„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

24-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII
23.11.2025. ხსნილი
წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა, ურმის თვალსა შესვლა, რაჟამს დაჰკრეს ურმის თვალსა (303); დიდ–მოწამისა კონსტანტი კახისა, ქართველთა მთავრისა (852); მოციქულთა 70-თაგანთა: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა (იროდიონისა), სოსიპატრესი, კუარტისა (კვარტისა) და ტერტისა (I); მოწამისა ორესტი მკურნალისა (304); მღვდელმოწამისა მილისა, სპარსელი ეპისკოპოსისა და მოწამეთა: მისთა ორთა მოწაფეთა ევორისა, პაპასი და სენო დიაკონისა (341); ღირსისა თეოსტირიქტე სიმბოლელისა; ღირსისა არსენ კაბადუკიელისა (1924).
დღის ლოცვები
დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგის
ტროპარი: ნათელ-ჰყავ შვიდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით: გვიხსნენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.
ტროპარი: ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
სხვა ტროპარი: იღუაწე შენ ფრიად ქრისტესთვის და სარწმუნოებისათვის მისისა და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ, და ამხილე მძლავრთა უღმრთოებასა, ხოლო მსხვერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე, ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმიდაო მოწამეო გიორგი, მოგუანიჭებ ყოველთა ცოდვათა მოტევებასა.
კონდაკი: მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით ჰსთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
მწუხრ.: 1) ეს. 43: 9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 4: 7-15.
ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: ეფ. 2: 14-22 (დას. 221). ლკ. 10: 25-37 (დას. 53).
დიდმოწამეთა: რომ. 8: 28-39 (დას. 99). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
მწუხრ.: 1) ეს. 43: 9-14
9. ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია! 10. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. 11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი! 12. მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ. 13. დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის? 14. ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.
მწუხრ.: 2) სიბრძ. 3: 1-9
1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.
მწუხრ.: 3) სიბრძ. 4: 7-15
7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. 8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. 9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. 10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. 11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. 12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. 13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; 14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, 15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.
ცისკ.: მკ. 16: 1-8
1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
ლიტ.: ეფ. 2: 14-22
14. რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, 15. რომელმაც თავისი ხორცით განაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი – მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, 16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა. 17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას – შორებელთაც და ახლობელთაც. 18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას. 19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; 20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, 21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, 22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
ლიტ.: ლკ. 10: 25-37
25. და აჰა, ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და საცდუნებლად უთხრა მას: მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? 26. უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ? 27. ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი მენი, ვითარცა თავი შენი. 28. უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები. 29. ხოლო მან თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი? 30. მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. 31. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია. 32. ასევე ერომა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია. 33. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი; 34. მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. 35. ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო. 36. როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს? 37. მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.
დიდმოწამეთა: რომ. 8: 28-39
28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. 29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
დიდმოწამეთა: ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმინდა გიორგის წამება და საკვირველებანი
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) – ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე – დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში. ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტვილოლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევამოსილი გიორგისა. წმინდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში კაპადოკიაში, მთიან ქვეყანაში, რომელიც ძალიან წააგავს საქართველოს. კაბადოკიაში სახლობდნენ მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის მახლობლად, სადაც იგი ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ღრმა ერთგულება წმ. გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. გიორგი სრულიად ახალგაზრდა განმწესდა სამხედრო სამსახურში. ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში იგი გამოირჩეოდა, როგორც მამაცი, გამოცდილი მეომარი და მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წ.წ.) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა, შვილივით შეიყვარა და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
თავისი მეფობის პირველ ხანებში დიოკლეტიანე ქრისტიანებს არ სდევნიდა: ნება დართო მათ, აეშენებინათ ეკლესიები და ჩაეტარებინათ ღმრთისმსახურება. ნიკომიდიაში, იმპერატორის რეზიდენციაში, ააგეს უზარმაზარი ქრისტიანული ბაზილიკა, რომელიც ოცი ათას კაცს იტევდა. ხელმწიფის ნათესავთა შორის ბევრი იყო ქრისტიანი. დიოკლეტიანე 15 წელს მყარად იჯდა რომის ტახტზე და მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამხედრო რეფორმები გაატარა. მაგრამ მალე ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა: შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები არყევდნენ იმპერიას. ქურუმები შეაგონებდნენ იმპერატორს, რომ ღმერთების მოსამადლიერებლად და ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო იმპერიაში მყოფი ყველა ქრისტიანის განადგურება. დიოკლეტიანე, ქვეყნის უზენაესი ქურუმი, თავადაც თვლიდა, რომ რომის დიდება განუყრელად იყო დაკავშირებული წარმართულ რელიგიასთან. რომის კეისრებს განსაკუთრებით სძულდათ ქრისტიანები, რადგანაც ისინი მათ, როგორც მიწიერ ღმერთებს, მსხვერპლს არ სწირავდნენ. იმპერატორს ჰყავდა ერთგული მეგობარი მაგნეტიოსი, რომელიც განსაკუთრებულად ემტერებოდა ქრისტეს მიმდევრებს. მეფემ და მაგნეტიოსმა განიზრახეს ქრისტიანების სრული განადგურება და სენატის საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება დევნის დაწყების შესახებ. დარბაზში, თათბირზე გამოვიდა იმპერატორი, რომელმაც თავისი სიტყვა ასე დაასრულა: „ქრისტიანები არ უნდა არსებობდნენ“. იმ ღამესვე დაწვეს ხალხით სავსე დედაქალაქის ეკლესია, ხოლო დიოკლეტიანემ წერილები მისწერა იმპერიის ყველა პროვინციის მმართველს, ერისმთავარსა და მხედართმთავარს, რომ თავიანთ საბრძანებელში თუ არ მოსპობდნენ ყველა ქრისტიანს ცეცხლითა და მახვილით, მათაც ისევე დასჯიდნენ, როგორც ქრისტიანებს. როგორც კი ამ წერილებმა თავის დანიშნულების ადგილებამდე ჩააღწია, დაიწყო ქრისტიანთა სამწყსოების მასობრივი და სასტიკი დევნა. მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას და უარყო ქრისტე.
