10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ეფ. 6: 10-12
23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
შაბათი. 30.11.2024. ხსნილი თევზით
გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა (266-270); დიდისა მოწამისა მიქაელისა, რომელსა ეწოდა გობრონ და 133-თა მოწამეთა, მხედართა მისთა (914); ღირსისა ლაზარე ხატმწერისა, აღმსარებელისა (857).
დღის ლოცვები
დიდმოწამე მიქაელისა, რომელსა ეწოდა გობრონ, და 133-თა მხედართა მისთა კონდაკი:
ნიჭებ კურნებათა მომდინარესა წყაროსაგან მადლიერისა, ნიჭებ შემოსილსა მოწამესა მტკიცისა მიერ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელს, მთავარსა ბრწყინვალესა, მოყუარეთა თანა ღმრთივშეერთებულთა, გალობათა ყუავილითა გვირგვინოსან-ვჰყოფდეთ, რომელიცა ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა და ქართველთა ეკლესიისა შუენიერებად.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
რიგ.: 2 კორ. 8: 1-5 (დას. 185). ლკ. 9: 57-62 (დას. 49).
ლიტ.: მოწ.: ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ლიტ.: ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
რიგ.: 2 კორ. 8: 1-5
1. ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს. 2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით. 3. რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც. 4. თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში. 5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.
რიგ.: ლკ. 9: 57-62
57. მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა: სადაც უნდა მიდიოდე, თან გეახლები, უფალო. 58. და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს – ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. 59. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი. 60. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს. 61. ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო. 62. მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 266-270)
წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (ნათლისღებამდე – თეოდორე) ქალაქ ნეოკესარიაში,(მცირე აზიის ჩრდილოეთი), წარმართულ ოჯახში დაიბადა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი ძმასთან, ათინოდორესთან ერთად ბირითში გაემგზავრა, რომ იქაურ სამართლისმცოდნეობის ცნობილ სკოლაში დაესრულებინა სწავლა. გზად ჭაბუკებმა კესარიაში გაიარეს, სადაც იმჟამად ალექსანდრიის სასწავლებლის დიდი მოძღვარი, ხუცესი ორიგენე ასწავლიდა ფილოსოფიას. ორიგენეს გაცნობის შემდეგ თეოდორემ და ათინოდორემ გადაწყვიტეს, გზა აღარ განეგრძოთ და მას დამოწაფებოდნენ. მისი ხელმძღვანელობით შეიმეცნეს ყმაწვილებმა ცისა და ქვეყნის შემოქმედი უფალი, გულისხმაყვეს, რომ სიბრძნე და ჭეშმარიტება მხოლოდ სახარების მაცხოვნებელ სწავლებაშია, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას თეოდორეს გრიგოლი ეწოდა.
გრიგოლის მოსაგრე ცხოვრება, კეთილგონიერება, სიწმინდე და უანგარობა შურით ავსებდა მის წარმართ თანატოლებს, ამიტომ გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ ნეტარის სახელი. ერთხელ, როცა გრიგოლი მოედანზე მოძღვრებს ესაუბრებოდა, მას ქალაქში ცნობილი მეძავი მიუახლოვდა და საზღაური მოსთხოვა თითქოს მასთან ჩადენილი ცოდვისთვის. თავდაპირველად წმიდანმა ქალს მშვიდად უპასუხა, ცდები, სხვაში გეშლებიო, მაგრამ იგი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლმა მეგობარს მეძავისთვის ფულის მიცემა სთხოვა. როგორც კი დედაკაცმა არამი საზღაური მიითვალა, ეშმაკი ეკვეთა მას და მიწას დაანარცხა. ბოლოს ბოროტისგან გვემული ცილისმწამებელი ტყუილში გამოტყდა, წმიდა გრიგოლმა კი ილოცა მისთვის და ეშმაკისგან დაიხსნა.
