24.01.2026. ნათლისღების შემდგომი შაბათი

24.01.2026. ნათლისღების შემდგომი შაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

24.01.2026. ხსნილი

33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

ნათლისღების შემდგომი დღესასწაული.

ღირსისა თეოდოსი დიდისა, ზოგადცხოვრებულთა თავისა (529); ღირსისა თეოდოსი ანტიოქიელისა (412); თეოდოსი ტრაპეზუნტელ მიტროპოლიტისა (XIV).

დღის ლოცვები

ღირსი თეოდოსი დიდის კონდაკი:
შენ, დანერგულმან ეზოთა შინა ღმრთისათა, სათნოებათა ღირსებაი აღაყვავილენ და განამრავლენ შვილნი შენნი უდაბნოსა შინა, წვიმათა მიერ ცრემლთა შენთასა მორწყულნი, ბაკოვანთა საღმრთოთა არვეთმთავარო; ამისთვისცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, მამაო თეოდოსი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: ნათლისღების შემდგომი შაბათისა: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). მთ. 4: 1-11 (დას. 7).
ღირ.: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
რიგ. ზედმობმით: 1 თეს. 5: 14-23 (დას. 273). ლკ. 17: 3-10 (დას. 84).

ცისკ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

ლიტ.: ნათლისღების შემდგომი შაბათისა: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

ლიტ.: ნათლისღების შემდგომი შაბათისა: მთ. 4: 1-11 

1. მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად. 2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა. 3. მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ. 4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან. 5. მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე 6. და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. 7. იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. 8. კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. 9. და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. 10. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. 11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას.

ღირ.: 2 კორ. 4: 6-15 

6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.

ღირ.: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.

რიგ. ზედმობმით: 1 თეს. 5: 14-23 

14. ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ. 15. თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ. 16. მარადის ხარობდეთ. 17. გამუდმებით ილოცეთ. 18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში. 19. ნუ დაშრეტთ სულს. 20. წინასწარმეტყველებას ნუ შეურაცხყოფთ. 21. ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს. 22. განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს. 23. თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.

რიგ. ზედმობმით: ლკ. 17: 3-10 

3. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე. 4. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას – ვნანობო, მიუტევე. 5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა. 6. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ. 7. მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო? 8. თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო. 9. ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია. 10. ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

