მოწამეთა ონისიფორესი და პორფირის კონდაკი:
ძლიერად იღუაწეთ, მოწამენო, და მტერისა ამპარტავანება ქუეყნად დააკვეთეთ და განათლდით მადლითა დაუბადებელისა სამებისათა, ონისიფორე და პორფირი, ევედრენით მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკარი (სახ. მე-3.) – მარკოზის სახარება 16:9-20; ლიტურგია (რიგ.) – ეფესელთა მიმართ 4:1-6; ლიტურგია (ღმრთისმშობლის) – ფილიპელთა მიმართ 2:5-11; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 8:41-56; ლიტურგია (ღმრთისმშობლის) – ლუკას სახარება 10:38-42, 11:27-28.
ცისკ. (სახ. მე-3.) – მკ. 16: 9-20
9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.
ლიტ. (რიგ.) – ეფ. 4: 1-6
1. ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი. 2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. 3. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა. 4. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით. 5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება. 6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.
ლიტ. (ღმრთ.) – ფილ. 2: 5-11
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 8: 41-56
41. და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო. 42. რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს. 43. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა, 44. უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა. 45. და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო? 46. მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან. 47. რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა. 48. ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით. 49. ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს. 50. მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება. 51. ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა. 52. ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. 53. ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა. 54. ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ; 55. მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის. 56. მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.
ლიტ. (ღმრთ.) – ლკ. 10:38-42, 11:27-28
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ახლადშექმნილი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“
2005 წლის 12 მაისს საბერძნეთიდან, ათონის წმიდა მთიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ ასლი ჩამობრძანდა. აღნიშნული ხატის დედანი დოქიარის მონასტერშია დასვენებული, იგი სავარაუდოდ X საუკუნეში დაიწერა. XVII საუკუნეში დოქიარის მონასტერში ასეთ სასწაული მოხდა: მონასტრის ტრაპეზარი ნილოსი ანთებული კვარით ხშირად ჩაუვლიდა ხოლმე ამ ხატს, რის გამოც იგი იჭვარტლებოდა. ერთხელაც ტრაპეზარს ხმა მოესმა, რომელიც აფრთხილებდა, არ ჩაედინა ამგვარი დაუდევრობა, მაგრამ ბერმა ამ ხმას ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან ეგონა, მონასტრის ერთ-ერთი ძმა აფრთხილებდა. ტრაპეზარი ხატისადმი დაუდევარ მოპყრობას განაგრძობდა, ამიტომ ღვთისგან სასჯელი მიიღო: თვალისჩინი დაკარგა. ამ სასწაულის შემდეგ ბერი უდიდეს სინანულში ჩავარდა და მხურვალე ლოცვით სთხოვდა უფალს პატიებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მას მართლაც თვალი აუხილა. დედა ღვთისმშობელმა ბერს ასევე აუწყა, რომ ამიერიდან ეს ხატი „მსწრაფლშემსმენელად“ იწოდება, ვინაიდან იგი მსწრაფლ შეისმენს მონანული მორწმუნის ვედრებას და აღუსრულებს მას ღვთისთვის სათნო თხოვნას.
სწორედ ამ „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის ასლი შეიქმნა ათონზე, რომელიც თბილისში ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) და ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ჩამოაბრძანეს. აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ „მსწრაფლშემსმენელის“ ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი, სამღვდელოებასთან ერთად, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა. პარაკლისს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ზურაბ ნოღაიდელი, პარლამენტარები.ხატის ჩამობრძანების შესახებ გვესაუბრება ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი:
– მეუფე, სააღდგომო დღეებში ქართველ დელეგაციასთან ერთად თქვენ ბრძანდებოდით ათონზე, დოქიარის მონასტერში საიდანაც ჩამოაბრძანეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მსწრაფლშემსმენელი“. ორიოდე სიტყვით გვიამბეთ, როგორ გაჩნდა იდეა ამ ხატის ასლის ჩამობრძანებისა.
– ჩვენს სააღდგომო დღესასწაულებს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ათონის მთაზე დოქიარის მონასტერში დამზადებულმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის ჩამობრძანებამ. როგორც თქვენთვის ცნობილია, ათონის მთა არის ერთ-ერთი ბურჯი მართლმადიდებლობისა. ამ მთაზე არსებობს ოცი დიდი მონასტერი, გარდა ამისა, იქ კიდევ მრავალი სკიტი და სამონასტრო საცხოვრებელი ადგილია. X საუკუნიდან მოყოლებული განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ამ მთაზე სამონასტრო ცხოვრებამ და იქ უამრავი სასწაულიც აღესრულა. ათონზე მრავალი სიწმიდეა დავანებული, მათ შორის, სასწაულმოქმედი ხატები.ბუნებრივია, ჩვენთვის, ქართველებისთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ მართლმადიდებლობის ამ ცენტრში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღისათვის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სამონასტრო ცხოვრების მთავარი კერაა, ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველი ბერების ღვაწლი. მათ მიერ არის დაარსებული ერთ-ერთი უდიდესი მონასტერი „ივერონი“, რომელშიც დაბრძანებულია ათონის მთის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმიდე – ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მეკარედ“, კარიბჭის ხატად წოდებული – ბერძნულად „პორტაიტისა“. ბუნებრივია, დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესია სულიერი აღორძინების გზაზე დგას, ჩვენი სამღვდელოებისა და მრევლის ყურადღება სულ უფრო და უფრო იზრდება ამ წმიდა ადგილისადმი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წმიდა ადგილზე ჩვენს თანამემამულეთა მიერ გაწეული დიდი ღვაწლის გახსენება და ხილვა იმ წმიდა ადგილებისა, სადაც ისინი მსახურობდნენ, იმ სიწმიდეებისა, რომელთა წინაშეც აღავლენდნენ ლოცვებს საქართველოსთვის. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ათონის მთაზე აღვლენილი ლოცვა, ისევე როგორც იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან და წმიდა მიწაზე აღვლენილი სავედრებელი, უფლისა და ღვთისმშობლის მიერ განსაკუთრებული ძალით შეისმინება. ათონი ღვთისმშობლის სავანედ იწოდება, ღვთისმშობლის მეორე წილხვედრ მიწად, ვინაიდან პირველი მისი წილხვედრი საქართველოა. ამიტომ ბუნებრივია, ამ წმიდა მთის სიწმიდეთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ხატის – „მსწრაფლშემსმენელის“ ასლის ჩამობრძანება შეიძლება დაახლოებით გაუტოლდეს და მიემსგავსოს იმ მოვლენას, რომელიც 1989 წელს, 9 ოქტომბერს, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს მოხდა, როცა საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის კანონიერი, ანუ ოფიციალური ასლი ჩამობრძანდა.