ნეოკესარიაში დაბრუნებულმა გრიგოლმა უარი თქვა საერო მოღვაწეობაზე და უდაბნოში გავიდა. წმიდა მამა შეეთვისა მეუდაბნოე ცხოვრებას და სურდა, სიცოცხლის ბოლომდე განმარტოებით ეღვაწა, მაგრამ უფალი სხვაგვარად სჯიდა.
როცა კაბადოკიის ქალაქ ამასიის ეპისკოპოსმა, ფედიმმა შეიტყო გრიგოლის მოსაგრეობის შესახებ, გადაწყვიტა, იგი ნეოკესარიის ეპისკოპოსად დაედგინა. უფლის რჩეულმა სულით განჭვრიტა მეუფის სურვილი და მის საძებრად გაგზავნილ შუაკაცებს დაემალა. მაშინ ფედიმმა წმიდანი დაუსწრებლად დაადგინა ნეოკესარიის მღვდელმთავრად. ნეტარმა გრიგოლმა ეს განსაკუთრებული მოვლენა ღვთის ნების გამოვლენად ჩათვალა და ურჩობა ვერ გაბედა. ეს ეპიზოდი ღირსი მამის ცხოვრებიდან წმიდა გრიგოლ ნოსელის (ხს. 10 იანვარს) გადმოცემამ შემოგვინახა. მანვე გვამცნო, რომ სამღვდელმთავრო ხარისხი წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელმა ეპისკოპოს რედიმოს ამასიელის მიერ მიიღო.
ქიროტონიის წინ, რომლის დროსაც სარწმუნოების სიმბოლო უნდა წარმოეთქვა, ნეტარი გრიგოლი მხურვალედ ლოცულობდა უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ და ევედრებოდა, ყოვლადწმიდა სამების ჭეშმარიტი თაყვანისცემის წესი გაეცხადებინათ მისთვის.
ლოცვის დროს წმიდანს მზესავით გაბრწყინებული ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად. ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით მოციქულმა იოანემ ასწავლა ნეტარს, თუ როგორ უნდა ვაღიარებდეთ ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოს. სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც გრიგოლ ნეოკესარიელის მიერ გადმოგვეცა, უდიდესი საღვთო განცხადებაა ეკლესიის ისტორიაში. მას ეყრდნობა სწავლება წმიდა სამების შესახებ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. მოგვიანებით იგი შეავსეს ეკლესიის წმიდა მამებმა: ბასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა, გრიგოლ ნოსელმა. წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელის სიმბოლო განიხილეს და მოიწონეს I მსოფლიო კრებაზე (325 წ.).
ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მღვდელმთავარი გრიგოლი ნეოკესარიისკენ გაემართა. გზად, ამასიაში მან წარმართული ტაძრიდან ეშმაკები გაასხა, რის შემდეგაც საკერპოს ქურუმი ქრისტიანობაზე მოექცა. წმიდა გრიგოლის ქადაგებებს ქრისტეს სახელით აღსრულებული სასწაულები მატებდა ძალას: მემკვიდრეობის გაყოფისას ორ ძმას შორის უთანხმოება წარმოიშვა გარდაცვლილი მამის მამულში მდებარე ტბის გამო. ორივენი თავის ირგვლივ მეგობრებსა და მომხრეებს იკრებდნენ და საქმეს ცუდი პირი უჩანდა. მღვდელმთავარმა გრიგოლმა შეაგონა მათ, საქმის განხილვა მომდევნო დღისთვის გადაედოთ, თვითონ კი მთელი ღამე განხეთქილების მიზეზად გამხდარი ტბის ნაპირთან ლოცვაში გაატარა. როცა ინათა, ყველამ იხილა, რომ შფოთის მიზეზი არ არსებობდა – ტბა მიწის ქვეშ დანთქმულიყო. ერთხელ, წყალდიდობისას, წმიდანმა ილოცა, ჯებირებიდან გადმოსულ მდინარეს კვერთხით საზღვარი მიუჩინა და წყლის ნაკადი შეაჩერა. ცნობილია ერთი ასეთი შემთხვევაც: ნეტარმა გრიგოლმა ეკლესიის აშენება გადაწყვიტა და მთას ქრისტეს სახელით უბრძანა, ჩაწეულიყო, რომ საძირკვლისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. გორაც მორჩილად დაჰყვა წმიდანის ბრძანებას.