|
წმ. გიორგის წარდგომა იმპერატორთან |
და აი მაშინ, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი უკუნეთ ღამეში, გამობრწყინდა ქრისტეს მხნე მხედარი, დიდმოწამე გიორგი, რომელმაც ზეციური საღმრთო სიბრძნით განაქარვა კერპთმსახურების საცთური და თავისი წამების ღვაწლით განანათლა ქრისტიანები. იგი არ შეაძრწუნა არც უსჯულო მეფის სისასტიკემ და არც ქრისტიანებისათვის განმზადებულმა მრავალგვარმა სატანჯველმა, არამედ ყოველგვარი დიდება და პატივი უარყო და უხრწნელი ცხოვრებისათვის განემზადა. მან თავისი ქონება და სიმდიდრე გლახაკებსა და დავრდომილებს განუყო და მათი ლოცვით განძლიერებული, მეფისა და მისი უგუნური თანამზრახველების წინაშე წარსდგა, აღიარა ქრისტე და ამგვარად მიმართა მათ, მეფეო, მე ქრისტიანი ვარ და მინდობილ ვარ ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეციურ მეუფეს, ქრისტეს. და აი, ვდგავარ მე თქვენ წინაშე და მიკვირს თქვენი შეცთომილება, რადგან არ იცით ჭეშმარიტი ღმერთი და დამბადებელი ყოველივესი. ამიტომ გთხოვთ, ნუ სცთებით ეშმაკის საცთურებით, რადგანაც თქვენი ღმერთი, რომელსაც ცა და ქვეყანა არ გაუჩენია, უნდა მოისპოს და გაქრეს. ხოლო – ჩვენ ქრისტიანები – თაყვანს ვსცემთ და გვწამს ერთი ღმერთი, შემოქმედი მამა და ერთი უფალი იესო ქრისტე, მისი მხოლოდშობილი ძე და სული წმინდა, ერთი სამება ღმრთეებით სრული და მეუფებით ერთი. ჩვენ ამქვეყანაზე ვცოცხლობთ მისი პატიოსანი სამსახურით და სიკვდილის შემდეგაც მოველით საუკუნო ცხოვრებას, ხოლო თქვენი კერპთმსახურება სასაცილოა და სიმართლესაც არ შეიცავს, რადგანაც დაგეუფლათ თქვენ ეშმაკი, რათა ყველა, ვისაც იგი გწამთ, წარსაწყმედელში ჩაგყაროთო. როდესაც მოისმინა ღმერთის სადიდებელი ჭეშმარიტი დამოწმება, განრისხებულმა მაგნეტიოსმა ჰკითხა: „ვინ ხარ შენ, ან რას წარმოადგენ, რომ ამდენი გაბედე ჩვენს წინაშე?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი, ხოლო კაცთა შორის მეწოდება გიორგი“. მაშინ ჯოჯოხეთის ურჩხულმა დიოკლეტიანემ მიმართა მას: „გიორგი, ვიცით ჩვენ შენი სიბრძნე და მამაცობა და პატივცემულიცა ხარ ჩვენგან, მაგრამ თუ არ შესწირავ მსხვერპლს აპოლონსა და სხვა ღმერთებს, უკეთურად და უპატიოდ მოკვდები, ხოლო თუ დაგვემორჩილები, ჩვენი მეგობრობით განიხარებ და მრავალ სიმდიდრესა და სიკეთეს მიემთხვევი, რადგან აწინდელი ამაო კადნიერება არ არის სასურველი შენთვის“. წმ. გიორგიმ მიუგო: „მეფეო, ისმინე ჩემი და ჭეშმარიტი ღმერთი შეიცანი, რათა ღირსი შეიქმნე ცათა სასუფეველისა, ხოლო შენი მიწიერი ხელმწიფება დროებითია. შენი ტკბილი საუბარი ვერ შეარყევს ჩემში ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას, რადგან ჩემთვის ქრისტე ზეციური მეუფეა და ის მომანიჭებს დიდებასა და გამარჯვებას ეშმაკსა და მის მსახურებზე“. მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა მისი ძელზე ჩამოკიდება და ლახვრით დაკოდვა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა, მაგრამ, როგორც კი მახვილი აძგერეს, ის ასხლეტილი ტყვიასავით იმწამსვე უკუიქცა, ხოლო სანუკვარ სხეულს მხოლოდ სისხლის ცვარი გადმოედინა, წმინდა გიორგიმ კი მადლობა შესწირა ღმერთს. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა მისი საპყრობილეში წაყვანა, ხუნდებით დაბორკვა და მკერდზე ლოდის დადება. როდესაც ოთხმა კაცმა გაჭირვებით აიღო უზარმაზარი ლოდი და გულზე დაადო. სრულიად უვნებელმა გიორგიმ კვლავ სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს.
