„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

29-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
23.12.2025. სამშაბათი. ხსნილი თავზით
მოწამისა მეფისა ვახტანგ III-ისა, ძისა წმიდისა მეფისა დემეტრე თავდადებულისა (1302-1308); მოწამეთა: მინასი, ერმოგენისა და ევგრაფისა (313); მოწამისა გემელი პაფლაგონიელისა (361); ღირსისა თომასი (X); ნეტართა: იოანესი (1503) და მშობელთა მისთა – სტეფანესი (1446) და ანგელინასი (1520), სერბეთის მთავართა; იოასაფ ბელგოროდელ ეპისკოპოსისა (1754).
დღის ლოცვები
მოწამეთა მინასი, ერმოგენისა და ევგრაფის
ტროპარი: მარხვითა ვნებანი სახედ ცეცხლისა აღსრულნი მოაკუდინენით, მოწამენო ქრისტესნო, და მოიღეთ მადლი სენთა და უძლურებათა განდევნისა, ხოლო ცხორებასა შინა და შემდგომად აღსრულებისაცა სასწაულთმოქმედად გამოსჩნდით, ეჰა, საკვირველი ყოვლადდიდებული, რამეთუ ძუალნი შიშველნი აღმოაცენებენ კურნებასა, დიდებაი მხოლოსა დამბადებელსა ღმერთსა.
კონდაკი: მინას საკვირველსა, ერმოგენის საღმრთოსა და ევგრაფის ყოვლადდიდებულსა ზოგად საღმრთოთა გალობითა ყოველნი პატივს ვსცემდეთ და პატივისმცემელთა უფლისათა და ვნებათა მისთვის თავსმდებელთა და გუნდსა თანა უხორცოთასა ცათა შინა მიწთომილთა და სასწაულთმოქმედთა.
სხვა კონდაკი: სიტყვითა მით შენითა ხმატკბილადმეტყუელთა, ერმოგენი, აღმოიყვანენ კაცნი სიღრმით უმეცრებისათ და დაადგინენ კლდესა ზედა ცხორებისა, და შენცა, ევგრაფი, ამხილე რა მეფესა მოხარულსა წარგეკვეთა თავი, აწ უკუე ევედრენით წადიერად ღმერთსა მინას თანა ცხორებად ჩუენ ყოველთა, რომელნი სურვილით პატივს გცემთ თქუენ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ებრ. 4: 1-13 (დას. 310). მკ. 8: 22-26 (დას. 34).
მოწამე მეფის საკითხავები საზიაროთაგან: რიგისა: ეფეს. 2: 11-13. ლკ. 13: 18-29
ლიტ.: ებრ. 4: 1-13
1. მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს. 2. რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას. 3. სიმშვიდეში კი ჩვენ, მორწმუნენი შევალთ, როგორც მან ბრძანა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. თუმცაღა მისი საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან. 4. ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაცა ასე თქმულა: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს მისი ყოველი საქმისგან“. 5. და კიდევ: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. 6. და რაკი ზოგს კვლავაც შეუძლია მასში შესვლა, ხოლო ისინი, ვისაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, – 7. კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს – „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“. 8. ვინაიდან იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ აღარას იტყოდა სხვა დღეზე. 9. ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა. 10. რადგან ვინც შევიდა მის სიმშვიდეში, ისევე დაისვენა თავის საქმეთაგან, როგორც ღმერთმა შესაქმის შემდეგ. 11. მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს. 12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს. 13. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
ლიტ.: მკ. 8: 22-26
22. მივიდნენ ბეთსაიდას, მიჰგვარეს ბრმა და შეევედრნენ, ხელი შეეხო მისთვის. 23. ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე? 24. მანაც გაიხედა და თქვა: ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო. 25. მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა. 26. გაგზავნა შინ და უთხრა: სოფელშიაც კი ნუ შეხვალ.
რიგისა: ეფეს. 2: 11-13
11. მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, – 12. ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი. 13. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.
