22.04.2026. აღდგომიდან მე-2 შვიდეული. ოთხშაბათი

22.04.2026. აღდგომიდან მე-2 შვიდეული. ოთხშაბათი

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-2 შვიდეული. ოთხშაბათი
22.04.2026 ხსნილი თევზით

მოწამისა ევფსიქი კესარია-კაბადოკიელისა (362); მოწამეთა: ილიოდორე ეპისკოპოსისა, დუსავ (დისან) და მარიავ ხუცესთა, ავდიისუსისა და სხვათა 270-თა (362- 364); ღირსმოწამისა ვადიმ არქიმანდრიტისა (376); მოწამეთა: ატომისა, ძისა მისისა ვაროსი, ნერსესი, ვაძრაორისა და მოყვასთა მათთა (408-420).

დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

საქმ. 4: 13-22. (დას. 11). ინ. 5: 17-24 (დას. 15).

საქმ. 4: 13-22 

13. პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს. 14. ხოლო მათთან მდგომარე განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, აღარ შეეძლოთ ცილობა. 15. სინედრიონიდან გასვლა უბრძანეს მათ და ერთმანეთში დაიწყეს ბჭობა. 16. ამბობდნენ: რა ვუყოთ ამ ხალხს? რადგანაც იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის ცხადი შეიქნა, რომ მათი ხელით მოხდა ეს აშკარა სასწაული, და ჩვენ ვერ უარვყოფთ ამას. 17. მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით. 18. მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით. 19. ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს. 20. არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია. 21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა. 22. ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, ვისზედაც მოხდა განკურნების ეს სასწაული.

ინ. 5: 17-24 

17. ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი. 18. მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს. 19. ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს. 20. რადგანაც მამას უყვარს ძე და ყველა თავის საქმეს უჩვენებს მას; თუმცა მეტ საქმეთაც უჩვენებს, თქვენდა გასაოცრად. 21. ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს. 22. რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა. 23. რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი. 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 
წმიდა მოწამე ევფსიქი (+362) – დაიბადა კაბადოკიის კესარიაში; მშობლებმა იგი ქრისტიანულად აღზარდეს. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს კესარიაში იყო წარმართული ქალღმერთის, ფორტუნას ტაძარი, რომელსაც იულიანე დიდ პატივს მიაგებდა. წმიდა ევფსიქიმ ხალხი შეკრიბა და ტაძარი დაარბია. წმიდანმა იცოდა, რომ ამ საქციელისთვის სასჯელი არ ასცდებოდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და მოწამეობრივი აღსასრულისთვის გაემზადა.
გამძვინვარებულმა იმპერატორმა მთელ ქალაქს დაატეხა რისხვა: მოსახლეობის ნაწილი დაახოცინა, ცნობილი მოქალაქეები გადაასახლა, სამღვდელოება სამხედრო სამსახურში გაიწვია, ეკლესიები გაძარცვა. სახელიც კი წაართვა ქალაქს – კესარია (ე.ი. მეფური) და აქცია უბრალო სოფლად – ძველი სახელით მაზაკა. მოსახლეობას მძიმე ხარკი შეაწერა. იმპერატორმა ბრძანა, რომ სრულიად გაანადგურებდა ქალაქს, თუ მცხოვრებლები დანგრეული ტაძრის ნაცვლად ახალს არ ააშენებდნენ. 
იულიანეს ბრძანებით, დიდხანს ცდილობდნენ წმიდა ევფსიქი გადაედრიკათ კერპთაყვანისცემისაკენ, მაგრამ ამაოდ. ხანგრძლივი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს (+362).
იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ, ქრისტიანებმა წმიდა ევფსიქის საფლავზე ეკლესია ააგეს.
წმიდა მოწამენი: დისან ეპიკოპოსი, მარიავა ხუცესი, ავდიესი და სხვა 270 მოწამე – აღესრულნენ 362-364 წლებში, სპარსეთის მეფის საპორ II-ის დროს. ტყვეობაში ჩავარდნილმა ქრისტიანებმა უარი განაცხადეს სარწმუნოების უარყოფაზე. მათ რიცხვში იყო მოწამე ია, რომელიც იხსენიება 11 სექტემბერს.
წმიდა ღირსმოწამე ვადიმ არქიმანდრიტი (+376) – სპარსეთის ქალაქ ბითლაპატში დაიბადა IV საუკუნეში, იზრდებოდა მდიდარ და ცნობილ ოჯახში. იგი ახალგაზრდობაშივე გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, ქონების ნაწილი დაარიგა, უდაბნოში წავიდა და დარჩენილი ფულით მონასტერი დააარსა. წმიდა ვადიმი ლოცვისთვის მთაზე ადიოდა ხოლმე, სადაც ერთხელ ღვთის დიდების ხილვის ღირსი შეიქმნა. ამ დროს სპარსეთის მეფემ, საპორმა (310-381) დაიწყო ქრისტიანთა დევნა. წმიდა ვადიმი შვიდ მოწაფესთან ერთად შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და აიძულებდნენ თაყვანი ეცათ მზისთვის და ცეცხლისთვის, მაგრამ ღირსი აღმსარებლები მტკიცედ იცავდნენ ქრისტიანობას. მათ ოთხი თვე გაატარეს ციხეში, მთელი ამ ხნის მანძილზე წმიდა ვადიმი იყო სულიერი მოძღვარი და საყრდენი სპარსეთში მცხოვრები ქრისტიანებისათვის.
საპორის ერთმა ახლობელმა ნირსანმა, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო და ამისთვის საპყრობილეში იტანჯებოდა, ვერ გაუძლო განსაცდელს და უარყო ქრისტე. მან მეფეს აღუთქვა, რომ ყველა მის ბრძანებას შეასრულებდა. საპორმა ნირსანს უბრძანა, რომ თვითონ მოეკვეთა თავი წმიდა ვადიმისთვის. როდესაც ღირსმოწამე მოიყვანეს, ნირსანმა მახვილი აიღო, მაგრამ სინდისის მიერ მხილებული ადგილზე გაქვავდა. წმიდა ვადიმმა მოღალატეს უთხრა: „ნუთუ შენი ბოროტება იქამდე მივიდა, რომ არა მარტო უარყავ ქრისტე, არამედ მის მონებსაც ჰკლავ? ვაი შენდა, წყეულო! რასა იქმ მაშინ, როცა წარსდგები საშინელ სამსჯავროზე? მე სიხარულით აღვესრულები ქრისტესთვის, მაგრამ არ მინდა შენი ხელით მოვკვდე!“ მხილებით გამძვინვარებულმა ნირსანმა მახვილი ჩასცა წმიდანს, მაგრამ ისე კანკალებდა, რომ სასიკვდილო ჭრილობა ვერ მიაყენა. ცეცხლთაყვანისმცემლები აქეზებდნენ იუდას ცოდვით დამძიმებულ მოღალატეს. ღირსმოწამე ვადიმი უძრავად იდგა და უხმოდ ითმენდა საშინელ დარტყმებს. ბოლოს ჯალათმა თავი მოჰკვეთა წმიდანს (+376).
შურისგებამაც არ დააყოვნა. სინდისის ქენჯნით შეწუხებულმა ნირსანმა მახვილი ჩაიცა გულში და თავი მოიკლა. წმიდა ვადიმის შვიდი მოწაფე საპორის გარდაცვალების შემდეგ ციხიდან გაანთავისუფლეს.