14.12.2024. 25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.                             ეფ. 6: 10-12 

25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

14.12.2024. ხსნილი თევზით 

წინასწარმეტყველისა ნაუმისა (VIIს. ქრ. შ-მდე); მართლისა ფილარეტ მოწყალისა (792); მოწამისა ანანია სპარსისა. 

დღის ლოცვები 

წინასწარმეტყველი ნაუმის კონდაკი: 

განათლდა სულითა წმიდითა გული შენი და იქმნა წინაისწარმეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედვიდა, ვითარცა აწინდელსა ყოფადსა მას; ამისთვის პატივს გცემთ შენ, წინასწარმეტყუელო, ნეტარო ნაუმ დიდებულო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: გალ. 1: 3-10 (დას. 199). ლკ. 12: 32-40 (დას. 67). 

ლიტ.: გალ. 1: 3-10 

3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, 4. რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით, 5. ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 6. მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე. 7. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. 8. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. 9. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს. 10. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.

ლიტ.: ლკ. 12: 32-40 

32. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი. 33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას. 34. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. 35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი – ანთებული. 36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. 37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. 38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირად ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. 39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. 40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წინასწარმეტყველი ნაუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ. წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა: ძველი მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი ქალაქი მტრებმა ერთიანად დაანგრიეს და გაძარცვეს, მდინარე ტიგროსის ადიდებამ კი საბოლოოდ გაანადგურა იგი.
წინასწარმეტყველი ნაუმი ახალი აღთქმის მოვლენებსაც წინასწარ ჭვრეტდა: „მალეობენ, ეგერა, ფერჴნი მთათა ზედა მახარებელისა და მიმთხრობელისათა მშჳდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინონ მერმე განვლაჲ დასაძუელებლად მოესრულოს, მოიკლას“ (ნაუმ. 1,15).
უფლის რჩეულის ცხოვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა. იგი ორმოცდახუთი წლის ასაკში მიიცვალა და თავის სამშობლოში დაკრძალეს. 
მართალი ფილარეტ მოწყალე პაფლაგონიის ოლქის (მცირე აზია) სოფელ ამნიაში დაიბადა VIII საუკუნეში. მშობლებმა იგი კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. წმიდანის მეუღლე თეოზვა მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახის ჩამომავალი იყო. მათ ჰყავდათ შვილები: ძე – იოანე და ორი ასული – იპატია და ევანთია.
ფილარეტი დიდ ქონებას ფლობდა და უხვად გასცემდა მოწყალებას.
ერთხელ პაფლაგონიას არაბები დაესხნენ თავს, ქვეყანა ააოხრეს და ფილარეტიც გაძარცვეს. წმიდანს მხოლოდ ორი ხარი, ცხენი, რამდენიმე სკა, მცირე მამული და სახლი შერჩა. იგი თვითონ ამუშავებდა მიწას, რომ თავისი ოფლით მოეპოვებინა სარჩო ოჯახისათვის და ყველაფრისთვის ჰმადლობდა უფალს. თანდათან ფილარეტის ოჯახს ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ იგი უკანასკნელ ქონებასაც გლახაკებს უყოფდა, რისთვისაც ხშირად უხდებოდა ცოლ-შვილისაგან საყვედურის მოსმენა.
ამ დროს ბიზანტიის იმპერატორმა ირინემ (797-803) თავისი ძისთვის – მომავალი თანამმართველის, კონსტანტინე პორფიროგენეტისთვის (780-797) საცოლის ძიება დაიწყო და მთელს იმპერიაში დაგზავნა ელჩები. დესპანებმა შორიდანვე შენიშნეს სხვა სახლებისაგან სიდიდით გამორჩეული ფილარეტის სასახლე და გადაწყვიტეს, იქ გაჩერებულიყვნენ. წმიდანმა მეზობლებისაგან ითხოვა საჭმელ-სასმელი და მალე მდიდრული სუფრა გაიშალა. ელჩებმა მასპინძელთან საუბარში შეიტყვეს, რომ მას სამი შვილიშვილი ჰყავდა, მოუხმეს მათ და ერთ-ერთი – მარიამი სხვა რჩეულ ქალწულებთან ერთად მეფეს წარუდგინეს. სიკეთითა და სიმდაბლით აღმატებული მარიამი დედოფალი გახდა, კონსტანტინე პორფიროგენეტმა კი ფილარეტი გულუხვად დაასაჩუქრა. ასე დაუბრუნდა უფლის რჩეულს დიდებაცა და პატივიც.
წმიდანმა მსახურს სამი ყუთი დაამზადებინა – ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტებისთვის. პირველი ყუთიდან იგი სრულიად უქონლებს აძლევდა მოწყალებას, მეორედან – გაღატაკებულებს, მესამედან კი – მათ, ვინც პირფერობით ცდილობდა ფულის გამოძალვას.
ასე გალია ნეტარმა ფილარეტმა ცხოვრების ოთხმოცდაათი წელი. მას უფლისაგან წინასწარ განეცხადა აღსასრულის მოახლოება, კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, როდოლფიას მონასტერში მივიდა, თავისი ქონების ნაწილი ამ სავანეს შესწირა, დანარჩენი გლახაკებს დაურიგა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+792). წმიდანი კონსტანტინოპოლში, როდოლფიას სავანეში დაკრძალეს. მართალი ფილარეტის სიწმიდე და ღვთივრჩეულობა მისი სიკვდილის შემდეგ აღსრულებულმა სასწაულებმაც ცხადყო.
ნეტარი ფილარეტის მიცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ, თეოზვამ, ბევრი იღვაწა პაფლაგონიაში უცხოტომელთა შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრების ასაღორძინებლად. 

წმინდა მოწამე ანანია სპარსი – 01 (14) დეკემბერი 

ამ წმინდანის ცხოვრების ზუსტი დრო, სამწუხაროდ, უცნობია. წმინდა ანანია (მინა) სპარსეთის ქალაქ არბელაში იშვა და ქრისტიანთა დევნის ჟამს თანამოძმეებითურთ ჯერ შეიპყრეს, შემდეგ კი – სასტიკად აწამეს, გარდაცვალების წინ კი აღმოხდა:
– ვხედავ ზეცად აღმავალ კიბეს და მასზე – ნათლით მოსილ ჭაბუკთ, რომელნიც მამცნობენ:
– მოვედ ჩვენდა, რომ წარუვალი სიხარულისა და სინათლის სამყოფელს გაზიაროთ!
ეს თქვა ანანიამ და პატიოსანი სული უფალს შეჰვედრა. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.