|
წმ. გიორგის ბორბალზე წამება |
მეორე დღეს ეშმაკმა დიოკლეტიანესა და მის მომხრეებს მეტი მზაკვრობა ჩაუნერგა გულში. მათ შიშველი გიორგი დააკრეს მბრუნავ ურმის თვალზე, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილები იყო აღმართული, ხოლო როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა, მაგრამ ლოცვითა და ღმრთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: „იხილეთ ყველამ, რამეთუ არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა აპოლონისა და პოსეიდონისა, ზევსისა და ჩვენი სხვა ღმერთებისა, სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?“ მეფის ბრძანებით მოწამე დაჭრილი და დაკუწული სხეულით დატოვეს ურმის თვალზე და თვითონ სასამხროდ წავიდნენ. იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან მოისმა საშინელი ოხვრის ხმა, რომელიც ეტყოდა მას: „განმხნევდი, გიორგი, და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენს გამო“, და როგორც კი მცველებს ეს ხმა მოესმა, შეშინებულები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა: „გიხაროდეს გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს“, ხოლო, როდესაც სიტყვა დაასრულა, წმინდა გიორგიმ მადლობა შესწირა უფალს: „აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე“. და კვლავ „სლვანი ჩემნი წარმიმართენ მე სიტყვითა შენითა და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაი“. ამის შემდეგ ქრისტეს მოწამე მივიდა ბომონში, სადაც მეფე თავისი თანამზრახველებითურთ მსხვერპლსა სწირავდა აპოლონის კერპს და უთხრა მათ: „მიცანით მე და ირწმუნეთ ღმერთი, რომელსაც მე გიქადაგებთ და რომელმაც გამომიხსნა თქვენი ხელიდან და იმ სატანჯველთაგან, რომელიც თქვენ განამზადეთ ჩემს მოსაკლავად და აი თქვენ კი დიდად სცოდავთ, როცა მსხვერპლსა სწირავთ ცრუ ღმერთებს“. გაოცებულმა მეფემ ვერ შეიცნო წმინდანი, რადგან მისი მსგავსი ვინმე ეგონა და სთხოვა, ეთქვა, თუ ვინ იყო. წმინდა გიორგიმ მიუგო: „მე ვარ გიორგი, მონა ქრისტესი, ხოლო თქვენ, რადგანაც მკვდარი გეგონეთ, ნაწილ-ნაწილ დაჭრილი, ბორბალზე მიმატოვეთ. და აი, მე მოვედი, რათა გიჩვენოთ, რომ ჩემს ღმერთს, რომელსაც თქვენ აყვედრეთ, შეუძლია სიკვდილისაგან დახსნა“. ამგვარი დიდი სასწაულის ხილვისა და ჭეშმარიტ სიტყვათა მოსმენის შემდეგ მეფის მხედართმთავრებმა ანატოლიმ და პროტოლეონმა თავიანთი სახლეულობითურთ ირწმუნეს ღმერთი და აღიარეს: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ჭეშმარიტი“. როგორც კი ესმა ეს დაწყევლილ მეფეს, ბრძანა მათთვის თავის მოკვეთა, ხოლო ისინი ლოცულობდნენ: „უფალო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, შეივედრე ჩვენი სულები მშვიდობით და გვამყოფე შენი მეუფების ნათელში, ხოლო ჩვენი მცირედი აღსარება ჩაგვითვალე შენდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებად და ცოდვების გამოსასყიდად“ და ასეც აღესრულნენ ღმრთის დიდებასა და გალობაში.
|
წმ. გიორგი კირის ორმოში |
როდესაც დედოფალ ალექსანდრას წმინდა გიორგის დიდი და საკვირველი საქმენი ესმა, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, წარსდგა მეფესთან და კადნიერად განუცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და გიორგის ღმერთის მხევალი“. ჰკითხა მას მეფის მეგობარმა მაგნეტიოსმა: „გვითხარი ჩვენ დედოფალო, რისთვის იწამე შენ ქრისტე და უარყავი ღმერთები?“ მაშინ ჭეშმარიტი ღმრთის სარწმუნოებით განმტკიცებულმა დედოფალმა მიუგო მათ: „რადგან ვისურვე წარმატება და დავგმე სულიერი ნაკლულევანება“. მეფე განრისხდა და ბრძანა, რათა წმინდა გიორგი ახლად დამბალ, მხურვალე კირის ორმოში ჩაეგდოთ და მცველები დაეყენებინათ. სამი დღის შემდეგ კი უბრძანა მხედრებს, ამოეკრიფათ მკვდრის ძვლები და მიწაში დაემარხათ. მას ეშინოდა, რომ ქრისტიანებს პატივი არ ეცათ მისი სხეულისთვის, რადგან იცოდა მათი ჩვეულება მოწამეთა განდიდებისა. გაოცებულმა მხედრებმა გიორგი სრულიად უვნებელი იხილეს და იწამეს იესო ქრისტე. ერის დიდმა სიმრავლემ და ასევე იქ მისულმა დედოფალმა ალექსანდრამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ერთხმად ღაღადებდნენ: „დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელიც დაიხსნის თავის მონებს გასაჭირისაგან“. ხოლო მეფემ წინ დაისვა წმინდა გიორგი, შემოიკრიბა ირგვლივ თავისი ოჯახის წევრები და ჰკითხა წმინდანს: „გვითხარი გიორგი, ვინ გაგაცოცხლა შენ?