10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ეფ. 6: 10-12
24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
ორშაბათი. 2.12.2024. ხსნილი თევზით
ღირსისა ილარიონ ქართველისა, სასწაულთმოქმედისა (875); წინასწარმეტყველისა აბდიასი (IX ს. ქრ. შ-მდე); მოწამისა ვარლაამისა (304); ღირსთა: ბალაჰვარისა და იოდასაფისა, ინდოეთის უფლისწულისა და მამისა მისისა აბენეს მეფისა (IV); მოწამეთა: აზი საკვირველთმოქმედისა, მის თანა 150-თა მხედართა და ეპარხოსის ცოლისა და ასულისა (284-305); მოწამისა ილიოდორესი (272); ფილარეტ მოსკოველ მიტროპოლიტისა (1867).
დღის ლოცვები
ღირსი ილარიონ ქართველის, საკვირველთმოქმედის
ტროპარი: მადლი ჰპოვა სოფელმან შობითა შენითა, ღირსო, და იხარებს ერი ქართველთა მის შორის აღმოცენებისა შენისათვის, რამეთუ ხედვენ შორის მადლსა საღმრთოსა მქონებელად, რომელმან ანგელოზებრ უხორცო აჩუენე ცხორებაი და სასწაულთა მოქმედებითა შეიმკვე, მოღუაწეთა შუენიერებაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: სიყრმით შენითგან, ღირსო, იწყე აღსლვად ხარისხთა სათნოებისათა და სოფლისა დამტევებელმან არად შერაცხენ სიმდიდრენი მისნი, რომელი აღყუავდი სახელსა შინა ღმრთისასა მსგავსად ფინიკთასა, ილარიონ სამგზის სანატრელო, ვინა ყოველნი ერნი ქალთველთანი პატივით გაქებთ, ვითარცა მამასა და მეოხსა ჩუენსა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ლიტ.: 1 თეს. 2: 20 – 3: 8 (დას. 267). ლკ. 17: 20-25 (დას. 86).
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 4: 25 – 5: 12 (დას. 10).
ცისკ.: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
ლიტ.: 1 თეს. 2: 20 – 3: 8
20. რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.
8. რადგან აწ ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში. 9. რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით? 10. დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება. 11. თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ. 12. თქვენ კი უფალმა აგავსოთ სიყვარულით ერთურთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენი სიყვარულით სავსენი, 13. რათა სიწმიდითა და უბიწოებით განვამტკიცოთ თქვენი გულები ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, როდესაც მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის ყველა წმიდასთან ერთად. ამინ.
ლიტ.: ლკ. 17: 20-25
20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; 21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია. 22. და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ. 23. გეტყვიან: აგერ, აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით. 24. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ცის ერთი კიდიდან მეორემდე, ასე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს. 25. მაგრამ ჯერ სასტიკად უნდა ევნოს და უარყოფილ იქნეს ამ მოდგმის მიერ.
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირ.: მთ. 4: 25 – 5: 12
25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
წმიდა მოწამე ილიოდორე (+273)
წმიდა მოწამე აზა (284-305)
ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
წმიდა მოწამე ბარლაამი (+დაახლ. 304)
ღირსი ბარლაამ და იოდასაფი – ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი (IV)
თავისი ძისთვის ხელმწიფემ ააგო სასახლე, სადაც განკერძოებულად უნდა აღეზარდათ ისე, რომ მაცხოვრისა და მისი სწავლების შესახებ ერთი სიტყვაც არ გაეგონა. როცა იოასაფი წამოიზარდა, მამას სასახლიდან გასვლისა და ქვეყნის მოხილვის ნებართვა სთხოვა და აბენესმაც შეუსრულა გულისწადილი. მაშინ იოასაფმა შეიტყო, რომ არსებობს ტანჯვა, სნეულება, სიბერე და სიკვდილი, სცნო, „რომ არღარა ჰამო არს ცხორება ესე საწუთროისა“ და მტანჯველ ფიქრებს მიეცა.
ამ დროს შორეულ უდაბნოში მოღვაწეობდა ღვთივგაბრძნობილი ბერი ბარლაამი (ბალაჰვარი), რომელსაც უფალმა აუწყა, რომ ჭეშმარიტების არსზე ჩაფიქრებულ მეფისწულს სულიერი წინამძღვარი სჭირდებოდა. წმიდანმა დატოვა სამოღვაწეო ადგილი, ვაჭრის სამოსელი გადაიცვა, სასახლეში მივიდა და მეფისწულის გამზრდელს შეუთვალა: „მაქვს მე თვალი პატიოსანი და უკუეთუ გნებავს, მიიღე იგი მეფისა ძისათვის, რამეთუ ბრმათა აღუხილავს თვალთა და ყრუთა ასმენს, და უტყვთა ატყვებს, და უძლურთა ჰკურნებს და ნაკლულევანთა განამდიდრებს და მტერთა ზედა მძლე ჰყოფს, და ყოველსა საწადელსა გულისასა მოატყვებს“. ღვთის ნებით, მან შეაღწია იოასაფთან და ჯერ იგავებით, შემდეგ კი წმიდა სახარებიდან და სამოციქულოდან მოხმობილი ადგილებით ქრისტიანული სწავლება განუმარტა. ბარლაამის შეგონებებიდან ჭაბუკმა გულისხმაყო, რომ ძვირფასი თვალი – მაცხოვრის სარწმუნოებაა, გულით მიიღო იგი და მოინათლა. წასვლის წინ წმიდა მოძღვარმა სულიერ შვილს დაუბარა: „დაუმარხე ღმერთსა სჯული მისი, რომელი მოგცა ჩემ მიერ. განეკრძალე, რათა არა გარდაჰხდე მცნებათა მისთა და შთაჰვარდე მთხრებლსა წარწყმედისასა“. პასუხად კი მიიღო: „შენ მხადი ძედ მეფისა და არა ვარ ძე მეფისა, არამედ მონა და ძე მეუფისა უკვდავისა“.
„ამიერითგან იწყო იოდასაფ მარხვად და ლოცვად ღმრთისა მიმართ. და რაჟამს კაცნი დაწვიან, მან იწყის ღამის თევად და ტირილითა და სულთქმითა აღასრულებდა ლოცვათა თვისთა“.
როცა ძის გაქრისტიანება შეიტყო, აბენესი რისხვამ და მწუხარებამ შეიპყრო. მაშინ ერთ-ერთმა დიდებულმა მას აუწყა ჯადოსნის, ნაქორის შესახებ, რომელიც გარეგნულად ძლიერ ჰგავდა ბარლაამს და ურჩია, ის გამოეყენებინათ მეფის ძის წარმართობისკენ მისაბრუნებლად. მეფის მხედრებმა უდაბნოში ბარლაამის თანამოსაგრეები მოიძიეს, დახოცეს, ნაკუწ-ნაკუწ აჩეხეს და მათი ნაწილები გზაზე მიმოაბნიეს. ბარლაამის ნაცვლად, რომელსაც, ღვთის ნებით, ვერ მიაკვლიეს, მათ ქალაქში ნაქორი ჩაიყვანეს. ამის შემდეგ, აბენესის ბრძანებით, ქრისტიანები და წარმართები ერთმანეთს დაუპირისპირეს. კამათში ქრისტიანების მხრიდან იოასაფის გარდა, ბარლაამად საგონებელ ნაქორს უნდა მიეღო მონაწილეობა და თავი დამარცხებულად ეცნო. ღვთის განგებით, ქრისტიანულ სწავლებას გაცნობილმა ჯადოქარმა არა მარტო დაამარცხა წარმართები, არამედ წრფელი გულით ირწმუნა ქრისტე, შეინანა, მოინათლა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ.