რიგისა: ლკ. 13: 18-29
18. ხოლო მან თქვა: რისი მსგავსია ღმრთის სასუფეველი, ან რას ვამსგავსებ მას? 19. მსგავსია იგი მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში; გაიზარდა, ხედ იქცა და მის ტოტებზე ცის ფრინველებმა დაიბუდეს. 20. და კვლავაც თქვა: რას ვამსგავსებ ღმრთის სასუფეველს? 21. მსგავსია იგი საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი ბათმანი ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ ააფუა. 22. დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმისაკენ აეღო გეზი. 23. ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: 24. იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ. 25. ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი. 26. მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი. 27. მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი. 28. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხლავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს – გარეთ გამოყრილთ. 29. მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი (+დაახლ. 313)
წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი IV საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინემ (306-337) რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში მართლმადიდებლობა განამტკიცა, მაგრამ აღმოსავლეთში წმიდა ეკლესია კიდევ დიდხანს იდევნებოდა. მოშურნე წარმართი – იმპერატორი მაქსიმიანე გალერიუსი (305-311) ცდილობდა, მის განმგებლობაში მყოფ ყველა ოლქში ძირფესვიანად ამოეძირკვა ქრისტიანობა. ამ მიზნით მან ალექსანდრიაში წარჩინებული კარისკაცი – მინა გაგზავნა. მინა მაცხოვრის მსასოებელი იყო, მაგრამ თავის სარწმუნოებას ფარულად იმარხავდა.ალექსანდრიაში ჩასულმა წმიდანმა აშკარად აღიარა ქრისტე და წარმართთა შორის მართლმადიდებლობის ქადაგება დაიწყო. ამასთან ლოცვითა და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშით იგი მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდა. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ თავისი კარისკაცის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. ამჯერად მან სხვა დიდებული – ერმოგენი გაგზავნა ალექსანდრიაში და დაავალა, წარმართობაზე მოექცია, ან დაეხოცა მინა და სხვა ქრისტიანები.
სამსჯავროზე მინამ ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინ ერმოგენის ბრძანებით მას ფეხები მოჰკვეთეს, თვალები დათხარეს, ენა ამოგლიჯეს და, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. ღამით ნეტარ მოწამეს იესო ქრისტე გამოეცხადა და ხორციელ წყლულებათაგან განკურნა. ამასობაში ერმოგენი, რომელიც ბუნებით კეთილი ადამიანი იყო, სინანულში ჩავარდა თავისი სისასტიკის გამო. მან დილით წმიდა მინა სრულიად განკურნებული რომ იხილა, გაოცებამ და სიხარულმა მოიცვა და ირწმუნა ქრისტე. მასთან ერთად მრავალმა ალექსანდრიელმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო.
რამდენიმე დღეში ერმოგენი ალექსანდრიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მან მთელი ქონება გლახაკებს განუყო, მოკლე ხანში შემუსრა მთელი ქალაქის საკერპოები, მათ ნაცვლად ეკლესიები ააგო და ქრისტიანობაზე მოქცეული ბევრი წარმართი მონათლა. უფლის სახელის მოხმობითა და ჯვრის ნიშით ნეტარი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.
იმპერატორი მაქსიმიანე თავად ჩავიდა ალექსანდრიაში ათი ათასიანი მხედრობით. იმპერატორის ბრძანებით ერმოგენს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს. მოჭრილი ასოები სახალხოდ ცეცხლში დაწვეს, თავად წმიდანი კი მახვილით განგმირეს და მდინარეში მოისროლეს. ჯალათებმა მინაც სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით, მაგრამ უფალმა ორივე მოწამე სასწაულებრივ განკურნა: დილით უფლის რჩეულები ქალაქის მოედანზე თავმოყრილი ხალხის წინაშე გამოცხადდნენ: „ჭეშმარიტად დიდ არს ღმერთი – ღმერთი ქრისტიანეთა!“ – ყვიროდა ამ სასწაულით გაოცებული ხალხი.
ერთმა ქრისტიანმა ჭაბუკმა, ევგრაფმა პირჯვარი გადაისახა და ახოვნად აღიარა იესო ქრისტე. მეფე გამძვინვარდა, ნეტარი მარტვილი მახვილით აჩეხა, შემდეგ კი ბრძანა, ერმოგენისა და მინასთვის თავები მოეკვეთათ. წმიდა მოწამეთა ნეტარი სულები სასუფეველს შეერთვნენ.
