…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
21.08.2026. პარასკევი. მარხვა.
უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული.
ღირსისა ექვთიმე გარეჯელისა, იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა, წმიდისა ნინოს „დაუჯდომელის“ გამომთქმელისა (მჭედელაშვილი, 1804); მართლისა მელქისედეკისა (XX ს. ქრ. შობამდე); ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელ ეპისკოპოსისა (815-820); მირონ სასწაულთმოქმედისა კრიტელ ეპისკოპოსისა (350); მოწამეთა ელევთერისა და ლეონიდისა და შვილთა მათთა; ღირსისა გრიგოლი სინელისა (XIV).
დღის ლოცვები
ემელიანე აღმსარებელის, კვიზიკელი ეპისკოპოსის კონდაკი:
ახოვნად მბრძოლად გამოსჩნდი შენ სამებისა და განიოტენ მწვალებელთა ერნი, და განბრწყინვებულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომლისთვისცა ივნე, ღირსო ემელიანე; ამისთვის პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა, წარმართთა ზედა მოსლვისაგან იხსნენ მონანი შენნი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
2 კორ. 7: 10-16 (დას. 184). მკ. 2: 18-22 (დას. 9).
2 კორ. 7: 10-16
10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია. 11. რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში. 12. ასე რომ, თუკი მოგწერეთ, შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის გამო როდი მოგწერეთ, არამედ რათა გამოჩენილიყო თქვენი გულმოდგინება ჩვენს მიმართ ღვთის წინაშე. 13. ამიტომაც ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით და უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რადგანაც ყველამ მოუფონეთ მის სულს. 14. ამრიგად, თუკი თქვენს გამო რაიმე დავიქადე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ; არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გეუბნებოდით, ჭეშმარიტი აღმოჩნდა ჩვენი სიქადულიც ტიტეს მიმართ. 15. თქვენდამი სიყვარულით ევსება გული, როცა იხსენებს თვითეული თქვენგანის მორჩილებასა და იმას, თუ როგორი მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი. 16. ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ.
მკ. 2: 18-22
18. იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ. მივიდნენ და უთხრეს მას: რატომ მარხულობენ იოანეს მოწაფეები და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არა? 19. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება მარხულობდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? სანამდის სიძე გვერდითა ჰყავთ, ვერ იმარხულებენ. 20. დადგება დღე, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ. 21. არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი და უფრო დაიხევა. 22. არც ახალ ღვინოს ასხამს ვინმე ძველ ტიკებში; თორემ დახეთქს ახალი ღვინო ძველ ტიკებს, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
მელქისედეკი
(საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი)
წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი – კრეტელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 350)
წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი, კრეტელი ეპისკოპოსი კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ რაბკიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი დაოჯახებული იყო და მიწათმოქმედებას მისდევდა; მუყაითი შრომით მოწეულ მოსავალს უხვად უნაწილებდა გლახაკებს, თვითონ კი სახლეულითურთ მხოლოდ აუცილებელს სჯერდებოდა. ერთხელ წმიდა მირონმა თავის კალოზე ქურდებს წაასწრო, მაგრამ კი არ განრისხებია მათ – მშვიდად მიეხმარა ბეჭებზე ტომრების შემოგდებაში. ასეთი სულგრძელობით ნეტარმა მძარცველები ისეთ სინანულში ჩააგდო, რომ მათ პატიოსანი ცხოვრება დაიწყეს. უფალმა პირმეტყველ ცხოვართა მწყემსად გამოარჩია თავისი სათნომყოფელი: იგი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ეპისკოპოსადაც იქნა ხელდასხმული. წმიდა მღვდელმთავარს დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან ჯვრის გადასახვით შეაჩერა ადიდებული მდინარე ტრიტონი. მღვდელმთავარმა მირონმა ასი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს, დაახლოებით 350 წელს.
წმიდა ემილიანე აღმსარებელი, კვიზიკელი ეპისკოპოსი (+815-820)
წმიდა ემილიანე, კვიზიკელი ეპისკოპოსი, ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) დროს განაგებდა კვიზიკის საეპისკოპოსო კათედრას. უღმრთო ხელისუფალმა სხვა მღვდელმთავრებთან ერთად სასახლეში მოუხმო მას და ხატთაყვანისცემის წმინდა წესის უარყოფა მოსთხოვა. წმიდა ემილიანემ პირველმა მიუგო მტარვალს, რომ ხატთაყვანისმცემლობის საკითხი ეკლესიაში უნდა განიხილებოდეს, სასულიერო პირთა მიერ და არა მეფის სასახლეში. 815 წელს ნეტარი მღვდელმთავარი მართლმადიდებლობის აღსარებისთვის დაატუსაღეს და გადაასახლეს. 815-820 წლებში მას პყრობილებაში აღმოხდა სული. ღირსი გრიგოლ სინელი (XIV)
ღირსი გრიგოლ სინელი დაახლოებით 1268 წელს დაიბადა ზღვისპირა დაბა კლაზომენში (სხვა წყაროებით – კუკულში) ქალაქ სმირნის (მცირე აზია) მახლობლად, შეძლებულ ოჯახში. 1290 წელს აგარიანებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს და ლაოდიკიაში გაგზავნეს. როცა განთავისუფლდა, ღირსმა მამამ კუნძულ კვიპროსს მიაშურა, სადაც ბერად შედგა, შემდეგ სინას მთაზე გადავიდა სამოღვაწეოდ და დიდი სქიმა შეიმოსა. ნეტარი მზარეულისა და ხაბაზის მორჩილებას აღასრულებდა, მაგრამ, ამასთან, ხელოვანი კალიგრაფიც იყო, ბევრს კითხულობდა, საფუძვლიანად იცნობდა წმიდა წერილსა და მამათა შრომებს. მისი მკაცრი, ასკეტური ცხოვრება – მარხვა, ღამისთევები, ფსალმუნება, ლოცვა – ზოგს აოცებდა, სხვებს კი შურით აღავსებდა. ღირსმა გრიგოლმა დატოვა მონასტერი და იერუსალიმის წმიდა ადგილთა მოსალოცად გაეშურა. გარკვეული ხნის მანძილზე იგი კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდა. შემდეგ მან მოინახულა ათონის ყველა სავანე და ბერმონაზვნური მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვან სულიერ გამოცდილებასაც ეზიარა.წმიდა მამამ სულის სასარგებლო მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც შესანიშნავი საგალობლების ავტორი. უფლის სათნომყოფელი წმიდა მამა 1310 წელს (ზოგიერთი წყაროს ცნობით, 1346 წელს) მიიცვალა მაკედონიის მთებში, მის მიერვე დაფუძნებულ სავანეში.
წმიდა მოწამენი ელეფთერი და ლეონიდე
წმიდა მოწამენი ელეფთერი და ლეონიდე ჯერ ისევ ყმაწვილები იყვნენ, როცა ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს უსჯულოებმა შეიპყრეს და ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს.