…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-2 შვიდეული. ხუთშაბათი
23.04.2026 ხსნილი
ქვაბთახევის მამათა მონასტერში წამებულთა, ჟამ-თა თემურ-ლენგისათა (1386); მოწამეთა: ტერენტისა, პომპიოსი, აფრიკანოსი, მაქსიმესი, ზენონისა, ალექსანდრესი, თეოდორესი და სხვათა 33-თა (249-251); მოწამეთა: იაკობ ხუცისა, აზა და ავდიკი დიაკონთა, სპარსელთა (380); მღვდელმოწამისა გრიგოლ V კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (1821).
დღის ლოცვები
მოწამეთა: ტერენტისა, პომპიოსი, აფრიკანესი, მაქსიმესი, ზენონისა, ალექსანდრესი, თეოდორესი და სხვათა 33-თა
კონდაკი: მოწამეთა პატიოსანი სახსენებელი მოვიდა დღეს, მხიარულ მყოფელი ყოველთა დაბადებულთა, ტერენტი ბრძნისა და მოყუასთა მისთა მოსწრაფედ უკუე მივრბიოდით, რაითა მოვიღოთ კურნებაი, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღეს მადლი სულისა წმიდისა კურნებად სენსა სულთა ჩუენთასა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 4: 23-31 (დახ. 12). ინ. 5: 24-30 (დას. 16).
საქმ. 4: 23-31
23. განთავისუფლებულნი თავისიანებთან მივიდნენ და უამბეს ყველაფერი, რაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს მათ. 24. ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს: ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყოველივე იმისა, რაც არის მათში, 25. ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი? 26. აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“. 27. ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად. 28. რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა. 29. ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა, 30. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით. 31. როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.
ინ. 5: 24-30
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოწამენი: ტერენტი, პომპიოს, აფრიკან, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი (III)
წმიდა მოწამენი ტერენტი, პომპიოს, აფრიკან, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი (III) იმპერატორ დეკიუსის დროს (241-251) აღესრულნენ ქრისტესთვის. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. როდესაც ეს ბრძანება აფრიკის გამგებელმა ფორტუნატიანემ მიიღო, მოედანზე შეკრიბა ხალხი, დასაშინებლად წამების საშინელი იარაღები აჩვენა და მოითხოვა, უკლებლივ ყველას შეესრულებინა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. წამების შიშით ბევრმა შეასრულა უსჯულო გამგებლის ბრძანება, მაგრამ წმიდა ტერენტიმ ორმოც ქრისტიანთან ერთად უშიშრად განაცხადა თავისი ერთგულება ქრისტესადმი. ფორტუნატიანეს გაუკვირდა მათი სიმამაცე და ჰკითხა: გონიერ ადამიანებს როგორ შეგიძლიათ ღმერთად ჩათვალოთ ის, ვინც იუდეველებმა ჯვარს აცვეს, როგორც ავაზაკი?! წმიდა ტერენტიმ უპასუხა, რომ მათ სწამთ მაცხოვარი, ადამიანთა ცოდვათათვის ჯვარცმული და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარი. ფორტუნატიანი მიხვდა, რომ ტერენტი თავისი მაგალითით ამხნევებდა და სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა სხვა ქრისტიანებს და ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება სამ უახლოეს მეგობართან – აფრიკანთან, მაქსიმესთან და პომპიოსთან ერთად. სხვა მოწმეებს კი, მათ შორის ზენონს, ალექსანდრეს და თეოდორეს აიძულებდა უარი ეთქვათ სარწმუნოებაზე. ვერავითარმა დაპირებამ და წამებამ ვერ გაჭრა: წმიდანები მტკიცედ იცავდნენ სარწმუნოებას და უფალიც განამტკიცებდა მათ.ფორტუნატიანემ ბრძანა, მოწამეები კიდევ ერთხელ მოეყვანათ ტაძარში და კიდევ ერთხელ მოსთხოვა მათ მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. წმიდანებმა ღმერთს შეჰღაღადეს: „ყოვლადძლიერო უფალო, რომელმან ცეცხლი უწვიმე სოდომს უსჯულოებისა მისისათვის, დააქციე უწმინდური ტაძარი ესე, ჭეშმარიტებისა შენისათვის!“ კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, შემდეგ ტაძარიც ჩამოინგრა. გამძვინვარებულმა გამგებელმა წმიდანების დახოცვა ბრძანა.