მაქსიმიანეს სურდა, უფლის რჩეულთა ცხედრები ზღვაში დაენთქა, მაგრამ რკინის ლუსკუმა წმიდა ნაწილებითურთ წყალში არ ჩაიძირა. ბიზანტიონის ნაპირებთან მიცურებული სიწმიდე ეპისკოპოსმა ნაპირზე გადმოაბრძანა და ქალაქის კედლებთან დაფლა. იმპერატორმა იუსტინიანემ წმიდა მინა ალექსანდრიელის სახელობის ტაძარი ააგო, წმიდა იოსებ ტკბილადმგალობელმა (ხს. 4 აპრილს) კი წმიდა მარტვილთა სადიდებელი კანონი შექმნა.
წმიდა მოწამე ჰემელი პაფლაგონელი (+დაახლ. 361)
წმიდა მოწამე ჰემელი პაფლაგონელი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) გაბედული მხილებისთვის აწამეს გალატიის ქალაქ ანკვირიაში. ნეტარმა ახოვნად დაითმინა მრავალგვარი სატანჯველი. ბოლოს უღმრთოებმა იგი გაატყავეს და ჯვარზე მიამსჭვალეს. ღირსი თომა (X)

ღირსი თომა ბითვინიაში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მახლობელ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარი ერთი ღვთივსულიერი ბერის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა, ცდილობდა, სრულიად მოეკვეთა საკუთარი ნება და სწრაფად წარემატებოდა სათნოებებში. გარდა ამისა, იგი წიგნიერებითა და წმიდა წერილის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა. როცა ერთმა კეთილმსახურმა ბიზანტიელმა დიდებულმა მდინარე საღარისის ნაპირას მონასტერი დააარსა, საძმომ უკვე გამოცდილი ბერი – თომა ახალი სავანის წინამძღვრად აირჩია.
ეშმაკის მანქანებით ბერთა საძმოში, გაურკვეველი მიზეზით, შფოთი ატყდა. თავმდაბალმა თომამ, რომელიც ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მონასტერი დატოვა და უდაბნოში დამკვიდრდა. თანდათან წმიდა მოსაგრეს მიაშურეს ერისკაცებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით შესდგომოდნენ ბერულ ღვაწლს, ასე წარმოიშვა მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი თომა გახდა.
ბოროტმა ახალი განსაცდელი დაატეხა წმიდანს: კოღოების გუნდი, რომელიც გამუდმებით თავს ეხვეოდა წმინდანს, მოსვენებისა და ლოცვის საშუალებას არ აძლევდა. ამგვარმა უბედობამ სამ წელს გასტანა, მაგრამ თომა გამუდმებით მადლობდა უფალს და ცოდვათა მიტევებას ევედრებოდა. შემდეგ კოღოები გაქრნენ, მაგრამ გაჩნდნენ დიდი ბუზები, რომლებიც გამუდმებით კბენდნენ ღირს მამას. კიდევ სამი წლის შემდეგ ბუზებს გველების სიმრავლე შეენაცვლა.
ერთხელ, საღვთო ლიტურგიის დროს, როცა მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა, საიდანღაც უზარმაზარი გველი გამოძვრა და ტაძრის კარებთან დაიგორგლა. წირვა რომ დამთავრდა, თომა სრული სამღვდელო შესამოსლით მიუახლოვდა ზღურბლს, სადაც ქვეწარმავალი იწვა და მიმართა: „გველო, თუ შენი გამოჩენა ჩემი უფლის შემწეობით შენს აღსასრულს მოასწავებს, მომყევი“. ამ სიტყვებზე გველი წმიდანის სამოსლის კიდეს კბილებით მოეჭიდა და ტაძრისგან მოშორებულ, ღრმა ორმოსკენ გაჰყვა წმინდანს. ნეტარის ლოცვით ქვემძრომი ორმოში ჩავარდა და გაუჩინარდა. მაშინ სხვა გველებიც, ამდენი წლის განმავლობაში მოსვენებას რომ არ აძლევდნენ ღვთის რჩეულს, გაწყდნენ.
ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი თომა საცთურთაგან განთავისუფლდა და უფლისაგან კურნებისა და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. შეჭირვებული ადამიანები შორეული ადგილებიდან მიდიოდნენ მასთან შემწეობის სათხოვნელად. ერთხელ თომას სავანეში იმპერატორი ლეონ VI ბრძენი (886-912) ჩავიდა რჩევა-დარიგების მოსასმენად. წმიდა მამა სავანეში რომ არ დახვდა, თვითმპყრობელმა დესპანი გაგზავნა მასთან წერილით. ის-ის იყო ელჩი მამის სენაკს მიუახლოვდა, რომ ამ უკანასკნელმა მას უკვე საპასუხო ეპისტოლე მიაგება.
წმიდა თომამ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სული უფალს შეჰვედრა.
წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ მესამე (+1308)
წმიდა მეფე ვახტანგ მესამე დაიბადა 1257 წელს. ვახტანგის მამა იყო საქართველოს მეფე დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული. დემეტრე მეფეს ამ ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავდა: დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა და რუსუდანი. სხვა ქორწინებიდან კიდევ ჰყავდა დემეტრეს შვილები: ბაადური, იადგარი, ჯიგდა-ხათუნი და გიორგი.დემეტრე თავდადებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში გახიზნეს და იქ იზრდებოდა. დემეტრეს ნაცვლად გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტზე დასვეს დავით ნარინის ძე ვახტანგი, რომლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი დაიკავა დემეტრე თავდადებულის შვილმა, დავით მეექვსემ. ვახტანგი ერთგულად ამოუდგა ძმას გვერდით და ყოველმხრივ ცდილობდა შეემსუბუქებინა დავითისათვის მეფობის მძიმე ჯვარი.
დავითმა „წარავლინა ძმა თვსი უმრწემესი ვახტანგ ელჩად დიდისა ბათოს შვილისა“. ელჩობის მიზანი იყო ესარგებლა საქართველოს, ირანსა და მონღოლებს შორის არსებული მტრობით და მათი დაპირისპირების ფონზე, როგორმე მოეწესრიგებინათ ქვეყნის შიდა და გარე პრობლემები.
დავით მეფემ ვერ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მან ნდობა დაკარგა, როგორც დამპყრობლების, ასევე საკუთარი ხალხის წინაშე და საშინელმა ეჭვებმა მეიპყრო. დავითი, საკუთარი ძმის, წმიდა ვახტანგის ერთგულებაშიც არ იყო დარწმუნებული, მისი ბრძანებით შეიპყრეს წმიდა ვახტანგი და დილეგში ჩააგდეს.
ვახტანგმა მოახერხა ციხიდან გაქცევა, „გამოიპარა და მივიდა ივანე ბარსელისასა“, რომელიც, დავით მეფის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და შესჩივლა: თუმცა ჩემი ძმისათვის „არარაბოროტი მიქმნიეს“, მაგრამ მაინც დამაპატიმრა, ახლაც გამოქცეული, „არა წავალ ურდოსა მტერთა მისთანა“. ამიტომ, ჩემ ძმას, მეფეს, „ჩემი შენსა მოსლვა“ აცნობე და მიშუამდგომლე, რომ „თუ ფიცით შემაჯერებს“, რომ „არა მავნოს და არა შემიპყრას“, ისევ მასთან მივალ და საცხოვრებლად „მცირე სარჩონიცა მომცეს“-ო.
დავით მეფემ „ფიცით მოიმტკიცა“ ვახტაგი, მაგრამ მათ შორის თანხმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ვახტანგის ქორწინების შემდეგ, როდესაც „შაბერის ძის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად“, დავითის დამოკიდებულება ვახტანგთან ისევ გამწვავდა. კვლავ დაიწყო ვახტანგის „უპატიოდ ყოფა“ და იმატა ხალხის მღელვარებამ დავით მეფის პოლიტიკის გამო. ვახტანგი იძულებული გახდა და „წარვიდა ურდოს ყაინის თანა“.
ყაინმა „კეთილად შეიწყნარა“ ვახტანგი და „მოსცა მეფობა“, მაგრამ, მაშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო მეფობის მიცემა არაფერს ნიშნავდა: ტფილისში მცირეწლოვანი გიორგი უფლისწული იჯდა, ხოლო მთელ ჩრდილო მთიანეთში დავით მეექვსე ბატონობდა. ვახტანგის მეფედ დასასმელად სამხედრო ძალა იყო საჭირო და ყაზან ყაინმა ვახტანგ მესამეს „წარმოატანა ხუტლუშა ნოინი სპითა უძლიერესითა“.
