1.12.2024. 23-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI.

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.                                                             ეფ. 6: 10-12 

23-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI.

კვირა. 1.12.2024.  ხსნილი თევზით 

მოწამისა პლატონისა (302/306); მოწამეთა რომანოზ დიაკონისა და ყრმისა ბარულისა (303); მოწამეთა ზაქესი, ღადარინელი დიაკონისა, და ალფესისა, კესარიელ წიგნისმკითხველისა (303). 

დღის ლოცვები

მოწამე პლატონის კონდაკი:

წმიდათა შენთა სახსენებელსა, მაცხოვარ, იხარებს სოფელი და ღაღადებენ ყოველნი სარწმუნოებით ტაძარსა შინა მათსა, სადა იგი სურვილით შემოკრებულ ვართ და ვგალობთ ბრწყინვალითა ხმითა, და გევედრებით: მეოხებითა მათითა წარმართთა ზედამოსლვისაგან იხსენ ქალაქი შენი, უფალო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).
ლიტ.: ეფ. 2: 4-10 (დას. 220). ლკ. 12: 16-21 (დას. 66). 

ცისკ.: მთ. 28: 16-20 

16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.

ლიტ.: ეფ. 2: 4-10 

4. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა, 5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი), 6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში, 7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში. 8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა; 9. და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს. 10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.

