სულთმოფენობის შემდგომ მე-11 კვირის ხუთშაბათი. ხმა 1.
21.08.2025 მარხვა
უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული.
ღირსისა ექვთიმე გარეჯელისა, იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა, წმიდისა ნინოს „დაუჯდომელის“ გამომთქმელისა (მჭედელაშვილი, 1804); მართლისა მელქისედეკისა (XX ს. ქრ. შობამდე); ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელ ეპისკოპოსისა (815-820); მირონ სასწაულთმოქმედისა კრიტელ ეპისკოპოსისა (350); მოწამეთა ელევთერისა და ლეონიდისა და შვილთა მათთა; ღირსისა გრიგოლი სინელისა (XIV).
დღის ლოცვები
ემელიანე აღმსარებელის, კვიზიკელი ეპისკოპოსის კონდაკი:
ახოვნად მბრძოლად გამოსჩნდი შენ სამებისა და განიოტენ მწვალებელთა ერნი, და განბრწყინვებულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომლისთვისცა ივნე, ღირსო ემელიანე; ამისთვის პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა, წარმართთა ზედა მოსლვისაგან იხსნენ მონანი შენნი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 4: 1-6 (დას. 175). მთ. 24: 13-28 (დას. 99).
ექვთიმესი: გალ. 5: 22-6: 2. მთ. 11: 27-30.
ლიტ.: 2 კორ. 4: 1-6
1. ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ. 2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე. 3. ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული, 4. რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი. 5. რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის. 6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
ლიტ.: მთ. 24: 13-28
13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული. 15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), 16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ. 17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. 16. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად. 19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. 20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. 21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება. 22. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი. 23. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ – იქო, ნუ ერწმუნებით. 24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. 25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. 26. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით. 27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
ექვთიმესი: გალ. 5: 22-6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ექვთიმესი: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი – კრეტელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 350)
წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი, კრეტელი ეპისკოპოსი კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ რაბკიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი დაოჯახებული იყო და მიწათმოქმედებას მისდევდა; მუყაითი შრომით მოწეულ მოსავალს უხვად უნაწილებდა გლახაკებს, თვითონ კი სახლეულითურთ მხოლოდ აუცილებელს სჯერდებოდა. ერთხელ წმიდა მირონმა თავის კალოზე ქურდებს წაასწრო, მაგრამ კი არ განრისხებია მათ – მშვიდად მიეხმარა ბეჭებზე ტომრების შემოგდებაში. ასეთი სულგრძელობით ნეტარმა მძარცველები ისეთ სინანულში ჩააგდო, რომ მათ პატიოსანი ცხოვრება დაიწყეს. უფალმა პირმეტყველ ცხოვართა მწყემსად გამოარჩია თავისი სათნომყოფელი: იგი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ეპისკოპოსადაც იქნა ხელდასხმული. წმიდა მღვდელმთავარს დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან ჯვრის გადასახვით შეაჩერა ადიდებული მდინარე ტრიტონი. მღვდელმთავარმა მირონმა ასი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს, დაახლოებით 350 წელს. წმიდა ემილიანე აღმსარებელი, კვიზიკელი ეპისკოპოსი (+815-820)
წმიდა ემილიანე, კვიზიკელი ეპისკოპოსი, ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) დროს განაგებდა კვიზიკის საეპისკოპოსო კათედრას. უღმრთო ხელისუფალმა სხვა მღვდელმთავრებთან ერთად სასახლეში მოუხმო მას და ხატთაყვანისცემის წმინდა წესის უარყოფა მოსთხოვა. წმიდა ემილიანემ პირველმა მიუგო მტარვალს, რომ ხატთაყვანისმცემლობის საკითხი ეკლესიაში უნდა განიხილებოდეს, სასულიერო პირთა მიერ და არა მეფის სასახლეში. 815 წელს ნეტარი მღვდელმთავარი მართლმადიდებლობის აღსარებისთვის დაატუსაღეს და გადაასახლეს. 815-820 წლებში მას პყრობილებაში აღმოხდა სული. ღირსი გრიგოლ სინელი (XIV)
ღირსი გრიგოლ სინელი დაახლოებით 1268 წელს დაიბადა ზღვისპირა დაბა კლაზომენში (სხვა წყაროებით – კუკულში) ქალაქ სმირნის (მცირე აზია) მახლობლად, შეძლებულ ოჯახში. 1290 წელს აგარიანებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს და ლაოდიკიაში გაგზავნეს. როცა განთავისუფლდა, ღირსმა მამამ კუნძულ კვიპროსს მიაშურა, სადაც ბერად შედგა, შემდეგ სინას მთაზე გადავიდა სამოღვაწეოდ და დიდი სქიმა შეიმოსა. ნეტარი მზარეულისა და ხაბაზის მორჩილებას აღასრულებდა, მაგრამ, ამასთან, ხელოვანი კალიგრაფიც იყო, ბევრს კითხულობდა, საფუძვლიანად იცნობდა წმიდა წერილსა და მამათა შრომებს. მისი მკაცრი, ასკეტური ცხოვრება – მარხვა, ღამისთევები, ფსალმუნება, ლოცვა – ზოგს აოცებდა, სხვებს კი შურით აღავსებდა. ღირსმა გრიგოლმა დატოვა მონასტერი და იერუსალიმის წმიდა ადგილთა მოსალოცად გაეშურა. გარკვეული ხნის მანძილზე იგი კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდა. შემდეგ მან მოინახულა ათონის ყველა სავანე და ბერმონაზვნური მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვან სულიერ გამოცდილებასაც ეზიარა.წმიდა მამამ სულის სასარგებლო მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც შესანიშნავი საგალობლების ავტორი. უფლის სათნომყოფელი წმიდა მამა 1310 წელს (ზოგიერთი წყაროს ცნობით, 1346 წელს) მიიცვალა მაკედონიის მთებში, მის მიერვე დაფუძნებულ სავანეში.
წმიდა მოწამენი ელეფთერი და ლეონიდე
წმიდა მოწამენი ელეფთერი და ლეონიდე ჯერ ისევ ყმაწვილები იყვნენ, როცა ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს უსჯულოებმა შეიპყრეს და ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს.