15.12.2024. 25-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII.

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.                             ეფ. 6: 10-12 

25-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII.

15.12.2024. ხსნილი თევზით 

ღირსისა ისე წილკნელ ეპისკოპოსისა (VI); წინასწარმეტყველისა ამბაკუმისა (VII ს. ქრ. შ-მდე); მოწამისა მიროპიასი (251); ღირსთა: იოანესი, ირაკლემონისა, ანდრიასი და თეოფილესი მეგვიპტელ მეუდაბნოეთა (IV); მოწამისა აბიბოს ახლისა, დიაკონისა (307-324). 

დღის ლოცვები 

ღირსისა ისესი, წილკნელი ეპისკოპოსისა, ათცამეტთა სირიელ მამათაგანის კონდაკი:

ოქროსა სასანთლესა ზედა დაადგ, მამაო, ნათელი ეგე არა ხვიმირსა ქვეშე დაფარული, და განგვანათლენ ჩვენ ელვითა სწავლათათა, ამისთვისცა ეკლესია ორღანოსა მაგას სულისასა ნათელ-ხმოვანსა გაქებს ღირსად, ისე მღვდელმთავარო, ითხოვე ერისათვის მორწმუნისა ხსნა ფლობისაგან უცხო თესლთასა და მგალობელთათვის შენთა დიდი წყალობაი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-3, მკ. 16: 9-20 (დას. 71).
ლიტ.:
 ეფ. 4: 1-6 (დას. 224). ლკ. 18: 18-27 (დას. 91). (30-2 კვირიაკის)

ისესი: ებრ. 7: 26 – 8: 2 (დას. 318). ინ. 10: 9-16 (დას. 36). 

ცისკ.: მკ. 16: 9-20 

9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.

ლიტ.: ეფ. 4: 1-6 

1. ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი. 2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. 3. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა. 4. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით. 5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება. 6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.

ლიტ.: ლკ. 18: 18-27  

18. ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? 19. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმერთისა. 20. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას? 21. ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან. 22. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. 23. ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. 24. დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 25. ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში. 26. ამას გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? 27. ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.

ისესი: ებრ. 7: 26 – 8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს. 

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

ისესი: ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს.
წმიდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში. ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, სადაც ამგვარი სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკალებისთვის სადილი მიჰქონდა, მას უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმიდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა თეოდოსი უმცროსის (408-450) ზეობისას აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
წმიდა მიროპია ხშირად ნახულობდა მოციქულ ფილიპეს ასულის, წმიდა მოწამე ერმიონიას (ხს. 4 სექტემბერს) საძვალეს, მისი ნაწილებიდან გადმომდინარე მირონი მიჰქონდა და სნეულებს კურნავდა. როცა დეკიუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდანმა დედასთან ერთად კუნძულ ქიოსს მიაშურა სამოღვაწეოდ.
კუნძულის მმართველის ბრძანებით კეთილმსახურ მხედარ ისიდორეს (ხს. 14 მაისს) წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა მიროპიამ მოწამის პატიოსანი ნეშტი ფარულად წაასვენა და მიწას მიაბარა. შემდეგ მმართველთან გამოცხადდა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ნეტარი სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას საკანი გაბრწყინდა. წმიდა მოწამე ისიდორე ანგელოზების თანხლებით წარდგა ქალწულმოწამის წინაშე. საპყრობილე კეთილსურნელებით აივსო და ნეტარმა მიროპიამ სიხარულით შეჰვედრა სული უფალს. ამ სასწაულის მოწმე წარმართმა ციხის მცველმა მღვდელს მოუთხრო ყოველივე, ნათელ-იღო და ისიც მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის. 
ღირსნი: იოანე, ირაკლემონე, ანდრია და თეოფილე ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდნენ IV საუკუნეში. მათი ცხოვრება იხილეთ 12 ივნისის საკითხავებში. 
VI საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა.
წმიდანთა ჩამოსვლა ზეგარდმო ძალით ეუწყა ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს. სიხარულმა დაივანა მორწმუნე ერში, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოჰხედა უფალმა და თავისი რჩეული შვილები გამოუგზავნა მოძღვრად და განმანათლებლად.
ღირსმა მამებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი დააარსეს საქართველოში და საფუძველი დაუდვეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას.
ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა.
წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული და სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე ევლავიოს კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლით და ტირილით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას წინ ვერ აღუდგა.
წმიდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით, უცხოთშეწყნარებითა და გლახაკთა ხელის აღპყრობით შორს გაითქვა მან სახელი. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. კეთილი მწყემსი და გონიერი მნე ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა დადიოდა და ჰყოფდა სასწაულებს, სნეულთ ჰკურნავდა, კეთროვანთ განსწმენდდა, ეშმაკთ განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა.
ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს ნათელს სცემდა სამების სახელით.
ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, ისე წილკნელს და შიო მღვიმელს, რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა.
წმიდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: „მნებავს თქუენ მიერ სასწაულისა რაისამე ქმნა, რაჲთა მხილველნი მათნი ადიდებდნენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი ხილვად თქუნგან სასწაულთა და საკვირველებათა, რაჲთა უმეტესად ჰრწმენეს ჩუენ მიერ ქადაგებული იგი სარწმუნოებაჲ“. ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა.
წმიდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ ეს ჭიქა საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსს და უპირატესს. ისემ პირიქით, მისგან ითხოვა ლოცვა. „მაშინ ნეტარმა ზეაღაპყრა ჭიქა იგი და ყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი. და ჰაერთა შინ დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა“.
შემდეგ წმიდა იოანემ ღირს შიოს უთხრა: „ჯერარს მადლისა მიცემა და საკმევლისა შეწირვა“. წმიდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერჩხალი აიღო, ხელის გულზე დაიდო და საკმეველი დაასხა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია.
ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმიდა იოანემ ახლა ღირს ისეს მიმართა: „მამაო მფლობელო, გუნებავს, რათა შენგან კურთხევა მოვიღოთ, რომელ გუაქუნდეს სახსენებელად შენდა“. მორჩილმა მოწაფემ მოძღვრის ურჩობა ვერ გაბედა და მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა. მას უკან გაჰყვნენ წმიდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი „დასცა წყალთა მას ზედა სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა“. თან ბრძანა: „მდინარეო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ ჩემ მიერ კსინვლით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე“. უცებ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ისეს კვერთხს შეუდგა. საითაც წმიდა ისე მიდიოდა, წყალიც იქეთ მიჰყვებოდა, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშლია.
ამ სასწაულის მხილველი მცხეთისა და გარშემო სოფლების მკვიდრნი ადიდებდნენ ქრისტეს სახელს, რომელმაც ასეთი მადლი გარდამოავლინა თავის რჩეულებზე.
სასწაულომოქმედ მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული: „უფალო ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“, – ეს იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები.
ღირსი ისე წილკნელის ნეშტი დაკრძალეს იქვე, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.