ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. 1 კორ 6:12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
პარასკევი. 8.11.2024. მარხვა
წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა დიმიტრი თესალონიკელისა, მირონმდინარისა (306); ხსენება კონსტანტინეპოლს მომხდარისას დიდისა და საშინელისა მიწისძვრისა (740); ალექსანდრესი, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსისა (ოქროპირიძე 1907); მოწამისა ლუპესი (306); ღირსისა ათანასე მიდიკიელისა (814); ღირსისა დიმიტრი ბესარბელისა, ბულგარელისა (1685).
დღის ლოცვები
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის, მირონმდინარის
ტროპარი: სამ-გზის სანატრელო, გვირგვინო მოწამეთაო, დიმიტრი ღმერთშემოსილო, მოგვიხსენენ წინაშე სამებისა ქებით მადიდებელნი შენნი და გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი.
ტროპარი: შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა სოფელმან თესალონიკემან, ღუაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო დიმიტრი, მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო, და ხელისამპყრობელო ქრისტეანეთაო, რომელმან ამპარტავნებაი უსჯულოსა ლეოსი დაამხუე და ბრძოლასა შინა ნესტორ განაძლიერე, აწცა, ღმერთშემოსილო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სისხლთა შენთა ნაკადულითა, დიმიტრი, ეკლესია ღმრთისა პორფიროვან-ჰყავ, რომელმან მოგცა შენ ძლევაი უძლეველი და დაიცევ ქალაქი შენი უბრძოლველად, რამეთუ შენ ხარ სიქადულ მისსა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ლიტ.: მიწისძვრისა: ებრ. 12: 6-13, 25-27 (დას. 331 შუა). მთ. 8: 23-27 (დას. 27).
რიგ.: ფლპ. 3: 8-19 (დას. 245). ლკ. 11: 23-26 (დას. 58).
დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10 (დას. 292). ინ. 15: 17 – 16: 2 (დას. 52).
ცისკ.: მთ. 10: 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
ლიტ.: მიწისძვრისა: ებრ. 12: 6-13, 25-27
6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“. 7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? 8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. 9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ? 10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს – ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს. 11. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს – მშვიდობას. 12. მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები. 13. მოასწორეთ ბილიკნი თქვენს ფეხთათვის, რათა გზას კი არ გადასცდეს კოჭლი, არამედ განიკურნოს.
25. ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს? 26. ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“. 27. ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი.
ლიტ.: მიწისძვრისა: მთ. 8: 23-27
23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები. 24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა. 25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. 26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 27. ბოლოს განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
რიგ.: ფლპ. 3: 8-19
8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის – ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე, 9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული; 10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს 11. და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. 12. იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო. 13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც. 16. ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ. 17. მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში. 18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები, 19. რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი – მუცელი, დიდება კი – სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.
რიგ.: ლკ. 11: 23-26
23. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს. 24. როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. 25. და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს. 26. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
დიდმოწ.: ინ. 15: 17 – 16: 2
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
740 წელს კონსტანტინოპოლი და ბიზანტიის იმპერიის ბევრი ქალაქი შეძრა საშინელმა მიწისძვრამ. დედაქალაქში დაინგრა უამრავი შენობა, ჩამოინგრა თეოდოსის კედლის ნაწილი. ეს იყო ნიშანი მართლმადიდებლურ სიწმინდეთა მდევნელი, ხატმებრძოლი იმპერატორის, ლევ ისავრიელის მმართველობის დასასრულისა. იგი ამ მოვლენიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
ამ უბედურებისგან გადარჩენის აღსანიშნავად შეადგინეს ტროპარ-კონდაკი და საერთო საეკლესიო მოხსენიებებში შეიტანეს 740 წლის მიწისძვრის ხსენებაც.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე (+დაახლ. 306)
დანიშნულების მიღების შემდეგ თესალონიკში დაბრუნებულმა დიმიტრიმ, მართლმორწმუნეთა დევნის ნაცვლად ქრისტიანობის დაუფარავ ქადაგებასა და წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და კერპთმსახურებასთან შეურიგებელ ბრძოლას შეუდგა. როცა გალერიუსმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. შავიზღვისპირეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა, გადაწყვიტა, თავისი მხედრობითურთ თესალონიკზე გაევლო და სასტიკად გასწორებოდა იქაურ ქრისტიანებს. დიმიტრის იმპერატორის განზრახვა ადრევე შეატყობინეს და მანაც წინასწარი თადარიგი დაიჭირა: მის მსახურს, ლუპეს მთელი ქონების გლახაკებისთვის დარიგება უბრძანა: „მიწიერი საუნჯე მათ განუყავი, ჩვენ კი ზეციური ვეძიოთო“, თავად კი მოწამეობრივი აღსასრულის მოლოდინში მარხვასა და ლოცვას მიეცა.
