21.03.2026. დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. შაბათი

21.03.2026. დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. შაბათი

     „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17). 

     ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-4 შვიდეული 

21.03.2026. შაბათი

ღირსისა თეოფილაქტე აღმსარებელისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა (842-845); მოციქულისა ერმისა (I); მღვდელმოწამისა თეოდორიტესი, ანტიოქელ ხუცისა (361-363); ღირსისა დომეტისა (363).

დღის ლოცვები

ღირსი თეოფილაქტე აღმსარებელის კონდაკი:
მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი კიდეთა სოფლისათა, წმიდაო თეოფილაქტე, და თანა არსად მამისა და სულისა წმიდისა სიტყუა ჰქადაგე, და საღმრთოთა ცხოვართა კრებული განამტკიცენ, და სათნოდ სამებისა განსცხადენ, რომლისა წინა სდგა, ითხოვე ჩუენთვის დიდი წყალობაი.

ლოცვა მიცვალებულთათვის

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა (სახელები), სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

მიცვალებულთა ხსენება. ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.

ლიტ.: ებრ. 6: 9-12 (დას. 313). მკ. 7: 31-37 (დას. 31).
მიცვ.: 1 კორ. 15: 47-57 (დას. 163). ინ. 5: 24-30 (დას. 16).

ლიტ.: ებრ. 6: 9-12 

9. თუმცა თქვენ, საყვარელნო, მიუხედავად ამ სიტყვებისა, გვწამს, რომ უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილნი. 10. რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ. 11. მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას. 12. რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენითა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.

ლიტ.: მკ. 7: 31-37

31. მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის. 32. მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. 33. ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო; 34. ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ! 35. მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა. 36. და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ; 37. დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.

მიცვ.: 1 კორ. 15: 47-57 

47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი – ზეციერი. 48. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. 49. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც. 50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას. 51. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, – 52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. 53. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება. 54. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით; 55. სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ 56. ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი – რჯული.

მიცვ.: ინ. 5: 24-30

24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოციქული ერმი (I), ფილიპოპოლის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. იგი მოწამეობრივად აღესრულა I საუკუნის დასასრულს. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული რომაელებს მოუწოდებდა, პატივით მოეპყრან მოციქულ ერმის. 
წმიდა თეოდორიტე ანტიოქიელი (+361-363) ანტიოქიის საკათედრო ტაძრის პრესვიტერი იყო. ეს ეკლესია მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) და მისმა ვაჟმა კონსტანციმ ააგეს. კონსტანცის (337-361) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა იულიანე განდგომილმა (361-363) გადაწყვიტა კერპთაყყვანისცემის აღდგენა მთელი რომის იმპერიაში. იმპერატორმა ბრძანა, დაეხურათ ქრისტიანული ტაძრები და საეკლესიო განძეულობა საიმპერატორო სალაროსათვის გადაეცათ. ანტიოქიის გამგებელმა იულიანემ აქტიურად მიჰყო ხელი ბრძანების შესრულებას და თავისი უღირსი საქმე საკათედრო ტაძრებიდან დაიწყო. მისი ბრძანებით, თეოდორიტე შეიპყრეს განძეულის გადამალვის ბრალდებით, მაგრამ წმიდა მამამ უარყო ეს ბრალდება და უშიშრად ამხილა იულიანე განდგომილებაში.
მიუხედავად მხეცური წამებისა, წმიდა მოწამე სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იცავდა ქრისტეს სარწმუნოებას, იულიანეს და იმპერატორს კი მკრეხელობის გამო მოულოდნელი აღსასრული უწინასწარმეტყველა.
პრესვიტერის სიმტკიცითა და მოთმინებით გაოგნებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც ისინი ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა თეოდორიტეს კი თავი მოჰკვეთეს.
სიწმიდეების შებილწვა და მკრეხელობა დაუსჯელი არ დარჩენილა. წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა – გამგებელი იულიანე მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, იმპერატორი იულიანე კი სპარსელებმა ომში მოკლეს.
ღირსი თეოფილაქტე ნოკომიდიელი (842-845) ხატმებრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) სიკვდილის შემდეგ ტახტზე კონსტანტინე VI (780-797) ავიდა, შეიცვალა პატრიარქიც: წმიდა პავლემ (ხს. 30 აგვისტოს) უარი განაცხადა მღვდელმთავრის კათედრაზე (784 წ.). ახალ პატრიარქად აირჩიეს წმ. ტარასი (ხს. 25 თებერვალს), რომელიც იმ დროს მეფის პირველი მრჩეველი იყო. წმ. ტარასის მოთხოვნით მოიწვიეს VII მსოფლიო კრება (787 წ.), რომელმაც დაგმო ხატმებრძოლეობის ერესი. მართლმადიდებლობას შედარებით მშვიდი ხანა დაუდგა. ისევ აივსო მონასტრები, აღსდგა სულიერი ცხოვრება.
წმიდა ტარასის ერთგული მოწაფე წმიდა თეოფილაქტე წმიდა მიხეილთან (ხს. 23 მაისს) ერთად, პატრიარქის კურთხევით, შავი ზღვისპირა მონასტერში განმარტოვდა. ქრისტეს თავდადებულმა მსახურებმა ღვთივსათნო საქმეებისა და დაუცხრომელი ლოცვისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღეს: მათი ლოცვით ზაფხულის პაპანაქებასა და გვალვაში ყანაში მომუშავეებს სასმელი წყალი არ მოჰკლებიათ.
მონასტერში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ პატრიარქმა წმიდა მიხეილი – სინადის ეპისკოპოსად, წმ. თეოფილაქტე კი – ნიკომიდიის ეპისკოპოსად აკურთხა.
ეპისკოპოსის ხარისხში მყოფი თეოფილაქტე დაუცხრომლად იღწვოდა თავისი სამწყსოსათვის. აშენებდა ტაძრებს, საავადმყოფოებს, გლახაკთა თავშესაფრებს, უხვად გასცემდა მოწყალებას, მფარველობდა ობლებს, ქვრივებს, უძლურებს, უვლიდა კეთროვნებს.
როცა იმპერატორის ტახტზე ავიდა ხატმებრძოლი ლეონ V სომეხი (813-820), საშინელმა ერესმა ახალი ძალით იფეთქა. იმპერატორზე გავლენა ვერ მოახდინა წმ. ტარასის შემცვლელმა წმიდა ნიკიფორემ (ხს. 2 ივნისს), რომელიც ეპისკოპოსებთან ერთად არწმუნებდა იმპერატორს, არ დაერღვია ეკლესიის სიმშვიდე. მოლაპარაკებაზე მყოფმა თეოფილაქტე ნიკომიდიელმა უშიშრად ამხილა ერეტიკოსები და ლეონ სომეხს მალე გარდაიცვალება უწინასწარმეტყველა. ამისთვის ის ტროვილის ციხესიმაგრეში (მცირე აზია) გადაასახლეს. აქ იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი სიკვდილამდე, 30 წლის განმავლობაში; აღესრულა დაახლოებით 845 წელს.
ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ (847 წ.), წმიდა თეოდორასა (ხს. 11 თებერვალს) და მისი შვილის, მიხეილის დროს, წმიდა ეპისკოპოსის თეოფილაქტეს ნაწილები პატივით გადაასვენეს ნიკომიდიაში.