10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ეფ. 6: 10-12
24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
ხუთშაბათი. 5.12.2024. ხსნილი თევზით
ტაძრად მიყვანების შემდგომი დღესასწაული.
მოციქულთა: ფილიმონისა, არქიპოსი და ონისიმესი 70-თაგანთა და მოწამისა მოციქულთა სწორისა აპფიასი (I); მოწამეთა: კიკილიასი (ცეცილიასი), ვალერიანესი, ტიბურტისა და მაქსიმესი (230); მოწამისა პროკოფი წიგნისმკითხველისა (303); მოწამისა მენიგნისა (250); ღირსისა აგაბო ისმაიტელისა (V); მართლისა მიქაელ მხედრისა, ბულგარელისა (866); კეთილმსახურისას მთავრისა მიხეილ ტვერელისა (1318); მოწამეთა: მარკოზისა და სტეფანესი (290).
დღის ლოცვები
ვითარცა ვარსკულავთა ყოვლადბრწყინვალეთა განმანათლებელთა სოფლისათა მოციქულთა ქრისტესთა შევასხმიდეთ ფილიმონს დიდებულსა და საღმრთოსა არქიპოს, ონისიმეს და მარკოზს, და აპოლოს, და მათთანავე აპფიას ყოვლადბრძენსა, და ესრეთ უღაღადებდეთ: ევედრენით ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 თეს. 5: 1-8 (დას. 271). ლკ. 18: 31-34 (დას. 92).
მოც.: ფლმ. 1: 1-25 (დას. 302). ლკ. 10: 1-15 (დას. 50).
ლიტ.: 1 თეს. 5: 1-8
1. ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა. 2. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით. 3. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი – მშობიარეს, და ვერ წაუვლენ. 4. მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე. 5. რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა. 6. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ. 7. ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან. 8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.
ლიტ.: ლკ. 18: 31-34
31. წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის; 32. ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ, 33. სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი. 34. მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
მოც.: ფლმ. 1: 1-25
1. პავლე, იესო ქრისტეს ტყვე, და ძმა ტიმოთე – ფილემონს, ჩვენს საყვარელ თანაშემწეს, 2. აპფიას, საყვარელ დას, არქიპოსს, ჩვენს თანამოღვაწეს, და შენს შინაურ ეკლესიას: 3. მადლი თქვენდა და მშვიდთბა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 4. ვმადლობ ღმერთს ჩემსას და გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, 5. რადგანაც მესმის შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც გაქვს უფალ იესოსა და ყველა წმიდის მიმართ. 6. რათა ზიარება შენი რწმენისა შეეწიოს ყოველივე კეთილის შემეცნებას, რაც არის ჩვენში ქრისტესათვის. 7. ვინაიდან დიდი სიხარული და ნუგეში მოგვანიჭა შენმა სიყვარულმა, ძმაო, რადგანაც შენ გაამხნევე წმიდათა გული. 8. ამიტომ, თუმცა დიდი სითამამე მაქვს ქრისტეში, გიბრძანო შენ, რაც გმართებს, 9. მაგრამ სიყვარულით უფრო გთხოვ, სხვა კი არა, მე – მხცოვანი პავლე, ხოლო აწ ქრისტე იესოს ტყვეც. 10. ჩემი შვილის ონისიმესათვის გთხოვ, რომელიც შემეძინა ტყვეობაში; 11. ოდესღაც ურგები რომ იყო შენთვის, ხოლო აწ შენთვისაც სარგოა და ჩემთვისაც; 12. გიგზავნი მას, ანუ ჩემს გულს. 13. მინდოდა გვერდით მყოლოდა იგი, რათა შენს ნაცვლად ჩემთვის გაეწია სამსახური ამ ვირთებაში, რასაც ვიტან სახარების გამო. 14. მაგრამ შენთან შეუთანხმებლად არაფრის ქმნა არ ვისურვე, რათა შენი სიკეთე იძულებითი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებსითი. 15. ვინ იცის, იქნებ დროებით იმიტომ დაგშორდა, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი. 16. მაგრამ უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე უმეტესი, საყვარელი ძმა, მეტადრე ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის, ხორციელადაც და უფლის მიერაც. 17. ასე რომ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, ისე მიიღე, თითქოს მე ვიყო. 18. ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე. 19. მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით: მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ ამაზე მეტიც გმართებს ჩემი: თვით შენი თავი. 20. ჰო, ძმაო, შემეწიე უფალში, ახარე ჩემი გული უფალში. 21. შენს მორჩილებაში დარწმუნებულმა მოგწერე ეს, რადგანაც ვიცი, რომ უფრო მეტსაც შემისრულებ, ვიდრე მე გთხოვ. 22. ამასთანავე გამიმზადე ბინაც, რადგანაც იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვით მოგემადლებით. 23. მოგიკითხავენ ეპიფრასი, ჩემი თანა-ტყვე ქრისტე იესოში; 24. მარკოზი, არისტარქე, დემასი და ლუკა, ჩემი თანაშემწენი. 25. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენს სულს. ამინ.
