…სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).
…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ
მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, 10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს (2 კორ. 6: 1-10).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
22.09.2026. ხსნილი
ღმრთისმშობლის შობის შემდგომი დღესასწაული.
წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასი; მოწამისა სევერიანესი (320); ღირსისა თეოფანე მმარხველისა და აღმსარებელისა (300); მოწამეთა ხარიტონისა და სტრატორესი (სტრატონიკესი); ნეტარისა ნიკიტა კონსტანტინეპოლელისა (XII); თეოდოსი ჩერნიგოველ მთავარეპისკოპოსისა (პოვნა და აღმოყ. წმ. ნაწ. 1896); წმიდათა მამათა, რომელნი შეიკრიბნენ III მსოფლიო კრებაზე (431).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ეფ. 1: 22 – 2: 3 (დას. 219). მკ. 10: 46-52 (დას. 48) – ორშ.
ეფ. 2: 19-3: 7 (დას. 222). მკ. 11: 11-23 (დას. 50) – სამშ.
მართ.: გალ. 4: 22-31 (დას. 210, შუა). ლკ. 8: 16-21 (დას. 36).
ეფ. 1: 22 – 2: 3
22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, 23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
1. და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, 2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის – იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი; 3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;
მკ. 10: 46-52
46. მივიდნენ იერიხონში, და როდესაც გამოდიოდა იერიხონიდან, თავის მოწაფეებსა და დიდძალ ხალხთან ერთად, ტიმეოსის ძე, ბრმა ბარტიმეოსი, გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად. 47. როცა გაიგონა, იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე! 48. ბევრი რისხავდა, გაჩუმდით, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე! 49. იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის. 50. მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა. 51. იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას! 52. იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.
ეფ. 2: 19-3: 7
19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; 20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, 21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, 22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
1. სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის, 2. თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის, 3. რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ; 4. როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო, 5. რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ; 6. რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში; 7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.
მკ. 11: 11-23
11. შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით. 12. ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; 13. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. 14. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა. 15. მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. 16. და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში. 17. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. 18. გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება. 19. შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა. 20. დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო. 21. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. 22. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. 23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, – ექნება ის, რასაც იტყვის.
მართ.: გალ. 4: 22-31
22. რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი – თავისუფალი ქალისაგან. 23. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა – აღთქმისაგან, 24. რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი, 25. რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია. 26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა. 27. რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“. 28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. 29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც. 30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. 31. ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.
მართ.: ლკ. 8: 16-21
16. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს, 17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს. 18. მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა. 19. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა. 20. და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ. 21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.
ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)
მესამე მსოფლიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად.კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა. მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა. კრების სხდომები გრძელდებოდა 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: კირილე ალექსანდრიელი, იუბენალი იერუსალიმელი, მემნონ ეფესელი (რომის პაპი, ცელესტინე, ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)… შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება – ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდანი და მართალნი მშობელნი ღმრთისანი იოაკიმე და ანა (I)
წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან. წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა – უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ – „წმიდაჲ იყო წყაროჲ იგი, არამედ ვერ დამომდინებელ მდინარისა“ (წმ. თეოდორე სტუდიელი). უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.
ღმერთმა „ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ და ზოგადი ორთავე ბერწობაჲ დაჰჴსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს – მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა“ (წმ. ანდრია კრეტელი) – წმიდა იოაკიმესა და ანასგან იშვა „პალატი ცათა მეუფისა“ – ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.
ბედნიერი მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ღვთისგან ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.
წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, ღვთის ნებით, სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში, ისიც მიიცვალა – სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში.
წმიდა ეკლესია წმიდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას 9 სექტემბერს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“ და ყოველი საეკლესიო მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვაში, მეოხებას ვითხოვთ მათგან.