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „მეფეო, კიდეც რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ მე არ დავფარავ, რომ იესო ქრისტემ, ღმერთის ძემ, დამიცვა მე ყოველგვარი სატანჯველისაგან და იგია ეშმაკის მახისაგან ყველას დამხსნელი, ვინც კი ვედრებით მოუხმობს მის წმინდა სახელს“. მაგრამ გამძვინვარებულმა მეფემ, ჭეშმარიტების სანაცვლოდ, უსამართლობა და ბოროტება მიაგო მოწამეს. მან გახურებული ლურსმნებით შეჭედილი რკინის სანდლები ჩააცვა გიორგის და უბრძანა ერბინა, მაგრამ, რადგან სიარული ვერ შეიძლო, ძალით ათრევინა. ის კი საკუთარ თავს მხნედ შეუძახებდა: „ისწრაფე, გიორგი, ისწრაფე იმ ხვედრისაკენ, რომელიც შენთვის არის განმზადებული“. და სთხოვდა უფალს: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესო ქრისტე, შენ ხარ მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი და შენ აძლევ მოთმინების უნარს ყველას, ვინც შენი სახელისათვის იგვემება. ნუ გამწირავ, არამედ მომმადლე სიკვდილამდე მოთმინება, რათა არა სთქვას მტერმა: „სადა არს ღმერთი იგი მისი“. როდესაც ლოცვა დაასრულა, ხმა მოესმა ზეციდან: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ“. და მყის გამოუჩნდა შეწევნა უფლისაგან და სრულიად განიკურნა. უგუნურმა მეფემ კვლავ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩასმა, ხოლო მეორე დღეს სამსჯავროზე მოიხმო და უთხრა: „როდემდე გაუძლებ გრძნეულებით ამ სატანჯველებს და შეინარჩუნებ მხნეობას? დამემორჩილე და შესწირე მსხვერპლი ღმერთებს“. მაგრამ წმინდა გიორგიმ ასე მიუგო: „მე ჩემი ღმერთის შეწევნით მოვითმენ ყოველგვარ სატანჯველს, და აი თქვენს წინაშე ვდგავარ ცოცხალი და უვნებელი, ხოლო თქვენ მოწამე ხართ ჩემი ღმერთის ძალისა“. მეფე განრისხდა და ბრძანა, რათა შეუბრალებლად ეცემათ საქონლის ძარღვებისაგან დამზადებული მათრახით, ხოლო როდესაც უმოწყალოდ გვემეს, კვლავ შესთავაზეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა, მაგრამ გიორგიმ მიუგო: „მე ცოცხალ ღმერთს ყოველდღე ვწირავ ქება-დიდების მსხვერპლს და ნეტავი თქვენც დამიჯერებდეთ და ჩემთან ერთად თაყვანს სცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს“. მაგნეტიოსმა უთხრა: „თუ გინდა, რომ შენი ღმერთი ვიწამოთ, გვიჩვენე სასწაული და გააცოცხლე ერთი მკვდართაგანი, რომლებიც ჩვენ წინ სამარხებში არიან“. წმინდა გიორგიმ უპასუხა: „ღმერთს, რომელმაც არა არსისაგან შექმნა ცა და ქვეყანა, შეუძლია ამ მკვდრის გაცოცხლებაც, მაგრამ თქვენ ცთუნებული ხართ ეშმაკისაგან და კიდეც რომ აღდგეს მკვდარი, თქვენ მაინც არ იწამებთ, ამიტომაც, მხოლოდ აქ მყოფი ერისათვის შევთხოვ კაცთმოყვარე უფალს, რომ მომმადლოს ეს სასწაული“. წმინდა გიორგიმ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, ხელები აღაპყრო ზეცისკენ და უფალს შეევედრა მკვდრის აღდგინება. ხოლო, როდესაც ლოცვა დაასრულა, ქვეყანა შეიძრა, საფლავის კარი გაიღო და გამოვიდა გაცოცხლებული მკვდარი. იგი მივიდა წმინდა გიორგისთან, დავარდა მის ფეხებთან და შეევედრა მას: „შემიწყალე მე, მონაო ღმრთისა მაღლისაო და მომანიჭე მე ნათელი ცხოვრებისა, ბეჭედი ქრისტესი“. წმინდანმა უთხრა მას: „უკეთუ გწამს ქრისტე, რომელიც აღადგენს მიცვალებულებს, შენც ცხონდები“. ხოლო მან უპასუხა: „მე მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რომელმაც მკვდრეთით აღმადგინა“.
|
წმ. გიორგი აღადგენს მიცვალებულს |
მეფეს გაუკვირდა, ბოროტი სარწმუნოებით აღივსო და ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი სიკვდილამდე და როდის მოკვდა. მან უპასუხა: „მე ვიყავი კერპთა მღვდელი და ქრისტეს გამოცხადებაზე ადრე მოვკვდი, ხოლო სიკვდილის შემდეგ კი სხვა კერპთმსახურებთან ერთად უშრეტ ცეცხლში ვიტანჯებოდი“. მაშინ მეფემ წარმოსთქვა: გიორგი გრძნეულია და რაღაც სული ამოგვიყვანა, რომ გვაცდუნოსო. ქრისტეს მოწამემ მიუგო: „როდემდე უარყოფ, მეფეო, და არ ირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთს, იცოდე რომ ეშმაკს არ შეუძლია ქრისტეს სახელის მოსმენა და როგორ გააკეთებს იმას, რაც შენ იხილე და გესმა“? განმძვინვარებულმა მეფემ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება, მაგრამ ახლადმოქცეული ქრისტიანები ქრთამს აძლევდნენ საპყრობილის მცველს და ღამ-ღამობით მასთან შედიოდნენ, ხოლო მოწამე მათ სარწმუნოებას ასწავლიდა, სნეულებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.