1302 წელს „დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, მას მოსცეს ყოველი საქართველო“. გაიხარა ყოველმა ქართველმა, „რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითა სრულ, სარწმუნოებით მტკიცე, ღმრთისმოშიშ, სამღდელოთა პატივისმცემელ, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, მყუდრო, მოწყალე, უშფოთველ, ყოვლითა კეთილითა სრულ და არავის მოშურნე“.
ვახტანგ მესამეს საშინლად მძიმე მდგომარეობაში მოუხდა ქვეყნის მართვა – „არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა, არცა შენება ყოვლადვე… ვიქმენით მიცემულ პირველად მწარესა ტყუეობასა და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ხოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლებაჲ… ესოდენ განძვინდა შიმშილი, რომელ მძორსა არა-წმიდასა ურიდად ჭამდეს… ყრმანი მკვდართა დედათა ძუძუთ ლეშვთა სწოვდიან… მოაოხრეს ქართლი უბოროტესად… და მიეცა ქუეყანა განსარყვნელად, ცოდვათა ჩუენთათვის“.
მეფე ვახტანგი ყოველნაირად ცდილობდა ქვეყანაში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამოსნორებას. თუმცა, მეტწილად, საქართველოს გარეთ, მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში უხდებოდა იძულებით მონაწილეობა და ასეთ ლაშქრობებს ეწირებოდა ქართველთა ფიზიკური და სულიერი ძალმოსილება.
მეფე ვახტანგის ქართული ჯარით პალესტინაში ლაშქრობების დროს, მონღოლებმა ქართველებს იერუსალიმში განსაკუთრებული უფლებები მიანიჭეს, იმ დროს შესწირა ვახტანგმა იერუსალიმის ჯვარის ქართველთა მონასტერს დიდი შესაწირავი. ვახტანგის ღვაწლით, კიდევ უფრო გაძლიერდა იერუსალიმში ქართული მონასტრების ავტორიტეტი. იერუსალიმის ქართველ დედათა მონასტერში რიფსიმეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა ვახტანგის მეუღლე. იერუსალიმის ჯვარის მონასტერის განჩინებით, ხარება დღეს „რაზომიცა მღდელნი და დიაკონი იყოს მეფეთა-მეფისა ვახტანგისათვის და მეუღლისა მისისა რიფსიმესათვის (შემონაზვნებულისა) შეიმოსნენ“.
მონღოლთა ერთ-ერთი ასეთი მორიგი ლაშქრობის დროს, გილანში, სადაც ჩვეულებრივ ქართველებიც მონაწილოებდნენ, მონღოლები დამარცხდნენ. ბრძოლაში დაიჭრა თვით მეფე ვახტანგიც და უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას.
ლაშქრობიდან სამშობლოში მობრუნებულ ვახტანგ მესამეს, ნახჭევანთან წამოეწია ყაენის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი მონღოლთა ნოინი. მას ჰქონდა ყაენის ბრძანება, რათა დაენგრიათ აეოხრებინათ და აღეგავათ საქართველოს წმიდა სავანეები. ასევე მათი მოთხოვნით, ქართველებს უნდა დაეტევებინათ ქრისტიანობა და მუსულმანობა მიეღოთ. „ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განახმდა, და უმეტეს მოახსენებდა სიმხნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათვის, და რქუა სპათა თვისთა: „კაცნო, ძმანო და ერთრჯულულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო! უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა, და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხვნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“. და კუალად: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქუენ“ აწ ნუ შესძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე და დავდვათ სული მისთვის, რომელმან დასდვა სული თვისი ჩუენთვის. პირველად ჩვენ მივსცნეთ თავნი ჩვენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა. და მან დაიცვას სამწყსო თვისი“… მყის წარემართეს ურდოსა და კარსა ყაენისასა, და მუხლნი დაიდგინეს, და რქუა მეფემან ხმითა მაღლითა: „ისმინე მაღალო და ძლიერო ყაენო, მოვიდა ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტევნოთ სჯული ჩვენი. აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურნა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთვისცა იგინი მოწყვიდნეს, რამეთუ იყვნეს მწამვლელ და მამათმავალ და კაცისმკვლელ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსნი შენს წინაშე არიან, და მე მზად ვარ სიკუდილად სჯულისათვის ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი მყოფნი ქრისტეანენ, აჰა თავნი ჩვენნი წარგკვეთნენ“ და წარუპყრაცა ქედი“.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, მეფე ვახტანგის აღსასრული შემდეგი სახით არის გადმოცემული: „მოვიდნენ რა წინაშე ყაენისა, განკვირდა ყაენი მოსვლისათვის მეფისა. მაშინ მეფე ვახტანგ წინააღუდგა დატევნებისათვის ქრისტესა და მოოხრებისათვის ეკლესიებთა. არამედ საქართველოსაცა უარჰყვეს მოგზავნილი იგი ნოინი. ამისთვის მოკლა ყაენმა ქრისტესათვის ტანჯვითა მეფე ვახტანგ ტანჯვითა ანუ ექსორია-ყო სპითურთ და მუნ მოკლა“.
