10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ეფ. 6: 10-12
24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
სამშაბათი. 3.12.2024. ხსნილი თევზით
ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინადღესასწაული.
ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელისა (816); პროკლე კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა (446-447); მოწამისა დასისა (284-305); მოწამეთა: ევსტათისა, თესპესისა და ანატოლისა (312); მღვდელმოწამეთა: ნირსა ეპისკოპოსისა და იოსებისა, მოწაფისა მისისა, იოანესი, სავერისა, ისააკისა და იპატისა, სპარსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა: აზატ საჭურისისა, სასონისა, თეკლასი, ანასი და სხვათა მრავალთა მამათა და დედათა, სპარსეთს წამებულთა (IV).
დღის ლოცვები
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინადღესასწაული
ტროპარი: სიხარულსა წინადაგვიწინდებს დღეს ჩუენ ანა წინააღმდგომსა მწუხარებისასა, რომელმან აღმოაცენა მხოლო მარადის ქალწული, რომელსაცა შეიყვანებს დღეს სიხარულით ტაძრად უფლისა, ვითარცა ნამდვილვე ტაძარსა სიტყვისა ღმრთისასა და უბიწოსა დედასა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 თეს. 3: 9-13 (დას. 268). ლკ. 17: 26-37 (დას. 87) – სამშ..
1 თეს. 4: 1-12 (დას. 269). ლკ. 18: 15-17, 26-30 (დას. 90) – ოთხშ.
ღირსისა გრიგოლისა: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ან პროკლესი: ებრ. 7: 26-8: 2 (დას. 318). ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.: 1 თეს. 3: 9-13
9. რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღვერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით? 10. დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება. 11. თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ. 12. თქვენ კი უფალმა აგავსოთ სიყვარულით ერთურთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენი სიყვარულით სავსენი, 13. რათა სიწმიდითა და უბიწოებით განვამტკიცოთ თქვენი გულები ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, როდესაც მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის ყველა წმიდასთან ერთად. ამინ.
ლიტ.: ლკ. 17: 26-37
26. და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც. 27. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას. 28. ისევე, როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ; 29. მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას. 38. ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა. 31. იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები – სახლში, ნუ ჩამოვა ძირს მათ წასაღებად; ხოლო ვინც მინდვრად იქნება, ასევე ნუ მიბრუნდება უკან. 32. გაიხსენეთ ლოტის ცოლი. 33. რადგან ვინც ეცდება სულის ხსნას, დაღუპავს მას, და ვინც დაღუპავს თავის სულს, აცოცხლებს მას. 34. გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 35. ორნი იქნებიან წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 36. ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 37. და უთხრეს: სად, უფალო? ხოლო იესომ მიუგო მათ: სადაც იქნება ლეში, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
ლიტ.: 1 თეს. 4: 1-12
1. ამასთანავე, ძმანო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რომ ჩვენი სწავლა – როგორ იქცეოდეთ ღვთის საამებლად, აღასრულოთ მთელი სავსებით. 2. რადგანაც იცით, როგორი მცნებები მოგეცით უფალ იესოსაგან. 3. ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას, 4. და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით. 5. და არა ავხორცული ვნებით, წარმართთა მსგავსად, რომელნიც არ იცნობენ ღმერთს; 6. რათა არავინ დათრგუნოს და არც საქმეში გააცუროს თავისი ძმა, ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო, როგორც უწინაც მითქვამს და მიმოწმებია თქვენთვის. 7. რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა. 8. ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს, რომელმაც მოგცათ თავისი სული წმიდა. 9. ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, 10. და ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელს მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, კიდევ უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი; 11. გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენს მიერ გემცნოთ, 12. რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ.
ლიტ.: ლკ. 18: 15-17, 26-30
15. მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე მოწაფეები ნებას არ რთავდნენ. 16. მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. 17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
26. ამას გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? 27. ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის. 28. და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით. 29. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის, 30. და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლე.