იყო ერთი მიწის მუშა, სახელად ღლუკერი, რომელსაც მოუკვდა მარჩენალი ხარი. იგი მივიდა საპყრობილეში, დაემხო წმინდა გიორგის წინ და სთხოვა ხარის აღდგინება.
მოწამემ უთხრა: „თუ გწამს ჩემი ღმერთი, შენი ხარი გაცოცხლდება“, საწყალმა კაცმა უპასუხა, რომ სწამდა. მაშინ გიორგიმ უთხრა: „წადი და იხილე, შენი ხარი ცოცხალია“. კაცი სახლში დაბრუნდა და თავისი ხარი გაცოცხლებული დახვდა. ღლუკერი არ მიემსგავსა ცხრა უმადლო კეთროვანს, არამედ მიემსგავსა მეათე სამარიტელს, მკურნალთან დაბრუნდა მადლობის სათქმელად და ხმამაღლა აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. როგორც კი მეფის ახლობლებმა ეს გაიგეს, შეიპყრეს იგი და მეფეს მიჰგვარეს. მან კი არც გამოიძია, არამედ ბრძანა ნაჭერ-ნაჭერ დაეკუწათ, ხოლო, როდესაც ჭრიდნენ, იგი ხმამაღლა ლოცულობდა: „ღმერთო ჭეშმარიტო, ნუ უარმყოფ მე შეურაცხს, რადგან მწამხარ შენ – მამა, ძე და სული წმინდა, მაგრამ მეშინია, რადგანაც არ მოვნათლულვარ და გევედრები შენ, ქრისტე, ეს სისხლის დათხევა შემირაცხე ნათლისღებად“. უეცრად ზეციდან ხმა მოესმა: მოდი ჩემთან სიხარულით, რადგანაც სრული ხარ და დასრულდა შენი წამება. და დაიმკვიდრა ნეტარმა სასუფეველი. მეფის ყურამდეც მიაღწია, რომ ბევრი მიდიოდა საპყრობილეში გიორგისთან და ბრძანა სასწრაფოდ მისი მოყვანა. მაშინ მაგნეტიოსმა მეფეს ურჩია, რომ არ განრისხებულიყო, არამედ სიმშვიდითა და დაპირებებით ეცთუნებინა გიორგი, რომელიც საპყრობილიდან მომავალი, ფსალმუნებს გალობდა და უფალს შეწევნასა სთხოვდა. როდესაც გიორგი მეფის წინაშე წარსდგა, დიოკლეტიანემ ვედრება დაუწყო, რომ კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა და ჯილდოდ დიდძალ სიმდიდრესა და პატივს აღუთქვამდა. ხოლო მიყენებული ტანჯვისათვის პატიებას ითხოვდა. წმინდა გიორგიმ მიუგო მას: „რადგან ჩემს წინაშე შეინანე და შენთვის სიხარულის მომნიჭებელია, რომ კერპებს შევწირო მსხვერპლი, მოდი და წავიდეთ შენი ღმერთების სამყოფელში“. მეფემ გაიხარა და თავის სახლობასა და მთელ თავის მხედრობას უბრძანა, წასულიყვნენ ტაძარში და ყველასათვის ეხარებინათ, რომ აპოლონმა სძლია ქრისტიანთა ღმერთს. როგორც კი ნეტარი ტაძარში შებრძანდა, სამარისებური სიჩუმე გამეფდა, ხოლო ქრისტეს მოწამე წარსდგა აპოლონის კერპის წინაშე და მიმართა მას: „შენ ხარ ღმერთი და გშვენის რომ კაცნი გემსახურებოდნენ?“ ეშმაკმა, რომელიც კერპში იყო ჩაბუდებული, ხმა ამოიღო და თქვა: „არც მე ვარ ღმერთი და არც ესენი, რომლებიც ჩემთან არიან, არამედ, მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც დაბადა ცა და ქვეყანა, ხოლო ჩვენ, მისი ანგელოზები ვიყავით და როცა უარვყავით, ეშმაკნი გვეწოდა და მას შემდეგ ვაცდუნებთ კაცთა მოდგმას“. წმინდა გიორგიმ უთხრა მათ: „თუ ღმერთები არა ხართ, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა, როცა მე, ქრისტეს – ჭეშმარიტი ღმერთის – მონა აქ ვიმყოფები“ და ამ სიტყვასთან ერთად გადასახა ჯვარი. უეცრად შეიქმნა დიდი შფოთი, გოდება, და გლოვა ეშმაკთა, და ყველა კერპი, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა, ერთბაშად გადმოვარდა და დაიმსხვრა. როგორც კი საკერპოს ბილწმა ქურუმებმა ეს დაინახეს, შეიპყრეს წმინდა გიორგი და უთხრეს მეფეს: „მოჰკალი ეს გრძნეული, მეფეო, რადგან თავისი მისნობით ხალხი მოატყუა და ღმერთებიც შეჰმუსრა“. განრისხებულმა მეფემ უთხრა მას: „ბოროტო და ყოველგვარი გრძნეულებით აღსავსევ, შენ არ შემპირდი, რომ ღმერთებს შესწირავდი მსხვერპლს?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „შე ბრმავ და უკეთურო, ვერა ნახე, როგორც კი ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს მიმართ ლოცვა დავასრულე, მაშინვე დაემხო ყველა თქვენი ცრუ ღმერთი, რადგან უსულო კერპები არიან და უგულისხმოებს აცდუნებენ, ხოლო ქრისტეს მონები ჭეშმარიტი ღმერთის სახელით შემუსრავენ მათ“.