ბოლო წლებში ამ ხატის მიმართ განსაკუთრებით დიდი სასოება გაჩნდა სრულიად საქართველოში. თვითონ სახელწოდება ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“ თავისთავად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და ამ ხატის მიმართ ლოცვისათვის განაწყობს იმ პიროვნებასა და იმ ერს, რომელსაც სერიოზული განსაცდელი აქვს და ამ წინააღმდეგობების დაძლევა სწრაფად ესაჭიროება. ბუნებრივია, გარდამავალ პერიოდში, როცა, ერთის მხრივ, დიდია სიხარული იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა პოლიტიკურად თავისუფალი და სულ უფრო თავისუფალი ხდება შინაგანად, თვისობრივად, ამ გრძნობას, ბუნებრივია თან ახლავს დიდი განსაცდელიც. ეს პროცესი წინააღმდეგობრივია, რთულია. ქვეყანას ეკლიან გზაზე უწევს გავლა. როგორც მაცხოვარმა აღდგომისაკენ მიმავალი გზა გოლგოთის გავლით გაიარა, ალბათ ჩვენი ერის სულიერი და ფიზიკური აღდგომაც გოლგოთასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ჩვენს ერს აქვს სასოება ამ ხატის მიმართ, აქვს მოლოდინი იმისა, რომ ამ ხატისადმი ლოცვის მეშვეობით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მსწრაფლ შეისმენს ჩვენს ვედრებას და მართლაც მოგვანიჭებს სულიერსა თუ ხორციელ შვებასა და კურნებას. დაახლოებით 1995 წლიდან მოყოლებული საქართველოში გავრცელდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის დაუჯდომელი და ჩვენ ვიხილეთ, როგორი დიდი სიყვარულით, სასოებითა და რწმენით მიმართავდა ქართველი ხალხი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელ ხატს.ამ ორიოდე წლის წინ, როდესაც მისმა უწმიდესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულიყო მსოფლიოს ეკლესიაში ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატები, აწ გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ზურაბ ჟვანიას გაუჩნდა სურვილი, შექმნილიყო მსწრაფლშემსმენელის ხატის ასლი და დასვენებულიყო სამების საპატრიარქო ტაძარში.
ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ ბატონი ზურაბი ეწეოდა ეკლესიური ცხოვრების წესს, შეძლებისდაგვარად ახერხებდა მარხვების შენახვას, ლოცვების წარმოთქმას, აღსარებასა და ზიარებას. დიდ დღესასწაულებზე იგი ყოველთვის უწმიდესის გვერდით იდგა და ზოგჯერ სხვადასხვა მონასტრებში იღებდა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას. ბატონ ზურაბს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ამ ხატის მიმართ. მან ბოდბის დედათა მონასტერში ერთ-ერთ მონაზონს, ხატმწერს ამ ხატის ასლი დაუკვეთა და სახლში ამ ხატის წინაშე ხშირად ლოცულობდა.ბატონმა ზურაბმა პატრიარქისაგან გამოითხოვა ლოცვა-კურთხევა, რომ ეზრუნა ამ ხატის ასლის დამზადებაზე. მართლაც, უწმიდესმა მეტად გაიხარა, რომ ჩვენი საერო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელი ასე გამოეხმაურა მის ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ სამღვდელოებისა და მრევლის ჯგუფმა ვიმოგზაურეთ ათონის მთაზე, მოვილოცეთ დოქიარის მონასტერი, სადაც ამ სასწაულმოქმედი ხატის დედანი ბრძანდება და მონასტრის წევრებს ვთხოვე, დაემზადებინათ ამ ხატის ასლი. იმ პერიოდში მონასტერში არ ბრძანდებოდა წინამძღვარი მამა გრიგოლი, ამიტომ ამ საკითხის გარკვევას და ნებართვის მიღებას რამდენიმე ხანი დასჭირდა. ბუნებრივია, ხატის ასლები შეიძლება დამზადდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ როდესაც საუბარია საგანგებო ასლებზე, ამ შემთხვევაში ასლს ის მონასტერი ამზადებს, რომელიც დედანს ფლობს და ასეთი ასლები დედანთან ძალიან მიახლოებულია. დედანს ხშირად აქვს პერანგი, მონასტერში კი ხდება ამ პერანგის მოხსნა და ზუსტი ასლის დამზადება. ამ პროცესს წინამძღვრის განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევა სჭირდება, ჩვენს შემთხვევაში კი ლოცვა-კურთხევის მიღება დაგვიანდა. დავბრუნდით საქართველოში, რამდენიმე თვის შემდეგ კი მივიღეთ პასუხი, რომ მონასტერი თანახმა იყო, გაკეთებულიყო ხატის ასლი საქართველოსთვის. ხატის დამზადებას კი 3 ათასი დოლარი დასჭირდებოდა. გავიდა რამდენიმე თვე, ქართველების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი საბა (კუჭავა), ათონის მთაზე იმოგზაურა. მამა საბა პარალელურად სულიერ ზედამხედველობას უწევს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ჩამოყალიბებასა და მშენებლობას. როდესაც მამა საბა მონასტრის იღუმენს პირადად შეხვდა, ერთის მხრივ, უცნაური, მაგრამ სასიამოვნო ამბავი ჩამოგვიტანა. იღუმენმა დიდი ყურადღება გამოიჩინა ამ ხატის მიმართ და გაუჩნდა სურვილი, რომ ეს ხატი უსასყიდლოდ შეეწირა საქართველოს ეკლესიისთვის. მან საქართველოს ეკლესიის მეთაურს სთხოვა, მიეცა მისთვის ნებართვა, ეს ხატი უსასყიდლოდ შექმნილიყო და შემოეწირათ საქართველოსთვის. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ არა უბრალოდ კეთილი ნება იყო მონასტრისა, რომ მის წიაღში დამზადებულიყო ასლი, არამედ კიდევ უფრო მეტი – მონასტრის ძმობას გაუჩნდა ამ ხატის შემოწირვის სურვილი. ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებდა ამ ხატის მნიშვნელობას, რადგან ამ მოვლენას ძმობის განსაკუთრებული სიყვარული ავსებდა.
გასული წლის ნოემბერში ჩავედით დოქიარის მონასტერში და ხატი დამზადებული აღმოჩნდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ – ხატი მონასტერში არ დაგვხვდა. მამა გრიგოლმა აგვიხსნა, რომ მოხდა რაღაც გაუგებრობა: ხატმწერს, რომელმაც ხატი დაამზადა, ასეთივე დაკვეთა ჰქონდა ერთ-ერთი ბერძნული დედათა მონასტრისაგან. მან გადაწყვიტა, პირველი ასლი, რომელიც ჩვენი დაკვეთით შესრულდა, ჩვენს ჩასვლამდე, დედათა მონასტერში წაებრძანებინა, ჩვენი ჩასვლისთვის კი, მეორე ხატის შექმნას ვარაუდობდა. ამის გამო იღუმენმა გამოთქვა უკმაყოფილება და გვითხრა, რომ ასლი, რომელიც ჩვენი თხოვნის საფუძველზე შეიქმნა, აუცილებლად საქართველოში უნდა მოხვედრილიყო, ვინაიდან განსაკუთრებული ლოცვითა და რუდუნებით ჩვენს სახელზე იყო შექმნილი. აქედანაც ჩანს, რომ ამ მონასტერში გამორჩეული, ფაქიზი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ. მან დაგვაიმედა, რომ 2005 წელს, როცა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმიდა ხატის დღესასწაულისთვის ჩავიდოდით ათონზე, ამ ხატს დაგვახვედრებდა. ამავე დროს, ხატისთვის პერანგის შექმნა შემოგვთავაზა. თავიდან ვფიქრობდით, რომ საქართველოში შეიძლებოდა შექმნილიყო პერანგი ქართული საეკლესიო ტრადიციის გათვალისწინებით, ამიტომ თავშეკავებით ვუთხარით, რომ ჩვენმა დამკვეთებმა არ განსაზღვრეს პერანგის შექმნა, ამიტომ მარტო დაწერილი ხატის პირით შემოვიფარგლებოდით. მაშინ მან გვითხრა, რომ იგი თვითონ მოძებნიდა სპონსორებს და პერანგს დაუკვეთავდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პერანგის ღირებულება გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ხატმწერის შრომა – 15-20 ათას დოლარამდე. მონასტრის წევრებმა მოისურვეს, მთელი სულითა და გულით მოეძღვნათ იგი. ამან ჩვენზე ძლიერ იმოქმედა და მადლობის მეტი რა გვეთქმოდა.– წლევანდელი მოგზაურობა როგორ წარიმართა? გარდა დოქიარის მონასტრისა, თუ მოილოცეთ ათონის სხვა წმიდა ადგილები.
