ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. 1 კორ 6:12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
ოთხშაბათი. 6.11.2024. მარხვა
მოწამისა არეთასი და მის თანა 4253 მოწამეთა (523); ნეტარისა ელეზვოისი, ეთიოპიის მეფისა (553-555); მოწამეთა სვინკლიტიკიასი და ორთა ასულთა მისთა (VI); ათანასე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (1311-ის შემდეგ). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ (1688).
დღის ლოცვები
მოწამე არეთასი და მისთანა 4299-თა მოწამეთა
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთათვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.
კონდაკი: მხიარულებისა ჩუენდა მომატყუებელი ღუაწლით შემოსილთა ნათლით შემოსილი დღესასწაული წარმოსდგა დღეს, რომლისა მგალობელნი ვადიდებთ მაღალთა შინა მყოფსა უფალსა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ფლპ. 2: 24-30 (დას. 243). ლკ. 11: 9-13 (დას. 56).
მოწ.: ებრ. 11: 33-40; 12: 1-2 (დას. 330). მთ. 10: 32-36; 11:1 (დას. 38).
ლიტ.: ფლპ. 2: 24-30
24. მჯერა უფლისა, რომ თვითონაც მალე გეწვევით. 25. მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე გამომეგზავნა ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, ჩემი თანამოსაქმე და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და ჩემი გაჭირვების მსახური. 26. რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუხდა, როცა გაიგო, რომ თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს. 27. და მართლაც, ისე ავად იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის, და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა. 28. ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა სადარდელი. 29. მთელი სიხარულით შეიწყნარეთ იგი უფალში და პატივი ეცით მისთანებს. 30. ვინაიდან ქრისტეს სამსახურისათვის გადადო და სასიკვდილოდ გასწირა თავი, რათა ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი შეევსო.
ლიტ.: ლკ. 11: 9-13
9. ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, 10. რადგან ყველა მთხთვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. 11. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას? 12. ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? 13. ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?
მოწ.: ებრ. 11: 33-40; 12: 1-2
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
მოწ.: მთ. 10: 32-36; 11:1
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 34. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. 35. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი – დედამისს, და რძალი – დედამთილს მისას. 36. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“
ევედრებიან ჩაგრულნი, ბეჩავნი, წამებულნი; შეტევებით, ხელების სისუსტით, ყელის სნეულებით ტანჯულნი და ტუბერკულოზით დაავადებულნი
ხატი მოსკოვის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება, მასზედ არის წარწერა: „შიშველთა სამოსელი, სნეულთა მკურნალი“. ამ ხატმა XVII ს-ში რუსეთის პატრიარქის და – ეფემია განკურნა, რომელიც გაურკვეველი სნეულებით იტანჯებოდა.
ტროპარი, ხმა 8
ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღუთისმშობელსა მარადის აღმომდინარესა წყაროსა გულმოწყალებისასა მიველტვით კაცნი ყოველნი, მღუდელნი და მონაზონნი, დედანი და მამანი, პირმშონი, სნეულნი და კურნებულნი, სინანულითა მგალობელნი და ლმობიერად მხმობელნი: დედუფალო, შეწევნაჲ შენი ცოდუილთა მონათა ამათ შენთა ზედა გარდამომივლინე, ვითარცა სახიერი დიდებაჲ შენი, მარადის ისწრაფე შეწყალებად ჩუენდა, ითხოე განწმედაჲ სულთა და ხორცთა ჩუენთა, ცხორებისა წყაროჲსა ჩუენისა – ღუთისაგან, რომელიცა შევ, მხოლოო კურთხეულო!