|
წმ. გიორგის თავის კვეთა |
როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: „უძლეველი მხედრის გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო, ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან“. გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის: „უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც“. მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. მან გზად ჩამოისვენა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს, ხოლო წმინდა გიორგიმ, როგორც კი ადგილზე მიიყვანეს, სთხოვა მათ, რომ ლოცვის დრო მიეცათ. მიაპყრო თვალები ზეცას, აღაპყრო ხელები, ამოიოხრა და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე უწინარეს, რომლისკენაც მოვილტვოდი ჩემი სიყრმიდან, რომელი ხარ ქრისტიანთა სასოება, და რომლის არსებობასაც არა აქვს დასასრული, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და სრული მოწამეობა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე ეშმაკთა სულებისაგან და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. აპატიე ამ წარმართებს ის ბოროტება, რაც უყვეს შენს მონებს და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შესამეცნებელად. უფალო, მოუვლინე შეწევნა ყველას, ვინც კი უხმობს შენს სახელს და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში, სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდნენ მათ დღესასწაულებსა და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისა. მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან. უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი, მათი მაცთური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან“. და როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მოდი ჩემო სარწმუნო მონაო და შედი მამაჩემის ზეციურ სამკვიდრებელში. ხოლო რაც მთხოვე, აღგისრულებ და ვინც შენს სახელს მოიხსენებს, ვიხსნი ყოველგვარი განსაცდელისაგან“. და როდესაც სიტყვა დაასრულა, ამაღლდა ზეცად. მაშინ წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და მიუშვირა ქედი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე.
ანდერძის თანახმად წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში და იგი შეიქმნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.
წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებითა და წყალობით. წმინდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსვრაზე მოგვითხრობს შემდეგი სასწაული: პალესტინაში, წმინდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმინდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს და იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშსა და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და სროლა დაუწყეს იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმინდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე ამხილებს თავის მოწინააღმდეგეებს და ულმობლად მუსრავს მათ“. უსჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმინდა გიორგის ხატს. ბრწყინვალედ გამოსახულსა და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილ დიდმოწამეს წელზე ოქროს ქამარი ერტყა, ხოლო ხელში საბრძოლო შუბი ეჭირა და თავზარდამცემი სანახავი იყო თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და წმიდანის ხატს სტყორცნა, მაგრამ ისარი უეცრად უკუიქცა, მტყორცნელს გული განუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია, ხოლო დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცემული მეომრები გაიქცნენ, ხოლო ვინც გადაურჩა მახვილით მოსვრას, მიუთხრობდნენ წმინდა გიორგის უძლეველ ძალაზე.
|
გველეშაპის ძლევა |
ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმინდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, ქალაქ ლასიაში მეფობდა უკეთური, უსჯულო და კერპთმსახური სელინოსი, რომელიც ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი და ულმობელი იყო. ამიტომაც, თავისი ბოროტი საქმეების შესაფერად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა დაადანაშაულეს მეფე, რომ იგი არ ეძიებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული გახდა გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისაგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისთვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმრთის განგებულებით, სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმინდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და როდესაც იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო, მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდნენ მამამისი და მისი ქვეშავრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას“ – უპასუხა ქალმა. როდესაც წმინდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მხეცისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრებაი, გიორგი, ჰყავ რაიცა გნებავს, მე შენთანა ვარ“. უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა იქიდან წასვლას, მაგრამ წმინდა გიორგი ვეშაპის მოსაკლავად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო, ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“ და როგორც კი ეს წარმოსთქვა, სულიწმიდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი, და მე მოვკლავ ამ ვეშაპს“. მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშავრდომებმა: „გვწამს მამა, ძე და სული წმიდა“. წმინდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ქალაქის მცხოვრებლები დაემხნენ წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს, ხოლო მაშინ წმინდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთი ათასი კაცი მოინათლა. მეფემ კი ჭეშმარიტი ღმრთის სადიდებლად ძვირფასი ტაძარი ააშენა. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.
სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.
|
წმ. გიორგი შეეწევა გლახაკებს |
წმ. გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. ძველთაგანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე ბოდბეში, წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა). მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები. წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, დაბანაკებული იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას. ხოლო გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.