– წელს, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ბრწყინვალე შვიდეულში ათონის მთაზე გავემგზავრეთ. ბულგარელ მართლმადიდებელთა მონასტერში – „ზოგრაფოს“ მონასტერში, რომელიც წმიდა გიორგის სახელობისაა, ღამისთევის ღვთისმსახურებას დავესწარით, რომელიც საზეიმო წირვით დაგვირგვინდა. ბულგარელმა ბერებმა ძალიან კარგად მიგვიღეს და ამის შემდეგ „ივერონის“ მონასტერში გავემგზავრეთ, რათა საგანგებო ლოცვები აღგვევლინა ივერიის ყოვლადწმიდა ხატის წინაშე. ხატი დღესასწაულის დღეებში მცირე ტაძრიდან გადმოსვენებული იყო დიდ ტაძარში. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ივერიის ყოვლადწმიდა ხატის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობას, რომელიც მახათას მთაზე მიმდინარეობს, სამშენებლო ფონდი ხელმძღვანელობს, რომელშიც გაერთიანებულნი არიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. ამ ფონდის წევრები ხშირად მოგზაურობენ ათონის მთაზე, რათა ხატისაგან გამოითხოვონ ლოცვა-კურთხევა, რომ ამ წმიდა სავანემ – ივერონმა და მისმა უმთავრესმა სიწმიდემ თბილისში ამ ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა ღვთივსათნოდ წარმართოს. ამჯერადაც ჩვენს მოგზაურობაში მონაწილეობას იღებდნენ ამ ფონდის წევრები და სამი დღე ჩვენ ივერონის მონასტერში გავატარეთ.სამი დღის შემდეგ გავემგზავრეთ დოქიარის მონასტერში, სადაც მონასტრის ლოცვითა და მეცადინეობით შექმნილი ეს დიდებული ასლი გველოდებოდა. როცა მივედით, ამ ხატის ასლის სახით მართლაც რომ დიდი საჩუქარი, ღვთის საოცარი წყალობა ვიხილეთ. მოველოდით, რომ ეს იქნებოდა საინტერესო თავისი მხატვრული ღირებულებით, იქნებოდა მართლაც რომ მანუგეშებელი და სულიერად გამამხნევებელი, მაგრამ იმ ხატმა, რაც ვიხილეთ, ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. გაგვიჩნდა განცდა იმისა, რომ ღვთისმშობელი თითქოს ცოცხლად იდგა ჩვენს წინაშე. მართლაც დიდი სიხარული განვიცადეთ, ვინაიდან ათონის მთიდან ჩამობრძანებულ ხატს, მითუმეტეს, როცა იგი საგანგებო ლოცვებით არის შექმნილი, განსაკუთრებული მადლი მოაქვს თან; მას ათონის მთის მადლი, ღვთისმშობლის დიდი მადლი მოჰყვება. ჩვენ გვქონდა განცდა, რომ ღვთისმშობელმა ამ ხატის სახით ეს მადლი უხვად დააბერტყა საქართველოს, რაც დიდი ნუგეშია ჩვენთვის, რადგან დღეს ქართველ ერს მართლაც რომ სჭირდება ღვთის შეწევნა, ღვთისმშობლის მფარველობა.
ჩვენი ჩასვლის გამო მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა საგანგებო ღვთისმსახურება, რომელიც მთავარ ტაძარში წირვით დაგვირგვინდა. ფაქტიურად სამნი ვმსახურობდით: არქიმანდრიტი საბა, მე და ბერძენი დიაკვანი. ფაქტიურად ეს იყო ერთობლივი, ქართულ-ბერძნული ლოცვა, ამის შემდეგ კი ღვთისმშობლის პარაკლისი შეასრულეს. როდესაც წინამძღვართან, მამა გრიგოლთან საუბარში ვახსენეთ, რომ პიროვნება, რომელმაც ხატი დაუკვეთა, ამჟამად გარდაცვლილია, იგი ძალიან შეწუხდა, თავის მონასტრის წევრებს მისცა ლოცვა-კურთხევა, რომ ხატზე გაკეთებულიყო მეორე წარწერაც. ერთი წარწერა იყო პერანგზე წინამხრიდან: „დოქიარის მონასტერი ამ ხატს სწირავს ქართველ ხალხს“, ხოლო მეორე მხარეს დააწერეს: „ეს ხატი შეიქმნა აწ განსვენებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სურვილითა და თხოვნის საფუძველზე“. გაიმართა საზეიმო ტრაპეზი, რომლის დასასრულს მონასტრის წინამძღვარმა, მამა გრიგოლმა მოკლე, მაგრამ ღრმად შინაარსიანი სიტყვა წარმოთქვა და საოცარი ხედვა გამოამჟღავნა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, რომელსაც მთელი ისტორიის მანძილზე არასდროს ჰქონია მოსვენება, და მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანას არასოდეს უღალატია მართლმადიდებლობისთვის. მან ასევე დასძინა, რომ განსაცდელიც ხშირად ღვთისგან არის ისევ და ისევ ერის სადიდებლად, და სულიერი ამაღლებისათვის. ბოლოს აღნიშნა: ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი ხატის ასლი, რომელიც ნუგეშს მოუტანდა ქართველ ერს და ღრმად გვწამს, რომ ეს ხატი გაამხნევებს მას, აღადგენს და განამტკიცებს მის ტრადიციებს და ეს ერი ახლო მომავალში იქნება სადიდებლად მართლმადიდებლობისა. ეს სიტყვები მან საოცარი მღელვარების ცრემლებით დაასრულა. ფაქტიურად, ეს იყო სხვა ერის შვილების მხრიდან უდიდესი თანაგრძნობა, გაგება და მზადყოფნა ჩვენი ქვეყნის ჭირის გაზიარებისა. შეიძლება ითქვას, რომ ამ წინამძღვარში თითქოს გაჩნდა მოთხოვნილება, რომელიც ღვთისა და ღვთისმშობლისაგან ჩაესახა, რომ ის მოვალეა, ამ ერს, მითუმეტეს ასეთ დროს, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს. ეს განწყობილება იგრძნობოდა ამ ხატშიც. ეს იყო, ღვთისმშობლის დიდი სიყვარულის გამოვლინება. ამ სიყვარულმა შთააგონა თავად წინამძღვარს, რომ ეს ხატი ასეთი სიყვარულით მოეძღვნა საქართველოსთვის. ასეთ ხატებს მონასტრებში ტყუილუბრალოდ არ ამზადებენ. მონასტრის წევრებმა, არა მარტო ბერებმა, არამედ საერო პირებმაც, რომლებიც მონასტერში იყვნენ, გვითხრეს, რომ მამა გრიგოლი, თუ რაიმე ნიშანს არ მიიღებს ღვთისაგან, ისე არაფერს აკეთებსო. მამა გრიგოლი გამორჩეული პიროვნებაა ათონის მთაზე. იგი დიდი უბრალოებით, დიდი სიყვარულის უნარით გამოირჩევა. ერთი შეხედვით, უყვარს გაბრაზება, მკაცრი დატუქსვა, ემოცების ხმამაღლა გამოხატვა, მაგრამ ეს იქ არავის წყინს, პირიქით, ყველას უხარია, რადგან მისგან დიდ სიყვარულს გრძნობენ. ტყუილად არავის შეაქებს, თანაგრძნობას ამაოდ არ გამოხატავს, ამიტომ ჩვენთვის ასეთი ადამიანის მხრიდან თანაგრძნობის, ცრემლამდე მისული სიყვარულის ღრმა განცდა, იყო განცდა იმისა, რომ მას მართლაც შთააგონა ღვთისმშობელმა, რომ ეს იყო მისი ნება. ღვთისმშობლის გულისტკივილი აისახა ამ წინამძღვრის სიტყვებში, ჩვენ დავინახეთ დედა ღვთისმშობლის დიდი სიყვარული, მის ცრემლებში თითქოს ღვთისმშობლის ცრემლებიც დავინახეთ… ჩვენც გული აგვიჩუყდა. მამა გრიგოლს ვთხოვეთ, ეს სიტყვები შემდგომ ვიდეო კამერის წინაშე გაემეორებინა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა. იგი დაგვთანხმდა. მინდა აღვნიშნო, რომ ათონის მთაზე ვიდეო-გადაღება აკრძალულია. მართალია, ხდება ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი რისკის ფასად. შეიძლება მთაც კი დაგატოვებინონ. ჩვენც არაერთხელ განგვიცდია ასეთი შიში, შესაბამისი სასჯელიც მიგვიღია. ჩვენდა გასაოცრად, მამა გრიგოლმა მოგვცა უფლება, რომ ხატის გადასვენება მონასტრიდან ნავსადგურამდე სრულებით გადაგვეღო.