… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-2 შვიდეული. სამშაბათი
21.04.2026 მსგეფსი
მოციქულთა 70-თაგანთა: იროდიონისა, აგაბოსი, ასინკრიტესი, რუფოსი, ფლეგონტისა, ერმისა და სხვათა მათ თანა (I); მოწამისა პავსილიპესი (117-138); კელესტინე რომის პაპისა (432).
მიცვალებულთა ხსენება.
დღის ლოცვები
მოციქულთა: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუფოსი, ფლეგონტი, ერმისა და სხვათა კონდაკი:
გამოსჩნდით თქუენ მოწაფედ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რუფე, ასინკრიტე, ფილიმონ, ერმი ეპაფროსითურთ, და მარადის ევედრებით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებასა, რომელნი გიგალობთ თქუენ.
ლოცვა მიცვალებულთათვის
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა (სახელები), სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხა-რული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 4: 1-10. (დას. 10). ინ. 3: 16-21 (დას. 10).
საქმ. 4: 1-10
1. ვიდრე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს წამოადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის წინამძღვარი და სადუკეველნი, 2. განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. 3. დაადეს მათ ხელი და დაცვას გადასცეს მეორე დღემდე, რადგანაც უკვე ბინდდებოდა. 4. ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე. 5. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავარნი, უხუცესნი და მწიგნობარნი, 6. ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები, ვინც იყვნენ მღვდელმთავრის გვარიდან. 7. შუაში დააყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს? 8. მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო, 9. რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი, 10. დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით.
ინ. 3: 16-21
16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. 17. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ. 18. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი. 19. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. 20. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი. 21. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი (I)
წმიდა მოციქულები იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვები (I) – იყვნენ სამეოცდაათთაგანნი, რომლებიც ქრისტემ აირჩია და გაგზავნა საქადაგებლად (ხს. 70 მოციქულთა კრებისა 4 იანვარს).წმიდა იროდიონ მოციქული პავლე მოციქულის ნათესავი იყო და თან ახლდა მას მოგზაურობებში. როდესაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანობა გავრცელდა, პეტრე და პავლე მოციქულებმა იროდიონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მოციქულებმა ბევრი წარმართი და იუდეველი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
წმიდა იროდიონის ქადაგებით გამძვინვარებული კერპთაყვანისმცემლები და იუდეველები ერთხელ თავს დაესხნენ მას და ცემა დაუწყეს. ერთმა იუდეველმა დანა ჩაარტყა მოციქულს. როცა მკვლელები თვალს მიეფარნენ, უფალმა უვნებლად აღადგინა იგი.
წმიდა იროდიონი დიდხანს ეხმარებოდა წმიდა პეტრეს სამოციქულო საქმიანობაში. პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრის დროს (+67) წმიდა იროდიონს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა აგაბოს წინასწარხედვის ნიჭი ჰქონდა მომადლებული. მან იწინასწარმეტყველა შიმშილობა იმპერატორ კლავდის მეფობისას (საქმე 11, 27-28) და წმიდა პავლეს წამება იერუსალიმში (საქმე 21,11). მოციქული აგაბო ქადაგებდა სხვადასხვა ქვეყანაში და ბევრი წარმართი მოაქცია.
მოციქული რუთოსი, რომელსაც ახსენებს წმიდა პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,11), იყო საბერძნეთის ქალაქ თებეს ეპისკოპოსი, მოციქული ასინკრიტე (რომ. 16,14) – გირკანიის ეპისკოპოსი, მოციქული ფლეგონტე – მარათონის (რაკია), მოციქული ერმი კი – დალმატიისა (ცნობილია სამოცდაათთაგან სხვა მოციქული ერმიც, რომელიც ფილიპოპოლისის ეპისკოპოსი იყო).
ყველა მოციქული სასტიკად ეწამა ქრისტესთვის და მოწამეობრივად აღესრულა.