ასევე, მოწამის ხილულ შეწევნაზე დიდგორის ბრძოლაში, მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მემატიანე: „რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას და წმიდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-ზედა მოწევნილთა უშჯულოთა წარმართთა, რომელ თვით იგი უშჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისასა“. ხოლო ქართველი ერისათვის ეს დღე ბოროტზე უფლის ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ყველაზე უფრო პატივცემული წმინდანია საქართველოში. იგი ქართველთა მფარველი და სასო, მათი ფარი და მახვილია. ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმინდა გიორგის, ამიტომაც წმინდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო“.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი
წმიდა მოციქულნი: ერასტოსი, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი – სამოცდაათთაგანნი (I)
წმიდანი სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: ერასტოსი, ოლიმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი წმიდა პავლე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მოციქული მათ ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაჲ არქუთ. ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა“ (16, 15); „გიკითხვენ თქუენ. იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი“ (16, 21); „გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ“ (16, 22); „გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ, და კუარტოს ძმაჲ“ (რომ. 16, 23).მოციქული სოსიპატრე აქაიიდან იყო. იგი იკონიის ეპისკოპოსი იყო და იქვე აღესრულა (მის შესახებ იხ. 28 აპრილის საკით-ხავებში). მოციქული ერასტოსი თავდაპირველად იერუსალიმის ეკლესიის დიაკონი და მნე იყო, შემდეგ კი – პანეადის ეპისკოპოსი. წმიდა კუარტოსმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ბოლოს კი ქალაქ ბირითის ეპისკოპოსის ხარისხში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მოციქული ტერტიოსი, რომელმაც ჩაწერა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო და იქვე მიიცვალა. წმ. მოციქულ იროდიონს (როდიონს) თავი მოჰკვეთეს 67 წელს (იხ. 8 აპრილის საკითხავი).
მღვდელმოწამე მილი – სპარსელი ეპისკოპოსი და ორი მოწაფე მისი ამბროსიმე და სინი (+341)
მღვდელმოწამე მილი, სპარსელი ეპისკოპოსი და ორი მოწაფე მისი ამბროსიმე და სინი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მილი სპარსელი იყო და ქალაქ სუზაში ქადაგებდა. შემდგომ დაუცხრომელი ღვაწლისთვის იგი ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა მრავალი ტანჯვა და შევიწროება დაითმინა წარმართთაგან, სამი წლის შემდეგ კი იძულებული შეიქნა, სამწყსო დაეტოვებინა. მილი მრავალი წმიდა ადგილის მოლოცვის შემდეგ კვლავ სპარსეთში დაბრუნდა, სადაც საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას მახვილებით განგმირეს. წმიდანთან ერთად ქვებით ჩაქოლეს მისი ორი მოწაფე: ამბროსიმე და სინი. უფლის რჩეულები 341 წლის 13 ნოემბერს ეწამნენ, მაგრამ რადგან ამ დღეს წმიდა იოანე ოქროპირი იხსენიება, ეკლესიამ მათ მოსახსენებლად 10 ნოემბერი დააწესა. დიდმოწამე კონსტანტი-კახი, ქართველთა მთავარი (+852)
წმიდა დიდმოწამე კონსტანტი დაიბადა დაახ. 767 წელს. იგი ქართლში ცხოვრობდა. ზეწოდება კახი კი მისი კახური წარმომავლობის გამო ეწოდა „მამულისა მის ქუეყანისა“.დიდი სიმდიდრისა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელს, არა მარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ, როგორც ღვთისმოშიშსა და უაღრესად ქველმოქმედ ადამიანს.
ქრისტესმოყვარე მთავარი ყველაზე ცოდვილად თვლიდა თავს და ხშირად ამბობდა: „არავინაჲ ვესავ მოტევებასა ცოდვათა, გარნა დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა მისთჳს, რომელმან იგი დასთხივნა სისხლნი ჩუენთჳს“.
კონსტანტის დიდი სურვილი ჰქონდა, მოელოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები. იერუსალიმში ჩასულმა, დიდძალი საფასე შესწირა ეკლესიებს, მოიარა იორდანეს უდაბნოები, მოუდაბნოე მამებისა და ეკლესიათა წინამძღვრებისაგან ლოცვა-კურთხევა მიიღო და, სიხარულით აღსავსე, დაბრუნდა სამშობლოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონსტანტი ყოველწლიურად ოცდაათი ათას ვერცხლს აგზავნიდა იერუსალიმში იქაური წმიდა ადგილებისათვის.
853-854 წლებში ქართლს შემოესია არაბთა მრავალათასიანი ლაშქარი ბუღა-თურქის წინამძღოლობით. ამ ლაშქრობისას მარტო თბილისში დაიღუპა ორმოცდაათი ათასი კაცი, შემდგომ ააოხრეს ქართლი, კახეთი და მთიანეთი.
ოთხმოცდახუთი წლის მთავარი ძესთან, თარხუჯთან ერთად ქართლის ლაშქარს ჩაუდგა სათავეში. გორის მისადგომებთან გაიმართა უთანასწორო ბრძოლა არაბთა და ქართველთა შორის. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ქართველები დამარცხდნენ. მტრებმა ტყვედ ჩაიგდეს კონსტანტი და თარხუჯი.
ქართლის ცხოვრების ამ შემზარავი ეპიზოდის შესახებ ლაკონურად და შთამბეჭდავად მოგვითხობს ატენის სიონის წარწერა: „თთუესა აგუსტოსა ე-სა, დღესა შაბათსა, ქრონიკონსა ოგ-სა, ისმაიტელთა წელსა სლთ-სა ქალაქი თბილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაჲ საჰაკ და მოკლა და მასვე თთუესა აგუსტოსა კვ-სა, დღესა შაბათსავე ზირაქ შეიპყრა კახაჲ და ძე მისი თარჴუჯი“.