არაჩვეულებრივად გამოგვაცილეს, მთელი მონასტერი შეიკრიბა, სხვათა შორის, აქაც დიდი უცნაურობა, განსაკუთრებული სულიერება და იდუმალება გამოავლინა მამა გრიგოლმა, რითაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მის სულიერ ძალაში: როდესაც ძალიან ვჩქარობდით და მხოლოდ ნახევარი საათი რჩებოდა მონასტრის მისადგომებთან ბორანის მოსვლამდე, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მოვიდა ჩვენთან და შემცბარმა გვითხრა, რომ მამა გრიგოლი ჩვენი ჯგუფის მანქანას რეცხავდა. ძალიან შეგვეშინდა, რომ ვერ მოვასწრებდით გადაღებას. მან კი დაამთავრა მანქანის რეცხვა და აუჩქარებლად მოვიდა ტაძარში. მორიდებით შევახსენე, რომ ჩვენი გემი მალე შემოვიდოდა, ამიტომ უნდა გვეჩქარა. მან გვიპასუხა: ჩვენ ახლა უნდა გადავიხადოთ პარაკლისი, თუ არ გადავიხდით, ხატს ვერ ავწევთო. ამ სიტყვებით ყველანი განგვაიარაღა. ყველას გვწამდა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა სულიერი გულისხმისყოფა, რომ ყველაფერი მოესწრებოდა, იგი სრულიად მშვიდად აკეთებდა ყველაფერს. უნდა ითქვას, რომ მამა გრიგოლი არაჩვეულებრივად ასრულებს პარაკლისს, რომელიც ძირითადად გალობით მიმდინარეობს. ამ დროს უკვე დადგა გემის შემოსვლის დრო, მაგრამ მან პარაკლისის შემდეგ 10 წუთი, მეტი თუ არა, კიდევ ისაუბრა, მგზნებარედ იქადაგა, შემდეგ კი გვითხრა: ახლა უნდა გავეშუროთ, გემი შემოდის ნავსადგურშიო. მართლაც ასე მოხდა, გემი შემოვიდა და ნავების მისადგომთან დადგა. ასეთი საოცარი სიყვარულით, სულიერებითა და იდუმალებით იყო მოცული მონასტრის წინამძღვრის დამოკიდებულება ამ ხატისა და საქართველოს მიმართ. მან დაგვიწერა წერილი, სადაც დაამოწმა, რომ ეს არის კანონიერი, ანუ ოფიციალური ასლი, რომელიც შეიქმნა საგანგებო ლოცვით, რაც არის ნიშანი იმისა, რომ ეს ასლი თითქმის მიახლოებულია დედანთან არა მხოლოდ ფიზიკური ნიშნებით, არამედ სულიერი ძალითა და მადლით. წინამძღვარმა გაგვაცნო თავისი მრევლი, საკმაოდ ხანდაზმული პიროვნება, მეტად მორწმუნე კაცი ხრისტო ბასილარასი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ადამიანთა მსახურებას შესწირა. როცა გაუგია, რომ მოძღვარს სურდა, ქართველი ერისათვის შეეწირა ეს ხატი და პერანგიც შეექმნა, პერანგისათვის თანხა მას გადაუხდია. მან გვითხარა, რომ ძალიან უხარია, მცირედის გაკეთება რომ შეძლო ქართველი ერისათვის.
თესალონიკში დიდი სიყვარულით დაგვხვდნენ. ხატი მივაბრძანეთ წმიდა კოზმა და დამიანეს სახელობის ტაძარში, სადაც ქართველი მოძღვარი მსახურობს. ხატმა ღამე იქ გაათენა. როგორც ქართველმა, ისე ბერძენმა მრევლმა დიდი სიყვარულით ილოცა ხატის წინაშე, შემდეგ ათენში ხატი წმიდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მივასვენეთ, სადაც ბერძენ სამღვდელოებასთან ერთად ქართველი მოძღვრებიც მსახურობენ – მამა თეიმურაზი და მელქისედეკი. საღამოს ვილოცეთ, მომდევნო დილით პარაკლისი გადავიხადეთ და ხატი თბილისში ჩამოვაბრძანეთ. ასეთია ამ ხატის ისტორია. დიდებულია სახილველად, მაგრამ კიდევ უფრო დიდებულია სულიერი ძალითა და სიყვარულით, რომელიც მისგან გამოსჭვივის, როგორც სიყვარული დედა ღვთისმშობლისა. მისი სახელი „მსწრაფლშემსმენელი“ გვაძლევს სერიოზულ საფუძველს იმისა, ვიფიქროთ, ღვთისმშობელმა მოგვცა ნიშანი, რომ სწრაფად შეისმენს ვედრებას, თუკი მთელი ქართველი ერი შესთხოვს გულწრფელად, დიდი სიყვარულით, დიდი სასოებითა და გულმოდგინებით. იმედი მაქვს, რომ ხატის ჩამობრძანება დააჩქარებს საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარებას, ალბათ, პირველ რიგში, შეეწევა საქართველოს გამთლიანებას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ყველაზე მძიმე ჭრილობების მოშუშებას, და საერთოდ, საქართველოს სულიერ გამთლიანებასა და გაბრწყინებას. შევთხოვთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რათა მოანიჭოს ჩვენს ერს სულიერი ძალები და ფიზიკური ჯანმრთელობა, დიდი სარწმუნოება და დიდი სიყვარული.დასასრულს გვინდა მადლობა შევწიროთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, ჩვენს მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ამ დიდი სიყვარულისათვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც განიცადა უფლის განგება, გულისხმაჰყო ღვთისმშობელის დიდი სიყვარული და თავადაც გახდა აღმასრულებელი ამ დიდი განგებულებისა: პირველ რიგში, გვინდა მადლობა შევწიროთ მამა გრიგოლს და შევთხოვოთ უფალს მისი დღეგრძელობა, შევავედროთ მთელი საძმო, მრევლი, ქრისტო ბასილარასი, მისი ოჯახი, ხატმწერი, ყველა, ვინც ყველაფერი გააკეთა ამ დიდებული საქმის აღსრულებისათვის. მინდა მადლობა ვუთხრა უწმიდესსა და უნეტარესს, ვისი ლოცვა-კურთხევითაც აღსრულდა ეს დიდი საქმე, მადლობით მინდა მოვიხსენიო ზურაბ ჟვანიას ღვაწლი, ყველას გმადლობთ, ვინც დიდი დახმარება გაუწია ხატის ჩამობრძანებას, ქართულ ავიაკომპანიას, ბატონ ზურაბ გაიაშვილს, რომელმაც იზრუნა, რომ ხატი მშვიდობით ჩამობრძანებულიყო საქართველოში, მადლობა შევწირო ყველა იმ ადამიანს, ვისი ლოცვითაც მსწრაფლშემსმენელმა ხატმა შეისმინა ჩვენი ვედრება. ღმერთმა დალოცოს დედაეკლესია, ქართველი ერი და ღმერთმა ინებოს მისი სულიერი გაძლიერება და გაბრწყინება, ამინ.
