23.08.2026. მე-12 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III.

23.08.2026. მე-12 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III.

    …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III. 

უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული.

მოწამეთა: ლავრენტი მთავარდიაკონისა, ქსვისტე პაპისა, ფელიკისიმე და აგაპიტე დიაკონთა, და რომანოზისა, რომაელთა (258); მოწამისა ელიანოსისა. 

დღის ლოცვები

მოწამეთა: ლავრენტი მთავარდიაკონის, სიქსტე პაპის, ფელიქსიმე და აგაპიტე დიაკონთა, რომანოზის, რომაელთა კონდაკი:

ცეცხლითა ღმრთაებისათა აღტყინებულმან ცეცხლნი ვნებათანი სრულიად დაშრიტენ, მოწამეთა სიმტკიცეო, ღმერთშემოსილო ლავრენტი, და ვნებათა შინა სარწმუნოდ ღაღადებდი: ვერარამან განმაშოროს სიყუარულსა ქრისტესსა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).
ლიტ.: 1 კორ. 15: 1-11 (დას. 158). მთ. 19: 16-26 (დას. 79).

ცისკ.: მთ. 28: 16-20 

16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.

ლიტ.: 1 კორ. 15: 1-11 

1. თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ. 2. მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ. 3. რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, 4. დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა, 5. და გამოეცხადა კეფას, მერე კი – თორმეტს; 6. ხოლო შემდეგ ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა; 7. მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი – ყველა მოციქულს; 8. ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს. 9. რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას. 10. მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან. 11. ამრიგად, მეც და ისინიც ასე ვქადაგებთ და ასევე ირწმუნეთ თქვენც. 12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა? 13. თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა. 14. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც. 15. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები.