ამის შემდეგ მეფემ მოუწოდა უმშვენიერეს ქალწულებს და იოასაფის ცოლობას დაჰპირდა მას, ვინც მის ცთუნებას შესძლებდა. ასულები „წინა უროკვიდეს და სტვირითა და ჩანგებითა ქებასა შეასხმიდეს“ მეფის ძეს. წმინდანი ვნებების დასაცხრობლად სანთლის ალზე ადებდა ხელს და ტკივილისაგან შეწუხებული, ბრძნულად ამხელდა საკუთარ თავს: „ჰოი, იოდასაფ საწყალო, უკუეთუ ვერ დაუდგამ აწ ცეცხლსა შენსავე აღნთებულსა და კვალად დაშრეტადსა და მას საუკუნეთა ვითარ დაუდგნე ცეცხლსა დაუშრეტელსა და ვითარ მოითმენ ბნელსა მას გარესკნელსა? აწ დასცხერ ბოროტისაგან და ცოდვისა“.
იოასაფს სიბრძნისა და გონიერებისათვის ძლიერ მოეწონა ერთ-ერთი მისთვის მიჩენილ ქალწულთაგანი – მეფის ასული, რომელიც აბენესს ტყვედ ჰყავდა წამოყვანილი. ეს დედაკაცი ნეტარს ევედრა, მხოლოდ ერთი ღამე თანა-ჰყოფოდა მას, თუ სურდა, რომ მისი სული გადაერჩინა და ქრისტიანობაზე მოექცია. იოასაფიც „მიდრკა ნებასა ქალისასა მიზეზითა, რათა აცხოვნოს იგი, და შეაშთობდეს გულის-სიტყვანიცა“. ამასობაში მას ჩაეძინა და სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა მართალთათვის განმზადებული „საშვებელნი მრავალფერნი სამოთხისანი“ და ჯოჯოხეთის სატანჯველები – ცოდვილთა საუკუნო მისაგებელი. გამოფხიზლებულმა, გულისხმაყო ზეციური შეგონება, ადიდა უფალი და ყველა ქალი გაასხა სასახლიდან.
მეფემ დიდებულთა რჩევით იოასაფი თავისი სახელმწიფოს ერთ ნახევარზე გაამეფა. ნეტარი მეფისწული წინ არ აღდგომია მამის ნებას – „არა თუ სიყვარულისათვის მეფობისა, არამედ მორჩილებისათვის“. ტახტზე ასვლის შემდეგ მან მამისგან ბოძებული ოქრო-ვერცხლი გლახაკებს დაურიგა, ააღორძინა დაქცეული ტაძრები, ახლებიც ააგო და ღვთისმსახურება კეთილად გამართა. აბენესმა იხილა „მოკლება სამეფოისა მისისა“ და იოასაფის სამეფოს საოცარი აყვავება და ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მთელ ერს ნათელსცა.
გავიდა მცირე ხანი და დასნეულებული აბენესი მიიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „აწ, შვილო ჩემო, მეცა გამცნებ, ვითარცა-იგი შენ მამცნებდი, და გამხილებ, ვითარცა შენ მე მამხილებდი, რათა შეურაცხყო სოფელი და ყოველი, რა არს სოფელსა შინა, და ღმერთი ოდენ მოიპოვე და ლოცვათა შინა ხსენებულ მყავ, შვილო ჩემო!“ მოსიყვარულე ძემ ურიცხვი მოწყალებაც გასცა მამის სულის მოსახსენებლად, შემდგომ კი ფარულად დატოვა სამეფო ტახტი და ძონძებით შემოსილი გაუყვა გზას უდაბნოსაკენ, მაგრამ ქვეშევრდომებმა მოაბრუნეს და შეახსენეს პასუხისმგებლობა, რომელიც სამეფოს წინაშე ეკისრებოდა, რაზეც უფლის რჩეულმა მიუგო: „რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შეიძინოს კაცმან და სული თვისი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს“, თავის ნაცვლად მეფემ კეთილმსახური ბარაქია დაადგინა და „მსწრაფლ წარვიდა უდაბნოს“. ორი წლის ხიფათითა და განსაცდელებით სავსე მოგზაურობის შემდეგ მან მიაკვლია წმინდა ბარლაამს, რომელიც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა. „მოეხვივნეს ქედთა ურთიერთას, შეიტკბნეს და ტიროდის და ჰამბორსუყვეს“. ამსოფლიდან განსვლის წინ წმინდა ბარლაამმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა, თავადაც