ესაუბრა ნათია თარაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 19, 2005 წ.
დოქიარის მონასტრის იღუმენის გრიგოლის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც მან საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციასთან გამომშვიდობებისას წარმოთქვა
მეუფეო დანიელ,
მღვდელმთავარნო საქართველოს ეკლესიისა,
საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილის ათონის მთა არ არის სამოციქულო ტრადიციისა, რადგან აქ არცერთ მოციქულს არ უქადაგია: წმიდა პავლე მოციქული მხოლოდ თესალონიკამდე ჩავიდა, საიდანაც შემდგომ ათენში გაემგზავრა. მაგრამ ჩვენ ვეფუძნებით ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ეს წმიდა მთა ღვთისმშობლის წილხვედრია. ჩვენ ამ წმიდა ადგილზე ვინახავთ ღვთისმშობლის წმიდა ხატებს, რომელთაც მიენიჭათ მადლი სასწაულთმოქმედებისა მთელ მსოფლიოში. არსებობს გადმოცემა, რომ როდესაც ეს ხატები დატოვებენ ათონის წმიდა მთას, ჩვენ, ბერებმაც, უნდა დავტოვოთ ეს წმიდა ადგილი.ღვთის მადლით ღვთისმშობელი გვმფარველობს, ითმენს და გვპატიობს ჩვენს ცოდვებს, გვწყალობს და დღემდე ათონის მთას არ ვტოვებთ.დღეს მეტად ბედნიერები ვართ, რადგანაც აღსრულდა ნატვრა თქვენი აწ გარდაცვლილი პრემიერმინისტრისა, შეგვექმნა ასლი ამ წმიდა ხატისა და მოგვეძღვნა იგი თქვენი ქვეყნისათვის. მისი ნეტარი სული ახლა ზეიმობს ცათა სასუფეველში და მას ულოცავენ ღვთისმშობელი და ყველა წმიდანნი ნატვრის ახდენას.თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, თქვენმა ხშირმა ვიზიტებმა და პრემიერის ტრაგიკულმა აღსასრულმა შეგვმატა ძალა, რათა შეგვექმნა და მიგვეძღვნა ღვთისმშობლის სვლის შემდეგ, დასრულდა ხატის შექმნა; და ბატონ ხრისტოს ბასილარასისა და მისი თანამდგომების მეშვეობით, მოირთო ეს საოცარი ხატი, რომელიც მზეზე უფრო ბრწყინვალეა და რომელიც მალე გააბრწყინებს მთელ საქართველოს. მზის სხივების კაშკაშიც კი ვერ მოვა მის ბრწყინვალებასთან.
ჩვენ, ბერები, არა მარტო დოქიარის მონასტრისა, არამედ სრულიად ელადის მართლმადიდებელი ეკლესიისა, გიძღვნით მთელი სულითა და გულით ამ ძვირფას საჩუქარს, რომელიც ნათლით შემოსავს სრულიად საქართველოს და იგი შეიქნება ნუგეშისმცემელი ყოველთა ჩაგრულთა და ხალხიც გულით მიენდობა მას.
ამიერიდან აღარ გექნებათ აუცილებლობა ათონის მთაზე ამ ხატის მონახულებისა, რამეთუ იგი ბინას დაიდებს თქვენი ქვეყნის დედაქალაქის ახლადაშენებულ საკათედრო ტაძარში.თქვენ, ქართველები, ხართ მრავალტანჯული ერი, ნიჰილიზმისაგან, კომუნიზმისაგან, ისლამისა თუ მრავალი სხვადასხვა იზმებისაგან, რომელნიც საფრთხეს უქმნიდნენ თქვენს მართლმადიდებელ ეკლესიას.
მიენდეთ ღვთისმშობელს და იგი ნუგეშინის გცემთ თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის ორიგინალი, არამედ ასლი გადაწერილი დედანისაგან. დოქიარიტებს ჰქონდათ ტრადიცია, შეექმნათ ასლები და დაერიგებინათ სხვადასხვა ერებისათვის. და ეს ასლები ხშირად დედანზე უფრო მეტ სასწაულებს აღასრულებდნენ. ამ ხატის ასლები არის ბულგარეთში და მათ მთელი ბულგარეთი სასწაულებით აღავსეს.ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის ასლები არსებობს ყველგან, მომლოცველები სადაც კი მიდიოდნენ, ტოვებდნენ ასლს ამ ბრწყინვალე ხატისა.
თქვენ, თქვენო მეუფებავ, წარმოგვიდგენიხართ, როგორც მეტად მხურვალე ეპისკოპოსი, რომელიც ჩააბრძანებს ამ ხატს თქვენს დედაქალაქში და იგი შეიქნება მალამოდ თქვენი ტკივილისა, გამათავისუფლებლად თქვენი მოდგმისა, ბურჯად მართლმადიდებლური მრწამისსა და გამანადგურებლად ომებისა და მტრებისა, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან თქვენს ერსა და სარწმუნოებას.
