19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
21.10.2025. ხსნილი
ღირსისა პელაგია ანტიოქიელისა (457); ღირსისა ტაისიასი (IV); წმიდისა პელაგია ქალწულისა (303).
დღის ლოცვები
ღირსი პელაგიას კონდაკი:
ხორცნი შენნი განლიენ მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობა შეცოდებათა და გვიჩვენე ჩვენცა გზა იგი შენდობისა სინანულითა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ფლპ. 2: 16-23 (დას. 242). ლკ. 8: 1-3 (დას. 34).
ფლპ. 2: 16-23
16. სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი. 17. მაგრამ სისხლადაც რომ ვესხურო თქვენი რწმენის მსხვერპლს და მსახურებას, თქვენთან ერთად ვილხენ და ვხარობ. 18. მაშ, თქვენც ილხენდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად. 19. იმედი მაქვს, თუ უფალმა ჩვენმა ქრისტემ ინება, მალე გაახლოთ ტიმოთე, რათა შევიტყო თქვენი ამბავი და მეც გავმხნევდე სულით. 20. რადგანაც სხვა არავინ მყავს ჩემი სულის თანაზიარი, მასავით წრფელად რომ ზრუნავდეს თქვენზე. 21. ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას. 22. მის გამოცდილებას კი იცნობთ, ვინაიდან, როგორც მამას – შვილი, ისე ემსახურა სახარებას ჩემთან ერთად. 23. ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის.
ლკ. 8: 1-3
1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი. 2. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი, 3. იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა პელაგია ქალწული (+303)
წმიდა მოწამე პელაგია ქალწული, დიდებული გვარის ჩამომავალი, ანტიოქიაში ცხოვრობდა და მღვდელმოწამე ლუკიანეს (ხს. 15 ოქტომბერს) მოწაფე იყო. როცა, ქრისტიანთა დევნის დროს, მხედრები წმიდანის შესაპყრობად მივიდნენ, იგი მხოლოდ თხუთმეტი წლისა იყო. ნეტარმა მათ სთხოვა, ცოტა ედროვათ, თავად კი ლოცვად დადგა, უსჯულოთა ხელყოფისაგან დაცვა გამოითხოვა უფლისგან, შემდეგ კი სახლის ერდოდან გადმოეშვა და ადგილზევე განუტევა სული. ეს მოხდა IV საუკუნეში, როგორც ვარაუდობენ, 303 წელს.ღირსი ტაისია (IV)
ღირსი ტაისია მეძავის შვილი იყო და თვითონაც სიყმაწვილიდანვე ჩაეფლო გარყვნილებაში. საოცრად მომხიბლავი გარეგნობის წყალობით იგი მრავალს აცდუნებდა. ამ დროს ეგვიპტეში, ჰერაკლიის მონასტერში ცხოვრობდა ბერი პაფნუტი, რომელიც ბევრ შეცდომილს აყენებდა ცხონების გზაზე. როცა მან ტაისიას შესახებ შეიტყო, საერო ტანსაცმელი შეიმოსა, მივიდა მეძავთან და სთხოვა, ისეთ განკრძალულ ადგილას დაენიშნა მისთვის შეხვედრა, სადაც ვერც კაცი ნახავდა მათ და ვერც ღმერთი. ტაისიამ, რომლის სულში ჯერაც არ მინავლებულიყო ფიქრები უფალზე, ღიმილით უპასუხა, ეს შეუძლებელია, რადგან ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავსო. მაშინ ღირსმა მამამ გააცხადა თავისი ვინაობა, უფლის რჩეულს ცხადად წარმოუდგინა მისი ცოდვების სიმძიმე და ის აუტანელი სატანჯველები, რომელიც საუკუნო ცხოვრებაში მოელოდა მის მიერ ცდუნებული და წარწყმედილი ყოველი ადამიანის სულის სანაცვლოდ. ბერის სიტყვებმა შეძრა ცოდვილი ქალის სული, მის გულს კი ზეციური ნათელი მოეფინა. მან თავი მოუყარა მთელ თავის სიმდიდრეს, ქალაქის მოედანზე დაახვავა და საკუთარი ხელით დაწვა ნიშნად იმისა, რომ საჯაროდ აღიარებდა თავისი უწინდელი ცხოვრების სისაძაგლეს და ეს საუნჯე, როგორც გარყვნილების გზით მოგებული, გლახაკთათვის დარიგების ღირსადაც არ მიაჩნდა.