„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? (იაკ. 4: 4).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

21.01.2026. მარხვა
33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
ნათლისღების შემდგომი დღესასწაული. დიდმოწამისა აბო ტფილელისა (786); ღირსისა გიორგი ქოზიბელისა (VII); ღირსისა ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელ ეპისკოპოსისა (815-820); ღირსისა დომნიკა კონსტანტინეპოლელი იღუმენიასი (V). მღვდელმოწამისა კარტერისა, კაბადუკიის კესარიელი ზუცისა (304); მოწამეთას თეოფილე დიაკონისა და ელადი ერისკაცისა (IV); მოწამეთა: იულიანესი, კელსისა, ანტონისა, ანასტასისა, ბასილისასი და მარიონილასი, შვიდთა ყრმათა და ოცთა მხედართა (313); ღირსისა ელია მეგვიპტელისა (IV); ღირსისა გრიგოლი კიევო-პეჩორელისა, სასწაულთმოქმედისა (1093): მღვდელმოწამისა ისიდორე ხუცისა და მის თანა 72-თა მოწამეთა (1472).
დღის ლოცვები
დიდმოწამისა აბო თბილელისა
ტროპარი: მოწამემან შენმან, უფალო, აბო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისასა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ეკლესია ხსენებასა შენსა, და შემოკრებს შვილთა ეკლესიისა და ემბაზისათა შენისა ამის ღვაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თვალო მოწამეთაო აბო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: მთ. 10:16-22 (დას. 36).
ლიტ.: რიგ.: იაკ. 3: 11 – 4: 6 (დას. 55). მკ. 11: 23-26 (დას. 51).
მოწ. 2 ტიმ. 2: I-10 (დას. 292). ინ. 15: 17-16: 2 (დას. 52).
ცისკ.: მთ. 10:16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
ლიტ.: რიგ.: იაკ. 3: 11 – 4: 6
11. განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან მოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი? 12. განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი – ლეღვი? ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი. 13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით. 14. ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას. 15. არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული. 16. ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე. 17. ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე – მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. 18. სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.
1. საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან? 2. გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ. 3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ. 4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა. 5. იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“. 6. მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.
ლიტ.: რიგ.: მკ. 11: 23-26
23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, – ექნება ის, რასაც იტყვის. 24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ. 25. როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი.
მოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
მოწ.: ინ. 15: 17-16: 2
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსმოწამე კარტერი, კესარია-კაბადოკიელი ხუცესი (+304)
წმიდა მოწამე კარტერი ხუცესად მსახურობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. მან უფლის სადიდებლად ააგო ტაძარი და დიდი მრევლიც შემოიკრიბა. როცა მისი მოღვაწეობის შესახებ ოლქის გამგებელს ამცნეს, ის მდევნელებს განერიდა, მაგრამ უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „კარტერი, წადი და წარსდექი გამგებლის წინაშე – მე შენთან ვიქნები. მრავალი ტანჯვის დათმენა მოგიწევს ჩემი სახელისათვის. ბევრი განმტკიცდება და ცხონდება შენს მიერ.”სიხარულით აღვსილმა წმიდანმა მადლობა შესწირა უფალს და ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ნეტარ მამას თავდაპირველად ჯოხებით სცემდნენ, შემდეგ კი ხეზე ჩამოკიდეს, ხელ-ფეხის ფრჩხილები დააძვრეს და რკინის კავებით უჯიჯგნეს სხეული. კარტერს უფლის ანგელოზი უმსუბუქებდა ტანჯვას. გახურებული რკინითაც დიდხანს აწამეს ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ბოლოს კი დილეგში ჩააგდეს. აქ წმიდანს თავად უფალი გამოეცხადა, განკურნა, ბორკილებისაგან გაანთავისუფლა და საპყრობილიდანაც გამოიყვანა. ამ სასწაულის მოწმე მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელიღო და განკურნა სნეულებათაგან.
უღმრთოებმა კვლავ შეიპყრეს კარტერი, სასტიკად აწამეს და ბოლოს მახვილით განგმირეს.
წმიდა მოწამენი: ივლიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ვასილისა და მარიონილა, 7 ყრმა და 20 მხედარი (+313
წმიდა მოწამე ივლიანე დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში. იგი, მშობლების სურვილით, დიდებულ და მდიდარ ქალწულ ვასილისაზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლეებმა ქორწინებაში ქალწულება დაიმარხეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მათ მონაზვნობა შეიმოსეს და ორი – მამათა და დედათა სავანე დააარსეს, რომელთაც თვითონვე წინამძღოლობდნენ. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას, 313 წელს ივლიანე სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისათვის. წამების დროს გამოჩენილმა მისმა სიმტკიცემ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია მარიონილა და კელსი, ქრისტიანობაზე მოექცა და მოინათლა ერთი ახლადგარდაცვლილი წარმართი, რომელიც სასწაულებრივად აღადგინა წმიდა ივლიანემ. ხუცესმა ანტონიმ ახალნათელღებულს ანასტასი უწოდა. აღმსარებლები ჯერ დილეგში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 20 მხედარი და 7 ყრმა.წმიდა ილია მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)
ღირსი ილია მეუდაბნოე 75 წელი მოსაგრეობდა ეგვიპტის ერთი უდაბური მთის კლდოვან გამოქვაბულში. იგი 110 წლის ასაკში მიიცვალა IV საუკუნეში.ღირსი დომნიკა კონსტანტინეპოლელი (+დაახლ. 474)
ღირსი დომნიკა კართაგენიდან ჩავიდა კონსტანტინეპოლში თეოდოსი დიდის მეფობისას. აქ მან ნათელიღო პატრიარქ ნექტარიუსის ხელით და მონასტერში დაემკვიდრა. მკაცრი და გულმოდგინე მოღვაწეობით წმიდა ქალწულმა სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. იგი კურნავდა სნეულებს, იმორჩილებდა სტიქიებს, წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. სათნოებით შემკული წმიდა დედა ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა 474 წელს.ღირსი გიორგი ქოზიბელი (VII)
ღირსი გიორგი ქოზიბელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა. მშობლების სიკვდილის შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და მდინარე იორდანესა და იერუსალიმს შორის მდებარე ქოზიბის ძმობაში დამკვიდრა. მარხვის, ლოცვის, მღვიძარების მოყვარული მამა ბერებმა იღუმენად აირჩიეს. ღირსი გიორგი მშვიდობით მიიცვალა ღრმა სიბერეში.წმიდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი) – თბილისში წამებული (+786)
მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირა მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო.სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავდ ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს დარჩენილიყო აფხაზეთში: „მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, – უთხრა მან აბოს. „განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაჲ ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”. – უპასუხა ნეტარმა.
სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაანთავისუფლეს.
თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა ასე უპასუხა: „მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”
ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის დათმენილმა ჭირმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, მან თხოვა ქრისტიანებს გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის ეკლესიებისათვის შეეწირათ.
წამების დღეს წმიდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმიდა ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ”, – ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმიდა აბომ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.
ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და უდრეკად იდგა. სირცხვილეულმა და დამარცხებულმა უსჯულოებმა წმიდანის გვამზეც კი იძიეს შური, მისი წმიდა სხეული ტანსაცმლებთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს, ფერფლი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.
გრიგოლ საკვირველთმოქმედი (+1093)
ღირსი გრიგოლი, კიევო-პეჩორელი განდეგილი, ცხოვრობდა XI საუკუნეში. წმიდა გრიგოლი მთელი ცხოვრების მანძილზე უმი ბალახის გარდა არაფერს ჭამდა. ამ ბალახს აძლევდა იგი შემწეობის სათხოვნელად მოსულ სნეულებსაც. ისინიც სასწაულებრივად იკურნებოდნენ.ღირსი გრიგოლი კიევო-პეჩორის მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი თეოდოსის (+1074, ხს. 3 მაისს) დროს. წმიდანი ძალიან ბევრს კითხულობდა – მის ერთადერთ ქონებას წიგნები წარმოადგენდა. ღირს გრიგოლს ქურდების გონზე მოყვანის საოცარი უნარი ჰქონდა. მძარცველები რამდენჯერმე შემოპარულან მასთან კელიასა და ბაღში, მაგრამ, წმიდა მამისაგან შეგონებულნი, სინანულში ჩავარდნილან და უსჯულო ცხოვრებაზე ხელი აუღიათ. ერთხელ წმიდანი დნეპრზე ჩავიდა წყლის მოსატანად. სალაშქროდ მიმავალმა მთავარი როსტისლავის ჭაბუკმა მეომრებმა სიცილი დააყარეს მას და ჯავრება დაუწყეს. ბერმა უთხრა: „ყმაწვილებო, თქვენ ახლა შეშინებულები ლოცვას უნდა თხოვდეთ ყოველ შემხვედრს, რადგან უფალს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს: ყველას წყალი შთანგთქავთ მთავართან ერთად!” განრისხებული სარდლის ბრძანებით ღირს გრიგოლს ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე ქვა გამოაბეს და დნეპრში ჩააგდეს. მის წინასწართქმული მაინც ახდა: როსტისლავი ბრძოლიდან ვერ დაბრუნდა – პოლონელებისგან უკუქცეული 20 წლის მთავარი წყალმა შთანთქა.
სასწაულებრივად გადარჩენილი ღირსი გრიგოლ საკვირველთმოქმედი 1093 წელს მიიცვალა და დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.