კეთილ მგზავრობას ვუსურვებთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს თქვენს ქვეყანაში და ნურც ჩვენ დაგვივიწყებთ ნურასდროს.კეთილი იყოს თქვენი მგზავრობაც და ღვთისმშობელმა დალოცოს და აკურთხოს თქვენი ქვეყანა, არ მოგკლებოდეთ „მსწრაფლშემსმენელის“ მადლი და აღვსილიყავით მისი სასწაულებით.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი (+305-311)
წმიდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას შეიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გადააყირავა კერპებისათვის გამზადებული სამსხვერპლო. მაშინ უღმერთო ხელისუფალმა მოწამისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. როცა სასჯელი აღასრულეს, იმპერატორმა და ჯალათმა ცხადად იხილეს, თუ როგორ წარუძღვა ანგელოზი ნეტარი ალექსანდრეს ცაში აღმავალ სულს. იმპერატორმა მაქსიმიანემ ნება დართო, წმიდა მოწამის ცხედარი პატივით დაეკრძალათ ქალაქ თესალონიკში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
მოწამეთა ონისიფორესი და პორფირიოსისა (384-305);
წმიდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს ეწამნენ. ჯალათებმა ისინი დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენებზე გამოაბეს. მორწმუნეებმა უფლის რჩეულთა დაფლეთილი სხეულის ნაწილები შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
წმიდა მოწამე ანტონი (V)
წმიდა მოწამე ანტონი სირიაში ცხოვრობდა V საუკუნეში. იგი ქვის მთლელი იყო. საღვთო შურით აღძრულმა წმიდანმა წარმართულ საკერპოში ცრუღვთაებათა ქანდაკები შემუსრა და სირიის აპამეის ეპისკოპოსის კურთხევით ქალაქის მახლობლად წმიდა სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ეს რომ აპამეაში მოსახლე წარმართებმა შეიტყვეს, ნეტარ ანტონის ღამით შეეჭრნენ სახლში და მახვილებით აჩეხეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
წმიდა მოწამე ანტონი (V)
წმიდა მოწამე ანტონი სირიაში ცხოვრობდა V საუკუნეში. იგი ქვის მთლელი იყო. საღვთო შურით აღძრულმა წმიდანმა წარმართულ საკერპოში ცრუღვთაებათა ქანდაკები შემუსრა და სირიის აპამეის ეპისკოპოსის კურთხევით ქალაქის მახლობლად წმიდა სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ეს რომ აპამეაში მოსახლე წარმართებმა შეიტყვეს, ნეტარ ანტონის ღამით შეეჭრნენ სახლში და მახვილებით აჩეხეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ღირსი იოანე კოლოვი, ეგვიპტელი (+409)

წმინდა იოანე ეგვიპტის უდაბნოში IV საუკუნეში იღვწოდა, მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ერთ ხუცესს დაემოწაფა, სახელად – ამოის, რომელიც წარმოშობით მასავით თებაიდიდან გახლდათ.
ერთხელ ხუცესმა გამხმარი ჯოხი აღიღო, მიწაში ჩაარჭო და იოანეს უთხრა:
– იქამდე ასხი ყოველდღიურად წყალი, სანამ ნაყოფს არ გამოიღებს!
წყარო საკმაოდ შორს იყო, წყლის მოსაზიდად იოანეს უთენია უწევდა წასვლა და საღამომდე უკან ძლივს აღწევდა, თუმცა, მოძღვარს უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
გავიდა სამი წელი. გამხმარი ხე გაცოცხლდა და ნაყოფიც გამოიღო, ხუცესმა კი იგი ტაძარში წაიღო და ძმებს უთხრა:
– აჰა, იგემეთ ნაყოფი მორჩილებისა!
თორმეტ წელიწადს უვლიდა იოანე სნეულ ხუცესს, ის კი, სცდიდა რა მოწაფის მოთმინებას, სიტყვაც არ დასცდენია მადლობის გამოსახატად, გარდაცვალებისას კი აღმოთქვა:
– ეს ადამიანი კი არა, ანგელოზია!
მოძღვრის გარდაცვალების შემდგომ იოანე მიწისქვეშა მღვიმეში განმარტოვდა და თან ოდენ ლოცვა, სიფხიზლე და მარხვა იახლა. მის სულს ოდენ ღმერთთან საუბარი სწყუროდა, ხოლო ყოველგვარ არაწმინდებას უფლისადმი ვედრებით განაგდებდა.
მცონარებისთვის დრო რომ არ დარჩენოდა, ხელოსნობდა და კალათებს წნავდა, ხელგარჯისას კი ხან სულით ზეცად აღიტაცებოდა ხოლმე.
ცილისწამებისა და ყოველგვარი დამცირებისადმი თითქოს უგრძნობი იყო, ხოლო თუ მოჩხუბართ დაინახავდა, იქაურობას მყისვე ტოვებდა.
სახელი იმგვარად განითქვა, ერთმა მამამ წამოიძახა:
– აბა, ვინ შეემსგავსა იოანეს, თავისი სიმდაბლით მთელი უდაბნო ცერა თითზე რომ დაიკიდა?
რჩევისათვის მრავალი მონაზონი აკითხავდა, იოანე კი ყოველ მათგანს სიყვარულით იღებდა, ამასთან, არასოდეს კარგავდა შინაგან მშვიდობას.
ერთხელ ტაძრიდან რამდენიმე მონაზვნის კამათი მოესმა, სენაკში დაბრუნდა, სამგზის შემოუარა და შიგ მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა.
სტატიის ავტორი: “კარიბჭე” admin
ღირსი მატრონა (+დაახლ. 492)
ღირსი მატრონა პამფილიის პერგეში (მცირე აზია) დაიბადა V საუკუნეში. იგი მდიდარ დომენტიანეს მიათხოვეს. როცა ასული – თეოდოტია შეეძინათ, მეუღლეები კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ. ოცდახუთი წლის მატრონას ძალიან უყვარდა ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა.
ტაძარში გაეცნო წმიდანი ორ კეთილმსახურ მონაზონს – ევგენიას და სოსანას. ღირსმა მატრონამ მათი მიბაძვით ასკეტური ცხოვრება დაიწყო, რისთვისაც ხშირად უხდებოდა მეუღლის გამოხდომების დათმენა. წმიდანის სული ამსოფლიდან განდგომას ელტვოდა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მან ოჯახის დატოვება გადაწყვიტა და მხურვალედ შეჰვედრა უფალს, გაეცხადებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მისი განზრახვა. ერთხელ მატრონამ ჩვენებით იხილა, რომ იგი გაურბოდა მეუღლეს, ბერების ჯგუფს შეერია და ქმრისგან შეუმჩნეველი დარჩა. ეს ჩვენება ღირსმა მატრონამ ზეციურ კურთხევად მიიღო. თავისი ასული დედა სოსანას ჩააბარა აღსაზრდელად, თავად კი თმები მოიკვეცა, მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ღირსი ბასიანეს (ხს. 10 ოქტომბერს) მონასტერს მიაშურა იმ იმედით, რომ მეუღლე მის იქ ყოფნას ვერ გაიგებდა. წმიდანი, რომელიც დამხვდურებს საჭურის ბაბილად წარუდგა, ძმობაში მიიღეს.რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის იღუმენს, ღირს ბასიანეს ჩვენებით განეცხადა, რომ საჭურისი ბაბილა ქალი იყო. ასეთივე გამოცხადება ჰქონდა მეზობლად მდებარე წმიდა აბრაამის მონასტრის იღუმენს – ნეტარ აკაკისაც. ღირსმა ბასიანემ წმიდა მატრონას მკაცრად მოსთხოვა, ეპასუხა, რა მიზნით მივიდა მონასტერში – ბერების ცთუნება და მონასტრის შერცხვენა ხომ არ ედო გულში. წმიდანმა ცრემლებით მოუთხრო იღუმენს მთელი თავისი წარსული ცხოვრების შესახებ. როცა იღუმენი დარწმუნდა, რომ ნეტარი დედის ზრახვები წმიდა და უბიწო იყო, აკურთხა იგი და ქალაქ ემესის დედათა მონასტერში გაგზავნა. ამ სავანეში წმიდანმა მრავალი წელი დაჰყო მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით, რითაც დების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. როცა იღუმენია გარდაიცვალა, მონაზვნებმა ერთხმად ისურვეს, რომ მის ნაცვლად ღირსი მატრონა დაედგინათ.
