„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
23.09.2025. ხსნილი
ღმრთისმშობლის შობის შემდგომი დღესასწაული.
მოწამეთა დათა: მინადორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი (305-311); მოციქულთა 70-თაგანთა: აპელისა, ლუკისა (ლუკასი) და კლიმენტისა (I); მოწამისა ვარივსავასი (II); კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა (453); პეტრე და პავლე ნიკეელ ეპისკოპოსთა (IX).
დღის ლოცვები
კონდაკი: სამებისა წმიდისათვის მხნედ მოღუაწეთა, მრავალ მანქანა მტერი იოტეთ, ძმებრ თანა შეკრულთა სულითა, ვინა განისვენეთ ხუთთა ქალწულთა თანა ზეცისა სასძლოსა, ღუაწლით-შემოსილნო, და ანგელოზთა თანა ყოველთა მეუფისა წინაშე მოუკლებელსა სიხარულსა შინა მდგომარე ხართ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
გალ. 5: 11-21 (დას. 212). მკ. 7: 5-16 (დას. 28).
გალ. 5: 11-21
11. რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა. 12. ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი. 13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. 14. რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 15. მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი. 16. ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი, 17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი – ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ. 18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ. 19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
მკ. 7: 5-16
5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს? 6. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. 7. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს. 8. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ. 9. და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა? 10. ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. 11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, – 12. ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის. 13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ. 14. მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ: 15. არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს. 16. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქულნი: აპოლო, ლუკა და კლიმენტი – სამოცდაათთაგანნი (I)
წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი, ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).
წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.
წმიდა მოწამე ვარიფსავე (II)
წმიდა ვარიფსავე მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს. წმინდა მოწამენი მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა
წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა – ღვიძლი დები იყვნენ,წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს,
გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ
დღეებს ლოცვითა და მარხვით. მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან
უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა
ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და
ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ
მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.
გააფრთებულმა მმართველმა თავისი რისხვა უფროს დას – მინოდორას დაატეხა თავს.
წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს, ბოლოს კი აღმოხდა: „უფალო, იესუ ქრისტე,
სიხარულო ჩემო და სასურველო ჩემო, შენდამი მოვილტვი სასოჲსა ჩემისა, შეივედრე სული
ჩემი მშვიდობით“ და გავიდა ამსოფლიდან. ოთხი დღის შემდეგ უმცროსი დები – მიტროდორა
და ნიმფოდორა წარადგინეს სამსჯავროზე. მათ მინოდორას ჭრილობებით დასერილი და
გასისხლიანებული გვამი დაუგდეს წინ დასაშინებლად. ასულები ცხარე ცრემლით
დასტიროდნენ ძვირფას ცხედარს, მაგრამ მაცხოვრის უარყოფაზე არც უფიქრიათ; მმართველს
განუცხადეს: „ვერვინ ჰპოვო ჩუენ შორის მოშიში, არცა უღირსი და შეუმსგავსი
ესევითარისა მის დისა, არცა აღმოცენებულისა მის ჩუენისა ძირისა, რომელმაც სამნი ესე
რტონი აღმოგუაცენნა“. მაშინ წმიდა მიტროდორა გაიყვანეს საწამებლად: ხეზე დაკიდეს,
„ლამპართა მიერ ცეცხლისათა“ დაუწვეს სხეული; შემდეგ გარდამოხსნეს და რკინის ჯოხების
ცემით დაუმტვრიეს სხეული; ასეთ ტანჯვაში შეჰვედრა ნეტარმა სული უფალს. ბოლოს
მესამე, ნიმფოდორა მოიყვანეს. მის წინ უფროსი დების ნაწამები ცხედრები ესვენა.
ფრონტონი იმედოვნებდა, რომ ეს სახილველი დააფრთხობდა ყმაწვილ ქალს. თავი ისე
მოაჩვენა, თითქოს ენანებოდა მისი სინორჩე და მშვენიერება, და ალერსით, უხვი
ჯილდოებისა და პატივის აღთქმით შეეცადა მის გადმობირებას. წმიდა ნიმფოდორამ ყური არ
ათხოვა მის მაცდურ სიტყვებს და დების ხვედრი გაიზიარა.
კეთილმორწმუნე დედოფალი პულქერია (+453)
კეთილმსახური დედოფალი პულქერია ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.
თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.
წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა პეტრე და პავლე – ნიკეელი ეპისკოპოსნი (IX)
წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.