ეზიარა და მოწაფეც აზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს, რის შემდეგაც, არაამქვეყნიური ნათლით სახეგაბრწყინებულმა, სული უფალს შეჰვედრა. უდაბნოში წმიდა ბალაამმა თავისი საუკუნოვანი სიცოცხლის შვიდი ათწლეული გაატარა. როცა მოძღვრის დაკრძალვის შემდეგ დამწუხრებულ იოასაფს ჩაეძინა, სიზმრად იხილა „კაცნი ვინმე ნათლისანი“, რომელთაც პატიოსანი თვლებით მოოჭვილი გვირგვინები ეპყრათ ხელთ. „ესე გვირგვინი მათთვის არს, რომელნი სწავლითა შენითა წარუდგინენ ღმერთსა“, – თქვეს მათ, და განაგრძეს: „ესე ერთი შენი არს ღვაწლთა მათთვის, რომელ თავს-ისხენ, და ერთი მამისა შენისა არს, რამეთუ მოიქცა ღმრთისა“. იოასაფმა გაიკვირვა: „და რა სწორება არს, რომელმან მცირედ შეინანოს, მოღვაწისა თანა?“ მაშინ მას ბარლაამი გამოუჩნდა და მიუგო: „მოიხსენე, ძეო მეფისაო, ოდეს-იგი გეტყოდე, ვითარმედ: ოდეს განჰმდიდრდე, არა გინდეს მიცემად მოყვასისა. და აწ გშურს მამისათვისცა შენისა“. სულით განმტკიცებულმა იოდასაფმა თავისი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა და ოცდათხუთმეტი წლის მეუდაბნოე ცხოვრების შემდეგ, სამოცი წლის ასაკში, მიიცვალა. მეფე ბარაქიამ ერთი ბერის მინიშნებით მიაკვლია მღვიმეში დაკრძალული ბარლაამისა და იოასაფის უხრწნელ და კეთილსურნელოვან ნაწილებს, თავის სამშობლოში გადაასვენა და მეფისწული იოასაფის მიერ აგებულ წმიდა სამების ტაძარში დაჰფლა.
ბარლაამისა და იოასაფის ცხოვრება შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძეგლია. თხზულება ქართულად IX საუკუნეში უთარგმნიათ არაბული ენიდან. იგი ჩვენამდე ორი – ვრცელი და მოკლე – რედაქციითაა მოღწეული.
X-XI საუკუნეთა მიჯნაზე, გიორგი მთაწმიდელის ცნობით, ექვთიმე მთაწმინდელს ქართული „ბალავარიანი“ ბერძნულად უთარგმნია. ბერძნულის გზით კი თხზულება დასავლეთ ევროპაში გავრცელდა.
ღირსი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)
თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა.
ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. „მარხვითა და მღჳძარებითა ჰასაკსა მას სიჭაბუკისასა და დააჭკნობდა, ლოცვითა და მარადის ღმრთისა ხედვითა უჴორცოთა მიემსგავსებოდა, ვიდრეღა წარემატებოდა მოღუაწებითა ყოველთავე მყოფთა მის ადგილისათა უდაბნოსა მას შინა, რამეთუ ყოველთავე უკჳრდა ეგეოდენი შრომაჲ მისი და მოთმინებაჲ“.
ახალგაზრდა მონაზონმა მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. „აღეშენებოდეს ყოველნი იგი ძმანი სწავლითა მისითა და შეუვრდებოდეს მას, რათა იყოფებოდიან მის თანა“. ასე დაემკვიდრნენ ღირს ილარიონთან „ათერთმეტნი ძმანი მოღუაწენი მშჳდნი და მდაბალნი“.
ანგელოზებრ მმარხველი და დაუცხრომლად მლოცველი ბერის ამბავი მთელმა ქართლმა და კახეთმა გაიგო. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა. როდესაც მასთან მისულმა რუსთველმა ეპისკოპოსმა ფერმკრთალი, თავმდაბალი, შეურაცხ სამოსელში ჩაცმული ბერი იხილა, მოწიწებით სთხოვა, მისი ხელიდან მიეღო მღვდლობის პატივი. მიწიერი დიდების უარმყოფელი ილარიონი ევედრებოდა მღვდელმთავარს, არ დაემძიმებინა იგი მღვდლობის პატივით, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა.
კურთხევის შემდეგ ახალი დიდებით შეიმოსა ღირსი მამის სახელი. მან გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, თვითონ კი იერუსალიმს გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად.
გზაში ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს და მახვილები იშიშვლეს მის მოსაკვდინებლად. მოულოდნელად მათ ხელები გაუშეშდათ. შეშინებული და გაოცებული ავაზაკები მიხვდნენ, რომ ღვთის სასჯელი დაატყდათ თავს, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და შენდობა სთხოვეს.
წმიდა მამამ ჯვარი გადასახა ავაზაკებს, განკურნა და მშვიდობით განუტევა. განკურნებულებმა კვლავ შენდობა ითხოვეს ღირსი მამისგან, ერთმა მათგანმა კი თაბორის მთამდე გააცილა წმიდანი.
ილარიონმა მოილოცა იერუსალიმი, შემდეგ იორდანეს უდაბნოს მიაშურა და ერთ გამოქვაბულში დაეყუდა (გადმოცემით, ეს იყო ის გამოქვაბული, სადაც თავს აფარებდა წმიდა ელია თეზბიტელი (ხს. 20 ივლისს)). ერთ ღამეს მან ჩვენებით იხილა, თითქოს ზეთისხილის მთაზე, სადაც უფალი დიდებით ამაღლდა, თორმეტი კაცის თანხლებით მდგარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე წარდგა და მარადის ქალწულმა უთხრა: „ჰოი, ილარიონ, წარვედ და მიისწრაფე სახედ შენდა და უმზადე სერი უფალსა და ძესა ჩემსა“. გამოღვიძებულმა წმიდა ილარიონმა გულისხმაჰყო ჩვენება, მადლობა შესწირა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და სამშობლოში გამოეშურა.
საქართველოში დაბრუნებულ ღირს ილარიონს მამა და ძმები აღსრულებული დახვდა. დედამ მამის მთელი საგანძური შვილს გადასცა და უთხრა: „წარაგე ესე, შვილო, ვითარცა სათნო გიჩნს“. ნეტარმა ილარიონმა დედათა მონასტერი ააშენა, შესწირა მას სოფლები და განუჩინა წესი, შემდეგ სამოცდათექვსმეტი ღირსი და მოღვაწე ბერი შეკრიბა და მამათა მონასტერიც ააგო, დანარჩენი ქონება კი გლახაკებს და უპოვრებს გაუნაწილა.
კეთილისმოძულე ეშმაკმა ღირსი მამის ბიძა აღძრა მონასტრის დასაწვავად და მოძღვრის მოსაკლავად. ილარიონის ბიძას ეგონა, რომ ნათესავის ქონება თვითონ დარჩებოდა, მაგრამ როცა კეთილი ბერის ხელგაშლილობა იხილა, გაცოფდა და ერთ დღეს მონასტრის კარებზე ნახშირით მიაწერა: „ესრეთ იხილონ ყოველთა ესე მონასტერი სამ დღემდე“. განთიადისას მამა ილარიონმა იხილა წარწერა და დიდად შეწუხდა ბიძის სულის წარწყმედის გამო. მთელი ღამე ლოცულობდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს განსაცდელის თავიდან აცილებას. როცა თვალი მილულა, მას გამოეცხადა ბრწყინვალე კაცი, რომელმაც უთხრა: „ნუ გეშინინ, ჰოი ილარიონ, რამეთუ დღესვე განისწავლოს მტერი იგი შენი და შეგივრდეს ფერჴთა შენთა“. მართლაც, როცა გათენდა, ილარიონის ბიძა მიწაზე დაეცა, გორავდა და საოცარი ხმებით გოდებდა. მსახურებმა წმიდანს მიჰგვარეს ბოროტისაგან გვემული. წმიდა ილარიონმა მას ჯვარი გადასახა და განკურნა. ბიძა გონს მოეგო, სინანულით ატირდა, აღსარება თქვა, მთელი ქონება მონასტერს შესწირა და თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.
