…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-3 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II.
21.06.2026. ხსნილი თევზით
დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (აღმოყ. წმ. ნაწ. IV ); მღვდელმოწამისა თევდორესი, კველთელი მღვდელისა (1608-1609); ეფრემისა, ანტიოქიელ პატრიარქისა (545); ღირსისა ზოსიმე ფინიკიელისა (VI); მოწამეთა ნიკანდროსი და მარკიანესი; ეპისკოპოსისა აკვილიანესი.
დღის ლოცვები
დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის
ტროპარი: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილად მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვისცა მარადის გნატრით მორწმუნენი.
კონდაკი: სიმხნითა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყუა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-3, მკ. 16: 9-20 (დას. 71).
ლიტ.: რომ. 5: 1-10 (დას. 88). მთ. 6: 22-33 (დას. 18).
ცისკ.: მკ. 16: 9-20
9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.
ლიტ.: რომ. 5: 1-10
1. ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, 2. ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით; 3. და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას, 4. მოთმინება – გამოცდილებას, გამოცდილება – სასოებას, 5. სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ. 6. ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩვენი უძლურებისას, ქრისტე დროულად მოკვდა უღვთოთათვის. 7. მართლაცდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის ვინმემ, შესაძლოა, კიდევაც გაბედოს სიკვდილი. 8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. 9. მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას. 10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
ლიტ.: მთ. 6: 22-33
22. სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. 23. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი? 24. არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. 25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული – უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი? 26. შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ? 27. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე? 28. ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ. 29. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი. 30. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? 31. ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო? 32. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. 33. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი (ნაწილთა გადასვენება, 319)
წმიდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილატი ჰერაკლიაში ეწამა ქრისტესთვის 319 წლის 8 თებერვალს. წამების დროს წმიდანმა მსახურს – უარს სთხოვა, რომ მისი ცხედარი მშობლების მამულში დაეკრძალა. უარმა შეუსრულა ბატონს უკანასკნელი სურვილი – იმავე წლის 8 ივნისს პატივით გადაასვენა მისი წმიდა ნაწილები ევესიტში.ამავე დღეს იხსენიება დიდმოწამის წმიდა ხატის მიერ აღსრულებული ერთი სასწაული, რომელიც მისივე სახელობის ტაძარში მოხდა. საყდარი, რომელიც დამასკის მახლობლად, დაბა კარსატაში მდებარეობდა, სარკინოზებს საცხოვრებლად გაეხადათ. ერთმა მათგანმა ისარი სტყორცნა წმიდა თეოდორეს ხატს და მხარში მოარტყა. უეცრად ამ ადგილიდან სისხლმა იფეთქა. მალე ტაძარში დამკვიდრებული ურჯულოები ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ. ამ სასწაულის შესახებ მოგვითხრობენ ანტიოქიის წმიდა პატრიარქი ანასტასი (+599, ხს. 20 აპრილს) და ღირსი იოანე დამასკელი (+დაახლ. 780. ხს. 4 დეკემბერს) (ცნობები წმიდა თეოდორე სტრატილატზე იხილეთ 8 თებერვლის საკითხავებში).
ღირსი ეფრემ, ანტიოქიის პატრიარქი (+545)
ღირსი ეფრემი, ანტიოქიის პატრიარქი (+545). ეფრემი მხედართმთავარი იყო ანასტასი (491-518) და იუსტინე (518-527) იმპერატორების დროს. სირიელი ჭაბუკი გამოირჩეოდა სიკეთით, კეთილმსახურებითა და გულმოწყალებით.526 წელს უფალმა სასჯელი დაატეხა თავს ანტიოქიას ნესტორისა და ევტიქის ერესებისაკენ გადადრეკისათვის: მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია ეს დიდებული ქალაქი. უამრავი მცხოვრები დაიღუპა. პატრიარქი ევფრასიუსი ჩამოქცეულმა სვეტმა იმსხვერპლა.
