„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-4 კვირიაკე. ხმა VIII.
22.03.2026
ღირსისა იოანე სინელისა (კიბისაღმწერელისა, VI-VII) (649); ორმეოცთა მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა ვნებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხიოსისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, ვალენტისა, ვივიანესი, კლავდიოსისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთიოსისა, ილიანესი, სისინიოსისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბიოსისა, აკაკისა, ეკდიკიოსისა, ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ილისა, გორგონიოსისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონიოსისა, ნიკოლოზისა, ვალერიუსისა, ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაიოსისა (დაახ. 320); მოწამისა ურპასიანესი (დაახ. 295); წმიდისა კესარიოს მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა (დაახ. 369); მართლისა ტარასისა.
დღის ლოცვები
ორმოცთა მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, უალენტისა (ვალენტისა), ვივიანესი, კლავდისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთისა, ილიანესი, სისინისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბისა, აკაკისა, ეკდიკისა (ეკდიტისა), ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ელიანესი, გორგონისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონისა, ნიკოლოზისა, უალერისა (ვალერისა), ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაიოსის
კონდაკი: ყოველივე მხედრობაი ქუეყანისა დაუტევეთ და ზეცათა მეუფესა შეუდეგით, ღუაწლით შემოსილნო უფლისანო ორმეოცნო, ცეცხლი და წყალი განვლეთ თქუენ, სანატრელნო, და ღირსებით მოიგეთ დიდებაი იგი ზეცათა და სიმრავლე გვირგვინთა.
ღირსისა იოანე სინელის (კიბისაღმწერელის)
ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედთა გამოჩნდი, ღმერთშემოსილო წმინდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომლნი სარმუნოებით შენდა მოილტვიან, დიდებაი, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.
მწუხრ.: 40 მოწ.: ეს. 43, 9-14. სიბრძ. 3: 1-9. სიბრძ. 5: 15 – 6: 3.
ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).
ლიტ.: ებრ. 6: 13-20 (დას. 314). მკ. 9: 17-31 (დას. 40).
40 მოწ.: ებრ. 12: 1-10 (დას. 331). მთ. 20: 1-16 (დას. 80).
მწუხრ.: 40 მოწ.: ეს. 43: 9-14
9. ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია! 10. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. 11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი! 12. მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ. 13. დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის? 14. ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.
მწუხრ.: 40 მოწ.: სიბრძ. 3: 1-9
1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.
მწუხრ.: 40 მოწ.: სიბრძ. 5: 15 – 6: 3
15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17. აიღებს სრულ საჭურველს – თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18. შეიმოსება აბჯრით – სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს – მოუსყიდველ სამართალს; 19. დაწვდება უძლეველ ფარს – სიწმინდეს, 20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,
ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18
11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
ლიტ.: ებრ. 6: 13-20
13. რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა, 14. და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“. 15. და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა. 16. ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული. 17. ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს. 18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს, 19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს, 20. სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
ლიტ.: მკ. 9: 17-31
17. ერთმა კაცმა ხალხიდან მიუგო მას: მოძღვარო, ჩემი ძე მოგგვარე, შეპყრობილი სიმუნჯის სულით. 18. სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს. 19. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ! 20. მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია ბავშვი, მიწაზე დაეცა და გორავდა დუჟმორეული. 21. ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე. 22. მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე. 23. ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის. 24. ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. 25. როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო, შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში! 26. სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო. 27. მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა. 28. როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა? 29. და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით. 30. წამოვიდა იქიდან, გალილეა გადაიარა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს. 31. ვინაიდან ასწავლიდა თავის მიწაფეებს და ეუბნებოდა მათ, რომ ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით.
40 მოწ.: ებრ. 12: 1-10
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. 3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე. 4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. 5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს. 6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“. 7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? 8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. 9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ? 10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს – ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.
40 მოწ.: მთ. 20: 1-16
1. ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები. 2. დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი. 3. მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინახა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები. 4. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. 5. ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა. 6. ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად? 7. მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. 8. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე. 9. მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი. 10. მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. 11. და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენახის პატრონს 12. და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე. 13. ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი? 14. მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. 15. იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი? 16. ასე იქნებიან უკანასკნელნი – პირველნი, და პირველნი – უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი – რჩეულნი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე ურსპასიანე (+295)
წმიდა მოწამე ურსპასიანე (+295) ქ. ნიკომიდიაში ეწამა. იმპერატორ მაქსიმელიან გალერიუსი სასტიკად დევნიდა ჯარში და სასახლის კარზე მომსახურე ქრისტიანებს. წარჩინებულმა კარისკაცმა ურსპასიანემ თავისი მოსასხამი და ქამარი იმპერატორის წინაშე დაყარა და უთხრა: „ამიერიდან ვარ მხედარი ზეცათა მეუფისა, უფლისა იესო ქრისტესი. დაიბრუნე შენგან მოძღვნილი ნიშნები წარჩინებულობისა“. მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ იგი და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურსპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა. წმიდანის გვამი ზღვაში გადააგდეს – ის მიცვალების შემდეგაც კი საშიში იყო წარმართებისათვის, რომლებმაც მისი სული ვერ გატეხეს. წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320)
წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320). 313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად შეეძლოთ სარწმუნოების აღიარება და ისინი თავისი უფლებებით წარმართებს უთანასწორდებოდნენ. მისი თანამმართველი ლიკინიუსი კი თავგამოდებული წარმართი იყო და თავის სამფლობელოში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდა.ამ დროს სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ და ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით, მეომრები ციხეში ჩასვეს. ერთხელ ლოცვისას მათ ზეციდან შემოესმათ ხმა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.
ერთი კვირის შემდეგ, სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩამოვიდა ცნობილი კარისკაცი ლისიუსი. წმიდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს: „წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა“. ლისიუსმა ბრძანა, მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ლისიუსის მიერ ნასროლი ქვა აგრიკოლას მოხვდა სახეში. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმიდანს უხილავი ძალა იფარავდა. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღვთის ხმა: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კულად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინნი დიდებისაჲ“.
მეორე დღეს წმიდა მეომრები გააშიშვლეს, ახლო მდებარე ტბასთან მიიყვანეს და მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა შეუძლებელი შეიქმნა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსაკენ, მაგრამ ძალა წაერთვა. იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს: მოულოდნელად განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგლაოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მიხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე დარაჯები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.
დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხალნი იყვნენ, დარაჯი აგლაოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს, გარუჯული ძვლები კი ტბაში გადაყარეს.
საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწემესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი ანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა.
აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით დაფლა.
წმიდა კესარიოს მკურნალი
წმიდა კესარიოს მკურნალი დიდხანს ცხოვრობდა იმპერატორ კონსტანცის (337-361) სასახლის კარზე. ის იმპერატორის მეგობარი და სასახლის კარის მკურნალი იყო. 368 წელს კესარიოსი სასწაულებრივად გადაურჩა ნიკეაში მომხდარ მიწისძვრას, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა უფლის განგებულებაში, სათნოებასა და ყოვლისშემძლეობაში. წმიდა კესარიოსმა დატოვა საერო ცხოვრება და უფლის მსახურებას შესწირა თავი.