ღირსისა გრიგოლისა: გალ. 5: 22-6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირსისა გრიგოლისა: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
ან პროკლესი: ებრ. 7: 26-8: 2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
ან პროკლესი: ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე დასი (284-305)
ერთხელ ქალაქის მცხოვრებლები წარმართული ღვთაების, სატურნის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ჩვეულებისამებრ, დღესასწაულამდე ოცდაათი დღით ადრე წარმართები მშვენიერ ჭაბუკს არჩევდნენ ხოლმე, მდიდრულ შესამოსელს აცვამდნენ, მეფურ პატივს მიაგებდნენ, ზეიმის დღეს კი კერპს მსხვერპლად სწირავდნენ. ამჯერად თანამოქალაქეთა არჩევანი დოროსპოლის მცხოვრებთა შორის ყველაზე გამორჩეულ წმიდა დასიზე შეჩერდა. ეს რომ შეიტყო, წმიდანმა თქვა: „თუ სიკვდილი მიწერია, სჯობს, ქრისტესთვის მოვკვდე, როგორც ქრისტიანი“. მან უშიშრად აღიარა მაცხოვარი, გაბედულად ამხილა წარმართთა უსჯულოება და ბევრი მათგანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. ამისთვის იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ბრძანებით სასტიკი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი (+312)
მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები – მოწაფე მისი, იოანე, სავერიოსი, ისააკი და იპატი – სპარსელნი ეპისკოპოსნი და მოწამენი: აზატი საჭურისი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი დედანი და მამანი სპარსეთში წამებულნი (+343)
უღმრთოებმა ოთხმოცი წლის მღვდელმთავარ ნერსესა და მის მოწაფეს, იოსებს თავები მოჰკვეთეს, იოანე, ისააკ და იპატი ეპისკოპოსები ქვებით ჩაქოლეს. მღვდელმთავარი სავეროსი საპყრობილეში აღესრულა და უკვე გარდაცვლილს მოჰკვეთეს თავი. წმიდა მოწამე აზატ საჭურისი ერთმა განდგომილმა ხუცესმა დაახრჩო. ქრისტესთვის ტანჯვა-წამება და სიკვდილი დაითმინეს მოწამეებმა: სასონმა, თეკლემ, ანამ და მრავალმა სხვა მართლმორწმუნემ. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს (+343).
წმიდა პროკლე – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+446-447)
წმიდა პრკოლემ უფლის დაშვებით საკუთარი თვალებით იხილა, თუ როგორ ეცხადებოდა პავლე მოციქული წმიდა იოანე ოქროპირს მისი ეპისტოლეების თარგმანების წერისას. თავისი წმიდა მოძღვრის დახმარებით პროკლემ საოცრად გაიღრმავა საღვთო წერილის ცოდნა და ნააზრევის სრულყოფილი ფორმით გადმოცემის უნარიც შეიძინა.
იოანე ოქროპირის გადასახლებისა და მიცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქმა სისინიოსმა (426-427) პროკლეს ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მაგრამ ერეტიკოს ნესტორიანელების გავლენით იგი ეპარქიიდან განდევეს და პროკლე დედაქალაქში დაბრუნდა. წმიდა მწყემსმთავარი კონსტანტინოპოლის ტაძრებში ქადაგებდა, მრევლს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცებდა და უშიშრად ამხელდა უსჯულო მწვალებლობას.
პატრიარქ სისინიოსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პროკლე აღასაყდრეს. ნეტარი მამა თორმეტი წლის მანძილზე (434-447) მესაჭეობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. მისი ძალისხმევით წმიდა მეფის, თეოდოსი II-ის (408-450) ზეობის ჟამს იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები კომანიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.
პროკლეს პატრიარქობისას იმპერიას თავს დაატყდა გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ბითვინიაში, ჰელესპონტში, ფრიგიაში მთელი ქალაქები ინგრეოდა, მდინარეები მიწის ქვეშ იკარგებოდა, ოდესღაც უწყლო ადგილებში კი დამღუპველი წყალდიდობები ხდებოდა. კონსტანტინოპოლელები პატრიარქისა და იმპერატორის წინამძღვრობით გადიოდნენ ხოლმე ქალაქიდან, პარაკლისებს აღასრულებდნენ და უფლისგან ამ არნახული უბედურების შეწყვეტას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ასეთი პარაკლისის დროს უჩინარმა ძალამ ერთი ბიჭუნა ჰაერში აიტაცა. შემდგომ ყმაწვილი სრულიად უვნებელი დაბრუნდა მიწაზე და შემოკრებილებს ამცნო, რომ იქ, მაღლა, მან ნახა და გაიგონა ანგელოზებრივი საგალობელი: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო“. სამწმიდას საგალობელი მთელმა ხალხმა აიტაცა, თან დაამატა: „შეგვიწყალენ ჩუენ“ და მიწისძვრაც შეწყდა. აქედან მიეცა დასაბამი ამ ლოცვას, რომელიც ყველა ღვთისმსახურების განუყოფელ ნაწილად იქცა.
საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით მოსილი პატრიარქი ღრმად მოხუცებული მიიცვალა 446-447 წლებში.
ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი (+816)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათს
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.