ღირსმა პაფნუტიმ წმიდანი დედათა მონასტერში მიიყვანა, სადაც იგი ვიწრო სენაკში დასახლდა და ყოველდღიურად მცირე სარკმლიდან აწვდიდნენ პურის ნატეხსა და მცირეოდენ წყალს. სამი წელი დაჰყო აქ ნეტარმა დედამ სრულ მარტოობაში. მკაცრი მარხვით გალეული უფლის რჩეული დაუდუმებლად იმეორებდა მოკლე ლოცვას: „შემოქმედო ჩემო, შემიწყალე მე“! ამასობაში პაფნუტიმ საოცარი სიბრალული იგრძნო მის მიმართ და ღირს ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) მიაშურა, რომ შეეტყო, შეუნდო თუ არა უფალმა ტაისიას. წმიდა ანტონიმ შეჰყარა თავისი მოწაფეები და მთელი ღამე მათთან ერთად ლოცვად იდგა. ბოლოს ერთ მათგანს – ღირს პავლეს (ხს. 7 მარტს და 4 ოქტომბერს) სასწაულებრივი ხილვით განეცხადა, რომ ტაისიას ცოდვები აღხოცილი იყო. პაფნუტი ჩავიდა სავანეში, სადაც წმიდა დედა მოსაგრეობდა და მას სენაკის კარები გაუღო. ტაისიამ მდაბლად წარმოთქვა, დაყუდებაში მინდა დავრჩეო, მაგრამ ნეტარმა ბერმა გამოსვლა უბრძანა. წმიდანი დამორჩილდა, თან თქვა: „ღმერთია მოწმე, იმ წუთიდან, როცა სენაკში შევედი, ჩემი ყველა ცოდვა თვალწინ მედგა და ცრემლად ვიღვრებოდი მათი შემყურე“. პაფნუტიმ უპასუხა: „სწორედ ამიტომ, და არა შენი დაყუდების სიმკაცრის გამო შეგიწყალა გულმოწყალე უფალმა“. ამის შემდეგ ტაისიამ მხოლოდ თხუთმეტი დღე იცოცხლა. იგი მშვიდობით შეერთო სასუფეველს დაახლოებით 340 წელს. ღირსი დედა უნდა განვასხვაოთ ნეტარი ტაისიასგან რომლის ხსენებას წმინდა ეკლესია 10 მაისს აღნიშნავს.
ღირსი პელაგია (+ დაახლ. 457)
ღირსი პელაგია ედესელმა ეპისკოპოსმა ნონემ (ხს. ყველიერის შაბათს) მოაქცია ქრისტიანობაზე. ნათლისღებამდე იგი პალესტინის ანტიოქიის მოცეკვავეებს ხელმძღვანელობდა, ძალიან მდიდარი იყო და თავაშვებულად ცხოვრობდა.ერთხელ მდიდრულად ჩაცმულმა პელაგიამ ჭაბუკებისა და ყმაწვილქალების გუნდთან ერთად ჩაიარა ტაძრის წინ, რომლის კარებთანაც მღვდელმთავარი ნონე იჯდა და ხალხს მოძღვრავდა. მორწმუნეებმა თვალი აარიდეს ქალაქში ცნობილ მეძავს, ნონე კი დიდხანს გასცქეროდა მას. წმიდანმა შემოკრებილებს მიანიშნა იმაზე, თუ როგორ გულმოდგინედ ზრუნავდა ეს ქალი საკუთარ გარეგნობაზე და სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე, თან მწუხარედ დაამატა, ჩვენ, ქრისტიანები ნაკლებად ვესწრაფვით ჩვენი სულების სინანულის ცრემლებით განბანას და სათნოებებით შემკობასო.
ნონემ შეიცნო პელაგიას სულის სიმაღლე და შემდგომ თავის სენაკში დიდხანს ლოცულობდა წარწყმედისაგან მის დასახსნელად.
მეორე დღეს, როცა მღვდელმთავარი ამბიონიდან საშინელ სამსჯავროსა და ცოდვილთა და მართალთა სულების საუკუნო მისაგებელზე ქადაგებდა, ტაძარში პელაგია შევიდა. ნონეს სიტყვებმა ნეტარი ღვთის შიშით აღავსო, გულშემუსვრილი და აცრემლებული მიეახლა მას და ნათლისღება სთხოვა. მონანულის გულწრფელობაში დარწმუნებულმა ეპისკოპოსმა მონათლა პელაგია და თან იმ საცთურებისა და ბრძოლების შესახებაც ესაუბრა რომელიც წინ ელოდება სიწმინდისაკენ მიმავალ ყოველ ადამიანს.
ღამით დემონი წარსდგა პელაგიას წინაშე და ცდილობდა, იგი უწინდელი ცხოვრებისკენ მიბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ წმიდანმა ილოცა, პირჯვარი გადაისახა და ეშმაკიც გაქრა. ნეტარმა დედამ მთელი თავისი ქონება შეკრიბა და მღვდელმთავარს მიუტანა, ამ უკანასკნელმა კი ურჩია, საუნჯე გლახაკებისთვის დაერიგებინა: „გონივრულად დაიხარჯოს ავად მოხვეჭილი“. ამის შემდეგ პელაგიამ იერუსალიმს მიაშურა და ელეონის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი დაყუდებით მოღვაწეობდა ბერი პელაგიუსის სახელით და მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 457 წელს.