ოცდათექვსმეტი მოწამის დახოცვის შემდეგ ფორტუნატიანემ იხმო ტერენტი, მაქსიმე, აფრიკანი და პომპიოსი, უჩვენა წამებულთა გვამები და კვლავ უბრძანა მსხვერპლშეწირვა. წმიდანებმა უარი განაცხადეს. მაშინ გამგებელმა ბორკილები დაადო მათ და საპყრობილეში გამოამწყვდია, რომ შიმშილით გამწყდარიყვნენ. ღამით უფლის ანგელოზმა ბორკილები შეხსნა მოწამეებს და დააპურა. დილით დარაჯებმა მხნე და ჯან-ღონით სავსე ტყვეები იხილეს. ფორტუნატიანმა მოგვებს უბრძანა, გველებითა და ყოველგვარი უწმინდურებით აევსოთ საკანი, მაგრამ დარაჯებმა დაინახეს, რომ ქვეწარმავლები მლოცველი წმიდანების ფეხებთან დახოხავდნენ და მათ არაფერს ვნებდნენ.
ბოლოს, განრისხებული ფორტუნატიანეს ბრძანებით წმიდა მოწამეებს თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი ქალაქგარეთ.
მოწამენი: იაკობ ხუცესი, აზატან და ავდიკი დიაკონნი (+დაახლ. 380)
წმიდა მოწამენი იაკობ ხუცესი, აზატან და ავდიკი დიაკონნი (+დაახლ. 380) – აღესრულნენ სპარსეთში მეფე საპორის დროს. ისინი შეიპყრეს ეპისკოპოს აკეპსიმესთან (ხს. 3 ნოემბერს) ერთად. ხანგრძლივი წამების შემდეგ მოწამეებს ნესტოებში ძმარგარეული მდოგვი ჩაასხეს, გააშიშვლეს და ყინვაში დაკიდეს ფეხებით. დილით ხელახლა აწამეს და ისევ საკანში ჩაყარეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს.წმიდა დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი ჟამთა თემურ-ლენგისასა (+1386)
გიორგი ბრწყინვალის ძისწულის, ბაგრატ V-ის მეფობის დროს, ჩვენს ქვეყანას უფალმა სასჯელი გარდამოუვლინა ცოდვებისთვის: სამარყანდელი თემურ-ლენგი შვიდგზის შემოესია საქართველოს ურიცხვი ლაშქრით, „რომელსა ვერ იტევდნენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახნი საქართველოჲსნი“. მტერმა იავარ-ჰყო და პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ეკლესია-მონასტერი. შვიდგზის მიიღო ქართველმა „ვნებაჲ მისგან მახვილისა მიერ ტყვეობისა და ცეცხლისა და შენობითთა საფუძველთა აღმოყრისა“.თემურ-ლენგმა ტყვედ იგდო ბაგრატ მეფე, ქართლი ააოხრა და სხვა დიდებულებთან ერთად მეფე-დედოფალი შირვანს წაიყვანა. უსჯულო თემური ყოველნაირად აიძულებდა მეფეს ქრისტიანობის დატევებას, სამაგიეროდ კი მეფის ტიტულის შენარჩუნებასა და სხვა ტყვეებთან ერთად განთავისუფლებას ჰპირდებოდა.
კარგა ხანი ვერ მოდრიკეს ბაგრატი, მაგრამ ბოლოს „უღონოქმნილი ყოვლისაგან კაცობრივისა შეწევნისა. სარწმუნოებისაგან სათანადოჲსა მოაკლდა“. შემდეგ ღვთის სასოება კვლავ აღდგა მასში, მოტყუებით მოიმადლიერა თემურ-ლენგი და ქართლში თავისი პატივის შენარჩუნებით დაბრუნების ნებართვაც მიიღო. ბაგრატის თხოვნით თემურმა მეფეს თან გამოაყოლა თორმეტათასიანი სპა, რომელიც მას თითქოს თავისი სამეფოს გამაჰმადიანებაში უნდა დახმარებოდა.
ხუნანს მიახლებულმა ბაგრატმა თავის ძეს, გიორგის მოუწოდა ლაშქრითურთ და თემურ-ლენგის მხედრობა „აღსწყჳდა. მახჳლთა ერთიცასა ბარბაროსთაგანიცა განურინებელად“.
ცნობამ ლაშქრის განადგურების შესახებ და ბაგრატის ღალატმა განარისხა თემურ-ლენგი და, „ჩუენ ზედა განმხედრებად აღძრული“, წამოემართა ბაგრატზე შურის საძიებლად. ქართველებმა მტრის პირველი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ თემურმა დამხმარე ლაშქარი მოიშველია, დაქანცულ ქართველებს ახალი ძალით შეუტია და უკან დაახევინა.