როცა იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მღვდელმთავარი გრიგოლი თავის სამწყსოსთან ერთად მოშორებით მდებარე მთას შეეხიზნა. მეომრებმა მთას ალყა შემოარტყეს. მღვდელმთავარი გაშლილ ადგილას გამოვიდა, ხელები ცისკენ აღაპყრო, თავის დიაკონს უბრძანა, ასევე მოქცეულიყო და ლოცვა დაიწყო. მხედრებმა მთელი მთა გაჩხრიკეს, რამდენჯერმე ჩაუარეს მლოცველებს, მაგრამ ვერ დაინახეს ისინი და უკანვე გაბრუნდნენ.
დევნის შეწყვეტის შემდეგ წმიდა გრიგოლი ნეოკესარიაში დაბრუნდა. მისი კურთხევით დადგინდა საეკლესიო დღესასწაულები ქრისტესთვის აღსრულებულ მოწამეთა მოსახსენებლად. იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა ერეტიკოს პავლე სამოსატელის ერესი (სამოსატი – ქალაქი სირიაში). რომელიც თავისი ქადაგებებითა და ეპისტოლეებით მრავალ ქრისტიანს უბინდავდა გონებას. პავლე სამოსატელის ერესი დაგმეს ანტიოქიის პირველ კრებაზე 264 წელს, რომელსაც გრიგოლ ნეოკესარიელი ხელმძღვანელობდა.
წმიდა მწყემსმთავარი თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, შთამაგონებელი ქადაგებებით, სასწაულებითა და სამწყსოს ბრძნული მართვით სულ უფრო და უფრო ამრავლებდა ქრისტიანთა რიცხვს. ნეტარის მიცვალების დროისთვის (+დაახლ. 266-270) ნეოკესარიაში ჩვიდმეტი წარმართიღა დარჩა მაშინ, როცა სამღვდელმთავრო ტახტზე მისი აღსაყდრებისას ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ ჩვიდმეტი ქრისტიანი იყო.
ღირსი ლაზარე ხატმწერი (+დაახლ. 857)
დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი (+914)
სომხეთიდან აბულ-კასიმი „სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა“, საქართველოს შემოესია.
თბილისში ამირად იჯდა ჯაფარ ძე ალისი. მან კეთილად მიიღო მრისხანე თანამემამულე. აბულ-კასიმი აქედან კახეთს გადავიდა და მრავალდღიანი ალყის შემდეგ მოაოხრა უჯარმა. ბოჭორმელებმა თვითონ დატოვეს ციხე და გაიქცნენ.
კახეთის ერისთავმა კვირიკე ქორეპისკოპოსმა დაზავება შესთავაზა აბულ-კასიმს. სარდალმა მიიღო სარფიანი გარიგება და კვლავ ქართლს შეესია. უფლისციხე თავად ქართვლეებმა დაარღვიეს, მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში. სარკინოზები სამცხეს და ჯავახეთს მოედვნენ, თმოგვის ციხეზე მიიტანეს იერიში, მაგრამ ვერ აიღეს და, უკან გაბრუნებულებმა, ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა.
იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვენნ. „ბრძოლასა მას ფიცხელსა მჴნე იქმნნეს ციხოანნი იგი და დაჴოცეს მბრძოლთა მათ და დაჰყრიდეს ჴორცთა მათთა, ვითარცა სკორეთა ქუეყანისათა“. მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი: „ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო“.
ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ.
მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველისციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნენი, მათ შორის გობრონიც. ქართველი მეომრის ვაჟკაცობით გაოცებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა „ნეტარისა გობრონისი უმეტეს ყოველთასა კრძალვით პყრობაჲ“.