ლოცვა 1
უსასოთა სასოო, უძლურთა ძალო, ნავთსაყუდელო აღძვრასა შინა ჭირვეულთაო, მეოხო ჩაგრულთაო, პურო მანანაჲსაო, მწყურვალთა დამარწყლულებელო, ნექტარო წყურიელთათვის ზეციურისა განსვენებისაო, დედაო უფროსადსკურთხეულისა ღმრთისაო, მხოლოჲსა შენდა მოვილტვით ყოველთა სულითა, მოვუდრეკთ მუხლთა ჩუენთა საფარველსა შენსა, დედუფალო. ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა და გოდებათა ჩუენთა, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო! დაღაცათუ შიშითა აღამავსებს მე უღირსებაჲ ესე ჩემი და უბადრუკებაჲ ცოდუათა ამათ ჩემთა, არამედ მარწმუნებს მე აღმადგინებელი ხატი ესე, რომელსა ზედა არს ძალი და მადლი შენი. ვითარცა ზღუაჲ დაულევნელი, ვხედევდ ვითარმედ, ბრმანი ხედვენ, მკელობელნი ვლენან, მწირთა დაიფარავ საფარველითა შენითა, შესვენებულთა დედაო და ყოველთათვის ვედრებათა უხუებათა აღმასრულებელო. მათისა შეწყნარებისა სახისა მხილველი, შენდა შევრდომილ ვარ მე, დაბრმობილი ესე თუალითა სულიერითა და მკელობელი სულისა საგრძნობელითა. აღიღე ყოველი მწუხარებაჲ ჩემი, აღიღე ყოველი ჭირი ჩემი; ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩემსა, ჰოი, კეთილისამომღებელო! ნუ მომიძაგებ მე ცოდუილსა, ნუ უგულებელსმყოფ მე შემწკივლებულსა. ვუწყი, ვითარმედ ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, ჰოი, სახიერო სასოო ჩემო ძუძუჲთგან დედისა ჩემისათა, შენდა შევრდომილ ვარ წიაღითგან დედისა ჩემისა, შენდამი დატევებულ ვარ, ნუსადა დამიტევებ მე, ნუმცა გარემიიქცევი ჩემგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა 2
დედუფალო ჩემო სახიერო, საოო ჩემო ღმრთისმშობელო, ობოლთა მოყუარეო და ყარიბთა შუამდგომელო, მწუხარეთა სიხარულო და ჩაგრულთა მფარველო! ხედვედ ჭირსა ჩემსა, ხედვედ მწუხარებასა ჩემსა. შემეწიე მე, ვითარცა უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი, შეურაცხებაჲ ჩემი აღიღე და დახსენ იგი, ვითარცა გენებოს; რამეთუ არა მივის სხუაჲ შემწე, თვინიერ შენსა, არა მივის სხუაჲ შუმადგომელ და არცა სახიერი ნუგეშინისმცემელი, მხოლოო შენ, ჰოი ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მცავ მე და მიფარავ მე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა 3
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველთა ქერუბიმთა უპატიოსნესო და სერაფიმთა უზეშთაესო, ღვთივრჩეულო ყრმაო, მომძიებელო წარწყმედულთაო და მწუხარეთა ყოველთა სიხარულო, მომმადლე ჩუენცა ნუგეშინისცემაჲ შენი დანთქმულთა და მწუხარებასა შინა მყოფთა ამათ, რამეთუ არა არს ჩუენდა მფარველ და შემწე თვინიერ შენსა, შენ მხოლო ხარ სიხარულისა ჩუენისა მიზეზი და ვითარცა დედა ღუთისა და დედა გულმოწყალებისა წარდგომილ ხარ წინაშე საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისა. ძალ-გიც შეწევნაჲ ჩუენი, არსადა სირცხვილეულ იქმნეს ყოველი, რომელი შენდა მოლტოლვილ არს. ისმინე აწცა დღესა ჭირისა და მწუხარებისა ჩუენისასა, რომელნი შევრდომილ ვართ ხატსა შენსა და ცრემლითა გევედრებით: განმაშორენ ყოველნი ტანჯუანი და ვნებანი მოწევნულნი ჩუენ ზედა ცხორებასა ამას შინა, ნუ მომაკლებ ყოვლადძლიერსა მეოხებასა და საუკუნოსა დაუსრულებელსა სიხარულსა სასუფეველსა მას ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისასა, ამინ!
ლოცვა 4
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, უფროსადკურთხეულო დედაო ქრისტეს ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისაო, ყოველთა მწუხარეთა სიხარულო, სნეულთა მომხილველო, უძლურთა საფარველო და მეოხო, ქურივთა და ობოლთა დამფარველო, მწუხარეთა დედათა უფროსად აღმატებულო ნუგეშინისმცემელო, ყრმათა უძლურთა სიმტკიცეო, და ყოველთა შეუწევნელთა შეწევნად მარადის განმზადებულო და მტკიცეო ნავთსაყუდელო. შენდა, ჰოი ყოვლადმოწყალეო, მოცემულ არს მადლი მაღლისა მიერ, რაჲთა ექმნა შუამდგომელად ყოველთა და ხსნად მათ და მწუხარებათაგან და სნეულებათა.