წმიდა ილარიონის სახელი მთელს საქართველოს მოედო, მრავალს სურდა, ეხილა წმიდა ბერი და მისი რჩევა-დარიგება მიეღო. მალე მისი ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს. მყუდროებისმოყვარე ღირსმა მამამ გაიფიქრა: „დიდებაჲ ესე ამის სოფლისა მომატყუებელ არს საუკუნოჲსა მის შეურაცხებისა“, მონასტრის ძმათაგან ერთი სიბრძნითა და სიწმინდით გამორჩეული ბერი დაადგინა სავანის წინამძღვრად, უფალს შეავედრა ყველა და ორ ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემართა.
ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრებმა ულუმბოს მთას მიაღწიეს, ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვეს და შიგ დაბინავდნენ.
ყველიერის შაბათის მწუხრზე დიდი ლავრიდან ერთი ბერი მივიდა კანდელის ასანთებად, ნახა ეკლესიას შეხიზნული ძმები და მცირეოდენი საჭმელი მიუტანა.
შემდგომ შაბათს, წმიდა თეოდორე ტირონის ხსენების დღეს, მოწესე ისევ მივიდა პატარა ეკლესიაში და ნახა, რომ ძმებს მთელი კვირა უჭმელად გაეტარებინათ, მხოლოდ მცირედ ცერცვი ეხმიათ. ბერმა წმიდა ილარიონს ჰკითხა, რა სჭირდებოდა. მან მხოლოდ სეფისკვერი და ზედაშე ითხოვა. დიდი ლავრის მამასახლისმა გაიგო, რომ ეკლესიაში ვიღაც უცხო და ბერძნული ენის უმეცარმა კაცმა სწირა, გულისწყრომით აღივსო და იკონომოსს და რამდენიმე ძმას უბრძანა, უცხოები მონასტრის ტერიტორიიდან გაეძევებინათ.
ეკლესიაში მისულ იკონომოსს წმიდა ილარიონი ბერძნულად გამოელაპარაკა და ღამის გათენების ნებართვა სთხოვა, თან აღუთქვა, რომ მეორე დღესვე ეკლესიას დატოვებდა.
იმ ღამეს მამასახლისმა ჩვენება იხილა: ყოვლადწმიდა ქალწული რისხვით დაადგა თავს და უთხრა: „ჰოი, უბადრუკო, რაჲსა ინებე განძებაჲ უცხოთაჲ მათ, რომელნი მოსრულ არიან სიყუარულისათჳს ძისა და ღმთისა ჩემისა და დაუტეობია ქუეყანაჲ მათი და არა დაიმარხე მცნებაჲ იგი უცხოთა და გლახაკთა შეწყნარებისათვის, ვითარ-ეგე ეტყჳს მდიდარსა მას უფალი ჩემი და ძე ჩემი. ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებულ არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათჳს მათისა, ვინაჲთგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაჲ და ნათელ იღეს“. შეშინებული მამასახლისი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ილარიონს, კადნიერებისათვის შენდობა სთხოვა და შეევედრა, დარჩენილიყო და ყოვლადწმიდა დედოფლის რისხვა აერიდებინა მისთვის.
წმიდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, მოილოცა წმიდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად.
რომს მიახლებულმა ილარიონმა ვენახის ძირთან მჯდარი დავრდომილი ნახა და ერთი მტევანი ყურძენი სთხოვა. დავრდომილმა უთხრა: „აჰა, მამაო, ვენახი, რაც გსურთ, მიირთვით, მე კი „ვერ შემძლებელ ვარ აღდგომად ცოდვათა ჩემთაგან“.
ღირს ილარიონს შეეცოდა დავრდომილი, ილოცა და ავადმყოფს უთხრა: „აღდეგ, ძმაო, უფალსა უბრძანებიეს და ჴელითა შენითა მომართუ ნაყოფისაგან სამოთხისა მაგის“. განკურნებული კაცი მყისვე წამოდგა, ვენახში შევიდა და მტევნით გამოვიდა, მაგრამ წმიდა ილარიონი იქ აღარ დახვდა. ვენახის პატრონი ქალაქისკენ წავიდა თავისი კეთილისმყოფლის მოსაძებნად, თან ყველას უყვებოდა სასწაულს.
წმიდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.
გზად წმიდა ილარიონმა თესალონიკში გაიარა, თაყვანი სცა წმიდა დიდმოწამე დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) სამარტვილეს და ქალაქის მთავრის კართან შეისვენა. სახლიდან მხევალმა ოთხი წლის დამბლადაცემული ყრმა გამოიყვანა და მზის გულზე დააწვინა. ღირსმა მამამ ქალს წყლის მოტანა სთხოვა. როცა ქალი წავიდა, წმიდა ილარიონმა ჯვარი გადასახა ყრმას და თქვა: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ ცოცხლებით“. ყრმა სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და დედასთან გაიქცა. წმიდა ილარიონი კი იქაურობას გაშორდა, რომ არავის ეხილა.
როცა განკურნებული ყრმის მამამ, ქალაქის მთავარმა ეს სასწაული იხილა, ბრძანა, ჩაეკეტათ კარები და ეძებნათ სასწაულთმოქმედი, რომ თაყვანი ეცათ მისთვის. მართლაც მოძებნეს წმიდა ილარიონი, ფეხებში ჩაუვარდნენ და ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვეს. შემდეგ მთავარი შეევედრა წმიდანს, თესალონიკში დარჩენილიყო და სამოღვაწეო ადგილი თვითონ აერჩია.
წმიდანმა მთავრის ღვთისმოყვარება რომ იხილა, თხოვნა შეუსრულა – სამოღვაწეოდ გამოირჩია მყუდრო ადგილი, სადაც მთავარმა ეკლესია ააშენა.
მთელმა თესალონიკმა გაიგო წმიდა ილარიონის მოღვაწეობის ამბავი, მრავალი მოდიოდა მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად თუ ღვთივსულიერი საუბრის მოსასმენად. მისმა სათნო ცხოვრებამ ბევრს გაუღვიძა საღვთო შური და ღირსი მამის ხელით მონაზვნობა მიიღო.
ერთხელ წარმართებმა ერთი თესალონიკელი დიაკონი შეიპყრეს. ტყვექმნილი ღვთისმსახური ლოცვით შეევედრა წმიდანს შეწევნას. იმავე ღამეს დიაკონს ძილში წმიდა ილარიონი ეჩვენა და უთხრა: „აღდეგ, ჰოი, დიაკონ და ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვარ, რომელსა იგი მევედრებოდე“. გამოღვიძებულმა დიაკონმა იხილა, რომ ბორკილებისგან განთავისუფლებულიყო, შეუმჩნევლად გაიარა წარმართთა შორის და თესალონიკში ჩავიდა. ქალაქში ჩამოსვილსთანავე მან წმიდანი მოინახულა და ფეხებში ჩაუვარდა მადლიერების ნიშნად. წმიდა ილარიონმა უთხრა: შვილო! ენება ღმერთსა ჴსნაჲ შენი. ამისთჳსცა ანგელოზი თჳსი მოავლინა ხატითა ჩემითა, ვინაჲთგან შენ სარწმუნოებით ჩემ ცოდვილისა სახელსა ხადოდე და გამოგჴსნა მწარისა ტყუეობისაგან. ამისთჳსცა ჰმადლობდი ღმერთსა მოქმედსა საკჳრველებათასა“.
წმიდა ილარიონმა მთელი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული მას წინასწარ ეუწყა უფლისაგან, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა.
დამწუხრებულმა მთავარმა მარმარილოს ლუსკუმა გაამზადებინა წმიდანის ნეშტისათვის. წმიდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ. ამ სასწაულების შესახებ ბიზანტიის კეისარს, ბასილი მაკედონელს (867-886) აცნობეს თესალონიკის მთავარმა და მთავარეპისკოპოსმა. კეისარმა ულუმბოდან მასთან ჩამოსულ მამებს თესალონიკის ამბები მოუთხრო. მამათა შორის ის მამასახლისიც აღმოჩნდა, რომელმაც წმიდა ილარიონს განდევნა დაუპირა ულუმბოს მთიდან, იგი დაწვრილებით მოუყვა კეისარს ნანახსა და გაგონილს. ბასილი დაინტერესდა ილარიონის თანამემამულე მოწაფეებით. მას მიჰგვარეს სამი მოხუცებული ბერი. მამების სიწმიდით გაკვირვებულმა კეისარმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან გაგზავნა ისინი ლოცვა-კურთხევისათვის.
