…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

23.05.2026. აღდგომიდან მე-6 შვიდეული.
შაბათი. ხსნილი
შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა.
ყოვლადქებულისა მოციქულისა სიმონ მოშურნისა (კანანელისა) საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლისა (I); მოწამეთა: ალფესისა, ფილადელფისა, კვიპრიანესი, ონისიმესი, ერაზმისა და სხვათა (251); მოწამისა ისიქი ანტიოქელისა (IV); ღირსისა ისიდორე სალოსისა (IV); ნეტარისა ტაისიასი (V); ღირსისა ევსუქი (ისიხიოსი) აღმსარებელისა და საკვირველთმოქმედისა, გალატიის ანდრაპადან (781); მოწამეთა ფილიმონისი და აკაკისა (284-305); ღირსისა ნისიმესი, რომელი იყო ასული მეფისა ეგვიპტელისა და იქმნა მამასახლის უდაბნოს მოძღვართა ზედა რიცხვით ოთხასთა წმიდათა მამათა. მოწამისა აბრაამ ბულგარელისა (წმ. ნაწ. გადას. 1230 წ.).
დღის ლოცვები
მოციქული სვიმონ მოშურნის კონდაკი:
მტკიცედ დამდებელსა სულთა შინა კეთილმსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა ქებითა ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთისმეტყუელსა სვიმეონს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე ყოველთა თანა ანგელოზთა იხარებს, დაუცხრომელად მვედრებელი ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ინ. 21: 15-25 (დას. 67).
ლიტ.: საქმ. 20: 7-12. (დას. 43). ინ. 14: 10-21 (დას. 48).
მოც.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). მთ. 13: 54-58 (დას. 56).
ცისკ.: ცისკ.: ინ. 21: 15-25
15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
ლიტ.: საქმ. 20: 7-12
7. კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი. 8. ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო. 9. რაკიღა პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ერთ ჭაბუკს, სახელად ევტიქეს, სარკმლის რაფაზე რომ ჩამომჯდარიყო, ძილი მოერია, მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. 10. ჩავიდა პავლე, ზედ დაემხო, ხელი მოხვია და თქვა: ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან მისი სული მასშივეაო. 11. მერე კვლავ ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა; კარგა ხანს ისაუბრა, გარიჟრაჟამდე, შემდეგ კი წავიდა. 12. ჭაბუკი კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი.
ლიტ.: ინ. 14: 10-21
10. ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა – ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს. 11. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი – ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ. 12. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ. 13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ. 14. რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ. 15. თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი. 16. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, – 17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება. 18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან. 19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. 20. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი – ჩემში, ხოლო მე – თქვენში. 21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.
მოც.: 1 კორ. 4: 9-16
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
მოც.: მთ. 13: 54-58
54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა? 55. განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? 56. და განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს? 57. და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში. 58. და არ მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I)
წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული – წყლის ღვინოდ გადაქცევა – სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზედ გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში.წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად.
წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა.