ტყვექმნილი კონსტანტი მთავარი ბუღა თურქს წარუდგინეს. მან გაკვირვებით ჰკითხა კონსტანტის: „ანუ არა უწყოდეა შენ, რამეთუ ვერ განრინებად იყავ სივლტოლითა შენითა ჴელთაგან ჩემთა… აჰა ესერა მოგუცნა თქუენ ღმერთმან დღესა ამას მოსასრველად ჴელთა ჩუენთა“. წმიდა კონსტანტიმ მშვიდად მიუგო: „ღმერთმან მოგუცნა ჴელთა თქუენთა არა სიყუარული თქუენისათჳს, არცა საქმეთა თქუენთათჳს, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი, ამისათჳსცა ნათესავითა მით ურჩებისაჲთა განგუკაფნა ჩუენ“. მორჩილი და მონანული მთავარი ხედავდა, რომ ქართველთა ცოდვები იყო მიზეზი ქვეყნის უბედურებისა. საპყრობილეში მყოფი წმიდანი მხნედ იტანდა განსაცდელს. იგი მეუდაბნოე მამებსა და ეკლესიათა წინამძღვრებს წერილებს წერდა და სთხოვდა, ელოცათ მისთვის.
ცოტა ხნის შემდეგ ბორკილდადებული კონსტანტი კახი ბაბილონის ქალაქ სამარაში გაგზავნეს ხალიფა ჯაფართან. ჯაფარმა იცოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო იგი ქართველთათვის და სრულიად საქრისტიანოსათვის, თავაზიანად მოიკითხა და შესთავაზა სარწმუნოების გამოცვლა; სანაცვლოდ პატივსა და დიდებას დაჰპირდა, თან დაემუქრა: „უკეთუ არა ისმინო ჩემი, სიკვდილითა მოჰკვდე შენ პირითა მახვილისაჲთა და ჴორცნი შენნი მივსცნე საჭმელად მფინველთა ცისათა“.
ქრისტეს მიერ განმტკიცებულმა მხცოვანმა მთავარმა თამამად უთხრა: „არა მეშინის მე მახჳლისაგან შენისა, არამედ მისა მეშინის, რომელი-იგი შემძლებელ არს მოწყუედად სულისა და ჴორცთა და კუალად ჴელმწიდებაჲ აქუს განცხოველებად, ვითარცა იგი მოსიკუდიდ, ამისთჳსცა სიხარულით მოვითმენ სახელისა მისისათჳს, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, ძლიერი ჴელმწიფე და მთავარი მშჳდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა“.
ამის გამგონე ჯაფარმა დილეგში ჩააგდებინა წმიდა კონსტანტი; შემდგომ მიუგზავნა სარწმუნოების უარმყოფელი და ხალიფასგან განდიდებული ორი სომეხი დიდებული. წმიდა კონსტანტინემ სომხებს მიუგო: „ესრე არქუთ მეფესა თქუენსა: ნუ ჰგონებ რასა ესევითარსა საქმესა ჩემგან, დაღაცათუ ჩვეულებაჲ მეფეთაჲ ბაბილოვნისათაჲ გაიძულებს შენ, რამეთუ იგინიცა წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა, არამედ ბრძანე შენ ყოფად, რაჲ იგი გეგულვების ყოფად, იქმოდე. ხოლო თქუენ რაჲსაღა ზედამდგომელობთ და დამესხმით, ვითარმცა მეცა თქუენ გემსგავსე? ამიერითგან განმეშორენით ჩემგან, რაჲთა გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი“. შემდეგ აღიპყრო ხელნი და ლოცვა დაიწყო: „გიგალობ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო საუკუნეთაო, რომელმან მომეც მე ძალი წინააღმდგომად უკეთურისა ამის მსაჯულისა, ვითარცა იგი წინაჲსწარ სთქუ, ვითარმედ: „თქუენ მომცენით გულნი თქუენნი და მე მიგეც ძალი ჩემი“. ღირს მყავ მე ნათელსა პირსა შენისასა, რამეთუ შენდა მოვივლტი ქრისტე, ძეო ღმრთისაო“. ლოცვად მდგარ წმიდა კონსტანტინეს „ნაკადულნი ცრემლთანი გარდამოდიოდეს თვალთაგან მისთა… ხოლო გარემოს მდგომარენი იგი მისნი სცემდეს პირსა მისსა და მრავლითა ტანჯვითა სტანჯვიდეს მას, არამედ ენაჲ მისი ვერ დააბრკოლეს გალობად“.
ხალიფამ ჯალათებს უბრძანა, თავი მოეკვეთათ წმიდა კონსტანტისთვის. უცხოთესლმა ლოცვად მდგარ მარტვილს თავი მოჰკვეთა და „მიართუა მეფესა თჳსსა, ვითარცა იგი თავი იოანე ნათლისმცემელისაჲ ჰეროდეს“. ეს მოხდა 10 ნოემბერს, წმიდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს.
წმიდანის გვამი მაღალ ძელზე დაჰკიდეს ხალხის დასაშინებლად, შემდგომ კი დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმიდა კონსტანტი-კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.
ღირსი თეოსტირიქტე სიმბოლელი
წმიდა თეოსტირიქტე მცირე აზიაში, ოლიმპოს მთაზე მდებარე „სიმბოლოებად“ წოდებულ მონასტერში მოსაგრეობდა. მისი მოღვაწეობისა და მიცვალების თარიღი დანამდვილებით არაა ცნობილი.