წმიდა მოწამე სტრატონიკე
წმიდა მოწამე სტრატორი (სტრატონიკე) III საუკუნეში ეწამა ქრისტესთვის ბითვინიის ნიკომიდიაში. საშინელი სატანჯველების შემდეგ იგი ორი გადაზნექილი ხის ტანს გამოაბეს და შუაზე გახლიჩეს. წმიდა სტრატორი 13 სექტემბერსაც იხსენიება სტრატონიკეს სახელით. ღირსი თეოფანე აღმსარებელი (+დაახლ. 300)
ღირსი თეოფანე აღმსარებელი წარმართთა ოჯახში დაიბადა. მან სიჭაბუკეში ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მშობლებისგან ფარულად მხცოვან განდეგილ ბერს მიაშურა. მოსაგრემ ყმაწვილს საღვთო წიგნების კითხვა და ბერული ცხოვრების წესები შეასწავლა. ხუთ წელიწადში იგი გარდაიცვალა და თეოფანემ ორმოცდათვრამეტი წელი სრულ მარტოობაში გაატარა განდეგილის მღვიმეში. შემდეგ წმიდანმა ქადაგება დაიწყო და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. რომის იმპერატორის, კარუსის (282-283) ბრძანებით ღირსი მამა შეიპყრეს და აწამეს. აღმსარებელმა ახოვნად დაითმინა სატანჯველები და, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. გათავისუფლების შემდეგ იგი დაუბრუნდა მღვიმეს და კიდევ ჩვიდმეტი წელი დაჰყო იქ დაუცხრომელ ღვაწლში. დაახლოებით 300 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მოწამე სევერიანე (+320)
წმიდა მოწამე სევერიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა. კეთილმსახურებით გამორჩეულ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარდა მოწამეთა და ქრისტესთვის დევნილთა დახმარება. იგი მხედარი იყო და, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახერხებდა კიდეც ამას. ის ამხნევებდა და მარტვილებრივ ღვაწლში განამტკიცებდა ორმოცი სებასტიელ მოწამეს. უფლის რჩეულების აღსრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ ქრისტეს მხნე აღსარებისა და ქადაგებისათვის თავად სევერიანეც დაასმინეს მმართველ ლისიუსთან. მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღბორგებულმა მთავარმა განკარგულება გასცა, მსწრაფლ მოეგვარათ იგი მისთვის. მარტვილი „სატანჯველთა სიმძაფრესა შინა“ მტკიცედ აღიარებდა ქრისტეს და სიბრძნით ამხელდა უსჯულოთა ცდომილებას. წმიდანის მჭევრმეტყველებამ თვით ლისიუსიც გააკვირვა: „ვგონებდ, სევერიანე, ვითარმედ იყავ შენ კაცი მსოფლიოჲ და წერილთა უსწავლელი, რამეთუ სტრატიოტი იყავ და მარადის განმზადებულ წყობათა მიმართ. არამედ, ვითარ ვხედავ, ფრიად ძლიერი ხარ ენითა და მეტყუელი სიტყვითა რიტორებრითა“, – მიმართა მან სევერიანეს. წმიდანმა უპასუხა: „ღმერთი, რომელსა მე ვმსახურებ, ყოვლისავე შეცვალებად შემძლებელ არს: უკუეთუ მსოფლიოჲ პოოს, ბრძნად შესცვალებს; უკუეთუ მოშიში – ჭაბუკ-ჰყოფს; უკუეთუ ძნიად მეტყუელი და ენამძიმე – ჴმაკეთილად რიტორად და სიტყვაპოვნიერად გამოაჩინებს“, შემდეგ კი ილოცა და განუტევა სული.წმიდა მარტვილის ცხედარი სებასტიელმა ქრისტიანებმა გალობით წაასვენეს მისსავე მამულში. წმიდა სევერიანეს ნეშტის თაყვანსაცემად მთელი დაბა შეიკრიბა, ამ დროს მკვდრეთით აღდგა წმიდანის ერთი გარდაცვლილი მონა, თაყვანი-სცა თავის უსაყვარლეს ბატონს და კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა ღვთის სადიდებლად და წმიდა სევერიანეს სიწმიდის უტყუარ მოწმედ.