როცა უსჯულო გალერიუსი ქალაქში შევიდა, დიმიტრი დაუყოვნებლივ წარადგინეს მის წინაშე. წმიდანმაც ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა რომაული წარმართობის სიცრუე და ამაოება. გააფთრებულმა თვითმპყრობელმა აღმსარებელი საპყრობილეში ჩააგდო. ნეტარს უფლის ანგელოზი ეცხადებოდა, ნუგეშს სცემდა და წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, ამასობაში კი გალერიუსი ამაზრზენ გლადიატორულ სანახაობებს მართავდა და ტკბებოდა იმის შემყურე, თუ როგორ ამარცხებდა ორთაბრძოლებში ქრისტიანებს მისი საყვარელი ძალოსანი, გერმანელი ლიუსი და ფიცარნაგიდან მეომართა მახვილებზე აგდებდა. ახოვანი ჭაბუკი, თესალონიკელი ქრისტიანი ნესტორი საპყრობილეში მივიდა დიმიტრისთან და ბარბაროსთან შებრძოლებაზე კურთხევა სთხოვა. უფლის რჩეულის კურთხევითა და ლოცვით მან დაამარცხა უღმრთო გერმანელი, ისევე გადააგდო ფიცარნაგიდან, როგორც თავად აგდებდა მართლმორწმუნეებს და მეომართა მახვილებზე ჩამოაცვა. განრისხებულმა გალერიუსმა ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათ ნესტორი (ხს. 27 ოქტომბერს), შემდეგ კი დილეგში მცველები გაგზავნა ამ ღვაწლზე ნესტორისთვის კურთხევის მიმცემი წმიდა დიმიტრის მოსაკლავად.
306 წლის 26 ოქტომბერს, განთიადისას მიწისქვეშა საპყრობილეში გამომწყვდეული წმიდანის საკანში მხედრები შეიჭრნენ და უფლის რჩეული მხეცურად მოკლეს. ნეტარის ერთგულმა მსახურმა ლუპემ შეაგროვა თავისი ბატონის სისხლი და იმპერატორის ნაბოძებ ბეჭედთან ერთად შეინახა.
ბეჭდითა და წმიდა დიმიტრის სისხლით განწმენდილი სხვა სიწმიდეებით ნეტარი ლუპე შემდგომ მრავალ კურნებას აღასრულებდა. წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ცხედარი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ თესალონიკელმა ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს იგი და მიწას მიაბარეს.
წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა. წმიდა დიმიტრის თაყვანისმცემლებს არაერთხელ უცდიათ მისი ნაწილების კონსტანტინოპოლში გადასვენება, მაგრამ დიდმოწამე ღვთის საკვირველი განგებულებით ყოველთვის ავლენდა თავის ნებას – მშობლიური თესალონიკის მფარველად და მცველად დარჩენილიყო.
ღირსი ათანასე მიდიკიელი (+დაახლ. 814)
ღირსი დიმიტრი ბესარაბიელი (+1685)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.