ხმა უფლის რჩეული მოსაგრის სათნოებებისა და ზეგარდამო მიმადლებული სასწაულებრივი კურნების ნიჭის შესახებ შორს გავარდა. დომენტიანემაც შეიტყო მეუღლის ადგილსამყოფელი და მონასტერს მიაშურა. ეს რომ გაიგო, მატრონამ ფარულად დატოვა სავანე და იერუსალიმში წავიდა, აქედან სინას მთაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ბირითში, ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დასახლდა. როცა ადგილობრივ მცხოვრებლებს დაყუდებული დედის შესახებ ესმათ, მასთან სიარული დაიწყეს. ნეტარმა მრავალი უსჯულო იხსნა უღმერთობის წყვდიადისაგან და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. წმიდანის სამკვიდრებლის მახლობლად მალე ახალი მონასტერი დაარსდა. ბოლოს, ღვთის მინიშნებით, მატრონამ დატოვა ბირითი და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაცვლილიყო. სულიერი მამის, ღირსი ბასიანეს კურთხევით მოსაგრემ კონსტანტინოპოლში დააარსა დედათა სავანე. აქ გადავიდნენ მატრონას მიერ დაფუძნებული ბირითის მონასტრის დედებიც. ღირსი მატრონას კონსტანტინოპოლის სავანე ცნობილი იყო მკაცრი წეს-განგებითა და დების კეთილმსახური ცხოვრებით.ას წელს მიღწეულმა ნეტარმა დედამ დაახლოებით 492 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ღირსი ევსტოლია (+610) და სოსიპატრა (+625)
ღირსი ევსტოლია ქალაქ რომში დაიბადა. მან უფლის მსახურებისთვის გადადო თავი, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და დედათა ერთ-ერთ სავანეში დამკვიდრდა. კეთილმსახური და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ნეტარმა დების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მასთან არა მარტო მოწესეები, არამედ ერისკაცებიც მრავლად მოდიოდნენ სულიერი რჩევა-დარიგებისა და ნუგეშის მისაღებად.
წმიდა სოსიპატრა იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ასული იყო. მას წრფელი გულით უყვარდა ქრისტე და მონაზვნურ ცხოვრებას ესწრაფოდა. ერთხელ ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში ნეტარი ღირს ევსტოლიას შეხვდა და ესაუბრა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ეს სოფელი და წინამძღვრის – ევსტოლიას ხელმძღვანელობით შესდგომოდა სულიერ ღვაწლს. სასახლეში, რომელიც კეთილმსახურმა იმპერატორმა უძღვნა თავის ასულს, თანდათან შეიქმნა მონასტერი, რომელიც მკაცრი წეს-განგებით იყო ცნობილი.წმიდა ევსტოლია 610 წელს გარდაიცვალა, სოსიპატრა კი – 625 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ღირსი თეოქთისტა ლესბოსელი (+881)

ეგეოსის ზღვაში კუნძულ პაროსზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი იდგა.
არავინ იცის, რატომ გაუკაცრიელდა ის კუნძული და ეკლესია და მხეცების საბინადროდ იქცა.
ერთხელ, ზღვისპირას, მთაზე მცხოვრებმა მონადირეებმა მოილაპარაკეს, გემით იმ კუნძულზე გადასულიყვნენ და ირმები და თხები მოენადირებინათ. კუნძულამდე მიცურეს, ნაპირზე გადავიდნენ და ნადავლის ძებნას შეუდგნენ. მათ შორის ერთი ღვთისმოშიში კაციც იყო. სხვებისგან განცალკევებით მარტო დაიარებოდა და მიტოვებულ ტაძარს გადააწყდა. ეკლესიაში შევიდა და რადგან უსწავლელი იყო, როგორც შეეძლო, ისე იწყო ლოცვა, დაიჩოქა და წყლით სავსე პატარა ორმო დაინახა, წყალში კი მზესუმზირის მარცვლები შენიშნა და გაიფიქრა:
– აქ ნამდვილად უფლის მონა ცხოვრობს, რომელიც ამ მარცვლებით საზრდოობს!
მონადირე სასწრაფოდ გავიდა ტაძრიდან და მეგობრებს შეუერთდა. მონადირეები რამდენიმე დღე ნადირობდნენ, ბოლოს კი შინ დაბრუნება გადაწყვიტეს. მაშინ ზემოთ ხსენებული კაცი კვლავ გამოეყო მათ და ტაძარში შევიდა სალოცავად, თან იმედოვნებდა, რომ ნახავდა იმას, ვინც წყალში მზესუმზირის მარცვლები ჩაყარა.
ლოცვისას საკურთხევლის მარჯვენა მხარეს ობობის ქსელის მიღმა რაღაც მოძრავი სხეული შენიშნა. იმ ადგილს მიუახლოვდა და ქსელის გადაწევა დააპირა. ამ დროს ხმა შემოესმა:
– შეჩერდი, ახლოს არ მოხვიდე. შენი მრცხვენია, რადგან შიშველი ქალი ვარ!
მონადირე შეშინდა, გაქცევა დააპირა, მაგრამ შიშით ნაბიჯი ვერ გადადგა. თავზარდაცემული კარგა ხანს იდგა, ბოლოს გონზე მოსულმა იკითხა:
– ვინ ხარ და ამ უკაცრიელ ადგილას როგორ ცხოვრობ?
კვლავ შემოესმა:
– გევედრები, ტანსაცმელი გადმომიგდე და როდესაც შევიმოსები, რის უფლებასაც ღმერთი მომცემს, გიამბობ!
კაცმა ზედა სამოსი გაიხადა და მიწაზე დადო, თავად კი ეკლესიიდან გავიდა. ცოტა ხანს დაიცადა, სანამ ქალი ჩაიცვამდა, შემდეგ კი კვლავ შებრუნდა და მეტად საშინელი შესახედაობის არსება დაინახა, რომელიც ადამიანზე მეტად მკვდარს წააგავდა. ძვლებზე ტყავიღა ჰქონდა გადაკრული, სახე გაშავებოდა, თმა გათეთრებოდა, თვალები კი – ჩავარდნოდა. საფლავიდან ამოღებულს ჰგავდა, ოდნავ სუნთქავდა და ძლივს ლაპარაკობდა.
შეშინებული მონადირე მიწაზე დავარდა და დალოცვას და კურთხევას შესთხოვდა. ქალი აღმოსავლეთისკენ შებრუნდა, ხელები ცისკენ აღაპყრო და ლოცვა იწყო.
კაცს არ ესმოდა სიტყვები, მხოლოდ მისი წყნარი ხმა ჩაესმოდა. შემდეგ ქალი მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ღმერთმა დაგლოცოს, ადამიანო! მითხარი, ამ უდაბურ ადგილას რამ მოგიყვანა? ჩემი აზრით, ჩემს სანუგეშოდ გამოგგზავნა უფალმა და, ალბათ, გაინტერესებს ჩემი ამბავი!
შემდეგ კი ეს უამბო:
– ქალაქ მეფიმნაში (კუნძულ ლესბოსზეა მთა მეფიმნა, ხოლო ქალაქს ახლა მოლიბონი ჰქვია) დავიბადე. თეოქტისტა მქვია, მონაზონი ვარ. ბავშვობაში დავობლდი და ნათესავებმა დედათა მონასტერში მიმიყვანეს. ერთხელ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, როდესაც თვრამეტი წლის ვიყავი, დის სანახავად წავედი, რომელიც ქმართან ერთად ცხოვრობდა და ღამით მათთან დავრჩი.
შუაღამისას იმ სოფელს არაბები დაესხნენ თავს და სხვებთან ერთად მეც დამატყვევეს. დილით ხომალდში ჩაგვსვეს და ზღვაში შევცურეთ. მთელი დღე-ღამის ცურვის შემდეგ ამ კუნძულზე მოგვიყვანეს და ნაპირზე გადმოგვსხეს. იქაურობა შევათვალიერე, დრო ვიხელთე და გავიქეცი.
