მისნი და აწ შეუორგულებულად მიიყვანეთ მწყემსი თქუენი“. აწ გვიბრძანენ სიწმიდემან შენმან, რათა ყოველნი მანდა მოვიდეთ და მადლი აღუაროთ საკვირველთ მოქმედსა მამასა შიოს“.
ასეთი ღვთის შიშით, სიმდაბლით, სარწმუნოებითა და სიყვარულით შემკული მღვდელმთავარი სიბრძნით განაგებდა თავის სამწყსოს: შენდებოდა ეკლესია-მონასტრები, იქმნებოდა უძვირფასესი სასულიერო ხასიათის ლიტერატურა, ეკლესიის სწავლების სიწმიდის დაცვითა და ცოდვათა ტყვეობისაგან გამოხსნით თანდათან მზადდებოდა ხორციელი ტყვეობისაგან განთავისუფლების კონკრეტული ღონისძიებები.
ქართლის კათოლიკოსთა ქრონოლოგიებში მისი კათოლიკოსობა 767 (ზოგი ვარაუდით 760) წლიდან 774 წლამდე გრძელდება. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.