„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული
22.03.2026. ორშაბათი
ღირსისა იოანე ხახულელისა, ოქროპირად წოდებულისა (XI); მოწამისა კოდრატე კორინთელისა და მის თანა ხუთთა მოწამეთა: კვიპრიანესი, დიონისესი, ანექტისა, პავლესი და კრისკენტისა (249-259); მოწამეთა: კოდრატე ნიკომიდიელისა, სატორინესი, რუფინესი და სხვათა (III); ღირსისა ანასტასიასი (567-568).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 37: 33 – 38: 6.
მწუხრზე: დაბ. 13: 12-18. იგავ. 14: 27 – 15: 4.
VI ჟამზე: ეს. 37: 33 – 38: 6
33. ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს. 34. უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი. 35. მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა ის ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის. 36. გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარია ყველა. 37. აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში. 38. ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს ის ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.
1. იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო. 2. კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს: 3. უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ. 4. იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი: 5. წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს. 6. დაგიხსნი შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან და დავიფარავ ამ ქალაქს.
მწუხრზე: დაბ. 13: 12-18
12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები. 13. ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს. 14. უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. 15. მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ. 16. ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება. 17. ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი. 18. აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
მწუხრზე: იგავ. 14: 27 – 15: 4
27. უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი. 28. ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი – მთავრის დაღუპვა. 29. სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს. 30. მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა. 31. ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია. 32. ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს. 33. სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული და უგუნურთა შორისაც ხდება საცნაური.
1. მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს. 2. ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს. 3. ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს. 4. ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი: კონდრატე ნიკომიდიელი, სატორინი, რუთვინი და სხვები (III)
წმიდა მოწამენი: კონდრატე ნიკომიდიელი, სატორინი, რუფინი და სხვები (III) აღესრულნენ იმპერატორ დეკიუსისა (249-251) და მისი მემკვიდრის, ვალერიანეს დროს.წმიდა კონდრატე წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. ის მთელ ქონებას რწმენისთვის დევნილ და ტყვედქმნილ ქრისტიანებს ახმარდა.
როდესაც ნიკომიდიაში ჩავიდა უსჯულო დეკიუსის მოხელე, პროკონსული პერენიუსი, წმიდა კონდრატემ სხვათა გასამხნევებლად საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება და მდევნელის წინაშე წარსდგა. თავიდან პერენიუსი ჯილდოებითა და პატივით ცდილობდა კონდრატეს გულის მოგებას, მაგრამ როცა თავისი გადაწყვეტილების უსუსურობას მიხვდა, ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ლურსმნებზე დაეწვინათ, გულზე კი ლოდი დაედოთ.
ნიკეაში მიმავალმა პროკონსულმა ყველა ქრისტიანი, მათ შორის წმიდა კონდრატეც, თან წაიყვანა. ქალაქში ჩასვლისთანავე, წმიდანის თხოვნით, ქრისტიანები წარმართულ ტაძარში მიიყვანეს. როგორც კი ბორკილები შეუხსნეს, წმიდა კონდრატემ წარმართული კერპები დაამსხვრია. პროკონსულის ბრძანებით წმიდანი აწამეს. ის მაინც მხნედ იყო და თავისი სიმტკიცით სხვა მოწამეებსაც აძლიერებდა.
წამების დროს მოწამეებს თავს ნათელი ღრუბელი დაადგა, წარმართები კი ბნელში აღმოჩნდნენ. სამარისებულ სიჩუმეში ანგელოზების გალობა გაისმა. ამ სასწაულის მხილველმა ბევრმა წარმართმა იქვე აღიარა ქრისტე. პერენიუსის ბრძანებით ისინიც საპყრობილეში ჩაყარეს.
წმიდა კონდრატე შხამიანი გველებით სავსე ტომარაში ჩასვეს და ხრამში გადააგდეს. მეორე დილით, ყველას გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ მოწამე საღ-სალამათი იყო. სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდანი სასტიკად სცემეს. ორი კეთილშობილი მოქალაქე, სატორინი და რუფინი, სიბრალულით განიმსჭვალნენ კონდრატეს მიმართ. ეს პერენიუსმა შეამჩნია და ბრძანა, თავი მოეკვეთათ მათთვის.
