12.12.2024. 25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.                             ეფ. 6: 10-12 

25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

12.12.2024. ხსნილი თევზით 

აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა (VI); მოწამისა პარამონისა და მის თანა 370-თა მოწამეთა (250); მოწამისა ფილუმენისა (274). 

დღის ლოცვები 

მღვდელმოწამე აბიბოსისა, ნეკრესელი ეპისკოპოსისა, ათცამეტთა სირიელ მამათაგანის 

ტროპარი: აწ განსცხრებოდე, ქართველთა ეკლესიაო, რამეთუ აღყვავენ სახედ შროშანთა სისხლითა მღვდელმოწამისა აბიბოსისათა და შეუთხზენ ქება ღირსსა მას ქებისასა, და გვირგვინოსან-მყოფელსა მისსა ქრისტესა ადიდებდი, რათა მეოხებითა მისითა მომადლოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: საღმრთოსა მწყემსსა და მოწამესა, და მმარხველთა შუენიერებასა აბიბოსს შევასხმიდეთ, რომელმან გვირგვინითა პირად-პირადთა მოღებითა მოიგო სახელდიდებულება და მცხინვარედ განუტევნა ელვანი კურნებისა მადლთანი, და დაუცხრომელითა მეოხებითა შემსხმელთა თვისთა და მოწყალე-ჰყოფს ღმერთსა ძალთასა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: მთ. 10: 23-31 (დას. 37).
ლიტ.: 2 თეს. 2: 13-3: 5 (დას. 276). ლკ. 20: 9-18 (დას. 100).
აბიბოსისა: 2 ტიმ. 1: 8-18 (დას. 291). ლკ. 12: 32-40 (დას. 67). 

ცისკ.: მთ. 10: 23-31 

23. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. 24. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი. 25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის – როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. 26. მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 27. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. 28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. 29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. 30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. 31. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.

ლიტ.: 2 თეს. 2: 13-3: 5 

13. ხოლო ჩვენ გამუდმებით მადლს უნდა ვწირავდეთ ღმერთს თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმანო, რადგანაც ღმერთმა სულის განწმენდითა და ჭეშმარიტების რწმენით დასაბამითვე ამოგირჩიათ სახსნელად. 14. სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას. 15. მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით. 16. ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, – 17. ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში. 

1. მაშ, ილოცეთ, ძმანო, ჩვენთვის, რათა სიტყვა ღვთისა განავრცოს და იდიდოს, როგორც თქვენს შორის, 2. რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა. 3. მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან. 4. ხოლო ჩვენ გენდობით უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც აღასრულებთ, რასაც გამცნობთ. 5. უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ.

ლიტ.: ლკ. 20: 9-18 

9. და უთხრა ხალხს ეს იგავი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და მისცა იგი მევენახეებს, თვითონ კი დიდი ხნით გაემგზავრა. 10. როდესაც დრომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მისთვის; მაგრამ მევენახეებმა სცემეს და ხელცარიელი გაისტუმრეს. 11. ახლა სხვა მსახური გაგზავნა; ხოლო მევენახეებმა ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს. 12. და კვლავ გაგზავნა მესამეც; მათ კი დაჭრეს და გააგდეს იგი. 13. მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: რა ვქნა? მოდი, გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ მისი რიდი მაინც დაიდონო. 14. მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ დაგვრჩება მისი სამკვიდრო. 15. ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი? 16. მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას! 17. იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომეღიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? 18. ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.

აბიბოსისა: 2 ტიმ. 1: 8-18 

8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით, 9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში, 10. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით; 11. ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი, 12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის. 13. სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში. 14. შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. 15. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც. 16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები. 17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. 18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.