როცა შემოკრებილნი ფიქრობდნენ, სად დაეფლათ წმიდა მოწამე, „მეყსეულად, ვითარცა წარმოგზავნილი რაჲმე, არწივი ზეით შთამოფრინდა“, ლუსკუმაზე დაბრძანებული გვირგვინი აიღო, „მყუდროებით განჰმარტნა ფრთენი“ და წინ წაუძღვა პროცესიას. ტყის მახლობლად, „შუენიერსა ზედა ადგილსა მთისასა“ მან გვირგვინი „შთამოუტევა“. სწორედ აქ მიაბარეს მიწას სევერიანეს ცხედარი. წმიდა საფლავზე მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლელი (XII)
ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და ქარტულარად (საეკლესიო საქმის მწარმოებელი) მსახურობდა. ნეტარის წმიდა ცხოვრება ერთმა უჩვეულო შემთხვევამ გამოააშკარავა. ორი მეგობარი, ვინმე ხუცესი და დიაკონი სოზონტი წაჩხუბდნენ. ხუცესი მოკვდა და დიაკონი ძლიერ წუხდა, რომ მათ შერიგება ვერ მოასწრეს. სინდისის ქენჯნით გატანჯულმა სოზონტმა თავისი ცოდვა ერთ დიდ მეუდაბნოე ბერს გაუმხილა. მოსაგრემ მას წერილი მისცა და უბრძანა, იგი იმისთვის გადაეცა, ვისაც შუაღამისას წმიდა სოფიას ტაძართან შეხვდებოდა. ეს აღმოჩნდა წმიდა ნიკიტა – ქარტულარი. წერილი რომ წაიკითხა, ნეტარი ატირდა – თქვა, ჩემს ძალებს აღმატებულ საქმეს მავალებენ, მაგრამ წმიდა მეუდაბნოის ლოცვით შევეცდები, იგი შევასრულოო. მან მუხლი მოიყარა ტაძრის ბჭეების წინაშე, მხურვალედ ღაღად-ჰყო: „მოწყალების კარი განგვიღე, უფალო“, – და კარები გაიღო. ნიკიტამ დიაკონი ზღურბლზე დატოვა, თვითონ კი ვედრებად დადგა და ლოცვის დროს საკვირველი ნათლით გაბრწყინდა. შემდეგ მათ დატოვეს ეკლესია და კარებიც დაიხურა. ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს რომ მიუახლოვდნენ, წმიდა ნიკიტას ლოცვით მათ წინ ისევ გაიღო ბჭეები, ტაძარი განათდა და საკურთხევლიდან ორ მწკრივად გამოვიდნენ ხუცესები, რომელთა შორის სოზონტმა თავისი გარდაცვლილი მეგობარიც შეიცნო. წმიდა ნიკიტამ ჩუმად წარმოთქვა: „მამაო, გაესაუბრე შენს ძმას და განაქარვეთ ურთიერთშორის მტრობა!“ ასე ახსნა ნეტარმა ცოდვა ცოცხალსაც და მიცვალებულსაც. პოვნა და აღმოყვანება ნაწილთა წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველ მთავარეპისკოპოსისა (1895)
წმიდა თეოდოსი, ჩერნიგოველი ეპისკოპოსი, უგლიცკების ბრწყინვალე გვარის ჩამომავალი, XVII საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიბადა უკრაინაში, პოდოლსკის გუბერნიაში. ყმაწვილმა განათლება ღვთის განცხადების მონასტერთან არსებულ კიევის საძმოს კოლეგიაში მიიღო. მისი დასრულების შემდეგ კი კიევო-პეჩორის ლავრაში ბერად აღიკვეცა თეოდოსის სახელით.ნეტარი მამა კიეველმა მიტროპოლიტმა დიონისემ კიევის წმიდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად აკურთხა. მალე წმიდანმა დატოვა ქალაქი და სიმკაცრით განთქმულ შორეულ კრუტიცკის მონასტერს მიაშურა, სადაც მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. წმიდა თეოდოსი, მისი ღრმა განსწავლულობისა და გონიერების გამო, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საეკლესიო და საერო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობდა.
1688 წელს წმიდა თეოდოსი ჩერნიგოვის ელეცის მონასტრის იღუმენად აირჩიეს, 1692 წელს კი ეპისკოპოსად აკურთხეს.
წმიდა თეოდოსის მღვდელმთავრობის დროს ჩერნიგოვში გამრავლდა მონასტრები და ბერ-მონაზვნები; ყველამ იცოდა თეოდოსის წმიდა და მკაცრი ცხოვრების შესახებ. მღვდელმთავარი საოცარი მოწყალებით გამოირჩეოდა, მასთან სხვა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად.
წმიდა მღვდელმთავარმა 1696 წლის 5 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (იხ. ამ დღის საკითხავი). მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და კანონიზაცია მოხდა 1896 წლის 9 სექტემბერს.
წმიდა მოწამე ხარიტონი
წმიდა მოწამე ხარიტონი ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით განგმირეს.