23.06.2026. მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

23.06.2026. მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

23.06.2026. ხსნილი თევზით 

ღირსისა თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილი, 1869-1936); მღვდელმოწამისა ტიმოთესი, პრუსიელ ეპისკოპოსისა (361-363); მოწამეთა ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (313): ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა და ღირსისა დედისა პანსემნისა (363); ბასიანესი, ლავდიელ ეპისკოპოსისა (409). 

დღის ლოცვები 
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები 

 

რომ. 10: 11 – 11: 2 (დას. 104). მთ. 11: 16-20. (დას. 41).

რომ. 10: 11 – 11: 2 

11. რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“. 12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი. 13. რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება. 14. მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად? 15. და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“ 16. მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“ 17. ამრიგად, რწმენა – სმენისაგან, ხოლო სმენა – ქრისტეს სიტყვისგან. 18. მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ. 19. კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“. 20. ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“. 21. ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“. 

1. ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო:

მთ. 11: 16-20 

16. ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან 17. და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ. 18. ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. 19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან. 20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს: 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული (+დაახლ. 313)
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა. ფისტეს ბრძანებით ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველის წინაშე ხელახლა წარმდგარმა წმიდანმა კვლავ მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ამხილა წარმართობა. მაშინ ფისტემ ბრძანა, პატივის ასახდელად მეომრებისთვის მიეცათ ქალწული. ერთ კეთილშობილ მეომარ ალექსანდრეს შეეცოდა ქალწული და მისი გადარჩენა გადაწყვიტა. მან ითხოვა, მე შევეცდებიო ანტონინას გადმობირებას. საპყრობილეში შესულმა თავის მეომრული ტანსაცმლით გაპარვა შესთავაზა წმიდანს. ქალწული თავდაპირველად შეშინდა, მაგრამ შემდეგ, უფლისგან განმტკიცებული, დათანხმდა. ფისტეს გამოგზავნილ მეომრებს საკანში მხოლოდ ალექსანდრე დახვდათ. მეომარი კითხვებზე პასუხს არ იძლეოდა, მმართველთან დაკითხვაზეც ვერ დააცდენინეს სიტყვა. მაშინ იგი სასტიკად გვემეს. ღვთის ნებით, ანტონინაც წარდგა მმართველის წინაშე. მტარვალებმა ქრისტეს ორივე მოწამეს ჯერ ხელები მოკვეთეს, შემდეგ კი ფისით გამურეს და ორმოში აგიზგიზებულ კოცონში ჩააგდეს. როცა ცეცხლი ჩაქრა, ღრმული მიწით ამოავსეს, რათა ქრისტიანებს წმიდანთა ძვლებისთვისაც ვერ მიეკვლიათ. შინ დაბრუნებული ფისტე დამუნჯდა. შვიდი წლის შემდეგ მას საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
წმიდა მოწამენი – ალექსანდრე და ანტონინა 313 წლის 3 მაისს აღესრულნენ. მათი უხრწნელი ნაწილები შემდგომ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და წმიდა მაქსიმეს სახელობის მონასტერში დააბრძანეს. 
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+361-363)
წმიდა მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363) ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა (361-363) ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება. იმპერატორმა პყრობილს თავისი მოთხოვნა შეახსენა – შეეწყვიტა ქადაგება, მაგრამ ტიმოთე ვერ შეაშინა მუქარამ, რის გამოც წმიდა კეთილმსახურ მღვდელმთავარს თავი მოჰკვეთეს. მოგვიანებით მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. 
ღირსი თეოფანე ანტიოქიელი და წმიდა პანსემინა (+369)