რამეთუ მწუხარებანი და სნეულებანი სასტიკნი დაითმინე შენ, რაჟამს ხედევდი ნებსით ვნებასა საყუარელისა ძისა შენისასა და ჯუარსა ზედა იხილე იგი, რაჟამს მახუილი წინაუწყებისაებრ სიმეონისა განვიდოდა გულსა შენსა. ამისთვისცა უმეტესად შეისმინე ვედრებაჲ ჩუენი, დედაო შვილთმოყუარეო, ნუგეშინისგვეც ჩუენ მწუხარებათა ჩუენთა შინა, ვითარცა ჭეშმარიტისა სიხარულისა მომატყუებელმან, რომელი წარდგომილ ხარ წინაშე საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისა, მარჯუენით ძისა შენისა და ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა. ძალგიძს უკეთუმცა გენებოს, ვედრებად მისდა, რაჲთა მოგუანიჭოს სარგებელი ყოველი; ამისთვისცა სარწმუნოებითა გულისათა და სიყუარულითა სულთა ჩუენთასა შევრდომილ ვართ შენდა, ვითარცა დედუფლისა და ფსალმუნთა გალობასა ვიკადრებთ: ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი, შეისმინე ვედრებაჲ ჩუენი და გარემოდგომილთა მწუხარებათა ჭირთაგან გვიხსენ ჩუენ: რამეთუ შენ ხარ ყოველთა მართალთა განმართლებაჲ, ვითარცა მწუხარეთა სიხარულითა აღმავსებელმან და სულთა მათთათვის მშვიდობისა და ნუგეშინისცემისა მომატყვილებელმან, რომელიც ხედვედ მწუხარებათა და ჭირთა ჩუენთა, გვიჩუენე მოწყალებაჲ შენი, გარდამოუვლინე ნუგეშინისცემაჲ ნაღვლითა მოწყლულთა გულთა ჩუენთა. გვიჩუენენ და განგვაკვირვენ ჩუენ ცოდუილნი სიმდიდრითა მოწყალებისა შენსითა. მოგუეც ჩუენ ცრემლი სინანულისა განსაწმედელად ცოდუათა ჩუენთა და დამაცხრობელად ღმრთისა რისხუისა, რაჲთა წმიდითა გულითა და სინდისითა კეთილთა და შეუორგულებელითა სასოჲთა მოველტვოდეთ შუამდგომელობასა და მეოხებასა შენსა. მიიძღუანე, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ჩუენო, გულისმოდგინებითი ვედრებაჲ ჩუენი შენდა შეწირული და ნუ განგუაშორებ ჩუენ უღირსთა ამათ გულმოწყალებასა შენსა, არამედ მოგუმადლე ჩუენ განთავისუფლებაჲ მწუხარებათაგან და სნეულებათაგან ჩუენთა და ყოვლისა საშჯელისაგან მტერისა და ცილისწამებისაგან კაცთასა დამიცევ მე, მეყავნ მე შემწედ განუშორებელად ყოველთა დღეთა ცხორებასა ჩემისათა რაჲთა დედობრივსა საფარველსა შენსა ქუეშე მარადის ვეგნეთ სიმრთელით, დაცულნი შენითა შუამდგომელობითა და ვედრებითა წინაშე ძისა და მაცხოვნებელისა ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, დაუსაბამოჲთ მამით და სულით წმიდითურთ, აწ დამარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე არეთა და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი მოწამე (+523) წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით – ოთხიათას ორას ორმოცდათორმეტი) VI საუკუნეში ეწამნენ მართლმადიდებლობის ერთგულებისთვის. არეთა იყო არაბეთის ქალაქ ნეგრანის მმართველი, რომლის მცხოვრებლებიც ქრისტიანები იყვნენ.
უსჯულო მეფემ ბრძანა, დიდი კოცონი დაენთოთ და სხვა ქრისტიანების დასაშინებლად ყველა ღვთისმსახური შიგ ჩაეყარათ. ასე დაწვეს ოთხასოცდაშვიდი ღვთისმსახური. მმართველი არეთა და სხვა უხუცესები საპყრობილეში გამოკეტეს. „არ უარვყოფთ ქრისტეს, რადგან ის ჩვენთვის სიცოცხლეა, მისთვის სიკვდილი კი – შესაძინელი“, – ერთხმად ღაღადებდნენ ქრისტიანები. უღმერთოებმა ქრისტეს აღსარებისთვის ქალაქ ნეგრანისა და მისი მახლობელი სოფლების ოთხი ათასზე მეტ მკვიდრს წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა არეთა, ერთი ცნობით, მახვილით განგმირეს.
ნეტარი ელეზვოი – ეთიოპიის მეფე (+დაახლ. 553-555)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.