ვახუშტისეული „ქართლის ცხოვრება“-ს არშიაზე არსებული მინაწერის მიხედვით, „გარნა იცნობების მუნვე ქვემოთ და ზემოთ და ყეენებისაგან ესრეთ, ვითარცა აღგვიწერია და აღსრულებასაცა მისსა ვგონებთ მოწამეობით, ვითარცა აჩენს ცხოვრება ცხადად. ხოლო სიტყვაცა არს, რამეთუ ვახტანგ მეფე მოწამე, არამედ თუცა ვახტანგ გორგასალისა იგონიებს გარნა გორგასალ ღირსქმნილია მოწამეობისა, ხოლო ესე ვახტანგ სრული მოწამეა ტანჯვითა ქრისტესათვის“.
მეფე ვახტანგ მესამის ცხოვრების შესახებ სხვა მასალები არ არის ცნობილი. რაც შეეხება მის განსასვენებელის ადგილსამყოფელს, ქართლის ცხოვრება მიუთითებს დმანისის სიონს, სადაც აღსრულებული მეფე გადმოასვენეს.
დმანისში დამკვიდრებულა ვახტანგ მეფის შთამომავლებიცა უფროსი ძის დემეტრეს და მისი ოჯახის სახით, რომლებიც დაკრძალულნი არიან იქვე.
ნეტარი იოანე (+1503) და მშობელნი მისნი: ნეტარი სტეფანე (+1446) და ნეტარი ანგელინა – სერბეთის მთავარნი
ნეტარი იოანე და მშობელნი მისნი: ნეტარი სტეფანე და ნეტარი ანგელინა (XV ს.). სერბეთის მმართველის, სტეფანე ბრანკოვიჩისა და მისი ოჯახის ცხოვრება მოულოდნელობებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე. 1475 წელს სერბეთის მაშინდელი მთავრის შუათანა ძე – სიმდაბლითა და წმიდა წერილში ღრმა განსწავლულობით გამორჩეული სტეფანე თურქეთის დედაქალაქში გაემგზავრა სულთან მურატისთვის მითხოვებული დის მოსანახულებლად, მაგრამ როცა შეიტყო, რომ თურქებს ფანატიკური სისასტიკით გადაეწვათ მილეშოვოს მონასტერი, გაბედულად აღსდგა დამპყრობთაგან სამშობლოს დასაცავად. მას შემდეგ, რაც წმიდანი ალბანეთის მთავრის ასულზე, ანგელინაზე დაქორწინდა, ოსმალები სტეფანესა და მის ოჯახს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და იგი იძულებული გახდა, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ჯერ ალბანეთში გახიზნულიყო, შემდეგ კი – იტალიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ნეტარმა ანგელინამ წმიდა სტეფანეს უხრწნელი ნაწილები კუპინოვოში გადაასვენა. XV საუკუნის დასასრულს სერბეთის მმართველი გახდა წმიდა სტეფანესა და ანგელინას ძე – ნეტარი იოანე. მართალი იოანესა და მისი მშობლების უხრწნელ ნაწილებთან შემდგომში მრავალი სასწაული აღესრულა.