წმიდა მოწამენი: ალფიოს, ფილადელფოს, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და მათი 14 თანამოღვაწე (III)
წმიდა მოწამენი: ალფიოს, ფილადელფოს, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და მათი 14 თანამოღვაწე (III) იტალიელები იყვნენ. ალფიოსი, ფილადელფოსი და კვიპრიანე – იტალიის მმართველის ვიტალიუსის ვაჟები იყვნენ. ისინი ქრისტიანობაზე მოაქცია წმიდა ონისიმემ. იმპერატორმა ლიკინიუსმა გამოსცა ბრძანება, მოეძებნათ და ეწამებინათ ჭეშმარიტი ღვთის მოსავები. ძმები ონისიმესთან, ერაზმთან და სხვა 14 ქრისტიანთან ერთად რომში წაიყვანეს. რომში წმიდა ონისიმე ქვებით მოკლეს. ერაზმს და 14 ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს. ძმები სიცილიაში, ქალაქ მესოპოლში აღესრულნენ. წმიდა ალფიოსს ენა ამოგლიჯეს და სისხლისგან დაიცალა, წმიდა ფილადელფოსი და წმიდა კვიპრიანე კი გახურებულ ქვაბში ჩააგდეს. 1517 წელს მოხდა მისი წმიდა ნაწილების აღმოყვანება. მოწამე ივსიხი (ანტიოქიელი) (IV)
წმიდა მოწამე ივსიხი ანტიოქიელი (IV) ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს და იმპერატორის კარზე საპატიო მდგომარეობა ეკავა. მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები იდევნებოდნენ სამხედრო სამსახურიდან. ვინც ქრისტიანობას არ უარყოფდა, მეომრის სარტყელი უნდა მოეხსნა, უარი ეთქვა წოდებაზე და გამხდარიყო დაქირავებული მსახური. წმიდა ივსიხი ერთგული დარჩა თავისი სარწმუნოებისა. მაქსიმიანემ მას უბრძანა, განეძარცვა დიდებულის სამოსელი, უხეში ხამის ტანსაცმელი ჩაეცვა და სამოახლოში ემსახურა. რამდენიმე დღის შემდეგ იმპერატორმა დაიბარა წმიდა ივსიხი და ჰკითხა: „ნუთუ არა გრცხვენია, ასეთ უპატიობაში ყოფნა?“ წმიდანმა უპასუხა: „პატივი, რომელიც შენგან მქონდა, დროებითია“. მაქსიმიანეს ბრძანებით წმიდა ივსიხი მდინარეში ჩაახრჩვეს.ღირსი ისიდორა სალოსი (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი (IV) მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავერნის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.ერთხელ მეუდაბნოე ბერს, ღირს პიტირიმს უფლის ანგელოსი გამოეცხადა და უთხრა: „წადი ტავერნის მონასტერში. იქ იხილავ დას, რომელიც ჩვარს ატარებს თავზე. ის ყველას სიყვარულით ემსახურება და მორჩილად ითმენს მათ ზიზღს. გული და გონება მისი მარად ღმერთთანაა, შენ კი მარტოობაში მყოფობ და ფიქრით მთელ სამყაროში მიმოიქცევი“.
ბერი ტავერის მონასტერში წავიდა, მაგრამ შეკრებილ დათა შორის ვერ იპოვა ღვთაებრივ ხილვაში მითითებული მოღვაწე. როცა ისიდორა მიჰგვარეს, სალოსი მუხლებზე დაემხო მის წინაშე და კურთხევა სთხოვა. ღირსმა პიტირიმმა თვითონ დაუჩოქა და უთხრა: „ჯერ შენ მაკურთხე, წმიდაო დედაო!“ გაოცებული დების შეკითხვებზე ღირსმა მამამ უპასუხა: „ისიდორა უპირატესია ღვთის წინაშე!“ დებმა სინანულით სთხოვეს პატიება ღირს ისიდორას. მოულოდნელი დიდებით შეწუხებული წმიდანი მალულად წავიდა სავანიდან. მისი შემდგომი ცხოვრება უცნობია. ვარაუდობენ, რომ ღირსი დედა გარდაიცვალა არაუადრეს 365 წლისა.
ნეტარი ტაისია (V)
ნეტარი ტაისია (V) ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვას, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული, უარყო ყველაფერი, რაც წარსულ ცოდვილ ცხოვრებასთან აკავშირებდა და უდაბნოში გაჰყვა ბერს. დაღამდა, ბერმა ტაისიას ღამის გასათევი ადგილი მოუმზადა, თვითონ კი მოშორებით გავიდა, ილოცა და დაიძინა. შუაღამისას ღირსი იოანე გააღვიძა ნათელმა, რომელიც ზეციდან ეშვებოდა იმ ადგილამდე, სადაც ტაისიას ეძინა. ნათლის სვეტში იხილვებოდნენ ანგელოზები, რომელთაც ზეცაში აჰყავდათ ტაისიას სული. როცა იოანე ტაისიასთან მივიდა, ნახა რომ იგი აღსრულებულიყო. ღირსმა მამამ ლოცვით მიაბარა მიწას ნეტარის გვამი, სავანეში დაბრუნდა და ძმებს მოუთხრო ყველაფერი. ბერები მადლობდნენ უფალს ტაისიასადმი გამოჩენილი სახიერებისათვის, რომელიც კეთილგონიერი ავაზაკის მსგავსად სინანულში ჩავარდნისთანავე იქნა აღყვანებული ცათა სასუფეველში.