ღირსი თეოფანე ანტიოქიელი (+369) წარმართულ ოჯახში აღიზარდა. იგი ადრე დაქორწინდა, მაგრამ სამ წელიწადში გარდაეცვალა მეუღლე. დაქვრივებული თეოფანე ქრისტეს გზას შეუდგა – მოინათლა, განერიდა შფოთითა და ამაოებით აღსავსე ცხოვრებას და ქალაქგარეთ, ვიწრო კელიაში დაემკვიდრა. მასთან ხშირად მოდიოდნენ შეჭირვებული ადამიანები, სულის წყლულებს უმხელდნენ და კურნებას სთხოვდნენ. წმიდანი ურჩევდა მათ შვება ღვთის მცნებების ერთგულებასა და უბიწო ცხოვრებაში ეძებნათ. წუხდა, როცა ხედავდა, რომ გარყვნილება ნიაღვარივით მოსდებოდა და წალეკვით ემუქრებოდა ანტიოქიას. ერთხელ თეოფანემ შეიტყო მეძავი ქალის პანსემინას შესახებ, რომელიც თავისი მაცდურობით მრავალს ხვევდა ეშმაკის ბადეში და ძლიერ მოუნდა, ეხსნა მისი სული. წმიდანმა დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ მოხდენილად ჩაიცვა, მამისგან ოქრო გამოითხოვა და მეძავთან წავიდა. მონეტების ბრწყინვალებით თვალმოჭრილ პანსემინას მეტად მიმზიდველად მოეჩვენა სტუმრის წინადადება – ცოლად გამომყევიო და სიხარულით დასთანხმდა. ერთადერთი, რასაც სანაცვლოდ ითხოვდა მისგან თეოფანე, ნათლისღება იყო. წმიდანმა დაიწყო მეძავის მზადება წმიდა საიდუმლოსთვის, განუმარტავდა მართლმადიდებლური მოძღვრების არსს, უხსნიდა, რომ ღვთის სიწრფოება ვერ გუობს ცოდვასა და გარყვნილებას, შეაგონებდა, ყოვლადსახიერი უფალი მოწყალეაო მონანულთა მიმართ. ნათლობის შემდეგ ქალი სრულიად გამოიცვალა: მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თეოფანეს კელიის გასწვრივ ქოხში დასახლდა და უსაზღვროდ თავშეკავებულ ცხოვრებას, მარხვასა და ლოცვას მიეცა. 22 თვის შემდეგ, სწორედ იმ დღეს, როცა მისი მოძღვარი მიიცვალა (+369), პანსემინამ სული უფალს შეჰვედრა. 
წმიდა ბასიანე, ლავდიის ეპისკოპოსი (+409)
წმიდა ბასიანე – ლავდიის ეპისკოპოსი (+409) სირაკუზის (სიცილია) ოლქის მმართველის შვილი იყო. მამა მას თავის შემცვლელად ამზადებდა, ამიტომაც განათლების მისაღებად რომში გაგზავნა. ბასიანეს სიყრმეშივე ბევრი სმენოდა ქრისტიანებზე და არ ასვენებდა მათი სწავლებისა და ცხოვრების წესის გაცნობის სურვილი. აქ, რომში მისი ცნობისწადილი დაკმაყოფილდა: ხუცესმა გორდიანმა ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა. ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს მან იხილა ემბაზთან მდგომი ანგელოზი, რომელსაც ხელთ სამოსელი ეპყრა ახალნათელღებულის შესამოსად. ბასიანემ კადნიერად ჰკითხა ზეციურ მხედარს, ვინა ხარო. ანგელოზმა უპასუხა, რომ ის უფალმა დიდი ხნის წინ გამოაგზავნა მასთან დასახმარებლად.
წმიდა ბასიანემ გაიმკაცრა ცხოვრების წესი: ცოტას ჭამდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა. მსახურებს თავიდან უკვირდათ ბატონის ამგვარი ქცევა, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ის ქრისტეს გზას შეუდგა და ამის შესახებ მამამისს აუწყეს. მამამ ბრძანა, უკანვე მოეგვარათ მისთვის შვილი. ამ დროს ბასიანე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ლოცულობდა. მოციქულმა გამოცხადებით ამცნო წმიდანს, დაეტოვებინა რომი. ბასიანემ ქონება ღატაკებს დაურიგა, ერთგულ ქრისტიან მონასთან ერთად რავენაში წავიდა და თავის ნათესავთან, ეპისკოპოს ურსთან დაემკვიდრა.
ურსმა ბასიანეს განმარტოებული ადგილი გამოუყო დასაყუდებლად – ქალაქგარეთ, მღვდელმოწამე აპოლონარიუსის სახელობის ტაძართან. წმიდანი სულიერად გასაოცარი სისწრაფით იზრდებოდა. თავისი სასწაულებით მან შორს გაითქვა სახელი. იმ ხანებში რავენის მსაჯულს ცილი დასწამეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. უსამართლოდ განწირული მოხელე ლოცვებში ბასიანეს ევედრებოდა შემწეობას. და მოხდა სასწაული. ჯალათმა, თავისდაუნებურად, ხელი უშვა მოსაკლავად აღებულ მახვილს და ხმალი განზე გავარდა. ასე განმეორდა სამგზის. იგივე დაემართა მეორე ჯალათსაც. როცა მომხდარის შესახებ იმპერატორს აუწყეს, მან ბრძანა, გაენთავისუფლებინათ პყრობილი. სასწაულებრივად გადარჩენილი სიკვდილმისჯილი ამტკიცებდა, რომ იგი წმიდა ბასიანეს ლოცვებმა იხსნა.
ქალაქ ლიდიის მცხოვრებლებმა ურსს სთხოვეს, ხუცესად ეკურთხებინა ბასიანე. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ კი საკათედრო ტაძრის მოძღვარ კლიმენტის გამოცხადებით ეუწყა, რომ წმიდანი მღვდელმთავრად უნდა დადგენილიყო. ქირეტონია აღასრულეს ამბროსი მედიოლანელმა და ეპისკოპოსმა ურსმა.
წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს სიტყვითაც მოძღვრავდა და საქმითაც: მისი ცხოვრება კეთილმსახურებით იყო გაბრწყინებული. ლიდიაში ბასიანემ წმიდა მოციქულთა სახელობის ბრწყინვალე ტაძარი ააგო. წმიდანი ამბროსი მედიოლანელთან (+397, ხს. 7 დეკემბერს) მეგობრობდა და ხშირი მიმოწერა ჰქონდა მასთან. იგი ამ ნეტარი მამის აღსასრულსაც დაესწრო და საკუთარი ხელით მიაბარა მიწას.
წმიდა მღვდელმთავარი ბასიანე მშვიდობით მიიცვალა 409 წელს. 
წმიდა მოწამე ნეანისკი