მოც.: ლკ. 10: 1-15
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოციქულნი: ფილიმონი და არქიპო – სამოცდაათთაგანნი და წმიდა მოწამე, მოციქულთასწორი აპფია (I)
ეკლესია წმიდა მოციქულებს – ფილიმონსა და არქიპოს და მოციქულთასწორ აპფიას 19 თებერვალსაც იხსენიებს.
წმიდა მოწამენი: კიკილია (ცეცილია), ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე (+დაახლ. 230)
წმიდანმა ვალერიანე ეპისკოპოს ურბანოსთან მისვლაზე დაიყოლია, რომელიც ქრისტიანთა დევნის გამო მღვიმეს აფარებდა თავს. ბრძენი მოძღვრის ქადაგების გავლენით წმიდა ქალწულის წარმართმა საქმრომ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და თავისი ძმა, ტიბურტიც მოაქცია მაცხოვრის სარწმუნოებაზე.
როცა მმართველმა ამაქმა ამის შესახებ შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ და სამსჯავროზე წარედგინათ წმიდა ძმები. მან ველერიანესა და ტიბურტის ქრისტეს უარყოფა და წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც მათ უარით უპასუხეს. მაშინ მოწამეები სასტიკად გვემეს. წამების დროს ვალერიანე ქრისტიანებს მოუწოდებდა, სატანჯველების არ შეშინებოდათ და მტკიცედ დაეცვათ ქრისტეს სარწმუნოება.
მმართველმა, რომელსაც სურდა, რომ ხალხი წმიდა აღმსარებლის ქადაგების ზემოქმედებისთვის განერიდებინა, ბრძანა, მოწამეები ქალაქგარეთ დაესაჯათ სიკვდილით. მეომართა რაზმს, რომელსაც უკანასკნელ გზაზე მიმავალი უფლის რჩეულების დაცვა დაევალა, მაქსიმე წინამძღვრობდა. იგი გააოცა მარტვილების სიმტკიცემ და ჰკითხა მათ, რატომ არ ეშინოდათ სიკვდილის. წმიდანებმა მიუგეს, რომ ისინი დროებით ცხოვრებას მარადიული ცხოვრებისთვის თმობდნენ. მაქსიმეს აღეძრა სურვილი, უფრო საფუძვლიანად გასცნობოდა ქრისტიანთა სწავლებას. წმიდა ძმების ქადაგების შემდეგ მაქსიმემ მთელი სახლეულით აღიარა ქრისტე.
მეორე დღეს ვალერიანესა და ტიბურტის თავი მოჰკვეთეს, მაქსიმემ საჯაროდ განაცხადა, რომ ისიც ქრისტიანი იყო, ამგვარი კადნიერებისთვის იგი სულის ამოხდომამდე სცემეს (+230).
მმართველს სურდა, სიკვდილით დასჯილთა ქონება მიეთვისებინა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ წმიდა კიკილიას უკვე გლახაკებისთვის დაერიგებინა ყველაფერი და თავისი ქადაგებით ოთხასი კაცი მოექცია ქრისტიანობაზე, მისი სიკვდილით დასჯაც ბრძანა.