იმპერატორმა ეფრემი გაგზავნა ქალაქის აღსადგენად. მუშებს შორის იყო ერთი ეპისკოპოსი, რომელსაც ფარული ღვაწლის სურვილით დაეტოვებინა კათედრა. მან წმიდანს პატრიარქობა უწინასწარმეტყველა და სთხოვა, ხელი არ აეღო ქველმოქმედებაზე და მტკიცედ ებრძოლა ერეტიკოსებთან. 527 წელს წმიდა ეფრემი პატრიარქად აკურთხეს. იგი მტკიცედ და ბრძნულად მართავდა სამწყსოს და საკუთარი ცხოვრების წესით, ქადაგებითა და ეპისტოლეებით იცავდა მას მწვალებლურ სწავლებათაგან.
მისი რწმენის სიძლიერეზე მეტყვველებს ერთი შემთხვევა: იეროპოლის მახლობლად მოსაგრეობდა ერთი მესვეტე, რომელიც მწვალებლობაში ჩავარდა. ეს რომ შეიტყო, წმიდა ეფრემი მივიდა ბერთან და მოუწოდებდა, დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. მესვეტე უარზე იყო. მან პატრიარქის დაშინებაც კი სცადა და შესთავაზა, დიდი კოცონი დაენთოთ და ერთად შესულიყვნენ ცეცხლში. კოცონი დაანთეს, მაგრამ ერეტიკოსმა ბერმა ვერ გაბედა შიგ შესვლა. მაშინ პატრიარქი მხურვალედ ევედრა უფალს, დაემოწმებინა, ვისი სარწმუნოება იყო უცდომელი, მოიხსნა ომოფორი და ცეცხლს მისცა. სამი საათის შემდეგ შეშა დაიფერფლა, ომოფორი კი უვნებლად დარჩა. ამ სასწაულის მხილველმა მესვეტემ უარყო ერესი და მართლმადიდებლებს შეუერთდა.
წმიდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა 545 წელს.
თავის ნაშრომებში ღირსი ეფრემი იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ.
ღირსი ზოსიმე ფინიკიელი (VI)
ღირსი ზოსიმე ფინიკიელი (VI) დაიბადა სირიის სოფელ სინადში, ტვირის მახლობლად. ის სრულიად ახალგაზრდა აღკვეცეს ბერად. ზოსიმე მარხვით, ლოცვით, ფიზიკური შრომით და სხვა კეთილი საქმეებით განადიდებდა უფალს. ღირსმა მამამ ღვთისგან განჭვრეტის მადლი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა ანტიოქიაში 526 წელს მომხდარი საშინელი მიწისძვრა.ერთხელ წმიდანს პატრიციუს არქესილაოსი ესტუმრა. მალე სტუმარს მდევარიც მოჰყვა და აუწყა, რომ მის ცოლს თვალში ჩხირი გაერჭო და საშინლად იტანჯებოდა. ღირსმა მამამ დაამშვიდა არქესილაოსი: კესარიელმა მღვდელმთავარმა იოანე ქოზიბელმა (ხს. 3 ოქტომბერს) თქვენი მეუღლე უკვე განკურნაო.
ღირსმა ზოსიმემ სულიერი სრულყოფილების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ მას მხეცებიც ემორჩილებოდნენ. ერთხელ, კესარიისკენ მიმავალი წმიდანის სახედარი მშიერმა ლომმა გაიტაცა და შეჭამა. ღირსმა მამამ მოძებნა მხეცი და უთხრა: „მეგობარო, მოხუცი ვარ და არ შემიძლია სიმძიმის ზიდვა. წამიღე ტვირთი, შემდეგ კი უდაბნოში დაბრუნდი და კვლავ იმძვინვარე შენი ბუნების წესისამებრ“. ლომმა მორჩილად მიიტანა ტვირთი კესარიამდე, აქ კი ზოსიმემ იგი გაათავისუფლა.
წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609)
წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი ქალაქ ბაღდადის გამო. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს.ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.
ოსმალებმა სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“. წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ.
მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს ქართველი მღვდელი, „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“. მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისგან. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. „ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა“. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებითო თავს. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა „გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს“, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. „იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს“.
თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. წმიდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა მოთარეშეებს მუსრი გაავლო.