მოწამე პავსიანე (II)
წმიდა მოწამე პავსიანე (+დაახლ. 117-138) – აღესრულა იმპერატორ ადრიანეს დროს. წარმართთაგან ქრისტიანობისათვის დასმენილი წმიდა პავსიანე იმპერატორს მიჰგვარეს. ხანგრძლივი წამების შემდეგ პავსიანეს ბორკილები დაადეს და მოსაკლავად წაიყვანეს. გზაში ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, რომ დაეხსნა ჯალათების ხელიდან და უშფოთველი აღსასრული მოემადლებინა მისთვის. უფალმა შეისმინა მისი ვედრება: ნაგვემმა და დასუსტებულმა მოწამემ ისეთი ძალა იგრძნო, რომ რკინის ბორკილები გაგლიჯა და გაიქცა. ჯალათები გამოუდგნენ, მაგრამ წმიდა პავსიანემ მათ მოახლოებამდე შეჰვედრა სული უფალს.ქრისტიანებმა მოწამის ცხედარი პატივით დაკრძალეს.
წმიდა კეტელიმე რომის პაპი (+432)
წმიდა კელეტიმე – რომის პაპი (+432) – მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი, ცხოვრობდა წმიდა თეოდოსი მცირეს (408-450) დროს. მან კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, მაგრამ ყველაზე გულმოდგინედ წმიდა წერილს სწავლობდა. გულმოწყალებამ და საღვთო წერილის ცოდნამ წმიდა მამას საყოველთაო ავტორიტეტი და სიყვარული მოუპოვა. წმიდა პაპის, ბონიფაცი I-ის (418-422) გარდაცვალების შემდეგ კელეტიმე რომის კათედრაზე აირჩიეს.ამ დროს აღმოცენდა ნესტორის ერესი (V საუკუნის ქრისტოლოგიური ერესი, რომელიც ნესტორის სახელიდან (მარაში, თურქეთი, 381 – პანოპოლისი, ეგვიპტე, 451) იღებს სახელწოდებას. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი ანტიოქიური თეოლოგიური სკოლის მიმდევარი იყო, რომელიც ქრისტეში უფრო მის ადამიანურობას უსვამს ხაზს (განსხვავებით ალექსანდრიული სკოლისაგან, რომელიც ქრისტეში უმთავრესად ღმრთაებრიობას გამოკვეთდა). დაპირისპირებათა ამოსავალ წერტილად იქცა წოდება „ღმრთისმშობელი“ (theotókos – „ღმრთის დედა“), რომლითაც მარიამს მოიხსენიებდნენ. ნესტორი უპირატესობას ანიჭებდა ტერმინებს „ღმრთისმიმღები“ (theodóchos – „ქალი, რომელმაც ღმერთი მიიღო“) ან „ქრისტესმშობელი“ (Christotókos – „ქრისტეს დედა“), რითაც გულისხმობდა, რომ მარიამი მხოლოდ ქრისტეს ადამიანურობის მშობელი იყო და ამგვარად უარყოფდა ჰიპოსტატურ კავშირს. აქედან გამომდინარე, ქრისტეში პიროვნებათა ორგვარობასთან გვაქვს საქმე. ნესტორიანელობა 431 წელს დაგმო ეფესოს კრებამ, რომელმაც მარიამი „ღმრთისმშობლად“ (theotókos) გამოაცხადა.) (ქრისტიანობის ლექსიკონი) . 430 წელს რომის ადგილობრივ კრებაზე წმიდა კელეტიმემ ამხილა და დაგმო ერესი. კრების შემდეგ პაპმა ეპისტოლე გაუგზავნა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს წმიდა კირილეს (ხს. 18 იანვარს და აუწყა, რომ თუ ნესტორი ათი დღის განმავლობაში არ უარყოფდა თავის ცრუსწავლებას, მოიკვეთებოდა ეკლესიიდან.
კრების შემდგომ ორი წლის განმავლობაში წმიდანი მხურვალედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სწავლებას ქრისტეზე, როგორც განხორციელებულ ღმერთზე და მშვიდობით მიიცვალა 432 წლის 6 აპრილს.