წმიდა მოწამე მენიგნი (+250)
წმიდა მოწამე პროკოფი წიგნისმკითხველი (+303)
ღირსი აგაბო ისმაიტელი (V)
მართალი მიქაელ მხედარი, ბულგარელი (+866)
კეთილმორწმუნე მიხეილ ტვერელი (+1318)
მიხეილი ტვერის სამთავროს ტახტზე ძმას, სვიატოსლავს შეენაცვლა. წმიდა მთავრის ღვთივსათნო ცხოვრების მოშურნე და საკუთარი ამბიციებით გონებადაბინდულმა მოსკოვის მთავარმა იურიმ ჯერ ომი დაიწყო ტვერის სამთავროს წინააღმდეგ, შემდეგ კი, დამარცხებით გაბოროტებულმა, ცილისმწამებლური ბრალდებებით ოქროს ურდოში დაასმინა წმიდა მიხეილი. განრისხებულმა ხანმა თავისთან იხმო წმიდანი. უფლის რჩეულმა არ ისურვა, ხანთან უთანასწორო ბრძოლაში რუსი მეომრების სისხლი დაეღვარა და მორჩილებით გაემართა ოქროს ურდოში, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდა. გამგზავრების წინ ის გამოემშვიდობა ოჯახს, ტვერელებს და სულიერი მოძღვრისგან – იღუმენ იოანესგან მოწამეობრივ ღვაწლზე ითხოვა კურთხევა. „მამაო, – თქვა წმიდანმა, – ბევრი ვიზრუნე ქრისტიანთა შორის სიმშვიდის დასამყარებლად, მაგრამ, ჩემი ცოდვების გამო, შინაომებს ბოლო ვერ მოვუღე. ახლა მაკურთხე, რომ თუ ხალხისთვის სისხლის დათხევა მომიხდა, მათ ოდნავ მაინც ამოისუნთქონ, მე კი ცოდვები მომიტევოს უფალმა“.
ურდოში წმიდა მთავარს ხანის ურჩობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. საპყრობილეში მიხეილი, ჩვეულებისამებრ, გამუდმებით ფსალმუნებს კითხულობდა, უფალს მადლობდა მისთვის წარმოგზავნილი სატანჯველებისათვის და წინამდებარე მოწამეობრივ ღვაწლში შემწეობას სთხოვდა. დატყვევებული წმიდა მთავარი მოთმინებით იტანდა გვემას და შეურაცხყოფას. მას გაქცევაც შესთავაზეს, მაგრამ ნეტარი გაბედულად უპასუხა: „სიცოცხლეში მტრებს არასდროს გავქცევივარ! მე რომ გადავრჩე, ჩემს ხალხს კი უბედურება ეწიოს, ჩემთვის რა სახელი იქნება? იყოს ნება ღვთისა!“ წმიდა მიხეილს ხშირად აკითხავდნენ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები. ნეტარი ყოველ კვირას ამბობდა აღსარებას და ეზიარებოდა. ერთ საღამოს დატყვევებულ წმიდანთან მკვლელები შეიჭრნენ. მახვილით განგმირეს და გული ამოაჭრეს (+1318). იმავე ღამეს ბევრმა ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ნათლის ორი ღრუბელი იმ ადგილს, სადაც მარტვილი ესვენა. ურდოდან წმიდა მიხეილის ნეშტი მოსკოვში გადაასვენეს და კრემლის მაცხოვრის ტაძარში დაკრძალეს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1319 წელს შეიტყვეს ტვერელებმა, თუ რა ბედი ეწია მათ მთავარს. წმიდანის მეუღლის, მთავარი ანას (ხს. 2 ოქტომბერს) სურვილითა და ტვერელთა თხოვნით ნეტარი მიხეილ ტვერელის წმიდა ნაწილები 1320 წლის 6 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქში, მის მიერვე აგებულ უფლის ფერისცვალების ტაძარში დაკრძალეს. კეთილმსახური მთავარი 1549 წელს შერაცხეს წმიდანად, 1632 წლის 24 ნოემბერს კი მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
1912 წელს თბილისში აიგო კეთილმსახური მთავრის, მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარი.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.