პატრიარქმა ძმური სიყვარულით მოიკითხა სტუმრები, აკურთხა და მათი ლოცვაც მიიღო. ის მიხვდა, რომ ამ სამ მოხუცში დიდი მადლი ტრიალებდა და კეისარს ურჩია, პატივი მიეგო მათთვის.
კეისარმა წმიდა ილარიონის მოწაფეებს შესთავაზა: „გამოირჩიენ ღირსებამან თქუენმან მონასტერი, სადაც გენებოს, თქუენთჳს და ნათესავისა თქუენისათჳს“. მამებმა უარი შეჰკადრეს, რადგან სხვის აშენებულში შესახლება არ იყო სწორი საქმე. მაშინ ბასილი კეისარმა თვითონ შეარჩევინა მამებს სამონასტრი ადგილი და მალე დიდი ტაძარი ააშენა. იქვე თავისთვის ერთი სენაკიც მოიწყო: „ესე იყოს საყოფელი ჩემი მახლობელად ღირსთა ამათ მამათა, რაჲთა ლოცვითა მათითა ინებოს ღმერთმან ჴსნაჲ ჩემი მოსაგებელისაგან ცოდვათა ჩემთაჲსა“. მონასტერს რომანა-წმიდა უწოდეს. კეისარმა თავისი ძე, ლეონი და ალექსანდრე მიჰგვარა ღირს მამებს აღსაზრდელად.
ბასილი კეისარმა წმიდა ილარიონის ნაწილების გადასვენება ინება სატახტო ქალაქში, თესალონიკში თავისი ხალხი გაგზავნა და თან წერილიც გააყოა: „ბასილი მეფე, ცოდვილი მონაჲ ცათა მეუფისაჲ, გევედრები, წმიდაო მამაო ილარიონ, აღმოვედ ქალაქად სამეუფოდ, დაღაცათუ არა ღირს ვიქმენ პირისპირ ხილვად შენდა, გარნა აწ ღირს მყავ ამბორისყოფად წმიდათა ნაწილთა შენთა და იხაროს ქალაქმან ამან სამეუფომან შემთხუევითა მათითა და მადლი შენი იყავნ ჩუენ თანა, ამინ“.
თესალონიკელები არ დათანხმდნენ წმიდა ილარიონის ნაწილების მიცემაზე. კეისრის კარისკაცები იძულებულნი გახდნენ, ღამით მალულად გაეხსნათ ლუსკუმა და წმიდანის ნაწილები ჩუმად წაესვენებინათ.
კეისარმა, პატრიარქმა, მთელმა ერმა გალობით, ლიტანიობით, საკმევლის კმევით მიიღეს წმიდა ილარიონის ნაწილები. კეისარმა ის დროებით თავის პალატში დაასვენა, სანამ განსაკუთრებულ საძვალეს ააშენებდა მისთვის.
მესამე ღამეს მეფე კეთილსურნელებამ გამოაღვიძა. როცა მეფემ კვლავ მილულა თვალები, სამღვდელო სამოსში ჩაცმული წმიდა ილარიონი გამოეცხადა და უთხრა: „კეთილად ჰყავ შეწყნარებაჲ ჩემი, ჰოი, მეფე, უცხოჲსა ამის და გლახაკისაჲ, გარნა სულნელებაჲ ესე, რომელ იყნოსე, არა მომიგიეს მე იგი ქალაქთა შინა, არამედ უდაბნოთა. აწ უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულებით მადლი გაქუნდეს, წარმიყვანე მე უდაბნოსავე ადგილსა“.
კეისარმა პატრიარქს და მთავრებს აუწყა ყოველივე, შემდგომ დიდი პატივით წაასვენა წმიდა ილარიონის ნაწილები რომანა-წმიდის მონასტერში და მის მოწაფეებს ჩააბარა.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.