ლიტ.: მთ. 19: 16-26 

16. და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? 17. ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი. 18. უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო; 19. პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. 20. უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ? 21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. 22. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. 23. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში. 24. ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. 25. ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება. 26. შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი – რომაელნი (+258)
წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი და რომანოზ მხედარი ეწამნენ 258 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. სიქსტე პაპი რომის ეკლესიის მესაჭედ წმიდა პაპის, სტეფანეს (+253-257 ხს. 2 აგვისტოს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ იქნა დადგენილი. მალე სიქსტეც შეიპყრეს და თავის ორ დიაკონთან – ფელიკისიმესა და აღაპიტესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს. როცა მთავარდიაკონი ლავრენტი შეხვდა პაპს, რომელიც დილეგში მიჰყავდათ, შეჰღაღადა: „სად მიდიხარ, მეუფეო? მტოვებ შენს მთავარდიაკონს, ვისთან ერთადაც წირავდი უსისხლო მსხვერპლს?! წამიყვანე, რომ ქრისტესთვის სისხლის დათხევაშიც შენი თანაზიარი ვიყო!“ ნეტარმა სიქსტემ მიუგო: „კი არ გტოვებ, შვილო ჩემო, მოხუცი ვარ და იოლ სიკვდილზე მივდივარ. შენ უფრო ძლიერ დაიტანჯები. უწყოდე, ჩვენი აღსასრულიდან სამი დღის შემდეგ თან გამომყვები. ახლა კი წადი, გაყიდე ეკლესიის განძეულობა და დევნილ და გლახაკ ქრისტიანებს დაუნაწილე“. წმიდანმა აღასრულა მღვდელმთავრის კურთხევა.
როცა ლავრენტიმ გაიგო, წმიდა პაპი დიაკვნებთან ერთად სამსჯავროზე წარადგინესო, მათკენ გაეშურა და სიქსტეს მიმართა: „მეუფეო, უკვე შევასრულე დავალება – შენი გადმოცემული განძი დავარიგე; არ დამტოვო!“ რაღაც განძის შესახებ რომ ესმათ, მეომრებმა დააკავეს ნეტარი, მარტვილებს კი თავები მოკვეთეს (+6 აგვისტო, 258 წ.). იმპერატორმა ლავრენტი საპყრობილეში გამოამწყვდია და მასზე თვალყურის დევნება ციხისთავ იპოლიტეს დაავალა. წმიდა მთავარდიაკონი ლოცვით კურნავდა მასთან შეკრებილ სნეულებს.
აღსრულებული სასწაულებით განცვიფრებულმა იპოლიტემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მთელ სახლეულთან ერთად ნათელიღო. მალე წმიდა ლავრენტი კვლავ წარადგინეს იმპერატორთან, რომელმაც გადამალული საუნჯის ადგილსამყოფელის გამხელა მოითხოვა მისგან. ნეტარმა მიუგო: „თუ სამი დღის ვადას მომცემ, გაჩვენებ განძს“. ამ ხნის მანძილზე ლავრენტიმ თავი მოუყარა მხოლოდ ეკლესიის კმაყოფაზე მყოფ მრავალ დავრდომილსა და გლახაკს, მეფეს წარუდგინა ისინი და უთხრა: „აი ჭურჭლეულობა, რომელშიც განძია დაფლული. ყველა, ვინც ამ კეცისჭურებში დამარხავს თავის საუნჯეს, აღნადგინებითურთ მიიღებს მას ცათა სასუფეველში“.
ამის შემდეგ მტარვალებმა კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს ქრისტეს ტარიგს, და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, საშინელი სატანჯველები დაატეხეს მას თავს: გვემდნენ ნემსებიანი წვრილი რკინის ჯაჭვებით – „ღრიანკალებით“, ჭრილობებს ცეცხლზე უწვავდნენ, კალის წკეპლებს ურტყამდნენ… მარტვილის წამების დროს უეცრად მხედარმა რომანოზმა წამოიძახა: „წმიდაო ლავრენტი, მე ვხედავ ჭაბუკს, რომელიც შენს სიახლოვეს დგას და წყლულებს გიწმენდს! შენი უფლის, იესო ქრისტეს სახელისათვის, არ დამტოვო!“ ლავრენტი საწამებელი ძელიდან ჩამოხსნეს და საპყრობილეში ჩააბრუნეს, იპოლიტესთან. რომანოზმა საკანში სარწყულით წყალი მიუტანა ნეტარს და სთხოვა, მოენათლა. წმიდა საიდუმლოს აღსრულებისთანავე ქრისტეს ახალშევედრებულ ცხოვარს თავი მოჰკვეთეს (9 აგვისტო). როცა ლავრენტი უკანასკნელად გაჰყავდათ საწამებლად, იპოლიტეს სურდა, გაეცხადებინა თავისი სარწმუნოება და მასთან ერთად მომკვდარიყო, მაგრამ წმიდა აღმსარებელმა დაუშალა: „შენი აღმსარებლობა ჯერ გულში დაიმარხე. სულ მალე მე მოგიხმობ, შენც ყურად-იღებ და მოხვალ ჩემთან. ჩემს გამო კი ნუ ტირი – გიჯობს, ხარობდე: ბრწყინვალე მოწამეობრივი გვირგვინით შესამკობად მივდივარ“. მარტვილი რკინის ცხაურით გავარვარებულ ნაღვერდალზე დააწვინეს. მსახურები ზემოდან აწვებოდნენ ნეტარის სხეულს და მის წამებას აძლიერებდნენ. წმიდა ლავრენტიმ მსაჯულებს მიაპყრო თვალები და თქვა: „ერთი მხარე უკვე გამოცხვა, გადმომაბრუნეთ!“ შემდეგ, უკვე სულთმობრძავმა, ხმა-ჰყო: „გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ ღირს-მყავ შენს ბჭეთა შორის განსვლისა“, და აღესრულა.
ღამით წმიდა იპოლიტემ წაასვენა წმიდა ცხედარი, სურნელოვანი ნელსაცხებლებით გაპოხილ ტილოებში შეგრაგნა და ამის შესახებ ხუცეს იუსტინეს აუწყა. ქვრივი კვირიკიას სახლში უფლის სათნომყოფლის ნაწილებზე ღამისთევის ლოცვები და საღვთო ლიტურგია აღასრულეს. იქ მყოფი ყველა ქრისტიანი ეზიარა წმიდა საიდუმლოს, შემდეგ კი, 258 წლის 10 აგვისტოს, წმიდანის პატიოსანი ცხედარი მღვიმეში დაფლეს. წმიდა იპოლიტე და სხვა აღმსარებლები წმიდა ლავრენტის მიცვალებიდან სამი დღის შემდეგ (13 აგვისტოს) ეწამნენ, რაც ადრევე უწინასწარმეტყველა მათ ნეტარმა მთავარდიაკონმა.