10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ეფ. 6: 10-12
24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
შაბათი. 7.12.2024. ხსნილი თევზით
ტაძრად მიყვანების შემდგომი დღესასწაული.
დიდმოწამისა ეკატერინესი, ალექსანდრიელი ქალწულისა (305-313); დიდმოწამისა მერკურისა (III); მოწამეთა ვასილისა (ავგუსტა) დედოფლისა, პორფირი სტრატილატისა და 200-თა მხედართა (305-313); ღირსისა მასტრიდია ქალწულისა; ღირსისა სიმონ სოიგინელისა (1562).
დღის ლოცვები
დიდმოწამე ეკატერინესი, ალექსანდრიელი ქალწულისა
ტროპარი: სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედითა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი და ვითარცა ყოვლადბრწყინვალემან მთოვარემან, ბნელსა შინა მავალთაგან ურწმუნოებისა ბნელი განსდევნე და დედოფალი მორწმუნე-ჰყავ და ზოგად ამხილე მძლავრსა, ღმრთივწოდებულო სძალო, ნეტარო ეკატერინე, და სიხარულით შეხვედი ზეცისა სასძლოსა, ყოვლადშუენიერსა სიძისა შენისა მიმართ, ქრისტესა, და მის მიერ სამეფოთა გვირგვინითა გვირგვინოსან იქმენ, და ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ, ევედრე მას ჩუენ ყოველთათვის, რომელნი აღვასრულებთ ყოვლადპატიოსანსა სახსენებელსა შენსა.
კონდაკი: მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ, მარტვილთ მოყუარენო, აწ დაადგინენით მაქებელთა ყოვლადბრძენისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა ქრისტე ქადაგა და გუელი დასთრგუნა, რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყუელმან.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: დიდმოწამეთა ეკატერინესი და მერკურისა: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
რიგ.: 2 კორ. 11: 1-6 (დას. 191). ლკ. 10: 19-21 (დას. 51, შუა).
ლიტ.: დიდმოწამეთა ეკატერინესი და მერკურისა: ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ლიტ.: დიდმოწამეთა ეკატერინესი და მერკურისა: ლკ. 21: 12-19
11. და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ – შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით. 12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
რიგ.: 2 კორ. 11: 1-6
1. რა იქნება, ცოტათი მაინც რომ იტანდეთ ჩემს უგუნურებას?! მაგრამ ამიტანეთ. 2. რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. 3. მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს. 4. რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ – სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, – დიახაც შეიწყნარებთ მას. 5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები. 6. მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ.
რიგ.: ლკ. 10: 19-21
19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
დიდმოწამე მერკური (III)
წმიდა მხედარს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, შეახსენა, ვისგან ებოძა გამარჯვება და ღვთის სამსახურისკენ მოუწოდა. მაშინ წმიდა მერკურის მოაგონდა, რომ მამამისი, გორდიანე, ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა და თავადაც მოინათლა. მან უარი განაცხადა საზეიმო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაზე, რისთვისაც მრისხანე იმპერატორმა თავისთან მოიხმო. მერკურიმ დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, უღმრთო თვითმპყრობელს ფეხებთან მიუგდო მეომრის სარტყელი და მანტია და მიწიერ პატივზე უარი განაცხადა. საპყრობილეში წმიდანს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, განამტკიცა და მოუწოდა, ყოველგვარი სატანჯველი გაბედულად დაეთმინა ქრისტესთვის.
ნეტარი მარტვილი ცეცხლის ზემოთ გაჭიმეს, დანებით დასერეს და წკნელებით დაუნდობლად სცემეს. რამდენჯერაც ასე სასტიკად ნაწამები წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს, იმდენჯერ სასწაულებრივი კურნება მიემადლა უფლისგან, რაც ქრისტეს სარწმუნოების უძლეველობას უმტკიცებდა უსჯულოებს. სიკვდილმისჯილ მერკურის თავად უფალი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ მალე დაიხსნიდა სატანჯველთაგან. დიდმოწამეს კაბადოკიის კესარიაში მოჰკვეთეს თავი. მისი პატიოსანი ცხედარი მირონისა და საკმევლის სურნელს აფრქვევდა და მრავალ სნეულს კურნავდა.
ნეტარმა მერკურიმ სიკვდილის შემდეგაც აღასრულა მხედრული სამსახური მიწიერი ეკლესიის სასიკეთოდ: მღვდელმთავარი ბასილი დიდი (ხს. 1 იანვარს) მხურვალედ ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ და უსჯულო იმპერატორის, იულიანე განდგომილისგან (361-363) მართლმორწმუნეთა დახსნას ითხოვდა. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მისი ვედრება და მედღესასწაულე ეკლესიიდან წმიდა მხედარი მერკური გამოგზავნა მებრძოლი ეკლესიის დასაცავად: ხატზე ყოვლადწმიდა მარიამის გვერდით აღბეჭდილი დიდმოწამის გამოსახულება გაქრა, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა გასისხლიანებული მახვილით ხელში. სწორედ ამ დროს სპარსელებთან ომში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაჭრა უცნობმა მეომარმა, რომელიც იმავ წამს გაუჩინარდა. სულთმობრძავი ღვთისმგმობელის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“
დიდმოწამე ეკატერინე (+305-313); წმიდა მოწამე ავგუსტა; წმიდა მოწამე პორფირი სტრატილატი და 200 მხედარნი (+305-313)
ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულ გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა: „მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღმატებულია შენზე: მისი მშვენება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე – ყველაფერ არსებულს განაგებს, სიმდიდრე – მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება – პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი – ენით გამოუთქმელია“. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული.
ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა – წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისთვის, მაგრამ ყრმამ პირი აარიდა ასულს. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა და ნათლობის წესი აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი – ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა.
ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინე (305-313) ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ – დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმიდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. ქალწულის სილამაზემ მეფე მოხიბლა. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის – იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს.
იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ნეტარი, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმიდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბრწყინებული წმიდანის სულის სიმტკიცემ. წმიდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი.
მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ ორას მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინე ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის – ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527-565; ხს. 14 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.
ღირსი მასტრიდია
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.