აბიბოსისა: ლკ. 12: 32-40 

32. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი. 33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას. 34. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. 35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი – ანთებული. 36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. 37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. 38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირად ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. 39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. 40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა მოწამე პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათნი მის თანა 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251) მეფობისას აღესრულენ ქრისტესთვის. ბითვინიის (მცირე აზია) მთავარმა, აკვილინემ სამას სამოცდაათი მართლმორწმუნე შეაპყრობინა და წამებით აიძულებდა მათ, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ქრისტიანთა ტანჯვა რომ იხილა, ადგილობრივმა მკვიდრმა, დიდებულმა პარამონმა შესძახა: „რამდენი უდანაშაულო იღუპება იმისთვის, რომ უსულო კერპებს არ სცემს თაყვანს!“ ამისთვის ისიც შეიპყრეს, ენა გაუხვრიტეს, სხეული მახვილებით დაუსერეს, დაბოლოს, სხვა სამას სამოცდაათ მოწამესთან ერთად თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა მოწამე ფილუმენი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა და პურის გაყიდვით ირჩენდა თავს. როცა იმპერატორმა ავრელიანემ (270-275) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოშურნეებმა წმიდანი მმართველ ფელიქსთან დაასმინეს – ქრისტეს აღიარებსო. სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა ფილუმენმა არ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც საშინლად აწამეს მანამ, სანამ, სისხლისაგან დაცლილმა, სული უფალს არ შეჰვედრა. ეს მოხდა 274 წელს. 
წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. ისინი უშუალოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და გამოაგზავნა. მათ ცხოვრებაში სწერია, რომ ისინი იყვნენ „ღმრთისა სათნონი ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელსაცხებელითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათლებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონნი უცთომელნი მონოზონებისანი“ და მათ შორის წმიდა აბიბოს ნეკრესელი, „მღვდელთმოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი. სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაჲ, შემწირველი უბიწოდ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელმან თავიცა თჳსი შეწირა მსხუერპლად მისსა მიმართ ჴელითა უსჯულოჲსა მარზპანისაჲთა“.
წავიდა მამა თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის და იოანე ზედაზნელის კურთხევით წმიდა აბიბოსი ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. მადლმოსილი მსახურებისთვის წმიდა აბიბოსი „იქმნა… ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა-მჴრისა დიდოთურთ. ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი“, – წერს ვახუშტი ბაგრატიონი „ქართლის ცხოვრებაში“.
ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.
წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმიდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი აცნობეს სპარსეთის მარზპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმიდა აბიბოსი.
წმიდა აბიბოსი შავმთელი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამის სვიმონ მესვეტის (ხს. 1 სექტემბერს) მეგობარი იყო. ღჲრს სვიმონს ღმრთისგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა.
ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული წმიდა მღვდელმთავარი. გზად მას ქართველები დახვდნენ და განთავისუფლების იდეა შესთავაზეს. წმიდა აბიბოსმა არ მიიღო წინადადება.
მღვდელმოწამემ მტარვალებს სთხოვა, წმიდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. წმიდა მამებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულთმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. წმიდა შიომ უთხრა: „ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან, რაჲთა აღტყინებულიცა იგი უჩინოჲ ცეცხლი, რომელ აღუზნიეს შენთჳს ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად… უწყოდე, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალი და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა…“ მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს.
მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა სამსჯავროზე წარმდგარ წმიდა ეპისკოპოსს: „რაჲსათჳს უვარ-ჰყავ უფლებაჲ მეფეთ-მეფისაჲ და მოჰკალ ღმერთი ჩუენი?“ წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: „მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაჲთამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაჲ. ხოლო გლოცავ, რაჲთა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ“. კადნიერი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა კვლავ ჰკითხა: „მე გკითხავ, რაჲსათჳს მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳყვანნე?“ ნეტარმა აბიბოსმა კვლავ მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. „აწ მიკჳრს თქუენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხჳლ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს?“ მარზპანი საშინლად განარისხა წმიდა მღვდელმთავრის ასეთმა პასუხმა და მისი წამება ბრძანა.
ჯალათებმა საშინლად ტანჯეს ნეტარი აბიბოსი და ბოლოს „ქვითა განტვინეს“. მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეფლა წმიდანის ნეშტი.
ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს წმიდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და დაკრძალეს წმიდა ტრაპეზის ქვეშ. 
ღირსი აკაკი სინელის შესახებ წმიდა იოანე კიბისაღმწერელი (ხს. 30 მარტს) მოგვითხრობს თავის „სათნოებათა კიბეში“. ნეტარი აკაკი ცხრა წლის მანძილზე – სიკვდილამდე მორჩილებით იტანდა უდები და უწყალო მოძღვრის სასტიკ მოპყრობას, რისთვისაც უფალმა ცხონება მიმადლა (მისი ცხოვრება იხილეთ 7 ივლისის საკითხავში). 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.