როგორც მონადირეები ნადირს, ისე დამდევდნენ, მაგრამ მიმალვა შევძელი. ღმერთმა დამიფარა მათი ხელიდან. ქვებზე სირბილისგან ფეხები დამისისხლიანდა. გზის გაგრძელება ვეღარ შევძელი და მკვდარივით დავენარცხე მიწას.
მთელი ღამე საშინელ ტკივილებში გავატარე, მაგრამ უფლის შეწევნით, გადავრჩი და უბიწოებაც შევინარჩუნე. მაშინ გავიფიქრე, უმჯობესი იყო, ამ უდაბურ ადგილას ამომხდომოდა სული, ვიდრე იმ უწმინდურთა ხელში ჩავვარდნილიყავი.
დილით დავინახე, ყაჩაღები კუნძულიდან წავიდნენ და გახარებულს ჩემი ტანჯვა და ტკივილები სულ გადამავიწყდა.
მას შემდეგ ოცდათექვსმეტი წელია, აქ ვცხოვრობ, მზესუმზირის მარცვლებით ვიკვებები, უფრო მეტად კი – უფლის სიტყვებით ვსაზრდოობ.
მონასტერში ნასწავლ ფსალმუნებს, საგალობლებსა და ლოცვებს წარმოვთქვამ და სულს ამით ვიმშვიდებ. ამ ხნის განმავლობაში სამოსი სულ შემომეძარცვა და მხოლოდ უფლის მადლით ვარ შემოსილი.
შემდეგ ქალწულმა ხელები ზეცად აღაპყრო, ღმერთს მადლი შესწირა და კვლავ მონადირეს მიუბრუნდა:
– აი, ჩემ შესახებ ყველაფერი გიამბე. ერთს გთხოვ: – ღვთის გულისთვის, მომავალ ზაფხულს ისევ სანადიროდ რომ მოხვალ ამ კუნძულზე, ქრისტეს სისხლი და ხორცი მომიტანე საზიარებლად, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ზიარება არ მიმიღია. ახლა კი წარვედ და ჩემ შესახებ არავის უამბო!
მონადირე შეჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა, ქრისტეს მხევლის წინაშე მუხლი მოიყარა და გახარებული უკან დაბრუნდა. ღმერთს მადლს სწირავდა, რომ წმინდა ქალწულის ხილვის და დალოცვის ღირსი გახდა.
ნაპირთან სხვა მონადირეები ელოდნენ. კაცმა მათ საიდუმლო არ გაუმხილა და ზღვაში შეცურეს.
მონადირე ზაფხულს არ დალოდებია, რადგან კვლავ სურდა წმინდა ქალწულის ხილვა. მან ხუცესს ზიარებისთვის ქრისტეს სისხლისა და ხორცის მცირე ნაწილი გამოართვა, მონადირეები სანადიროდ შეაგულიანა და კვლავ კუნძულისკენ გაცურეს.
ნაპირს რომ მიადგნენ, კაცი ტაძრისაკენ გაეშურა, მაგრამ წმინდა თეოქტისტა ვეღარ იპოვა. დამწუხრებული ტაძრიდან გამოვიდა. ეგონა, ქალწული დაიმალაო, რადგან მას რამდენიმე კაციც ახლდა.
მცირე ხანში ტაძარში მარტო დაბრუნდა და ღირსი თეოქტისტა იმავე ადგილას იყო, სადაც პირველად იხილა. ქალწულს მისი ნაჩუქარი სამოსი ეცვა. მონადირე მიწაზე დავარდა და თაყვანი სცა. ქალი მიუახლოვდა და აცრემლებულმა უთხრა:
– ამას ნუ იქმ, რადგან შენ ღვთის წყალობა მომიტანე!
მონადირე ფეხზე წამოაყენა. კაცმა ძვირფასი ძღვენი გადასცა ქალწულს, რომელიც მუხლებზე დაეცა და მიწა ცრემლებით დაალტო. შემდეგ წამოდგა, ეზიარა და თქვა:
– ახლა კი მშვიდად შემიძლია, სული უფალს მივაბარო! ხელები ცისკენ აღაპყრო, ლოცულობდა და ღმერთს მადლობდა. შემდეგ მონადირე დალოცა და დაემშვიდობა.
მონადირეებმა კარგად ინადირეს და გემზე ავიდნენ. ის მონადირე კი კვლავ ტაძრისკენ გაეშურა და დაინახა – ღირსი ქალწული მიწაზე ესვენა, ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა და სული უფლისთვის მიებარებინა.
მონადირე ატირებული მივარდა. ქალწულს, ფეხებზე ეამბორებოდა და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
შემდეგ მიწა ამოჩიჩქნა, რამდენადაც შეძლო და ქალწულის სხეული დაასვენა და შეეცადა, ხელის მტევანი მოეკვეთა, რათა შინ დიდი პატივით შეენახა.
მიუხედავად იმისა, რომ ამას ღირსი ქალწულის სიყვარულითა და პატივისცემით იქმოდა, მოგვიანებით გამოჩნდა, რომ მისი საქციელი ღმერთისთვის სათნო არ იყო.
მოკვეთილი მტევანი სუფთა ტილოში შეახვია, უბეში ჩაიდო, გემისკენ გაეშურა და სხვა მონადირეებს არაფერი უამბო.
გვიან საღამოს იალქნები გაშალეს და ზღვაში შეცურეს. ყველას ეგონა, რომ ხომალდი მეტად სწრაფად მიცურავდა, მაგრამ ნახეს, რომ კვლავ იმავე ადგილას იდგნენ.
შეშინდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვინმეს ცოდვის გამო ხომ არ ისჯებოდნენ. მაშინ მონადირემ, რომელმაც ღირსი ქალწულის ხელის მტევანი წამოიღო, თავისი ცოდვა გააცნობიერა, ხომალდიდან გადავიდა და სხვებისგან უჩუმრად ტაძრისკენ გაეშურა.
ღირსი ქალწულის სხეულთან ხელის მტევანი დადო, ილოცა და კვლავ უკან დაბრუნდა. გემზე ავიდა და დაუბრკოლებლად შეცურეს ზღვაში.
ნაპირთან ახლოს იყვნენ, როდესაც მონადირემ ამხანაგებს უამბო, რაც თავს გადახდა. ყველანი გაოცდნენ, მერე განურისხდნენ მონადირეს – კუნძულზე რატომ არ გაამხილე საიდუმლო – მაშინ ჩვენც გავხდებოდით წმინდა ქალწულის კურთხევის ღირსიო.
ხომალდი პაროსისკენ შეაბრუნეს, გადავიდნენ ნაპირზე და ტაძრისკენ გაეშურნენ. ეკლესიაში შესულებმა წმინდანის სხეული ვერ იპოვეს. ზოგი ამბობდა, რომ მკვდრეთით აღდგაო, ზოგი ფიქრობდა, რომ ანგელოზმა სხვა ადგილას დაკრძალა წმინდა ეკატერინეს მსგავსადო. მთელი კუნძული შემოიარეს, შემდეგ ტაძარში შებრუნდნენ და იმ ადგილს ემთხვივნენ, სადაც წმინდა ქალწული იყო დასვენებული.
შინ დაბრუნებულებმა ყველას უამბეს წმინდა თეოქტისტას ამბავი. ვინც კი ისმინა, ფრიად განკვირდა და ადიდა ღმერთი.
სტატიის ავტორი: “კარიბჭე” admin