წმინდა თეოდოსი ანტიოქელმა სიყმაწვილეშივე დატოვა მდიდრული ოჯახი და მცირე კელიაში დასახლდა ისის ყურის სანაპიროზე, ქალაქ როსის მახლობლად. წმიდანს შიშველ მიწაზე ეძინა, ჯვალოს სამოსელი ეცვა და თან რკინის მძიმე ბორკილებსაც ატარებდა. მას თმები ისე წამოეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა. მარხვის და ლოცვის დაუსრულებელი ღვაწლით ღირსმა თეოდოსიმ დათრგუნა ხორციელი ვნებები, მრისხანება დააცხრო და გონება არაწმინდა ფიქრებისაგან განიწმინდა. თავის სამშობლოში მან დააარსა მონასტერი და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა, ღირსი მამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მწირებისა და მიუსაფრების მიმართ. წმიდანმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და წარმართებიც. ზღვაოსნები განსაცდელის ჟამს შემწედ „თეოდოსის ღმერთს“ უხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. წმიდანის ეშინოდათ, პატივს სცემდნენ ყაჩაღებიც და ლოცვას ითხოვდნენ მისგან. თეოდოსიმ გადაწყვიტა, განრიდებოდა ადამიანურ დიდებას. სოფელ მარათონის მახლობლად დაიწყო განდეგილი ცხოვრება და მიიცვალა კიდეც მშვიდობით (+დაახლ. 412).
წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მშობლებმა „განსწავლეს იგი სწავლითა სულიერითა“და ეკლესიაში მედავითნედ დაადგინეს. თეოდოსის ადრევე შთავარდნოდა „სიყუარული ღმრთისაჲ“ და ამ სოფლის საქმეთაგან განშორებაზე ფიქრობდა. მხურვალე ლოცვით განმტკიცებულმა და სახარებისეული შეგონებებით გამხნევებულმა აღასრულა კიდეც განზრახვა – დატოვა მშობლიური ქალაქი და იერუსალიმის სიწმიდეთა მოსალოცად გაეშურა. წმიდა ქალაქიდან გამობრუნებულმა ყმაწვილმა ანტიოქიაში გამოიარა და სვიმეონ მესვეტისაგან კურთხევა მიიღო. განჭვრეტის ნიჭმიმადლებულმა წმიდა მამამ სვეტიდან ჩამოსძახა ღვთის რჩეულს: „კეთილად მოხუედ, კაცო ღმრთისაო, თეოდოსი“, შემდეგ კი თავისთან იხმო, ამბორს-უყო მას და სიტყვიერ ცხოვართა მწყემსობა უწინასწარმეტყველა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე თეოდოსიმ რამდენიმე ხანი სიწმიდით განთქმული ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაჰყო, შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი განმარტოება ისურვა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე. ოცდაათი წელი ცხოვრობდა წმიდა მამა ამ მღვიმეში და ფიცხელი შრომითა და მარხვით ცდილობდა ხორციელი გულისთქმების დაოკებას: მხოლოდ კვირა დღეს ჭამდა; დღე და ღამე ლოცვად იდგა ტირილითა და გლოვით.
„ვერ ხელ-ეწიფების დაფარვად ქალაქსა, მთასა ზედა დაშენებულსა“, თევდოსის სათნო ცხოვრების ამბავიც გახმაურდა და უწყვეტ ნაკადად მოემართებოდნენ მისკენ სულიერი დამოძღვრის მსურველები. რამდენიმე მათგანს წმიდანმა თავისთან დარჩენის ნებაც დართო. თეოდოსიმ „ინება საფლავის აღშენებაჲ, რათა ძმანი იგი ჰხედვიდენ მას და ყოველთა დღეთა სიკუდილსა მოიჴსენიებდნენ და სარგებელ ეყოფოდის“.
თეოდოსის ირგვლივ შემოკრებილ ძმათა რიცხვი თანდათან იზრდებოდა, საჭირო ხდებოდა მათთვის საცხოვრებლების აშენება. „და შევარდა წმიდაჲ იგი ორთა გულისსიტყუათა შორის“: დაყუდების სიყვარულის გამო შფოთს ერიდებოდა, მაგრამ შენებაც სურდა, „ცხოვრებისათჳს, რომელნი მისდა მოვიდოდეს“. მან ღმერთს შესთხოვა, განეცხადებინა თავისი ნება. საცეცხლურში ნახშირი ჩაყარა, ზედ საკმეველი დაადო, ხელთ იპყრა იგი და ასე მოიარა სამონასტრედ საგონებელი ყველა ადგილი. „და ვითარ არარაჲ იხილა“, უკანვე გაბრუნდა. როცა თავის მღვიმეს მიუახლოვდა, უეცრად ნახშირი ნაკვერცხლად იქცა და საკმევლის საამო სუნი დაიფრქვა ირგვლივ. ასე გაცხადდა ღვთის ნება. წმიდანმა აქ ააგო პირველი საერთო საცხოვრისი, ანუ, ლავრა, რომელიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს და „ყოველთა, რომელნი მისა მიივლტოდიან“, მაგრამ ერთხელ, შიმშილობის დროს, უამრავი დამშეული ხალხი მოგროვდა და „შეეშინდა მსახურთა, ნუუკე პური ვერ ეყოს სიმრავლეს მას ერისასა“. ღმერთს მინდობილმა იღუმენმა ბრძანა, გაეღოთ კარები. დამშეული ხალხი ტაბლების ირგვლივ დასხეს. „ჭამეს ყოველთა. და განძღეს და წარვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა“, მონასტრის ბეღელს კი არაფერი დაკლებია.