ლიტ.: ლკ. 12: 16-21 

16. და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა; 17. საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი? 18. და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს. 19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. 20. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი? 21. ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის (ხს. 16 ივლისს) ძმა, დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში მიიყვანეს, მმართველ აგრიპინას სამსჯავროზე. მსაჯული თავდაპირველად ეცადა, ლიქნით დაეყოლიებინა წმიდანი ქრისტეს უარყოფაზე – არწმუნებდა, თუ წარმართულ ღმერთებს სცემ თაყვანს, სიბრძნით თვით დიდ ფილოსოფოს პლატონს გაუტოლდებიო. ამაზე წმიდა პლატონმა უპასუხა, ფილოსოფოსის სიბრძნე დიდია, მაგრამ წარმავალი და შეზღუდული; ჭეშმარიტ, მარადიულ და უსაზღვრო სიბრძნეს კი მხოლოდ სახარებისეული სწავლება შეიცავსო. მსაჯულმა წმიდანს მაცხოვრის უარყოფის ფასად თავისი მომხიბლავი ასული შესთავაზა ცოლად, ურჩობის შემთხვევაში კი წამებითა და სიკვდლით დაემუქრა. ნეტარმა პლატონმა მიუგო, წარმავალ სიკვდილს ვირჩევო საუკუნო სიცოცხლისთვის. აღმსარებლის კადნიერებით განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ჯერ დაუნდობლად ეგვემათ წმიდანი, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაეგდოთ. ციხის კარებთან უამრავმა ხალხმა მოეყარა თავი. მათ შორის იყვნენ მართლმორწმუნეებიც, რომელთაც უფლის რჩეულმა ხმამაღლა მიმართა: „იცოდეთ, ძმებო, მე რაიმე დანაშაულისთვის კი არ ვიტანჯები, არამედ მთელი სამყაროს შემოქმედი ჭეშმარიტი ღმერთის აღსარებისთვის. გევედრებით, ქრისტიანებო, ნუ შეგაძრწუნებთ ჩემი წამება; „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, და ყოვლისაგან იხსნეს იგინი უფალმან“; მტკიცედ ვსდგეთ სარწმუნოების შეურყეველ კლდეზე და ღვთისმოსაობისთვის ტანჯვა ნუ შეგვაშინებს, რადგან ამ წარმავალი ჟამის ვნებანი ვერ შეედრება ჩვენთვის განმზადებულ დიდებას“.
ერთი კვირის შემდეგ წმიდა პლატონი კვლავ აგრიპინას სამსჯავროზე მიიყვანეს ზევსის ტაძარში, სადაც უკვე განმზადებული იყო წამების იარაღები: მდუღარე ქვაბები, გახურებული რკინის სარეცელი, ბასრი კავები. წმიდანს შესთავაზეს, ან მსხვერპლი შეეწირა კერპისთვის, ან ამ იარაღების მოქმედება საკუთარ თავზე გამოეცადა. ნეტარმა მარტვილმა ამჯერადაც მტკიცე უარი განაცხადა მათი მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ მას კვლავ სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი საკანში ჩააგდეს და თვრამეტი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. როცა უსჯულოებმა იხილეს, რომ ამგვარადაც ვერ მოდრეკდნენ წმიდანის ნებას, მას მზაკვრული წინადადება წაუყენეს – სიცოცხლე და თავისუფლება აღუთქვეს, თუ წარმოთქვამდა: „დიდ არს უფალი აპოლონი“. „სიტყვითაც არ მსურს შევცოდო“, – უპასუხა მხნე აღმსარებელმა. მტარვალის ბრძანებით ნეტარ პლატონს თავი მოჰკვეთეს (+302 ან 306). 
წმიდა მოწამე რომანოზი კესარიის პალესტინის ტაძრის ხუცესი იყო. როცა იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, იგი ანტიოქიაში გადასახლდა და ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა.
ერთხელ ანტიოქიის მმართველმა, ასკლიპიადმა ქრისტიანული ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. წმიდა რომანოზმა მორწმუნეებს სიწმიდის დასაცავად მოუწოდა: „თუ საყდარს დავიცავთ, ამსოფლადვე, მებრძოლ ეკლესიაში გავიხარებთ, ხოლო თუ დავიღუპებით მისი დაცვისას – ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ვიზეიმებთ!“ მმართველმა ხალხის სიმტკიცე რომ იხილა, თავისი ბოროტი განზრახვის შესრულება ვერ გაბედა.
გავიდა რამდენიმე ხანი. მთელი ოლქიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ანტიოქიაში, წარმართულ დღესასწაულზე. წმიდა რომანოზი ბრბოსთან ერთად ზეიმზე მიმავალ ასკლიპიადს შეხვდა და მოუწოდა, დაეგდოთ კერპების მსახურება და ქრისტეს შედგომოდნენ. ამისთვის ნეტარი ხუცესი შეიპყრეს და საწამებლად შეაგდეს. წმიდა მოწამე უსიტყვოდ იტანდა სატანჯველებს, როცა მტარვალმა ქრისტიანობას ფანატიზმი უწოდა, ნეტარმა ღვთის განგებით ასკლიპიადს იქვე მდგარ ყრმა ბარულზე მიუთითა და უთხრა: „ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შენ კი ღმერთს არ იცნობ“. ასეთი მოულოდნელი გაკილვით გაოცებულმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა: „მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს?“ – „იესო ქრისტეს“, – უპასუხა ნეტარმა. – „რითი სჯობს თქვენი ქრისტე ჩვენს ღმერთებს?“ – კვლავ ჰკითხა ასკლიპიადმა. – „იმით, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია, ჩვენ ყველანი მან შეგვქმნა და გამოგვისყიდა“, – მიუგო ყრმამ. გაბრაზებულმა მტარვალმა ბავშვის გაროზგვა ბრძანა. წმიდა ბარული მოთმინებით იტანდა დაუნდობელ გვემას. თითქმის სისხლისგან დაცლილმა წმიდა ყრმამ ცოტაოდენი წყალი ითხოვა. მაშინ ხალხს ყრმა მოწამის დედა გამოეყო და შვილს შეაგონა, ყველაფერი დაეთმინა ქრისტესთვის. ბოლოს ასკლიპიადმა განკარგულება გასცა, ბავშვისთვის თავი მოეკვეთათ. დედამ შვილი თვითონ წაიყვანა სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ეხვეოდა მას, კოცნიდა, თან ამშვიდებდა და განამტკიცებდა, რომ აღმართული მახვილის არ შეშინებოდა: „ჩემო უტკბესო, სიკვდილის ნუ გეშინია; შენ არ მოკვდები, დაუსრულებლად იცოცხლებ – როცა მახვილს დაგცემენ, ანგელოზები მიგიღებენ და სამოთხის სანახებში, მარადიული ნეტარების სამკვიდრებელში აგიტაცებენ. იქ ქრისტე მოგეხვევა, ყველა წმიდანის მეგობარი გახდები და მეც მალე მოვალ შენთან, ძალიან მალე“, – ამ სიტყვებით მიიყვანა ახოვანმა ქალმა წმიდა ბარული საჯალათო კუნძთან. ყრმა მოწამე ისე აღესრულა, რომ კვნესაც არ აღმოხდენია. დედამ ქრისტესთვის აღსრულებული შვილის წმიდა ნეშტი ცრემლებით დაალტო და მიწას მიაბარა.
წმიდა რომანოზს ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ უეცრად ძლიერმა წვიმამ კოცონი ჩააქრო. უფლის რჩეულმა გალობა დაიწყო ქრისტეს სადიდებლად. მმართველმა ბრძანა, ენა მოეჭრათ მისთვის, მაგრამ ენამოკვეთილი ნეტარი მაინც ხმამაღლა აქებდა ზეცათა მეუფეს. ბოლოს მტარვალის განკარგულებით წმიდანი ჩამოახრჩვეს (+303). 
წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფესი – კესარიელი მედავითნე ხორციელი ნათესავები იყვნენ. ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უამრავ სხვა მართლმორწმუნესთან ერთად წმიდა ზაქეც შეიპყრეს. მან დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება, რისთვისაც საშინლად აწამეს, მაგრამ ქრისტეს უარყოფაზე ვერ დაითანხმეს. დიოკლეტიანეს დროს მაცხოვრის მოსავები ისე სასტიკად იდევნებოდნენ, რომ წამების შიშით ზოგი ქრისტიანი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე თანხმდებოდა. საღვთო შურით ანთებული კესარიის ეკლესიის მედავითნე, ალფესი შეერია წარმართული სამსხვერპლოსკენ მიმავალ ქრისტეს უარმყოფლებს და მოუწოდა, სული არ წაებილწათ. მაშინ უფლის რჩეული შეიპყრეს და ტანჯვა-წამების შემდეგ ზაქესთან ერთად საერთო ბორკილი დაადეს. ღამით წმიდანები საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ და მოსალოდნელი აღსასრულის წინ ერთმანეთს განამტკიცებდნენ. დილით უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს (+303). 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.