თათრებმა მოაოხრეს თბილისი, ნისანი, კალისი, ქართლის ქალაქები და სოფლები დაწვეს, წმიდა ეკლესიები დაარღვიეს და „ესრეთ მარბიელობით“ ჩააღწიეს ქვაბთახევის მშვენიერ მონასტრამდე.
ქვაბთახევში მტერს დაუხვდა „გარემო მახლობელთა მონასტერთაგანნი მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღვდელნი და დიაკონნი და თვით მონასტრისა მის ძმანი“. გარდა სასულიერო პირებისა, „ერისკაცთა მათ სიმრავლე სოფელთაგან მახლობელთა იყო არა მცირეჲ“.
ბარბაროსებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს იგი, „განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარი იყო მონასტერი იგი“. მოხუცებულნი და უძლურნი, რომელთა ტყვედ წასხმაც შეუძლებელი იყო, მახვილით მოწყვიტეს.
ღვთის სამკვიდრებელში შესულმა უღმრთოებმა შეაგინეს წმიდა ტაძარი – გააშიშვლეს მახვილები, „ჰკაფდეს უწყალოდ ვენახსა მას სიტყჳერსა ანუ ხილნარსა მტილისა ღუთისასა“, უფლის ღირს მონათა ცხედრები ცის ფრინველთა საჭმელად და „მჴეცთა ქუეყანისათა“ საჯიჯგნად დატოვეს.
როცა ბარბაროსებმა კვლისა და ტყვეთა შეკვრისაგან მოიცალეს, წმიდა სამღვდელო კაცთა, მონაზონთა, ქალწულთა და მოწესეთა დაცინვა დაიწყეს – ეჟვნები შეაბეს მათ, თვითონ კი ეშმაკისგან გაგიჟებულებმა „იწყეს ხლდომად და როკვად“. „ვაი ჩუენდა, მონაზონთა“ – ქვითინით და ვაებით გოდებდნენ მოწამეები.
ამის შემდეგ ბარბაროსებმა ყველა იქ მყოფს მიმართეს: ან უარყავით ქრისტე, ან შეკრულებს შეგყრით ეკლესიაში, შეშას შემოგიწყობთ და დაგწვავთო. ტყვექმნილნი პასუხობდნენ: „ჩვენ უკუე მიცემულთა ხელთა მიმართ თქუენთა ცოდვათათვის ჩვენთა, რომელნი ვქმნენი და განვარისხეთ შემოქმედი ჩვენი და ღმერთი და არა თუ სიმართლისათვის თქუენთა ვესავთ, ვითარმედ განგვწმიდნეს პატიჟთა ამით დროებითითა და განგვისვენნეს უწელიწდოებითსა შინა საუკუნოსა. ვერა რაჲმემან განმაშორნეს სიყუარულსა მას ქრისტესსა, ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამ, ანუ სიყმილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახჳილმან, არა რაჲმეღა ჩუენდა ღვთისა მიმართ მისართუმელ დროსა მას“.
მოწამეები ერთმანეთს ამხნევებდნენ და გალობდნენ ფსალმუნის სიტყვებს – „შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კულადნი“.
როცა მარტვილნი ეკლესიის კარებთან მიიყვანეს, ასე მიმართეს უფალს: „შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა, მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი“.
ღვთის ტარიგნი ბარბაროსებს ეუბნებოდნენ – „აღანთენით ჴორცნი, ბოროტმსახურნო, რათა ცეცხლითა საღმრთოჲთა მთებარენი სულნი უბრწყინვალეს მზისა განბრწყინდეს სასუფეველსა შინა ზეციურსა მამისასა, ნუ იცადებთ შეწირვასა ჩუენსა, რათა სახილველ ვიქმნეთ სოფლისა და ანგელოსთა და კაცთა, დაღაცათუ ჯერეთ სურჳლსა ჩუენსა მხოლოდ უფალი ჰხედავს და სიმართლისათჳს ჩუენისა ნუგეშინისა გვცემს“.
მტარვალებმა უფრო მეტი შეშა მოზიდეს და უფრო დიდი ცეცხლი აღაგზნეს. ალი მაღლა ადიოდა, ხშირი ნაკვერცხლები ცვიოდა, „ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდეს“, ყოვლადდასაწველთა ნეტარი სულები კი გალობდნენ: „აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მონანი უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
ასე შეიწირნენ ღვთის მიმართ ტარიგნი უბიწონი.
ეკლესიის იატაკზე მოწამეთა დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა „და ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედა წმიდისა ეკლესიისასა დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან“.