წმიდა მამა ზრუნავდა სნეულებზეც. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს.
„და ვინმცა შეუძლო მოთხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაჲ იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე“? ყოველ კვირას, შაბათის მწუხრიდან გათენებამდე, იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა, ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა.
იმპერატორ ანასტასის (491-518) ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიხისა და სევერის მწვალებლობა, რომლებიც „უთავოებად“ (ბერძნულად აკაფალებად) იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებებისა და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. თეოდოსი აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად: ყველა მონასტრის წინამძღვარი შეჰყარა, მათთან ერთად მეფეს მისწერა წერილი, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი და განაცხადა: ბერები „არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს“. იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღვთო შურით აღძრული წმიდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა.
წმიდა თეოდოსის ღმერთმა წინასწარხედვის ნიჭი მიჰმადლა, მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა: ბეღელში იფქლი მრავლდებოდა, გვალვის დროს წვიმა გარდმოდიოდა ზეციდან, უშვილო დედებს შვილები ეძლეოდათ, სნეულებათაგან იკურნებოდნენ, განსაცდელებიდან უვნებლად გამოდიოდნენ;
ღირსმა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე. 105 წლის ასაკში, „სალმობასა თანა სიბერე დიდით“ დამძიმებულმა წმიდანმა, სიკვდილამდე სამი დღით ადრე უდაბნოს ყველა მამასახლისს სამ-სამი სეფისკვერი დაუგზავნა ევლოგიად და სამი დღის შემდეგ ყველანი თავისთან იხმო. როცა მამები შეგროვდნენ, წმიდა თეოდოსიმ მოიკითხა ისინი, დალოცა, შემდეგ კი ხელები აღაპყრო, ილოცა და სიტყვებით: „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა,“ მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს. წმიდანი პატივით დაკრძალეს იმ გამოქვაბულში, სადაც დაიწყო მოღვაწეობა. 
წმიდა თეოდოსი, ტრაპიზონელი მიტროპოლიტი დაიბადა კასტორიის მთების მახლობლად, სოფელ კორიცაში. 18 წლისა ათონზე დაემკვიდრა, ფილოთეოსის სავანეში, სადაც მოსაგრე მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. წმიდანი ჯერ სავანის იღუმენად აირჩიეს, შემდეგ კი ტრაპიზონის ეკლესიის მიტროპოლიტად. წმიდა თეოდოსი მშვიდობით მიიცვალა XIV საუკუნეში. 
ღირსი მიხეილ კლოპელი ბოიართა გვარის ჩამომავალი იყო და დიდ მთავარ დიმიტრი დონელს (1363 – 1389) ენათესავებოდა. მან ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი იტვირთა, დატოვა მოსკოვი და ძაძებით მოსილი ჩავიდა კლოპის მონასტერში, ნოვგოროდის მახლობლად. წმიდანი ტაძარში მგალობლად და მკითხველად გაამწესეს, ტრაპეზის დროსაც ის უკითხავდა ძმებს წმიდანთა ცხოვრებებს და თავისი მშვენიერი, ღვთივსულიერი ხმით ყველას გულს ულბობდა. ერთხელ, ფერისცვალების დღესასწაულზე, კლოპის სავანეში ჩამოვიდა დიმიტრი დონელის ვაჟი -კონსტანტინე. როცა წირვა დამთავრდა, იგი მეუღლესთან ერთად ტრაპეზზე მიიწვიეს, უცნობი მოწესე იობის წიგნს კითხულობდა. მთავარს ხმა ეცნაურა, მივიდა მკითხველთან, მასში თავისი ნათესავი მიხეილ მაქსიმეს ძე შეიცნო და თაყვანი სცა. სალოსმა მიუგო: „მხოლოდ ჩემმა შემქმნელმა ღმერთმა უწყის მე ვინა ვარ,” მაგრამ ის კი დაადასტურა, რომ მიხეილი ერქვა. ღირსი მამა 44 წელი ცხოვრობდა მონასტერში, დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტის უნარი მიმადლა. იგი ამხელდა ადამიანთა ნაკლოვანებებს და არ უფრთხოდა ძლიერთა ამა სოფლისათა.
ერთხელ ღირსმა მიხეილმა ქვიშაზე დააწერა: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო“ (ფს. 115,4), ამ ადგილას წყარო აღმოცენდება“. მართლაც, მიწიდან წყალმა ამოხეთქა. შიმშილობის დროს წმინდა მამის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა მონასტრის ბეღელში, თუმცა ბერები უხვად ურიგებდნენ მას დამშეულებს. ღირსი მიხეილი გარდაიცვალა 11 იანვარს (+დაახლ. 1453 – 1456წწ.). იგი დაკრძალეს იმ ადგილას, რომელზეც თვითონვე მიანიშნა.