ადარნასე მეფე დიდძალი საფასი გადაიხადა და პყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს. ქართველმა რაინდმა განჭვრიდა თავისი მომავალი და „განუმზადა თავი თჳსი ქრისტესთჳს სატანჯუელთა“.
სარკინოზებმა დასასჯელად გაიყვანეს გობრონთან ერთად შეპყრობილი ას ოცდაცამეტი მხედარი, „ვითარცა მჴეცნი ბოროტნი განძჳნებულნი შეერინეს აღრეულად და ურთიერთსა უსწრებდეს, რომელნიმე მახჳლითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლებითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ჴორცთა მათთა დანებითა განაპებდეს და ღჳძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა, პირითა გაეტაცა“.
აბულ-კასიმმა გადაწყვიტა, უძლეველი რაინდი ცთუნებით ეძლია და ნეტარ გობრონს უთხრა: „მეწყალის მე სიკეთე სახელოვან ხარ წინაშე ჩუენსა და აწ ვითარცა შვილსა საყვარელსა გასწავებ შენთა და აღიარე ჭეშმარიტი შჯული ჴელმწიფებისა ჩუენისაჲ“. სამაგიეროდ სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს და მონებს შეჰპირდა.
წმიდა გობრონმა მშვიდად მიუგო ამირას: „გევედრები, ჴელმწიფეო, ნუ მაიძულებ მე დატევებად ქრისტეანობისა, რომლითა აღმზარდეს მე მშობელთა ჩემთა და აღბეჭდულ ვარ სულითა წმიდითა… ჭეშმარიტად უწყოდე შენ, რამეთუ არცა კეთილთა შენთა აღთქუმითა, არცა ძჳრ-ძჳრთა ბოროტთა შენთა ჩემ ზედა მოწევნითა შემეძლო განყენებად უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.
წმიდანის პასუხით განრისხებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ცალკერძ დახოცილი თანამებრძოლები, ცალკერძ – აღთქმული სიმდიდრენი: „ვინ უწყის, უკუე შიშმან სიკუდილისამან, ანუ შესაძინელმან კეთილისამან მოდრიკოს გული მისი“. უკან მობრუნებულმა გობრონმა ამირას შეკითხვაზე – „რაჲ გამოირჩიე თავისა შენისა?“ – უპასუხა: „მე პირველადვე გითხარ შენ არა მიდრეკად ქრისტეს უფლისა ჩემისაგან“.
ამირამ უარესი განსაცდელი მოუმზადა წმიდანს: „არა იცის მაგან ჭირი სიკუდილისაჲ, წარიყვანეთ ეგე და წარწყმიდენით მაგის წინაშე დარჩომილნი ქრისტეანენი და მცირედ წყალით ეგე და კუალად მოიყვანეთ“.
წმიდანი ცოცხლად გადარჩენილ მოყვასთა შორის დააყენეს და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. დახოცილთა სისხლი ეპკურებოდა გობრონს, გვამები ფეხებთან უგორდებოდა, მაგრამ საშინელებამ ვერ შეაძრწუნა მისი გული. მაშინ ქედი გადაუდრიკეს წმიდანს, ორგზის სცეს მახვილი და მსუბუქად დაჭრეს. გობრონმა სისხლით ჯვარი გამოისახა შუბლზე და თქვა: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე და ცოდვილი და უკანაჲსკნელი ყოველთაჲ, ნაწილსა ამას მკჳდრობისასა და მოწამებისასა“.
სარკინოზებმა კვლავ აბულ-კასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი. ამირამ უკანასკნელად სცადა წმიდანის მოდრეკა, მაგრამ სისხლმდინარე მოწამემ მტკიცედ მოუგო: „იქმოდე, რაჲცა გნებავს, მე ქრისტიანე ვარ და არასადა უარ ვყო სახელი მისი“. მოთმინებადაკარგულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისთვის და მოკლულებთან დაეგდოთ.
ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები შიგ ჩაყარეს, მიწა მიაყარეს და ქრისტიანებს მათთან მიახლოება აუკრძალეს. საფლავებს ღამღამობით ზეციური ნათელი ადგებოდა.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.