პერენიუსი ახალ-ახალ სატანჯველს იგონებდა წმიდანისათვის, მაგრამ მისი სულის გატეხვა ვერ მოახერხა. ბოლოს პროკონსულის ბრძანებით, წმიდა კონდრატეს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე კონდრატე და მასთან ერთად წამებულნი დედანი და მამანი (+258)
კონდრატეს სხვა მოწაფეებიც მოწამეობრივად აღესრულნენ: დიონისე (საბა) ხმლით აკუწეს, ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე ცოცხლად ჩააგდეს ქვის სამტეხლოში, კლავდიუსს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს, დიოდორე თვითონ ავიდა მისთვის გამზადებულ კოცონზე, სერაპიონს თავი მოჰკვეთეს, პაპიუსი და ლეონიდე ზღვაში დაახრჩვეს. მამაკაცებთან ერთად ბევრი დედაც ეწამა ქრისტესთვის.
ღირსი ანასტასია (+567-568)
ღირსი ანასტასია არისტოკრატული ოჯახის შვილი იყო და კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა. კეთილმსახური პატრიცია ყოველთვის მისაბაძი იყო და იმპერატორი იუსტინიანე (527-565) დიდ პატივს სცემდა. დაქვრივების შემდეგ ანასტასიამ კონსტანტინეპოლი დატოვა, ალექსანდრიის ახლოს პატარა მონასტერი დააარსა და თავი ღვთისმსახურებას შესწირა.რამდენიმე წლის შემდეგ იუსტინიანე დაქვრივდა და გადაწყვიტა, ანასტასიაზე დაქორწინებულიყო. ღირსი ანასტასია დახმარების სათხოვნელად შორეულ მონასტერში წავიდა ღირს დანიელთან (ხს. 18 მარტს). ბერმა ნეტარი დედა მამაკაცის სამოსელით შემოსა და ევნუხი უწოდა. მოძღვრის კურთხევით ანასტასია მივარდნილ გამოქვაბულში დასახლდა. ის არასოდეს გამოდიოდა საცხოვრებლიდან, არც არავის ღებულობდა. ეს ადგილი მხოლოდ ერთმა ბერმა იცოდა. კვირაში ერთხელ მიდიოდა გამოქვაბულში, მცირეოდენი პური და წყალი მიჰქონდა და შესასვლელთან ტოვებდა. ასეთ მკაცრ პირობებში ცხოვრობდა ანასტასია 28 წლის განმავლობაში.
უფალმა წინასწარ გამოუცხადა ანასტასიას გარდაცვალების დღე. მან დოქის ნატეხებზე რამოდენიმე სიტყვა დაწერა და გამოქვაბულის შესასვლელთან დადო. მალე მამა დანიელი მოვიდა და აზიარა წმიდა ანასტასია. ღირსმა დედამ ილოცა და მშვიდობით მიისვენა.
როცა სამარე გაამზადეს, მამა დანიელმა მორჩილს უბრძანა, თავისი ანაფორით შეემოსა მოცვალებული. შემოსვისას მორჩილი მიხვდა, რომ მის წინ ქალი ესვენა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედა. როცა უკან ბრუნდებოდნენ, ბერმა ახალგაზრდა მორჩილს წმიდა ანასტასიას ცხოვრება და ღვაწლი მოუთხრო. მოგვიანებით ბერის ნაამბობი ჩაიწერეს.
1200 წელს ღირსი ანასტასიას წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და წმიდა სოფიას ტაძარში დაასვენეს.
ღირსი იოანე ხახულელი (X-XI)
ღირსი იოანე ხახულელი (X-XI) საქართველოს მეფე ბაგრატ III თანამედროვე სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო. მას, როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელს, „ოქროპირი“ უწოდეს.სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ღირს იოანეს ხელი დაასხეს ჯერ ბოლნისის, შემდეგ კი – ხახულის ეპისკოპოსად.
დაახლოებით 1019 წელს ღირსმა იოანემ ხახულის კათედრას თავი დაანება და არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთას მიაშურა სამოღვაწეოდ.
ჯერ კიდევ საქართველოში შესრულებული ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში ნათქვამია: „ლოცვა ყავთ ნეტარისა ბერისა იოანე გრძელის ძისა და სულიერი შვილისა მისისა იოანე ოქროპირისათვის, რომელნი ფრიად დაშურეს შრომასა და წერასა ამის წმიდისა წიგნისა“.
ათონის მთაზე ღირსი იოანე ერთგულად ამოუდგა მხარში წმიდა ექვთიმე ათონელს (ხს. 13 მაისს) და გულითად მეგობრობას უწევდა მას.
„გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან“ ჩანს, რომ ღირსი იოანე ხახულელი ათონზე აღესრულა.
– See more at: http://orthodoxy.ge/tveni/marti/10-ioane.htm#sthash.h8TGB8lM.dpuf
